დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-13(483)
ლუდამ და ჰამომ ფედკა ისე გამოათვრეს, რომ გენერლის კურიერი ფეხზე ვერ იდგა. ამიტომ ის საძინებელში წაიღეს, სამოსი გააძრეს და დააძინეს.
– ჩაიცვი და მათესთან დავაწვეთ! – უთხრა ჰამომ ლუდას, – დრო არ ითმენს. ქურდები თუ არ გავიყვანეთ მოსკოვიდან, მათ მიაგნებენ და მამაშენიც ვეღარ უშველის.
– ხომ არ გვესექსავა? მაცდურად თქვა ლუდამ.
– ამჯერად, არა. გვეჩქარება, – კატეგორიული უარი განაცხადა ჰამომ.
ლუდამ საძინებლისკენ გაიშვირა ხელი და მთაწმინდელს ჰკითხა:
– ამას რა ვუყოთ?
– იძინოს. საღამომდე მაინც თავის ამწევი არაა. უბრალოდ, მამაშენს დაურეკე და გააფრთხილე, თორემ, საცოდავ ფედკას თავს წააცლის.
ლუდამ მაშინვე დაურეკა მამას, შემდეგ ჩაიცვა და ჰამოსთან ერთად ბინიდან გავიდა.
***
ქალ-ვაჟმა ჩვეული მანიპულაციები ჩაატარა და, რომ დარწმუნდნენ, არავინ უთვალთვალებდათ, მათეს კონსპირაციული ბინისკენ გასწიეს.
კარი მათემ გააღო. წყვილი ბინაში შეიყვანა და ჰკითხა:
– რა ხდება?
მათეს ჰამომ „ეფესბეს“ წიგნაკი მისცა და უთხრა:
– როგორც იქნა, საგანგებო რწმუნებულის ქსივა დავითრიე. ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ნებისმიერი რეიდის შეუმოწმებლად გავლა და ქურდების გასაყვანად მზად ვარ. შენ რა ქენი, შეადგინე მათი გაგზავნის სქემა?
– ჰო, – თავი დააქნია მათემ, – ცხრამეტი კაცია გასაყვანი და მიმართულებები ისე გავანაწილე, რომ სულ შვიდჯერ დაგჭირდება მოსკოვიდან გასვლა: ექვსჯერ სამ-სამ კაცს გაიყვან. მეშვიდედ კი – ერთს. შეძლებ?
– უპრობლემოდ. შემიძლია, ახლავე დავიწყო, თქვენ თუ ხართ მზად.
– ჩვენც მზად ვართ, – თავი დააქნია მათემ, ქალ-ვაჟთან ერთად სასტუმრო ოთახში შევიდა და ქურდებს გამოუცხადა, რომ ევაკუაცია იწყებოდა.
დღის 3 საათი იყო, როცა ჰამომ და ლუდამ პირველი სამი ქურდი გაიყვანეს მოსკოვიდან და უსაფრთხო ადგილას დატოვეს, საიდანაც ისინი სპეციალური გამყოლების მეშვეობით დანიშნულების ადგილებზე ჩაიყვანეს. შემდგომმა ექვსმა რეისმაც მშვიდობიანად ჩაიარა და კონსპირაციულ ბინაში რომ დაბრუნდნენ, დილის 4 საათი შესრულდა.
– ცამეტი საათი შეუსვენებლად ვიპახავეთ, – თავი გააქნია ჰამომ, სავარძელში ჩაეშვა და ლუდას გადახედა, რომელსაც თავი გვერდზე გადაეგდო და ეძინა.
– ძალიან დაიღალე? – ჰკითხა ჰამოს პითონმა, რომელიც პლასტელინის მაგვარ მასას ხელში სრესდა.
– მაგრად.
– ჰო და ანაშა გააბოლე, მოდუნდები და დაღლილობაც მოგეხსნება. ნაღდი ავღანურია, ახლავე შევაკეთებ და გაგასინჯებ.
– პლანს არ ვეწევი, – ხელები გაასავსავა მთაწმინდელმა.
– შენ ეს ლიანდაგებში გაზრდილი, ტრუხა თბილისური ხომ არ გგონია, – ჩაეცინა პითონს, – ნაღდი ავღანურია, გასინჯე, არ ინანებ.
– არა, – თავი გააქნია ჰამომ.
პითონს აღარ დაუძალებია და თავად გააბოლა ნარკოტიკი. თუმცა ორი ნაფაზი რომ დაარტყა, ისე გაბრუვდა, რომ მთელი სხეული ჯერ დაუბუჟდა, შემდეგ არაჩვეულებრივი სიმსუბუქე იგრძნო და ეგონა, რომ ჰაერში დაფარფატებდა. თან, შეუწყვეტლად იღიმებოდა და ხელებს ფრთებივით ამოძრავებდა...
მათემ ჯერ მხრჩოლავი პაპიროსი ჩააქრო. შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ჰამოს და თავი გააქნია. ბოლოს ჩაეცინა და პითონს ჰკითხა:
– დაფრინავ, მახოჯან?
– არა, მათეჯან, საიდან მოიტანე? – თქვა პითონმა და ფრენის იმიტაცია განაგრძო.
– მასე ჩვენ ვერ გავფრინდებით, – ხელი ჩაიქნია მათემ, – რაც არ უნდა იყოს, რუსეთის მაყურებელი ხარ და ჩიტის მოძრაობები არ შეგეფერება.
ჩიტის ხსენებაზე, რაც ქურდებში ქათამთან ასოცირდებოდა, პითონი ერთბაშად გამოერკვა, ხელები ჩამოუშვა და თქვა:
– ბოდიში, მათეჯან, ამ ბომბა ანაშამ ქათმის ჭკუაზე არ დამაყენა?!
პითონის სიტყვებზე ჰამოს და მათეს ჩაეცინათ. მახოს კი ძლიერი ნარკოტიკის ტალღამ დაუარა, პირი გააწკლაპუნა და თავისთვის თქვა:
– კიშკა გამეხსნა, მეთოხლავება.
