კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუჩინარებული მზარეული


აგათა კრისტი

ერთხელ ერკიულ პუაროს დილის გაზეთის „დეილი ბლეირის“ სათაურებს ხმამაღლა ვუკითხავდი: „ბანკის თანამშრომელი 50 ათასი ფუნტის ფასიან ქაღალდებთან ერთად გაქრა.“; „აუტანელი ოჯახური ცხოვრების გამო, უბედურმა ქმარმა თავი გაზის ღუმელში შეჰყო“ „დაიკარგა 21 წლის სიმპათიური მემანქანე გოგო“.

– მაშ ასე, პუარო, ასარჩევადაც კია საქმე. იმდენი რამ მომხდარა, – ვუთხარი მეგობარს.

ამ დროს კარზე დარეკეს. ჩვენი მყუდროება ღაჟღაჟასახიანმა ქალმა დაარღვია.

– მინდა, რომ ჩემი მზარეული ქალი იპოვოთ, – განუცხადა მან პუაროს.

– რაღაც გეშლებათ ქალბატონო, – უპასუხა პუარომ, – მე ოჯახის პრობლემებს არ ვაგვარებ. მე კერძო დეტექტივი ვარ.

– თქვენ რა, მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და ძვირფასეულობის გაუჩინარების საქმეებს იძიებთ? – აღშფოთდა სტუმარი, – იცით, რას გეტყვით? მზარეული ჩემნაირ ქალს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე რომელიმე ჰერცოგინიას დიადემა. ჩემი მზარეული კი ოთხშაბათს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი გამიგია.

პუარომ მცირეხნიანი დუმილის შემდეგ უპასუხა:

– რა თქმა უნდა, მართალი ხართ, მადამ. ანუ, ეს ფასდაუდებელი მზარეული ქალი ოთხშაბათს წავიდა და აღარ დაბრუნდა...

– დიახ. იმ დღეს მას დასვენება ჰქონდა. ვიფიქრე, ავად ხომ არ გახდა და სადმე საავადმყოფოში, ხომ არ მოხვდა-მეთქი. მაგრამ, დღეს დილით კაცი გამოგზავნა თავისი ზანდუკის წასაღებად. ელიზა დინი ჰქვია. ჩვენთან ათი წელი იმუშავა.

– სხვა მსახურიც გყავთ?

– კიდევ მყავს მოახლე ანი. ცოტა დაბნეული და ჭკუათხელია, მაგრამ საქმეს კარგად უძღვება.

ჩვენს კლიენტს მის ტოდი ერქვა და პრინც-ალბერტ-როუდზე ცხოვრობდა. ჩვენ მასთან გავემგზავრეთ. პუარომ მოახლის ნახვა მოითხოვა. პუარომ მის ტოდს ოთახიდან გასვლა მოსთხოვა და საქმეს შეუდგა. გოგოს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო მზარეული.

– ტანსაცმელი თქვენ ჩაულაგეთ?

– არა, სერ. ზანდუკი უკვე ჩალაგებული იყო.

– აჰა, ესე იგი, ოთხშაბათს სახლიდან რომ გადიოდა, იცოდა, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა.

– მას წასვლა არასოდეს უხსენებია. მშვენივრად ვიყავით აქ. ელიზას სხვაგან გადასვლა რომ მოენდომებინა, ასე მაინც არ წავიდოდა. თვის ბოლომდე იმუშავებდა. სხვანაირად ამ თვის ხელფასს ხომ კარგავს?!

– რა თქვა წასვლამდე?

– რა და – სადილიდან ატმის კომპოტი, თუ დარჩება, ვახშამზე გამოგვადგება. კიდევ ცოტა ბეკონი და შემწვარი კარტოფილიაო.

