რატომ არ დგას სცენაზე ნოდარიკო ხუციშვილი და რა ცხოვრებას აზიარა მან ზუკა
ალბათ, გიო ხუციშვილის უდიდესი დამსახურებაა, რომ მისი შვილები ასე ახლოს არიან ერთმანეთთან. მართალია, ნოდარიკოს და ზუკას სხვადასხვა დედა ჰყავთ, მაგრამ მათ გაგებაც კი უჭირთ სიტყვის მნიშვნელობის – ნახევარძმა. ისინი სისხლით და ხორცით ძმები არიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი და მიუხედავად ასაკში სხვაობისა, უკვე ბევრი საერთო ინტერესიც აღმოაჩნდათ. ზუკამ და ნოდარიკომ ისტორიების გახსენება ბავშვობიდან დაიწყეს.
– ზუკა, იქნებ შენი გეგმები გაგვაცნო, სიმღერას დაუბრუნდი და რას აპირებ?
ზუკა ხუციშვილი: გარდატეხის პერიოდში ვერ ვმღეროდი, ახლა ხმა უკვე ფორმაში ჩადგა და რამდენიმე სიმღერა ჩავწერე. ეს პერიოდი სწავლისთვის, მეცადინეობისთვის გამოვიყენე. ძალიან მინდა დაბრუნება, მაგრამ მირჩევნია, კარგად დავბრუნდე, ვიდრე აუცილებლად დავბრუნდე. კარგ სიმღერას ჩავწერ და თუ ვიგრძნობ, ხალხს ჩემი დაბრუნების სურვილი აქვს, ამას აუცილებლად გავაკეთებ. მეორე კურსზე ვარ ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, რომლის თბილისის ფილიალშიც ვსწავლობ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
– ნოდარიკო, როგორ გახსოვს ზუკას დაბადება?
ნოდარიკო ხუციშვილი: იცი რა, იმ ასაკში არ ვიყავი, რომ რამე ძალიან კარგად და გარკვევით მახსოვდეს. ჩვენ შორის შვიდი წელია განსხვავება. არც იმ ასაკში ვყოფილვარ, რომ ზუკაზე, როგორც პატარაზე მეეჭვიანა, ეს უფრო ადრეულ ასაკში ხდება. თავიდანვე მქონდა იმის განცდა, რომ ის ჩემი ძმა იყო. საერთოდ, ცნება – ნახევარძმა რას ნიშნავს, წარმოდგენა არ მაქვს, სისულელეა. ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი, ძმა გაჩნდა და ვიზრდებოდით ერთად.
– თუმცა, ერთად არ ცხოვრობდით.
ზუკა ხუციშვილი: კი, მაგრამ ძალიან ხშირად ვიყავით ერთად. ამიტომ, ვერც მე ვიხსენებ, თუ ნოდარიკო ოდესმე ჩემს ცხოვრებაში არ იყო. გაიცანი, ეს შენი ძმაა – ასე არ მომხდარა. როგორც ლაპარაკს სწავლობ, სიარულს იწყებ, დედას – დედას ეძახი და მამას – მამას, აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებლად, ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ნოდარიკოც.
ნოდარიკო: ეს მშობლების დამსახურება იყო, რა თქმა უნდა. ყოველდღე ერთმანეთს ვერ ვხედავდით, სხვადასხვა სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ ხშირად ვიყავით ერთად. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ აღზრდაში გიოს დედას, ჩვენს ბებიას, რომელთანაც ხშირად ვრჩებოდით ერთად. უსაყვარლესი ბებია იყო.
– ზუკა ვიცით, რომ ყოველთვის წყნარი და მშვიდი იყო, ნოდარიკო თუ იყო ჩხუბისთავი?
– არა, ჩხუბისთავი და მავნებელი არასდროს ვყოფილვარ. ისე, გააჩნია ასაკს, გვიჩხუბია კიდეც და ყველაფერი ყოფილა. მაგრამ, რაზეც ადრე ვჩხუბობდით და ვბრაზდებოდით. ახლა სასაცილოდ გვეჩვენება. არც სამეგობრო მყავდა ისეთი, რომ ვინმე ძალით გამოგვეწვია.
– როდის დამეგობრდით?
– თუ მეგობრობასა და საერთო ინტერესებზეა საუბარი, ეს ცოტა ხნის წინ დაიწყო და უფრო და უფრო მძაფრდება. შვიდი წელი პატარა სხვაობა არ არის. შეიძლება იმეგობრო, მაგრამ მაშინ, როცა მე თვრამეტი წლის ვიყავი უკვე და ზუკა – ათი-თერთმეტის, მეგობრობისთვის ჩვენ შორის დიდი სხვაობა იყო. ახლა უკვე ჩვენს სამეგობრო წრეებშიც დიდი განსხვავება არ არის და ჩვენი მეგობრობაც უფრო და უფრო ხურდება.