– ჰო, მართლა, ჰამო, – უთხრა მათემ მთაწმინდელს, – მოშიებული იქნები და, წამოდი, ვჭამოთ.
ლუდას ისე ღრმად ეძინა, რომ აღარ გააღვიძეს და სამზარეულოში მხოლოდ მამაკაცები გავიდნენ.
პითონი ენერგიულად ამოძრავებდა ყბებს და სტომაქს კატასტროფული სისწრაფით ივსებდა კალორიული საკვებით. სუფრა რომ დაცარიელდა, წამოდგა, მაცივარი გამოაღო და სუფრაზე ახალი პროდუქტები მიიტანა.
– რა გჭირს, მახო? – ჰკითხა მათემ პითონს.
– გავმგელდი, მათეჯან, – მიუგო პითონმა, უზარმაზარ ძეხვს სქელი ნაჭერი ჩამოაჭრა და პურთან ერთად ჩაკბიჩა, თან ცივი რძე დააყოლა.
მათემ კოპები შეკრა, თავი გააქნია და პითონს უთხრა:
– კარგი, რა, მახო, რა შკოლნიკივით იქცევი. ქურდი ხარ თუ გარგანტუა?
– ეგ ვინაა, მათეჯან? – იკითხა პითონმა, თან ჭამა არ შეუწყვეტია.
– ვინ და ერთი მსუქანა, კიშკა როჟა, – თავი გააქნია მათემ, – ჯერ იყო და, დაფრინავდი, ახლა კი ყბებს ვერ აჩერებ. ხედავ, ანაშამ რა გიქნა? რუსეთის მაყურებელი ხარ თუ პლანაქეშა?
მათეს სიტყვებზე პითონს ლუკმა გადასცდა და ისეთი ხველება აუტყდა, ლამის დაიხრჩო. სული მოითქვა, ჭამა აღარ გაუგრძელებია და თქვა:
– იზვინი, მათეჯან, იაღლიში მომივიდა. ბოდიში.
– საქმე, ძმებო, საქმე! – თქვა მათემ, – ანაშა და კაიფი ტრაკის თამაშია, ეს კი ქურდულ საქმეს არ გამოადგება. მართალი არ ვარ?
– ასი პროცენტით, – ხელები ასწია პითონმა.
– ჰოდა, ორმოცდაათი პროცენტით მაინც რომ ვიყო დაზარალებული, აქედან უნდა ავახვიოთ.
– სად უნდა ავახვიოთ, მათეჯან? – იკითხა პითონმა, რომელსაც სრულიად გაუარა ნარკოტიკის ზემოქმედებამ და მათეს ყოველ სიტყვას გულმოდგინე შეგირდივით ისმენდა.
– თბილისში, – მშვიდად თქვა მათემ, მძინარე ლუდას გადახედა და კაცებს მიუბრუნდა, – ისევ ლუდაჩკა უნდა დაგვეხმაროს და თავისი მანქანით წაგვიყვანოს. რომ გაიღვიძებს, პირადად ვთხოვ ამას.
– არ მძინავს, – თქვა ლუდამ, რომელსაც თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და მათეს სიტყვებმა ძალიან გაახარა.
***
ლუდამ და კამპანიამ თბილისში გამგზავრება მეორე დღისთვის გადაწყვიტეს და სათანადო მზადებას შეუდგნენ. თავდაპირველად ლუდას საბუთების გაკეთება უნდოდა ქურდებისთვის, მაგრამ ბოლო მომენტში ეს განზრახვა უარყვეს, რადგან, შეიძლებოდა, მათე გაშიფრულიყო და მაშინ ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა.
– არა, ლუდა, – უთხრა მედვედევას მთაწმინდელმა, – საბუთებს სურათი სჭირდება. მათეს რომ სურათი გადავუღოთ და ვინმემ გაშიფროს, ჩათვალე, რომ დიდი საქმე ჩაგვეშლება.
– ვინ უნდა ნახოს, ჰამო, – გაეცინა ლუდას, – ყალბ ქსივებზე მოჩალიჩე ტიპი ჩემი ერთგული კაცია და, ასეც რომ არ იყოს, ვინ იცნობს გარეგნობაშეცვლილ მათეს?
– ვინ და კომპიუტერი, – მშვიდად თქვა ჰამომ.
– რა კომპიუტერი? – მხრები აიჩეჩა ლუდამ.
– რა და, ჩემო გოგონა, – ჩაეცინა ჰამოს, – არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც არა მარტო გრიმდადებულ სიფათებს შიფრავს, არამედ ნაოპერაციებ როჟებსაც და, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, მათეს სურათი რომ მსგავს პროგრამაში მოხვდეს?
– რა მოხდება და, – ჩაეცინა მათეს, – მთელი ეფესბე კუდზე დაგვასხდება, დედებს გვიტირებენ და ხელიდან აღარ გაგვიშვებენ.
– ასე რომ, – თქვა ჰამომ, – ისევ არალეგალურად უნდა ჩაგვიყვანო მზიურ საქართველოში.
– მასე იყოს, – თავი დააქნია ლუდამ, – რაც მთავარია, ქსივები გვაქვს. შენი კი ქვას გახეთქავს და ვინ გაბედავს ჩვენთვის ზედმეტი სიტყვის თქმას.
– ერთადერთი ადამიანი, ჩემო მშვენიერო, – გაეცინა ჰამოს, – და ესაა მანგუსტი.
ლუდამ ხელი ჩაიქნია, შემდეგ აწკრიალებული ტელეფონი გაშალა და უპასუხა:
– გისმენთ... ახლა? კეთილი, მოვალ, – ლუდამ ტელეფონი დაკეცა, დანარჩენებს მიუბრუნდა და თქვა: – ენამ გიყივლა, ჰამო, მანგუსტი მიბარებს და ორ საათში მელოდება.