პუარომ რამდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა და გაარკვია, რომ გოგოს დასვენების დღე ხუთშაბათს ჰქონდა და გაუშვა. ოთახში ცნობისმოყვარეობისგან გატანჯული მის ტოდი შემოვარდა, პუარომ საუბარი მის ქმარზე გადაიტანა. გაირკვა, რომ სახლში კიდევ მდგმური ცხოვრობდა – მისტერ სიმპსონი. 27 წლის, ბანკის კლერკი. მის ტოდმა ბანკის სახელი რომ წარმოთქვა, უნებურად შევხტი, რადგან „დეილი ბლეირის“ დილანდელი სათაური გამახსენდა.

პუარო ქალს დაჰპირდა, რომ საღამოს მისი ქმრის და მისტერ სიმპსონის სანახავად აუცილებლად დაბრუნდებოდა და წამოვედით.

– საინტერესო დამთხვევაა, – ვთქვი მე, – ის გაქცეული კლერკი, დევისი, იმავე ბანკში მსახურობდა, რომელშიც სიმპსონი.

საღამოს პრინც-ალბერტ-როუდზე დავბრუნდით. ტოდს და სიმპსონს გავესაუბრეთ. მეორე დილით პუარომ წერილი მიიღო. მის ტოდი გამოთქვამდა მწუხარებას, რომ იძულებული იყო, პუაროს მომსახურებაზე უარი ეთქვა. ქმართან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არ ღირდა ოჯახის საქმეებში დეტექტივის ჩარევა. ჰონორარის სახით წერილს ერთ გინეაზე გამოწერილი ჩეკი მოჰყვა.

– ასე! – აღშფოთებით წარმოთქვა პუარომ, – ისინი ფიქრობენ, ასე მომიშორონ თავიდან! უდავოა, აქ მისტერ ტოდის ხელი ურევია. თუ საჭირო გახდა, საკუთარ ფულს დავხარჯავ, ათას გინეასაც კი, მაგრამ საქმეს გავხსნი!

პუარომ უპირველესად, ყველა გაზეთში შემდეგი შინაარსის განცხადების გამოქვეყნება დამავალა: „თუ ელზა დინი მითითებულ მისამართზე მივა, მნიშვნელოვან ცნობას მიიღებს“. ჩვენ მხოლოდ საღამოს შევხვდით ერთმანეთს. პუაროს ცნობები იმ ფირმაში შეეგროვებინა, სადაც მისტერ ტოდი მუშაობდა. გაირკვა, რომ ოთხშაბათს ის სამსახურიდან არსად გასულა, თანაც უზადო რეპუტაციით სარგებლობდა. რაც შეეხება სიმპსონს, გაირკვა, რომ ხუთშაბათს ავადმყოფობდა, მაგრამ ოთხშაბათს სამსახურში იყო. დევისთან ჩვეულებრივ, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მოკლედ, ხელჩასაჭიდი არაფერი იყო. ერთადერთ იმედად განცხადება რჩებოდა, რომელიც პუაროს დავალებით ყველა გაზეთში მთელი კვირა უნდა გასულიყო. მეხუთე დღეს სახლის მეპატრონემ გვაცნობა, რომ ჩვენთან ვინმე ელზა დინი მოვიდა.

პუარომ სკამი მიუჩოჩა.

– საქმე ისაა, – აუხსნა მან, – რომ თქვენი ყოფილი დიასახლისი მისის ტოდი, ძალიან ნერვიულობს. მან არ იცის, რა დაგემართათ.

ელზა დინი ძალიან გაკვირვებული ჩანდა:

– მას ჩემი წერილი არ მიუღია?

– მისთვის არაფერია ცნობილი. იქნებ, ყველაფერი თანმიმდევრობით მოყვეთ?