ზუკა: ძალიან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, მგონი ჩემნაირია. რომში სწავლობდა ნოდარიკო და მისი იდეა იყო, მასთან ცოტა ხნით ჩავსულიყავი. ბევრი ხვეწნის შემდეგ, გამიშვეს. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ნოდარიკოს მეგობრებიც იქ იყვნენ და აბსოლუტურად ვიგრძენი ის, რასაც სტუდენტური ცხოვრება ჰქვია. მივხვდი, რომ მასთან ბევრი საერთო მაქვს. მანამდე, ბავშვობაში, სულ მქონდა უფროსი ძმის განცდა, რომელიც დიდია და ყველას მოერევა... (იცინიან) – ბავშვური სისულელეები.
ნოდარიკო: ზუკა თორმეტი დღე იყო ჩემთან. სწავლა, რა თქმა უნდა, დროებით გვერდზე გადავდე და ის თორმეტი დღე დილიდან საღამომდე იმდენი რამ ხდებოდა, რომ გვეგონა, ერთი დღე არ მთავრდებოდა. ორი მეგობარი იყო კიდევ ჩვენთან ერთად, ყველანი ერთი ჭკუის. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა. თორმეტი დღე თავგადასავალი იყო, რაშიც ბევრი რამის გაფუჭებაც იგულისხმება.
ზუკა: გავაფუჭეთ... (იცინიან). იყო შემთხვევები, რომლის გახსენებაზე ახლა გვეცინება, მაგრამ მაშინ სულ არ გვეცინებოდა. რატომღაც მეგონა, რომ დალევას ავიტანდი, მაგრამ რომში მივხვდი, იმდენს ვერაფრით დავლევდი, რამდენსაც ესენი სვამდნენ. უბრალოდ, ამას გვიან მივხვდი (იცინიან). ცოტას ვსვამ და ამისგან პრობლემა არასდროს მქონია. მაგრამ, იმ დღეს ზედმეტი მომივიდა და მოკლედ... თქვენც ხვდებით, რომ უმჯობესია წვრილმანებს არ ჩავეძიოთ (იცინიან).
– ნოდარიკო ვიცი, რომ ძალიან კარგად მღერი და რატომ არ დგახარ სცენაზე?
– ვმღერი, მაგრამ მგონია, ასე ძალიან ბევრი მღერის საქართველოში. ანუ, განსაკუთრებული სასცენო მონაცემები არ მაქვს. ყოფილა შემთხვევები, რომ სცენაზეც მიმღერია, მათ შორის გიოსთან ერთადაც...
– მახსოვს, „ჯეოსტარზეც“ იმღერე.
– კი, დათუნა სირბილაძესთან ერთად. მეგობრების ტური იყო. გურამ თამაზაშვილთან ვმღეროდით ანსამბლში, ბავშვობის მეგობრები ვართ. ანუ, დათუნას უბრალოდ „ჯეოსტარზე“ დავეხმარეთ. ერთი სიტყვით, ვმღერი ჩვეულებრივად. ბავშვობიდან ზუკას განსაკუთრებული სმენა და ხმა ჰქონდა – ნიჭი ჩანდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმაა, მართლა ასეა. მე კი ისე, სპონტანურად თუ ვიმღერებ ხოლმე. სადმე თუ ვართ და სურვილი გამიჩნდება, სცენაზეც ავალ. თუ სიმღერა შემიძლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ალბომი უნდა ჩავწერო.
– ვიცი, რომ ბოჰემური ცხოვრება მოგწონს, ქეიფები, სუფრები, სიმღერები...
– არც მთლად ასეა საქმე. რომ გითხრათ, ტრადიციული ქართველი მოქეიფე ვარ, ოთხსართულიან სადღეგრძელოებს ვამბობ და მერე ყანწებს გულზე ვიმტვრევ-მეთქი – არა. მიყვარს დალევა, მაგრამ მირჩევნია, ნაკლებად ხმაურიან ადგილას შევიკრიბოთ. არ ვგიჟდები რესტორნებსა და კლუბებზე. ბავშვობიდან ისე ჩამოყალიბდა ჩემ სამეგობროში, რომ ერთმანეთთან სახლებში ან აგარაკზე ვიკრიბებით და ბევრად უფრო მაგრად ვერთობი.