– აბა, შენ იცი, ლუდაჩკა, – უთხრა ჰამომ გოგონას. კარამდე მიაცილა და ოთახში შებრუნდა. გაოცებულმა პითონმა ჰკითხა.
– მართლა მანგუსტთან წავიდა ეს გოგო თუ შაყირობდით?
– მართლა მანგუსტთან წავიდა, – თავი დააქნია ჰამომ.
– საშიში ხომ არაა ჩვენთვის?
– ასე რატომ ფიქრობ?
– რა ვიცი. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვამბობ, – მხრები აიჩეჩა პითონმა.
– მახოჯან, ანაშის გამოყოლილი გჭირს? – გაეცინა მათეს.
– რას გულისხმობ, მათეჯან?
– იმას, ჩემო მახოჯან, რომ ლუდაზე მასეთ რამეებს ბაზრობ.
– მაინც ქალია, მათეჯან და, ხომ იცი, ბოლომდე არაა სანდო, – თავი იმართლა პითონმა.
– ახლა არაა სანდო? – თავი გააქნია მათემ, – მანამდე თუ ენდობოდი, ახლა რა მოხდა? ადრე ქალი არ იყო თუ არ იცოდი?
პითონი გაშრა, რადგან იცოდა, რომ მათე მართალი იყო და პასუხი ვერ გასცა. ამიტომ, ღრმად ამოისუნთქა და მათეს დამნაშავესავით უთხრა:
– ბოდიში, მათეჯან. ძალიან გადავიღალე და, თუ არ დავისვენე, უარესებს მოვჩმახავ.
– მიდი, დაისვენე.
პითონი წამოდგა. კიდევ ერთხელ მოიბოდიშა და დასაძინებლად წავიდა. მათემ კი თავი გადააქნია და ჰამოს უთხრა:
– ხედავ, პლანმა რა უქნა?
– მაგრად გააბრუა, – დელიკატური პასუხი გასცა ჰამომ. მათეს გაეცინა:
– გინდოდა, გეთქვა, გამოასირაო, მაგრამ, არ აკადრე. არადა, ასეა. მართალი არ ვარ?
– მართალი ხარ.
– ქურდული კანონებით, ანაშა არასდროს ყოფილა აკრძალული, წამალს კი ნეპმანელი ქურდები სათოფეზე არ იკარებდნენ და მოკაიფეს არასოდეს ჩასვამდნენ „რამკაში“.
– ნეპმანელ ქურდებზე მეც მსმენია რაღაც-რაღაცეები. გამიგონია, რომ ქურდულ კანონებს უმკაცრესად იცავდნენ და, არც თავს ინდობდნენ და არც სხვას.
– გეძინება? – მოულოდნელად ჰკითხა მათემ ჰამოს და გააბოლა.
– არა.
– მაშინ, თუ სურვილი გაქვს, ერთ ქურდულ ისტორიას მოგიყვები და მიხვდები, თუ როგორი უნდა იყოს ნაღდი ქურდი.
– გისმენ, – გაიღიმა მთაწმინდელმა, გააბოლა და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა.
– მეორე „სროკზე“ ვარ და ქურდულ სიტყვას ველოდები, რომ რამკაში ჩამსვან, თან „ჩეტირე ძევიატში უნდა ამწიონ ძმებთან. ამ დროს კი ნადზორი მოდის და მეუბნება:
– მათეშვილი, სვეშჩამი! ჩქარა მოემზადე, გამყავხარ!
– რა, მიშვებენ? – წავეიაზვე ნადზორს.
– კი, გიშვებენ, ოღონდ ეტაპით – ციმბირში, – პასუხი არ დააყოვნა ნადზორმა და გასაღები ააჩხაკუნა, თან „ქურდი კაცის ბედი“ წაიმღერა.
– რა ეტაპით, შენ თავში ფეხი ხომ არ გაქვს, ბიჭო? – შევუღრინე ნადზორს, რადგან ვიფიქრე, რომ მომატყუა, – „ჩეტირე ძევიატში“ უნდა ამწიო?
– არა, ზვიად, – თავი გააქნია ნადზორმა, – უფროსმა მიბრძანა, გამოიყვანე და გაამზადე, სადგურზე მიგვყავს, უნდა გავაციმბიროთო.
– რატომ მაციმბირებენ? – ავუწიე ხმას.
– აბა, მე რა ვიცი, ზვიად, – მხრები აიჩეჩა ნადზორმა და ხელით მანიშნა, გამოდიო.
გაციმბირების ნამდვილად არ მეშინოდა და ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა იქ გამგზავრება, მაგრამ იმ წუთში ეს არ მაწყობდა, რადგან დღე-დღეზე ქურდი უნდა გავმხდარიყავი და ხელი მეშლებოდა. ამიტომ უკიდურეს ზომაზე წავედი, რომ თბილისში დავრჩენილიყავი და ნადზორს ჯერ „დიხანიაში“ ვხიე მუშტი და მოვკეცე, შემდეგ – კეფაში და გავთიშე. მერე ჯიბიდან ბრიტვა გავაძრე და ორივე ვენა გადავიჭერი ხელებზე. სისხლმა რომ გაასხა, ციხის კორპუსის კორიდორში დავდექი და ვღრიალებდი: ბოზებო, თქვენი დედაც! ქურდი ვარ, ქურდი-მეთქი. მოკლედ, ნადზორებმა დამითრიეს და ვენებზე რეზინები გადამიჭირეს, „რეზბალნიცაზე“ გამაქანეს და სიკვდილს გადამარჩინეს, მაგრამ არავინ გამაკარეს გაძლიერებული ნადზორების გარდა, „რეზბალნიციდან“ ციხის ბალნიჩკაზე გადამიყვანეს და მარტო გამომამწყვდიეს. მალე ციხის უფროსი მოვიდა, წინ დამიდგა და მითხრა:
– რაო, მათეშვილო, ჩვენზე ჭკვიანი გგონია თავი და ფიქრობდი, ვენებს გადავიჭრი და თბილისში დამტოვებენო, ხომ? მაგრამ, ფეხი არ ჩაგივიდა. ერთი კვირა აქ გაგაჩერებ და, როგორც კი ხოდზე დადგები, ეგრევე გაგაციმბირებენ.