ელზა დინს ხვეწნა არ დასჭირვებია:

– ოთხშაბათს საღამოს, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ქუჩაში ვიღაც ჯენტლმენმა გამაჩერა. „მის ელზა დინი?“ – მკითხა მან. – „კი, ეს მე ვარ-მეთქი. – ჩემი გვარია კროჩეტი, – თქვა მან – ავსტრალიიდან სპეციალურად ჩამოვედი, რათა თქვენ მომეძებნეთ. შემთხვევით, დედის მხრიდან თქვენი ბებიის ქალიშვილობის გვარი ხომ არ გახსოვთო. ჯეინ ემოტი-მეთქი“. – სწორია, დამემოწმა იგი და განაგრძო. – მის დინ, შეიძლება ამის შესახებ არც გაგიგიათ, მაგრამ თქვენს ბებიას ახლო მეგობარი ჰყავდა, ელიზა ლიჩი. თავის დროზე იგი ავსტრალიაში წავიდა, სადაც ცოლად ძალიან მდიდარ ფერმერს გაჰყვა. მისი შვილები პატარები დაიხოცნენ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ქონება მას დარჩა. რამდენიმე თვის წინ ელიზა ლიჩიც გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, თქვენ კამბერლენდში პატარა სახლს და გარკვეულ წლიურ შემოსავალს მიიღებთო“. მე გაოცებული ვიყავი, – განაგრძობდა მის დინი, – თავიდან, უბრალოდ, არ დავიჯერე. უცნობმა მელბურნის ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის წერილი და თავისი სავიზიტო ბარათი მაჩვენა. „ჩვენი კლიენტი ცოტა ექსცენტრიკული ადამიანი იყო, – ისევ განაგრძო მისტერ კროშეტმა – ანდერძში რამდენიმე პირობაა წამოყენებული: უპირველესად, სახლში სწრაფად უნდა გადახვიდეთ. ხვალ ბოლო ვადაა და კიდევ ერთი: აღარასოდეს არ უნდა იმუშაოთ მოსამსახურედ.“ გული დამწყდა. „სამწუხაროა, მისტერ კროჩეტ! – ვთქვი მე, – მე მზარეული ვარ. ეს არ გითხრეს?“ – „ღმერთო ჩემო, დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ ეკონომი, ან გუვერნანტი იქნებოდით. რა სამწუხაროა!“ – „დავკარგე ფული?“ – ვკითხე შეშფოთებით. იგი დაფიქრდა. „ყოველთვის შეიძლება გამოსავლის პოვნა, – თქვა ბოლოს, – მაგრამ დღესვე უნდა დატოვოთ თქვენი სამუშაო. მატარებლით სასწრაფოდ უნდა გაემგზავროთ. ათ ფუნტს მოგცემთ, გზაში გეყოფათ. თქვენს დიასახლისს წერილს გაუგზავნით. წერილს პირადად გადავცემ და ყველაფერს ავუხსნი.“ ბუნებრივია, მე დავთანხმდი და ერთ საათში, უკვე მატარებელში ვიჯექი. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მატყუებენ-მეთქი, მაგრამ ადგილზე რომ ჩავედი, იქ ხალხი დამხვდა. სახლის გასაღებიც მომცეს და პირველი ნახევარი წლის ხარჯებისთვის – 150 ფუნტიც. მისტერ კროჩეტმა ჩემი ნივთები გამომიგზავნა, მაგრამ დიასახლისმა ერთი სიტყვაც არ მომწერა და რატომღაც ჩემი ზანდუკი დაიტოვა. ტანსაცმელი ქაღალდებში გახვეული გამომიგზავნა.

პუარომ კარგად მოუსმინა და უთხრა:

– გმადლობთ, მადმუაზელ, როგორც ვფიქრობდით, პატარა გაუგებრობას ჰქონია ადგილი. კამბერლენდში ბრუნდებით? ერთი პატარა რჩევა მინდა მოგცეთ. ეცადეთ, საჭმელების მომზადება არ დაგავიწყდეთ. შეიძლება, ყოველ წუთს დაგჭირდეთ.

როცა ქალი წავიდა, პუარომ ინსპექტორი ჯეპის სახელზე წერილი დაწერა. მერე, კი სასწრაფოდ პრინც-ალბერტ-როუდზე გავემგზავრეთ.

– სიმართლე გითხრათ, ჰასტინგს, დარწმუნებული ვარ უკვე დავაგვიანეთ და ჩვენი ჩიტი გაფრინდა, – მითხრა გზაში პუარომ და როდესაც ჩემი გამომეტყველება დაინახა, განმიმარტა, – მისტერ სიმპსონზე ვამბობ.