ზუკა: დიდი, ტრადიციული სუფრების მოყვარული ნამდვილად არც ერთი არ ვართ, მოწვევით რომ არიან ხოლმე ცნობილი თამადები...
ნოდარიკო: მტევნის სადღეგრძელოს ნამდვილად ვერ დავლევ, არ მჭერია ის მტევანი ხელში და არ იქნება ეს ჩემი მხრიდან სწორი და მართალი. ამიტომ, ხან რა სადღეგრძელოს ვამბობთ და ხან – რას. ხანდახან ასეც დაგვილევია – პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. აბა, მიწის ნამის სადღეგრძელოს რომ სვამენ ჩემხელა ბიჭები, ძალიან სასაცილოა.
ზუკა: რამდენჯერმე ისეთი სიტუაციაც იყო, აბა, ვინ უფრო უკეთეს სადღეგრძელოს მოიფიქრებდა რაიმე ნივთზე, რასაც თვალს მოვკრავდით. აი, პულტი და აბა, ვინ იტყვის პულტზე სადღეგრძელოს. (იცინიან) და მერე იწყებოდა, ისე გემართოს შენი ცხოვრება, როგორც ეს პულტი მართავს ტელევიზორს... (იცინიან) მოკლედ, ისეთ უაზრო სადღეგრძელოებს ვამბობთ ხოლმე, თავს და ბოლოს ვერ გაიგებ. რაღაცეებს ვიგონებთ, რომ რუსებივით „ბუდიმ“, არ გამოგვივიდეს და თან გავერთოთ. არა, ხშირად, რა თქმა უნდა, როდესაც ტრადიციულ სუფრაზე ვხვდებით, ასეთივე სადღეგრძელოებს ვამბობთ.
– მაშინ როდესაც მამებს ცხოვრების დიდი გზა აქვთ გამოვლილი და ბევრი რამ ნანახი, შვილების მიმართ განსაკუთრებით მკაცრები არიან. ამას თუ გრძნობთ გიოსგან?
ნოდარიკო: რომ ვთქვა, განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა ჩემს მიმართ-მეთქი, ვერ გეტყვი. ბევრი აქვს ნანახი და შესაბამისად, უნდა რომ ის ყველაფერი ცუდი აგაცილოს, რაც შეიძლება ცხოვრებაში შეგხვდეს. უბრალოდ, იმ დროს, როდესაც ვიზრდებოდი, სულ სხვა სიტუაცია იყო – ომი, საშინელი პერიოდი. შეიძლება ზუკას მიმართ უფრო შეიცვალა, ისევ და ისევ სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად, შვილების მიმართ, მაინც მგონია, რომ ერთნაირი დამოკიდებულება აქვს.
– გახსოვს, მისი ომში წასვლა?
– რვა-ცხრა წლის ვიყავი და იმ დროიდან რაღაც ეპიზოდები მახსოვს. განსაკუთრებით ბებიაჩემი, რომელიც საშინლად განიცდიდა ყველაფერს. მაშინაც ჩემთვის ბევრი დრო არ ჰქონდა, იშვიათად ვნახულობდი. საშიშად რამდენიმე კადრი მახსოვს, როდესაც ჩაბნელებულ ქალაქში, ომიდან მოსულ შეტყობინებას ელოდებოდნენ და დაღუპულების გვარებს ამოწმებდნენ. ბებიაჩემის და დედაჩემის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად მარიდებდნენ ამ ყველაფერს. ომის შემდეგაც ცუდი სიტუაცია იყო. ბევრმა საერთოდ ვერ გადაიტანა ომის საშინელება, გიო მაინც მაგრად იდგა.
ზუკა: ახლა იცი, რას ვფიქრობდი, მგონი ჩემთვის უფრო მოიცალა მერე (იცინიან). რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცაზე მოუცია შენიშვნა და ამაზე საშინლად ვბრაზდებოდი ხოლმე, მაგრამ, მერე ვხვდებოდი, რომ ის აბსოლუტურად მართალია და შენიშვნა უნდა მიიღო.
– ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერევით?
– ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია, ვიცით. ჩარევა არ ხდება, რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს, მაგრამ ერთმანეთის აზრს აბსოლუტურად ვითვალისწინებთ. ჩვენში ტაბუდადებული თემა არ არსებობს, მათ შორისაა გოგონებიც, რომელიც ყველაზე უბრალო და მარტივი თემაა.
ნოდარიკო: გოგონებს ჰგონიათ, რომ ბიჭები არ ლაპარაკობენ, ხანდახან ლაპარაკობენ კი არა, ზედმეტიც მოსდით. (იცინიან) ჭორაობა კაცების მოგონილია მგონი.