ციხის უფროსი, დაბალი, მრგვალი როჟა იყო, ლოტოს კოჭს ჰგავდა და პატიმრები მას ერთმანეთში „კოჭოთი“ მოიხსენიებდნენ. ეს კი იმ ნაბოზარს ისე აღიზიანებდა, ვინმეს რომ ამ სახელით მიემართა, ერთკვირიანი კარცერი გარანტირებული ჰქონდა. ამიტომ ციხის უფროსისთვის „კოჭოს“ დაძახებას ქურდებიც კი ერიდებოდნენ. მეც კარგად ვიცოდი ეს, მაგრამ იმ წუთას ისე ვიყავი გამწარებული, ვერ მოვითმინე და ვუთხარი:
– კოჭო, შე პ...ჭო, რა დაგიშავე, რომ ასე მექცევი და მაციმბირებ, შენი დედაც-მეთქი...
კოჭო, რომელიც ხელქვეითების გარემოცვაში იდგა, გაშრა და ენა ჩაუვარდა. შემდეგ წამოწითლდა, სიმწრის ოფლმა დაასხა და ნადზორებს უღრიალა:
– კარგად გაშმონეთ ეს გიჟი, რომ რამე არ ჰქონდეს და თავი არ დაიზიანოს. კარგად უთვალთვალეთ, რომ პრობლემები არ იყოს და, რომ მორჩება, სასწრაფოდ გავაციმბიროთო...
კოჭო წავიდა და მას მერე არ მინახავს. მე კი კარგად მიმკურნალეს. შემდეგ საბუთები გააფორმეს და სადგურზე გამაქანეს გასაციმბირებლად. მოკლედ, ძველით ახალ წელს სტოლიპინკაში ჩამსვეს და, ჰაიდა, ვორკუტისკენ! კარგად მახსოვს, იმ დღეს თბილისში ისეთი ყინვა იყო, რომ ძვლებში ატანდა და, შენ წარმოიდგინე, ციმბირში რა იქნებოდა. არ შემშინებია, მაგრამ, გავიფიქრე, ქურდი მაინც გავმხდარიყავი და ზაფხულში გავეციმბირებინე, თუ ეს აუცილებელი იყო-მეთქი.
– ასე უცებ რატომ გაგაციმბირეს?
– რატომ და, იმ პერიოდში მთავრობა შეიცვალა. ახალი კაცი მოვიდა და, საკუთარი ძალა რომ ეჩვენებინა, პირველად ქურდებს დაერია. ერთ-ერთ თათბირზე უთქვამს, არანაირი ქურდული ნათლობები არ გამაგონოთ საქართველოშიო. მე კი, როგორც უკვე გითხარი, სიტყვას ველოდებოდი და ამიტომაც გამაციმბირეს.
– ახლაც ასე არაა? – გაეცინა ჰამოს.
– რას ამბობ, ჰამო, – თავი გააქნია მათემ, – ახლა ბევრად უარესია. ახლა რომ თქვა, ქურდი ვარო, ათ წელს მოგისჯიან. მაშინ კი, ამ ეგზეკუციამ სულ რაღაც ორი-სამი თვე გასტანა და ყველაფერი მალევე მოყომარდა.
– მერე, მათე?
– ჰოდა, სტოლიპინკა რომ დაიძრა, ფანჯარას მივეკარი და დათოვლილ თბილისს დავემშვიდობე. ვაგონის კამერები კრიტის „პასაჟირებით“ იყო სავსე, სტროგაჩების კამპანიაში ვმგზავრობდი და როსტოვამდე სულ ბლატავ-ბლატავით ჩავედით. იქ კი ზეკების ახალი პარტია შემოგვისახლეს. ოთხმოცკაციანი სტოლიპინკა ას ორმოცდაათამდე კაცით გაიძეძგა და ციმბირისკენ დავაწექით. თბილისის სასტავიდან ჩემ გარდა ყველა დიდსროკიანი იყო. სამაგიეროდ, მარტო მე ვიყავი სიტყვაზე და, ქურდული იერარქიით, თბილისელებიდან მთავარი სიტყვა მე მეთქმოდა, თუმცა, ოცდაათი წლისაც არ ვიყავი და იქ ჩემზე ბევრად უფროსი და გამოცდილი ხალხი იმყოფებოდა. როსტოველთა სასტავიდან არავის ვიცნობდი, ამიტომ, ყურადღებით ვაკვირდებოდი ახალმოსულებს და ვცდილობდი, ამომეცნო, ვინ ვინ იყო.
როსტოველებში ერთი ცალხელა, შუახნის მამაკაცი იყო, რომელსაც დუშკას ეძახდნენ. მარცხენა ხელი იდაყვში ჰქონდა მოჭრილი და ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. დუშკა საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი კაცი იყო და ნელი ნაბიჯებით დადიოდა. ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ, რასაც იყტოდა, ყველანი ყურს უგდებდნენ მის სიტყვას და დაუყოვნებლივ ასრულებდნენ. ის თითქმის არავის უყურებდა თვალებში, მაგრამ, ვისაც შეხედავდა, სხეულში ჟრუანტელს ჰგვრიდა. დუშკა როსტოველი ქურდი იყო, მაგრამ, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი. ვაგონში რომ ამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შუაში გაჩერდა და პატიმრების გასაგონად თქვა:
– ქურდები არიან?
მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ქურდები თბილისიდან არ წამოუყვანიათ და სტატუსით მე ვიყავი ყველაზე მაღლა, მაგრამ, ხმა არ ამომიღია და მივაყურადე. დუშკამ კი გაიმეორა:
– ქურდები არიან?
პასუხი რომ არავინ გასცა, მე ვთქვი:
– ქურდები არ არიან, მაგრამ, მე ვარ სიტყვაზე-მეთქი.