– ჰო, მაგრამ სიმპსონს მზარეულის თავიდან მოშორება რაში დასჭირდა? მისი ავსტრალიური ფული უნდოდა?

– სიმპსონს მისი ზანდუკი სჭირდებოდა.

– ზანდუკი შეეძლო ეყიდა.

– ახალი ზანდუკი არ აწყობდა. მას ძველი, შელახული და რკინით მოჭედილი ზანდუკი სჭირდებოდა. შაბათს საღამოს გადაცმული სიმპსონი მზარეულს ქუჩაში აჩერებს. წარმატების მისაღწევად მზადაა 150 ფუნტი და კამბერლენდის სახლის წლიური ქირის საფასური გადაიხადოს. ალბათ, ხვდებით, რაც მოხდა. მან 50 ათასი ფუნტი მოიპარა.

– სიმპსონმა? ეს ხომ დევისმა გააკეთა...

– მაცადეთ, ჰასტინგს! სიმპსონმა იცოდა, რომ ქურდობის შესახებ ხუთშაბათს სადილის შემდეგ გაიგებდნენ. ამ დროს დევისს ჩაუსაფრდა და სახლში მიიპატიჟა. შეიძლება, იგი მას ქურდობაშიც გამოუტყდა და თითქოს სინანულში ჩავარდნილი ფასიანი ქაღალდების გადაცემასაც დაჰპირდა. ხუთშაბათს მოახლე გოგოს დასვენების დღე აქვს, მის ტოდი საყიდლებზეა, ასე რომ სახლში არავინაა... როდესაც ქურდობის შესახებ ცნობილი გახდებოდა, ხოლო დევისს ვერსად იპოვიდნენ, ყველა იფიქრებდა, რომ ქურდი სწორედ ისაა! მკვლელისთვის ერთადერთი სირთულე გვამის თავიდან მოცილება იყო, მაგრამ სიმპსონმა ყველაფერი წინასწარ გათვალა. თავიდანვე ერთმა გარემოებამ დამაეჭვა: იმ საღამოს ელზა დინი აშკარად აპირებდა უკან დაბრუნებას. ამაზე მოახლისთვის კომპოტზე ნათქვამიც მეტყველებს, მაგრამ, როდესაც მისი ზანდუკის წასაღებად მოვიდნენ, იგი უკვე ჩალაგებული იყო. ეს სიმპსონმა ჩაალაგა მზარეულის ნივთები. ვერაფერს იეჭვებ. მოსამსახურე სამსახურს ტოვებს და საკუთარი ნივთების გამოგზავნას ითხოვს. ზანდუკი ალბათ, მის სახელზე ლონდონთან ახლოს რომელიმე სადგურზე გააგზავნეს. შაბათ საღამოს გადაცმული სიმპსონი მიდის ვაგზალზე და ზანდუკს კიდევ სადმე ამისამართებს – ისევ „მოკითხვამდე“. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება და ზანდუკს გახსნიან, რას დაადგენენ? მხოლოდ იმას, რომ ვიღაც ავსტრალიელმა ამა და ამ სადგურიდან გამოგზავნა და მას პრინც-ალბერტ-როუდზე მდებარე სახლთან ვეღარაფრით დააკავშირებენ.

პუარო ინტუიციამ არ მოატყუა. სიმპსონი უკვე ორი დღის გამქრალი იყო. თუმცა, გაქცევა მაინც ვერ მოახერხა. ტელეგრაფის მეშვეობით ამერიკისკენ მიმავალი თბომავლის „ოლიმპიის“ მგზავრებში იპოვეს. ზანდუკმა კი, რომელიც ჰენრი უინტერინის სახელზე იყო გაგზავნილი, რკინიგზელების ყურადღება გლაზგოში მიიპყრო. გატეხეს და იქ საცოდავი დევისის გვამი იპოვეს.

მისის ტოდის ჩეკი პუაროს არ გაუნაღდებია. ჩარჩოში ჩასვა და კედელზე ჩამოკიდა.


скачать dle 11.3