დუშკამ უხმოდ შემომხედა და როგორც მივხვდი, შემაფასა. შემდეგ ნადზორს ანიშნა, რომ ჩემი საკანი გაეღო და ჩვენს კუპეში შემოვიდა. ფანჯარასთან დადო ფუთა, მაგიდაზე პაპიროსი „ბელამორკანალი“ და უფილტრო სიგარეტი „პრიმა“ დაყარა ასანთთან ერთად და თქვა:
– მე დუშკა ვარ. თქვენი სახელები მითხარით.
დუშკას საქციელიდან ჩანდა, რომ საკმაოდ წონიან ქურდთან გვქონდა საქმე. ამიტომ, ჩვენ მას გავეცანით და ფანჯარასთან შევთავაზეთ ადგილი, როგორც ეს ქურდებს ეკუთვნოდათ.
– ესე იგი, სიტყვაზე ხარ, ძმაო? – მკითხა დუშკამ.
– კი, სიტყვაზე ვარ.
– ბარემ, „რამკაში“ ჩაესვით და ისე გამოეგზავნეთ ციმბირში.
– არ გამოვიდა, – თავი გავიქნიე და დუშკას ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე.
– მდაა, – ჩაეცინა დუშკას, – ყველა ახალი „ვლასტი“ ჩვენით ცდილობს თავის გამოჩენას და ქურდებს დაგვერევა. თუმცა, ბოლოს მაინც კბილებს იმტვრევს. ასე იყო ადრე, ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც. მთავარია, რომ ჩვენს პრინციპებს არ გადავუხვიოთ, მეთანხმები?
– რაზეა ბაზარი! სიკვდილი ბოზებს, სიცოცხლე ქურდებს! ამ ნაბოზრებს თავს არ დავუხრით და, თუ საჭირო გახდება, კბილებით გამოვჭამთ ყელს, – მივუგე გაზეპირებული ფრაზა და სერიოზული სახე მივიღე.
დუშკას გაეღიმა და მითხრა:
– იმდენი მტერი გვყავს, რომ, ყველას ყელს ვერ გამოსჭამ და ეს არცაა აუცილებელი, ისინი იდეითა და პირადი მაგალითით უნდა დავამარცხოთ. იცი, ეს რას ნიშნავს?
– არა, – თავი გავაქნიე.
– კარგია, რომ გულწრფელად მპასუხობ, – ბეჭებზე ხელი მომითათუნა დუშკამ, – სხვა შენს ადგილზე, იყტოდა, ვიციო, მაგრამ, საიდან უნდა იცოდე?! კინოში ამას არ აჩვენებენ და გაზეთში არ წერენ. არც მსგავსი ჯოჯოხეთი გაქვს გავლილი და, ვინმე თუ მოგიყვებოდა მხოლოდ.
– არავის მოუყოლია.
– ჰოდა, მე მოგიყვები, – მითხრა დუშკამ, „პრიმა“ გააბოლა და დაიწყო: – მე შენ ჩემი მოჭრილი მარცხენის ისტორიას მოგიყვები და მიხვდები, თუ რა არის ნამდვილი ქურდული ცხოვრება და ღირს თუ არა საბოლოოდ ამ გზაზე შედგომა. ახალგაზრდა ხარ, სიტყვას ელოდები და, სანამ „რამკაში“ ჩაგსვამენ, ჯერ კიდევ შეგიძლია უარის თქმა და სხვა გზაზე დადგომა, ამისთვის შენ ვერავინ გაგკიცხავს. მაგრამ, ქურდი რომ გახდები და მერე მოინდომებ ცხოვრების შეცვლას, უკვე აღარ გამოვა. ქურდობა რაღაცით ბერობას ჰგავს – საერო ცხოვრებას დაბრუნებული ბერი ღვთის წინაშე მაინც ბერია და სიკვდილის მერე ბერულად მოეთხოვება პასუხი. გაფუჭებული ქურდი კი არარაობაა და ნებისმიერ ლოხს, ქათამსა და უწმინდურს შეუძლია მისი დატკეპვნა. ამიტომ, სანამ გვირგვინს დაიდგამ, კარგად უნდა დაფიქრდე, თუ რა გელოდება და რაზე მოგიწევს წასვლა. მით უმეტეს, რომ „რამკაში“ ჩასმულ ქურდს მტერი და ავის მოსურნე უათმაგდება და, რომ არ გაფუჭდე, ძალიან მაგარი უნდა იყო.
დუშკამ ფუთა გახსნა, სპირტით სავსე გრელკა ამოიღო, გახსნა, დაისხა, დალია და განაგრძო:
– შენსავით მეორე სროკზე ვიყავი მაშინ, ოღონდ, უფრო ახალგაზრდა, როდესაც მორდოვის ლაგერში ამოვყავი თავი. მეც შენსავით ქურდობას ველოდებოდი, თუმცა სიტყვაზე არ ვიყავი და უფრო მძიმე გზა მქონდა გასავლელი. ეს კი ის პერიოდი იყო, როდესაც ძუკნებსა და ქურდებს შორის მეორე დიდი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული. გსმენია ამის შესახებ რამე?
– ძალიან ბუნდოვნად, – ვთქვი მე.
– ეს იყო სისხლისმღვრელი ომი. ძაღლების მიერ წაქეზებული არაქურდული მასტები, რომელთა შორის უმეტესობა პრაშლიაკი და თავის დროზე სახელოვანი ქურდი იყო, ნეპმანელებს დაერივნენ. ნეპმანელები კი ძველი ქურდული ტრადიციების მატარებელი ქურდები იყვნენ და კბილებით იცავდნენ იდეას. მოკლედ, ლაგერში რომ შემიყვანეს, სადაც ორი ათასი ზეკი იჯდა, იგივე სიტუაცია დაგვხვდა. ქურდული მასტის ორასამდე პატიმარი ცალკე კუნძულივით იყო გამოყოფილი და მათ ერთადერთი რამკიანი ქურდი – ცხონებული „ისკრა“ ედგა სათავეში. ძუკნებში კი ბევრი პრაშლიაკი იყო და დანარჩენების „გაწითლებასაც“ ცდილობდნენ, რაც ისკრას მოშორების ან გაფუჭების გარეშე არ მოხერხდებოდა. ლაგერში რომ შევედი, ძუკნების წარმომადგენელი მოვიდა, წითელი პავიაზკა გამომიწოდა და მითხრა – აი, ძმა, გაიკეთე და კაი ბიჭების ოჯახში შემოდიო.
მე მას ყურებში ვწვდი და დავიქნიე, შემდეგ პავიაზკა გადავახიე თავზე, პანღური ამოვკარი და დოინჯით დავდექი, გავიხედ-გამოვიხედე და, მაშინღა შევნიშნე, რომ მთელი ლაგერი მე მომჩერებოდა. ძუკნებთაგან არავინ მიხმარებია თავიანთ ძმაკაცს, ის წამოდგა და თავისიანებისკენ წალასლასდა. ჩემთან კი ისკრას გამოგზავნილი კაცი მოვიდა და თავისიანებთან წამიყვინა. ისკრამ გულთბილად მიმიღო, ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა და ბოლოს მითხრა:
– რაც ახლა შეგემთხვა, იმასთან შედარებით, რაც აქ ყოველდღე ხდება, ბავშვური გართობა იყო. ამიტომ, წინასწარ გაფრთხილებ, რომ დიდი ბრძოლების გადატანა მოგიწევს, რასაც ყველა ვერ უძლებს. ადრე ჩვენ აქ უმრავლესობა ვიყავით, მაგრამ ახლა სულ რაღაც ორასნი დავრჩით. ზოგი მოგვიკლეს, უმეტესობამ კი გვიღალატა და ძუკნების მხარეზე გადავიდა. მე ვალდებული ვარ, გაგაფრთხილო და დანარჩენი შენ იციო.
ახალგაზრდა, ემოციური კაცი ვიყავი და ისკრას, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუპასუხე – რომელი ძუკნა და ბოზი მე მნახე, რომ ასეთ რაღაცას მეუბნები-მეთქი.
– შენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა, – მხარზე ხელი მომითათუნა ისკრამ, – უბრალოდ გაგაფრთხილე და ნუ მიწყენ.
კონფლიქტი ამით ამოიწურა. ვივახშმეთ და დასასვენებლად დავწექით. ბარაკთან კი რვა კაცი მორიგეობდა, რომ, ძუკნების შემოტევის შემთხვევაში, განგაში აეტეხათ. ახალი ჩაძინებული ვიყავი, როდესაც ისეთი შუმიკი ატყდა, რომ თავი ჯოჯოხეთში მეგონა. ძუკნებმა შემოგვიტიეს და ისეთი ჩეხვა აიწია, იქაურობა სისხლით მოირწყა. თვრამეტი ადამიანი მოგვიკლეს და სამოცი დაგვიჭრეს. თუმცა, ძუკნების დანაკარგი უფრო მეტი იყო – 30 ძუკნა გამოვასალმეთ სიცოცხლეს, ასამდე კი დავჭერით. შეტაკებისას მარცხენა მხარში დაგვიჭრეს ისკრა. ერთ-ერთ ძუკნას, როგორც ეტყობა, მისი მოკვლა ჰქონდა დავალებული და ალესილი შტირი მოუქნია, მაგრამ მე მას ხელი ავუკარი და შტირი მხოლოდ მხარში გაერჭო ისკრას და სკვაზნოი გამოუვიდა. ის ძუკნა კი იქვე ავჩეხე და დავაგდე.
– შენი მოვალე ვარ, – მითხრა ისკრამ, – შენ მე სიკვდილს გადამარჩინე.
ასეთი სისხლისღვრის მერე ძუკნები ორი კვირა ვეღარ ბედავდნენ ჩვენთან მოახლოებას და ცოტა ამოვისუნთქეთ, მაგრამ, ორი კვირის მერე კიდევ ერთი მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ და ძუკნების რიგებს უკვე ორმოცდაათი კაცი გამოაკლდა. არ ვტრაბახობ, მაგრამ თავგანწირულად ვიბრძოდი და ჩვენი გამარჯვებები სწორედ ჩემმა ასეთმა საქციელმა განაპირობა. ამიტომ, ძუკნებმა განსაკუთრებულად ამომიღეს მიზანში და ჩემზე დაიწყეს ნადირობა. ერთ-ერთი მორიგი შეტაკებისას მუცელში დავიჭერი. ბრძოლა რომ დასრულდა და მედპუნქტში მივყავდი ნადზორს, უცებ ძუკნები დაგვესხნენ თავს და დამითრიეს. ასეთი საქციელი არმოსული რამ იყო, მაგრამ ძუკნები იმ მომენტში ამაზეც წავიდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, რვა კაცმა გამაკავა, მეცხრემ კი მარცხენა ხელზე, იდაყვს ქვევით წითელი პავიაზკა შემაბა და ხელიც გამიშვეს, იქვე დამაგდეს და გარს შემომერტყნენ... ეს უკვე გაფუჭების ტოლფასი იყო ჩემთვის და, ქურდული კანონების თანახმად, ქურდი ვეღარ გავხდებოდი, რაც ყველამ კარგად იცოდა და ძუკნები გამარჯვებული სახეებით მიყურებდნენ, ჩვენები კი – სიბრალულით... ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ვიქნებოდი. ყველაფერი წამში მენგრეოდა. ქურდული სამყარო ცხვირწინ მეკეტებოდა და იძულებული ვხდებოდი, გავძუკნებულიყავი. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მით უმეტეს, თუ მართალი კაცი ხარ. მე ჯერ კბილებით ვეცი ყელში ერთ-ერთ ძუკნას და ხორხი გამოვბდღვენი. შემდეგ, ლესაპავალზე მიმავალ ერთ-ერთ ზეკს დავეტაკე და ხის საჭრელი, დასაქოქი ხერხი „დრუჟბა“ წავართვი, ჩავრთე და მთელი ლაგერის წინაშე, პავიაზკიანი მარცხენა მოვიჭერი იდაყვთან, თან, ისე საშინლად ავყმუვლდი, როგორც დევნილი და გამწარებული მგელი. ცალკე სიმწარემ და ცალკე აუტანელმა ტკივილმა ისე გამახელა, რომ მოჭრილი ხელი ავიღე და ძუკნებისკენ გავქანდი, თან ვყვიროდი: ძუკნებო, ბოზებო, ქურდი ვარ, ქურდი და ყველას დაგხოცავთ-მეთქი... თუმცა, ძალები გამომელია, მიწაზე დავეცი და გონება დავკარგე... აზრზე რომ მოვედი და თვალები გავახილე, სუფთა პალატაში ვიმყოფებოდი. ირგვლივ თეთრხალათიანი ექთნები მეხვივნენ და მიყურებდნენ. როგორც მათგან შევიტყვე, მორდოვოს დედაქალაქ სარანსკში, ჩვეულებრივ საავადმყოფოში ვიმყოფებოდი და მხოლოდ და მხოლოდ ორი მილიციელი სდარაჯობდა ჩემს ერთადგილიან პალატას, რომელიც ბობოლებისთვის იყო განკუთვნილი. თურმე, ლაგერში ისეთი ბუნტი აუწევია ისკრას, რომ ძუკნების ნახევარი თავისიანებს დარევიან და 300 ძუკნა გაუწყვეტიათ. შემდეგ ისკრასთან მისულან, პატიება უთხოვიათ და ქურდულ ყაიდაზე გადასულან, ანუ, ეს წითელი ზონა იმავე დღეს გაშავდა და ადმინისტრაცია იძულებული გახდა ცოცხლად გადარჩენილი ძუკნები სხვა ლაგერებში გადაენაწილებინათ. სარანსკის საავადმყოფოში კიდევ ორი თვე გამაჩერეს და ისევ იმ ზონაში დამაბრუნეს, რომელიც ჩემი წყალობით ქურდული გახდა და ძუკნები განდევნეს. ჩემი ისტორია კი მთელ საბჭოთა კავშირში „გაბაზრდა“ და დაუსწრებლად ყველგან კარგად მიცნობდნენ.
– ძმას ვახლავარ, როგორ ხარ, დუშკა? – შემომეგება ისკრა და გადამეხვია, – ქურდი ხარ, ძმაო, ჭეშმარიტი ქურდი და ფორმალურ მხარეს უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ.
სამი დღის მერე ლაგერში რვა ქურდი შემოვიდა. სხოდკა მოაწყვეს და ქურდად მაკურთხეს. მას მერე ოც წელზე მეტი გავიდა და უკვე მეექვსე სროკზე ვარ.
– ეს რა მაგარი ვინმე ყოფილა, – თავი გააქნია ჰამომ, – რა გული და რწმენა უნდა გქონდეს, რომ დრუჟბით ხელი მოიჭრა.
– ჯერ სად ხარ, – თქვა მათემ, – კარგად მომისმინე. მოკლედ, სანამ როსტოვიდან ვორკუტამდე ჩავედით, ანუ მთელი ერთი კვირა, დუშკა იყო მთელი ეტაპის ბატონ-პატრონი და ყველა მისი ბრძანებაც დაუყოვნებლივ სრულდებოდა. რასაც იტყოდა, პატიმრებიც და ნადზორებიც ერთნაირი მორჩილებით ასრულებდნენ. ეტაპის შინაგანაწესის მიხედვით, კუპედან პატიმრის გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ ტუალეტში გასვლის შემთხვევაში, ისიც დღეში ერთხელ შეიძლებოდა. დუშკა კი საათების განმავლობაში ტასაობდა ხოლმე სტოლიპინკაში და ვერავინ ბედავდა მისთვის სიტყვის შებრუნებას. ზოგჯერ მეც მასთან ერთად ვსეირნობდი და ბედნიერი ვიყავი ასეთი პატივითა და თავისუფლების იმ მცირე დოზით, რომელიც სტოლიპინკაში მხვდა წილად.
– რა მურტალია ციხე, – ჩაეცინა ჰამოს, – სტოლიპინკის ტამბურში ტასაობა რომ დიდი პრივილეგია იქნება...
– ბოდიში მოიხადე, – თქვა მათემ, – სტოლიპინკის ტამბურში ვინ გაგიშვებს, ან, სად აქვს ტამბური. კარები დასვარკულია და, მომდევნო ვაგონში რომ გადახვიდე, ქვევით უნდა ჩახვიდე. მოკლედ, ვორკუტაში ჩავედით თუ არა, ერთ-ერთ ტუპიკში შეგვრეკეს, გაგვამწკრივეს და გადაგვანაწილეს. მე და დუშკა ერთად წაგვიყვანეს და მთელ ციმბირში ყველაზე საშინელ კოლონიაში გაგვამწესეს, რომელიც „ჩორნი საბორის“ სახელითაა ცნობილი. ესაა ქურდული ზონა, სადაც ორი ათასი ადამიანი იხდის სასჯელს და ყველა გამოუსწორებელი ქურდი, ვინც გაკრიტვას გადაურჩა და „კრიტის“ ვადა გაუვიდა, იქ მიჰყავთ. იქვე სვამენ დიდსროკიანებს და სხვა გამოუსწორებელ დამნაშავეებს. ზონა ტაიგაშია აშენებული და ზამთარში 40 გრადუსი ყინვაა, ზაფხულში კი – 40 გრადუსი სიცხე და უზარმაზარი კოღოები. მოკლედ, აუტანელი პირობებია და ისეთი ქურდული სიტუაციაა, რომ ყველა ვერ უძლებს – ზოგი ბოზდება, ზოგს ან ბრიდავენ ან აქათმებენ, ზოგი თავს იკლავს და ასე ამთავრებს ცხოვრებას, ზოგიც კი გარბის. მაგრამ, იქიდან შორს ვერ წახვალ – ზამთარში მგლები და ყინვა მოგიღებს ბოლოს, ზაფხულში კი – ჭაობი. მოკლედ, გაუვალი ადგილია და, თუ იქიდან გასვლა გინდა, ძალიან მაგარი უნდა იყო.
ზონაში რომ შევედით, დუშკას ბელადივით დახვდნენ და ეგრევე ქურდულ ბარაკში, ფეჩთან, საუკეთესო ადგილზე მიუჩინეს ალაგი. იქაური წესებით, ქურდულ ბარაკში ცხოვრება მხოლოდ ქურდებს შეეძლოთ და არაქურდს იქ სპეციალური ნებართვის მერე ჰქონდა შესვლის უფლება, თანაც, სკამზე ვერ დაჯდებოდა, თუკი მას დაჯდომას არ შესთავაზებდნენ. ქურდული ბარაკი ტაძრის საკურთხეველივით იყო, სადაც ყველას არ უშვებენ. ეს ყველაფერი მე არ ვიცოდი და დუშკამ მიამბო, როდესაც მანქანით მივყავდით ჩორნი საბორში. მან ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა და ბოლოს მითხრა:
– იქ შენ ნამდვილ მგლებში მოხვდები და ნურც შეღავათის იმედი გექნება და ნურც დანდობის. მით უმეტეს, როცა გაიგებენ, რომ სიტყვაზე ხარ და ქურდობას ელოდები, ასმაგად დაგაკვირდებიან. თუ წააგებ, შენი სისუსტის ბრალი იქნება, მოიგებ და – შენს თავს უმადლოდე. იცოდე, რომ აქ მფარველობა არ მოსულა და ვერაფრით დაგეხმარები. მაგრამ, ისიც იცოდე, რომ, თუკი ჩორნი საბორში გაკურთხეს ქურდად, მთელ საბჭოთა კავშირში დაფასებული და ავტორიტეტული იქნები.
შიშით არ შემშინებია, მაგრამ საკმაოდ დავიძაბე. მომავლების ბარაკში დავიდე ბინა და ლაგერული ცხოვრება დავიწყე. ქურდებთან ინტენსიური კონტაქტი მქონდა და ვატყობდი, რომ ნელ-ნელა მათ სიმპათიებსაც ვიმსახურებდი. ბოლოს კი ისე წამივიდა საქმე, რომ ქურდები თავის ბარაკში მეპატიჟებოდნენ და სკამზე დაჯდომის უფლებასაც მაძლევდნენ. ერთი სიტყვით, დღე-დღეზე მწიფდებოდა ჩემი ქურდად კურთხევის მომენტი. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი თავდაყირა დადგა: ქურდული ბარაკიდან ობშჩიაკი გაქრა, რომელიც დუშკას ებარა. დიდი თანხა არ იყო, სულ რაღაც 3 500 მანეთი, მაგრამ ერთი კაპიკიც რომ ყოფილიყო, ობშჩიაკის მცველს პასუხს მაინც მოსთხოვდნენ. არადა, დარტყმის ქვეშ თავად დუშკა იყო, რომელსაც ქურდული სამყაროს წინაშე ვეებერთელა დამსახურება ჰქონდა და მის სისპეტაკეში არავის ეპარებოდა ეჭვი. მაგრამ ასეთ დანაშაულს არც დუშკას აპატიებდნენ და სიტუაცია ძალიან დაიძაბა.
– ალბათ, ვიღაცამ გაუჩალიჩა, – თქვა ჰამომ.
– ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, – თავი დააქნია მათემ, – მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო ობშჩიაკის დაბრუნება – ქურდებს მეტი არაფერი აინტერესებდათ. მოიწვიეს სხოდკა და დუშკას ორი დღის ვადა მისცეს ფულის დასაბრუნებლად, თუმცა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფული არ დაბრუნდებოდა. ორი დღე კი იმას არ ეყოფოდა, რომ მაყუთი ცენტრალური რაიონიდან გამოეგზავნა ვინმეს და ობშჩიაკი დაბრუნებულიყო. ერთი სიტყვით, დუშკა განწირული იყო და, სხოდკიდან რომ გამოვიდა ეს სახელოვანი ქურდი, ერთბაშად მოტეხილი მეჩვენა. თავისთვის იჯდა ბარაკის უკან, აბოლებდა და ფიქრობდა. მე მას მივუახლოვდი, მივესალმე და ვუთხარი:
– ეს ქვეყანა ჩალით ხომ არაა დახურული, ხომ ყველამ იცის, რომ მაყუთი ვიღაცამ მიითვისა, ან შეგნებულად მოიპარა, რომ გაგაფუჭონ?! ამიტომ, ნუ დარდობ და თქვი, რომ მაყუთის დაბრუნების ვადა გაგიზარდონ.
– ეეჰ, – თავი გააქნია დუშკამ, – ეს ჩორნი საბორია და არა კეთილშობილ ქალწულთა პანსიონი. აქ ჯუნგლებია, მგლური კანონები მოქმედებს და შეჭმა არ ამცდებაო.
დუშკა ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ, რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კეთილად დასრულდებოდა. ამიტომ, დუშკას გავეცალე და სანჩასტში წავედი, სადაც თბილისელი ექიმი, ჩემი ძველი მეზობელი, ძია კოტე მუშაობდა. ის კარგი ადამიანი იყო და ყველა პატივს სცემდა. რომ დამინახა, გულღიად მომესალმა და დაღონების მიზეზი მკითხა, მე მას ყველაფერი ვუამბე და, როცა მოვრჩი, ჩემკენ დაიხარა და ჩამჩურჩულა:
– ნუ გეშინია, ზვიად, ფულს მე მოგცემ და დუშკას მიუტანე. მერე კი თქვენ იცითო.
მეორე დღეს ძია კოტეს მიერ მოტანილი 3 500 მანეთი დუშკას ჩუმად მივეცი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში