კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ: „თბილისელები“ ¹28-13(483)


ამბობენ, როცა საქმე ბედთან ბრძოლას ეხება, მამაკაცები უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ვიდრე ქალები. თუმცა, ალბათ, მამაკაცები გააპროტესტებენ ამ მოსაზრებას და ეს ბუნებრივიც იქნება – მათ ხომ სამყაროს ძლიერი მეორე ნახევრის საპატიო ტიტულზე აქვთ პრეტენზია და ჰქონდეთ, ბატონო, ღმერთმა მშვიდობაშიც მოახმაროთ. თუკი ეს მათ თვითდამკვიდრებაში დაეხმარებათ, ჩვენ რა უნდა გვქონდეს საწინააღმდეგო! აქ პრობლემა მხოლოდ ისაა, სჭირდებათ კი, საერთოდ, კაცებს პრივილეგიები. თუკი პირველივე დაბრკოლება ბრძოლის ჟინს გაუქრობს და ნაჭრის უსულო თოჯინად გადააქცევს, რომლითაც ყველას შეეძლება თამაში?!

***

ლევანმა მობილურს ისე მოუჭირა ხელი, რომ ძვირფასი აპარატი ლამის ხელისგულში ჩაეფშვნა. მიხვდა, რომ მოთმინების ძაფი, ის იყო, გაუწყდებოდა.

– ნატუკა, ნუ მეთამაშები! ხომ იცი, თუ დამჭირდა, ანალიზის გაკეთებაც არ გამიჭირდება და, თუკი დამტკიცდება, რომ მატყუებ, საკუთარ თავს დააბრალე. არავის ვუსურვებ იმას, რაც შენ დაგემართება!

– ნუ მემუქრები, ბატონო მინისტრო, იმის რატომ არ გეშინია, რომ შეიძლება, ვიწერდე ამ ჩვენს საუბარს?

ლევანმა კბილები გააღრჭიალა,

– რომ იწერდე? მერე, რით მაშინებ, ბოზი ვის არ ჰყოლია? თუ გგონია, რომ შენი დაორსულების გამო თანამდებობიდან მომხსნიან, ტყუილად გაქვს მაგის ილუზია. მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, შენ რას მიიღებ? სასახლეში ცხოვრებას მათხოვრად ყოფნა თუ გირჩევნია, მაშინ, გააკეთე, რაც გინდა, ოღონდ, მე ნუღარ დამირეკავ!

ლევანი გაჩუმდა და დაელოდა, აცადა, სანამ ნატუკა მის ნათქვამს კარგად გაიაზრებდა, მერე კი ირონიულად ჰკითხა:

– აბა, ვისგან ხარ ფეხმძიმედ?

– შენი მეგობრისგან – ეს საჭირო ვერსიაა. ისე კი, ბავშვი შენია, გეფიცები, – ნატუკას ხმა ამჯერად სხვანაირად ჟღერდა. აგრესიის და გამოწვევის გარეშე. ლევანს უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა და ამ შეგრძნებამ მუცელიც კი აატკივა.

– ნატუკა, მომისმინე! ისევ შენთვის აჯობებს, თუ დაიჯერებ, რომ ბავშვს ნიკუშასგან ელოდები.

– მე ვიცი, ეგ ვისთვისაც აჯობებს, – ჩაილაპარაკა ნატუკამ.

– ახლა, არ მითხრა, რომ სინდისი გაწუხებს.

– შენ, შეიძლება, არ დაიჯერო, მაგრამ რაღაც მსგავსს ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში, საიდუმლოებები არ მიყვარს. მირჩევნია, როცა ყველაფერი „გაიასნებულია“.

– „როცა ყველაფერი გაიასნებულია!“ – თავისთვის გაიმეორა ლევანმა და მაშინვე თავისი სიდედრი გაახსენდა. სიურპრიზი, რომელიც დიანამ მოუწყო, იმდენად გამაოგნებელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ სრულფასოვნად აზროვნების საშუალებას არ აძლევდა. იცოდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, მაგრამ, კონკრეტულად რა – ამის მოფიქრება უჭირდა. გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ეგონა. შეიძლება, მოულოდნელობის ეფექტი აღმოჩნდა ძლიერი...

– ლევან, გაითიშე? რატომ აღარ მელაპარაკები? რაზე შევთანხმდით... ლევან!

– გისმენ, არსად წავსულვარ. ნუ ყვირი!

– მაშინ, მითხარი, რა უნდა გავაკეთო. უკვე დროა, ჩემს მშობლებსაც მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია, მართლა უპატრონო კი არ ვარ!

– იმდენჯერ გამიმეორე, უპატრონო არ ვარო, რომ უკვე ეჭვი მეპარება, რომ მართლაც ასეა.

– ასე ნუ მეხუმრებით, ბატონო მინისტრო, თორემ ჩემს მშობლებს მაინც აუცილებლად მოვუყვები ყველაფერს. მგონი, უფლება აქვთ, სიმართლე იცოდნენ!

ლევანი ისევ გააღიზიანა ნატუკას პრეტენზიულმა ტონმა.

– შენ მარტო ერთი სიმართლე გაქვს – შენი შვილის მამა ნიკუშაა, ახლა ის თქვი, რაც მოგესურვება, და ვისთანაც მოგესურვება.

– შენი ძვირფასი ნიკუშა ტელეფონს ახლოს არ ეკარება, გამირბის, არ უნდა ჩემთან ლაპარაკი, – აზლუქუნდა ნატუკა.

– კარგი, კარგი, ვხვდები, რაც გინდა. შეგეძლო, თავიდანვე გეთქვა. ვიზასაც გაგიკეთებ და ბილეთსაც აგიღებ, მაგრამ ნიკუშამ ამის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს...

– რის შესახებ არ უნდა იცოდეს ნიკუშამ არაფერი?

ლევანი ცოლის ხმაზე დაფრთხა. ერთადერთი, რაც დაბნეულმა მოიფიქრა, სწრაფად გათიშა ტელეფონი და შემობრუნდა.

– არ გძინავს? ცუდად ხომ არ ხარ?

– გინდა, რომ ცუდად ვიყო? მაგრამ ჯერ იმ კითხვაზე მიპასუხე, წეღან რომ დაგისვი. ისიც მაინტერესებს, ვის ელაპარაკებოდი.

– მეე? როდის, ახლა?

– ლევან, რა მოგივიდა? აი, ახლა, სწორედ ამ წუთას, ვიღაცას მობილურით ელაპარაკებოდი და ეუბნებოდი, პარიზში გასამგზავრებელ ბილეთს აგიღებო. მინდა, ვიცოდე, ვინ იყო!

ლევანმა ნაძალადევად გაიცინა:

– ჰოო, მარიკას ველაპარაკებოდი, ჩემს მდივანს. იმდენი ხანია, მამამისის სანახავად რუსეთში უნდა წასვლა და ვიზა ვერ აიღო. მეც სულ ვპირდები და ამ ჩვენი პრობლემების გამო, სულ მავიწყდება. ახლა დამირეკა, ცუდად ყოფილაო და შევწუხდი.

თინიკო გამომცდელად უყურებდა გაწითლებულ ქმარს და თავს აქნევდა. ლევანი დანაშაულზე წასწრებულივით აწრიალდა.

– შენ ახლა სულ ტყუილად ეჭვიანობ. დამიჯერე, მართლა მარიკას ველაპარაკებოდი.

– რატომ ნერვიულობ, საყვარელო? მე ხომ არ მითქვამს, შენს სიტყვებში ეჭვი მეპარება-მეთქი – დამცინავად ჩაილაპარაკა თინიკომ და მხრები მრავალმნიშვნელოვნად აიჩეჩა.

– ჰო, მაგრამ, ისე მიყურებ...

– როგორ გიყურებ, საყვარელო? ვითომ ჩემს მზერაში რამე განსაკუთრებულია? ვფიქრობ, რომ არა.

– თინი, ინკვიზიტორივით ნუ მომჩერებიხარ და ნუ დამცინი. ხომ იცი, ისედაც გულზე ვარ გახეთქილი!

– მერე, რატომ სკდები გულზე? – წარბი შეიკრა თინიკომ, – ის, რაც დედაჩემმა გაგვიმხილა, ჩემი ოჯახის პრობლემაა და არა შენი.

– სწორედ მაგაში ცდები, ეს ჩემი პრობლემაც არის. შეიძლება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე შენთვის. ამაზე ფიქრმა ლამის გამაგიჟოს. ლამის ჭკუიდან შემშალოს იმან, რომ ამდენ ხანს ტყუილში ვცხოვრობდი!

– თუ ვინმე ტყუილში ცხოვრობდა, ეს მე ვარ, ლევან... – ხმას აუწია ქალმა, – ჰო, მე ვარ და, რატომღაც, მგონია, არც ახლა ვარ უკეთეს სიტუაციაში.

– მოიცა, მოიცა, ამით რისი თქმა გინდა? იმისი ხომ არა, რომ...

– დიახ. მატყუებ. მაგრამ, ისეთი უსინდისოც ვერ ხარ, რომ ეს არ შეგემჩნეს. რადგან ასე მოგწონს, მომატყუე, ოღონდ, შენ თვითონ რომ გაიხლართები საკუთარ ტყუილებში, მე ნურაფერს დამაბრალებ. კიდევ იმისი თქმა მინდოდა, რომ მე, ალბათ, პარიზში წავალ.

ლევანმა ლამის იბღავლა აღშფოთებისგან:

– არა! არავითარ შემთხვევაში!

თიკას გაეცინა:

– როგორ თუ არა, ეს რას ნიშნავს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ არსადაც არ წახვალ. შენს მდგომარეობაში ამხელა გზაზე წინ და უკან სირბილი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში მოგიწევს, ჩემს აზრს ანგარიში გაუწიო.

– მართლა?! – ირონიულად შეიცხადა თიკამ, – ვგიჟდები, როცა მზრუნველი ქმრის როლს თამაშობ.

– მე არ ვთამაშობ, თიკა. იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში ვზრუნავ ჩემს თავზეც, ჩემს რეპუტაციაზეც. რატომ არ გესმის?

– იმიტომ არ მესმის, რომ ვერაფრით ვხვდები, დედაჩემის საქციელს შენს რეპუტაციასთან რა კავშირი აქვს.

– პირდაპირი, თიკა, პირდაპირი!

– ჩვენი პრობლემები შენ არ გეხება, მით უმეტეს, რომ მე ეს პრობლემადაც არ მიმაჩნია. პირიქით, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გავიგე.

– ხედავ? ამიტომაც ვერ გავუგებთ ერთმანეთს ამ საკითხში! – ხელი უკმაყოფილოდ აიქნია ლევანმა.

– მარტო ამ საკითხში კი არა, ჩვენ კიდევ ბევრ საკითხში ვერ გავუგებთ ერთმანეთს ვერასოდეს. ეგოისტებს ძალიან არ უყვართ, როცა მათ ვინმე ეცილება საკუთრებაში, მაშინაც კი, როცა ეს სულაც არ არის მათი საკუთრება. მაგრამ, ვხვდები, რომ აღარ უნდა გელაპარაკო ამაზე. არც ვაპირებდი, შენ რომ არ დაგეწყო. მოკლედ, მეც მჭირდება ვიზა, ოღონდ, შენი მდივნისგან განსხვავებით, – თიკამ „მდივნის“ თქმისას ირონიულად ჩაიცინა, – ჰო, შენი მდივნისგან განსხვავებით, საფრანგეთის საელჩოში ვაპირებ მისვლას და, შენთან ერთად თუ შენ გარეშე – ამას მნიშვნელობა არა აქვს.

– ესე იგი, გადაწყვეტილება მიღებული გაქვს.

– ჰო, და ტყუილად ნუღარ ვიკამათებთ ამაზე.

– ხომ იცი, რომ მე არ წამოვალ?

– ჰოო? არ ვიცოდი, თუმცა, ველოდი, რომ ამას იტყოდი. არა უშავს, მარტო წავალ, არ დავიკარგები. დავურეკავ ნიკუშას და დამხვდება. ბოლოს და ბოლოს, ვალდებულიც კია, ეს გააკეთოს.

– ეს შენ გგონია ასე და, საერთოდ, ვალდებულება ფარდობითი ცნებაა. ჯერ დაურეკე და უთხარი, რატომ ჩადიხარ მასთან და, ვნახოთ, დაგხვდება თუ არა.

– შენი შეხედულებებით ნუ მსჯელობ. დარწმუნებული ვარ, ნიკუშას ძალიან გაუხარდება.

– ჰო, აბა, რა... გადაირევა, სიხარულით გააფრენს! – დასცინა ლევანმა, – რა სულელი ხარ! ნუთუ ფიქრობ, რომ ამ ასაკში ასეთი ურთიერთობების თავიდან დაწყება შესაძლებელია? ისეთი პატარაც აღარ ხარ, რომ ამისი გჯეროდეს.

– მე მაინც მჯერა, – თიკამ გაიღიმა, – მოკლედ, ყველაფერი გითხარი. რამდენიმე დღეში გავემგზავრები. ვიზის მიღებას დიდი დრო არ დასჭირდება, უბრალოდ, განცხადება უნდა დავწერო.

– შენს მდგომარეობაზე საერთოდ არ ფიქრობ?

– ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ზუკაზე რომ ვიყავი ორსულად, მაშინაც ვმგზავრობდი თვითმფრინავით, საერთოდ, ძალიან ხშირად ვმგზავრობდი და არანაირი პრობლემა არ შემქმნია.

– ზუკაზე თორმეტი წლის წინ იყავი ფეხმძიმედ. განსხვავებას ვერ ხედავ, თუ არ გინდა, დაინახო?

– არ მინდა, რომ დავინახო, – ჯიუტად გაიმეორა თიკამ, – ჰო, არ მინდა და, იცი, შენ ახლა რას აკეთებ? „გაღმას შეედავეს“ პრინციპს იყენებ.

– რაო, რა თქვი?

– ჰო, გამოღმა მედავები, რომ გაღმა შეგრჩეს. მაგრამ, დამიჯერე, არ მაინტერესებს, რამდენიმე წუთის წინ ვის ელაპარაკებოდი. სხვა საზრუნავი მაქვს, მაგაზე გაცილებით მნიშვნელოვანი.

– აბა, რა... მნიშვნელოვანია. ნამდვილი მექსიკური ტელესერიალია და შენც ზუსტად ამ ტელესერიალის ერთ-ერთი გმირივით იქცევი.

– ვიცი, რომ დიდი შთაბეჭდილების არ ხარ ჩემზე, მაგრამ ნერვებს არც ამისთვის ავიშლი. ვისწავლე, როგორ „გავატარო“. გამგზავრების თარიღს გაცნობებ.

– ცდილობ, ნერვები ამიშალო? არა უშავს, ამასაც გადავიტან. იმასაც შევეგუები, მარტო რომ დავრჩი. რომ გვერდით არავინ მყავს ისეთი, ვისაც დავეყრდნობი და ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს.

– ნუ წუწუნებ, ძალიან სასაცილოა შენგან ამისი მოსმენა.

– ვითომ, რატომ?

– იმიტომ, რომ შენ არც დასაყრდენი გჭირდება და არც გვერდით მდგომი, – თინიკომ სევდიანად შეხედა ქმარს და ოთახში შევიდა. ლევანს ძალიან უცნაური, მანამდე უცნობი გრძნობა გაუჩნდა – საკუთარ თავთან გაუჭირდა იმის აღიარება, რომ ცოლის სიტყვებმა გული ატკინა. ყოველთვის იმას ამტკიცებდა, თინიკო არ მიყვარს, ჩემ გვერდით მის არსებობას მხოლოდ ვიტანო, მაგრამ, იასთან განცდილი ფიასკოს შემდეგ, მიხვდა, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე და პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ, შეიძლება, შეცდომას უშვებდა. „იქნებ, ის არ იყო სიყვარული, რასაც მე ვეძახდი სიყვარულს? იქნებ, მთელი ეს წლები თავს ვიტყუებდი? მაშინ, მაგარი ბრიყვი ვყოფილვარ, თუ ვერ მივხვდი იმას, რომ საყვარელი ქალი გვერდით მყავდა. მე ვიღაც უხილავ აჩრდილს, ფანტომს დავდევდი. ვერაფერი გამიგია, რატომ ვერ ვხედავდი თიკაში პიროვნებას, რომლის სიყვარულიც შემეძლო და განსაკუთრებული არც არაფერი იყო საჭირო ამისთვის? საერთოდ არაფერი არ უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ, კარგად უნდა გამეხილა თვალები, ფართოდ უნდა გამეხილა და იმისთვის არ უნდა შემეწირა ჩემი ოცნებები, ვინც ამისი ღირსი არ იყო. რატომ არ ვიფიქრე იმაზე, რატომ ერთხელ მაინც არ დავფიქრდი, როგორ ვცხოვრობდი ჩემი ცოლის გარეშე? მე ხომ ერთხელაც არ მიფიქრია ამაზე. უბრალოდ, ცხოვრობდა ჩემ გვერდით ქალი, მე კი არც მიცდია, მისთვის სიყვარულით შემეხედა. ახლა რომ დავკარგო, რომ მიმატოვოს?! როგორ ვიცხოვრებ მის გარეშე? იქნებ ყველა სხვა საფიქრალი უნდა გადავდო და ამაზე უნდა ვიფიქრო?..“

***

ნიკუშამ მამინაცვალს საბილიარდოს ბარში მიაგნო. ჟანი დახლთან იჯდა, ხელში ნახევრად დაცლილი ჭიქა ეჭირა და ნელა ატრიალებდა. ნიკუშას დანახვაზე სევდიანად გაიღიმა და მეორე ხელი თავის გვერდით სკამზე დაარტყა.

– მოდი, დაჯექი. კონიაკს დალევ?

– ექიმს ელაპარაკეთ? – ნიკუშა დაჯდა.

ჟანმა გაურკვევლად გადააქნია თავი.

– ჟან, მომისმინეთ, ექიმს ელაპარაკეთ-მეთქი? დავინახე, იმ ოთახის კართან რომ იდექით. ცუდად არის საქმე?

– არ ვიცი.

– რას ნიშნავს არ იცით? რა თქვა?

– ის, რომ უნდა დაველოდოთ. ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული – აი, მისი პასუხი. ახლა შენ მითხარი, ცუდად არის საქმე თუ კარგად... – ჟანმა დახლს შეკრული მუშტი დაჰკრა და იყვირა: – მოვკლავ იმ ცხენს, სულერთია, მოვკლავ და გამომძიებელსაც ზედ მივაყოლებ! სულერთია, მაინც გავაკეთებ ამას.

ნიკუშამ ფრთხილად გამოართვა მამინაცვალს ხელიდან ჭიქა. სქელ შუშას რამდენიმე ბზარი აჩნდა. გატეხვას სასწაულით გადარჩენილი სასმისიდან მუქმა სითხემ გამოჟონა.

– დამშვიდდით, ძალიან გთხოვთ. ელენეს ახლა სჭირდებით. კარგი, დავუშვათ, მოკალით ცხენი, გამომძიებელიც ზედ მიაყოლეთ... ამით მარტო იმას მიაღწევთ, რომ დაგაპატიმრებენ. მერე, ელენეს საერთოდ ვეღარ მიხედავთ, ვეღარ იზრუნებთ მასზე. ჟან, მომისმინეთ, თუ თავს არ დავარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი გამოვა. ხვდებით, რისი თქმა მინდა? უნდა შევეგუოთ, უნდა გავუძლოთ და როგორმე ერთად გადავიტანოთ ეს ამბავი.

– გავუძლოთ იმას, რომ ელენი ხეიბარი დარჩება? გამორიცხულია, მე ამას ვერასოდეს შევეგუები!

ნიკუშა გაფითრდა.

– ვინ თქვა, რომ ელენე ხეიბარი დარჩება, რას ნიშნავს ეს? მოტეხილი ხომ არაფერი აქვს?

– ხერხემალი დაუზიანდა. ამიტომ, ადგომის ძალიან მცირე შანსი აქვს. წარმოგიდგენია ელენე ინვალიდის სავარძელში? არა, მე ვერ გადავიტან ამას, ვერ გავუძლებ! მირჩევნია, მოვკვდე, მირჩევნია, ციხეში ჩავჯდე!

– მაშინ, ახლავე შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ, – მოიღუშა ნიკუშა. ჟანმა თავი ასწია და გაოცებით შეხედა.

– ჰო, – განუმარტა ნიკუშამ, – ასეა. გამომძიებელი აქ არის, წეღან მოვიდა. ჩემთან აქვს საქმე, მაგრამ უთქვენოდ მასთან ლაპარაკი არ მინდა. რატომღაც, მომინდა, ეგონოს, რომ ფრანგული არ ვიცი. თქვენ თარჯიმანი იქნებით. რა თქმა უნდა, თუკი პირდაპირ არ ეცემით და არ დაახრჩობთ.

ჟანი მიხვდა, რომ ნიკუშა საყვედურობდა წუთის წინ გამოჩენილი სისუსტის გამო და ერთბაშად თავადაც შერცხვა.

– იცი, რა ცუდად ვარ, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება, ექიმის ვარაუდი გამართლდეს?..

– არ უნდა იფიქროთ ამაზე. არც მე არ უნდა ვიფიქრო. ეგ ექიმი ღმერთი არ არის, რომ ყველაფერი იცოდეს. სხვა ექიმებიც არიან. უფრო ჭკვიანები და უფრო კომპეტენტურები. მთავარია, ელენე ცოტა მომაგრდეს, გონზე მოვიდეს და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს. მთელ მსოფლიოს მოვატარებთ და ვუშველით. მთავარია, ამისი გვჯეროდეს.

ჟანმა სახეზე მოისვა ხელი. ცოტათი გამოცოცხლდა. ნიკუშას სიტყვებმა გამოაფხიზლა. ცოტა კონიაკი მოწრუპა და სული მოითქვა.

– ესე იგი, შენ არ გჯერა, რომ ელენე ხეიბარი დარჩება?

– არა, არ მჯერა და ვერც ვერავინ დამაჯერებს. მე ვიცნობ დედაჩემს. ვიცი, რამხელა შინაგანი ენერგია აქვს და ისიც ზუსტად ვიცი, რომ არ დანებდება, თუ... – ნიკუშა გაჩუმდა და მამინაცვალს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.

– გინდა, მითხრა, რომ მე ვიქნები დამნაშავე იმაში, თუ ელენე თავის მდგომარეობას შეეგუება?

ნიკუშამ თავი დაუქნია.

– მივხვდი. მართალი ხარ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. დამარწმუნე. ახლა უკვე ვიცი, რა არის საჭირო ჩემი საყვარელი ელენეს ფეხზე დასაყენებლად. წამოდი, დაველაპარაკოთ გამომძიებელს. სად არის?

– ეზოში. გადაიფიქრეთ მისი მოკვლა? – გაეღიმა ნიკუშას.

– ჰო, იცოცხლოს, ის ცხენიც კიდევ დასჭირდება ჩემს ელენეს. იმას გავაკეთებ, რომ თვითონ გავხედნი და ჭკუას ვასწავლი ეს იქნება ჩემი საჩუქარი.

– შეიძლება, დედაჩემი ვნახო?

– ჰო. ექიმმა თქვა, კარგი იქნება, თუ მასთან ვიღაც იქნება ხოლმეო. რომ გაიღვიძებს, შეგიძლია, შეხვიდე მასთან, თუ ლაპარაკით არ დაღლი.

– მხოლოდ დავხედავ, – ნიკუშას ტვინში რაღაც აეწვა. გატეხილ ჭიქაში ჩარჩენილი კონიაკი მოსვა და მამინაცვალს მზერა მოარიდა, – ჯერ იმ ტიპს დაველაპარაკოთ...

***

... სიზმარში ყველაფერი მარტივია... იმ სიზმარში, სადაც შენი ოცნების რეალიზაცია ხდება და გრძნობ, რომ ბედნიერება არც ისეთი მიუღწეველი ყოფილა, მაგრამ, მაინც სიზმარში უმართლებს ყველას. უფრო სწორად, უნდა იცოდე, რომ გაგიმართლა, თუკი სიზმარში მაინც აიხდინე ოცნება... არავინ იცის, როდის დგება ვარდისფერი სიზმარი, ან, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ სწორედ ის დაგესიზმროს, რაზეც ოცნებობდი და არა სხვა რამე... მაგალითად, კოშმარი: როგორ ჩაიჭერი მისაღებ გამოცდაზე, ან, ბილეთი აიღე და ხედავ, რომ განწირული ხარ. „სამიანიც“ სანატრელი გაქვს. თუ სკოლაში თავს კომფორტულად არ გრძნობდი და ყოველ მეორე ღამეს გესიზმრება, როგორ დგახარ დაფასთან, და, თან, გაკვეთილიც არ იცი, ესეც არ არის შორს კოშმარებისგან... ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ, თუ უიღბლო ხარ, სიზმარშიც არ გაგიმართლებს და, ამიტომ, ჯობია, საერთოდ არ იოცნებო...

ელენეს თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ხედავდა. უფრო სწორად, ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ დაინახავდნენ. შეიძლება, ეს ხილვა იყო, ან, უბრალოდ, სიზმარი, მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო, თავს საოცრად კარგად გრძნობდა. სცადა, მაგრამ ვერ გაიხსენა, ბოლოს როდის იყო ასე კარგად, ასე მსუბუქად და სხვანაირად... ჰო, სხვანაირად – თავის მდგომარეობას უკეთესი ახსნა ვერ მოუძებნა... მერე თვალის გახელა სცადა. მიხვდა, რომ შეეძლო, მაგრამ, რატომღაც, არ მოუნდა, არც იმის გაცნობიერების სურვილი ჰქონდა, რატომ იყო ასე უცნაურად კარგად და ინატრა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ჰაეროვანი სიმსუბუქე...

– კიდევ სძინავს? ამდენ ხანს უნდა ეძინოს? ეს ნორმალურია? ექიმისთვის ხომ არ გვეკითხა?

– ექიმმა თქვა, რაც მეტს იძინებს, მისთვის უკეთესიაო. ამდენი დამამშვიდებელიც იმიტომ გაუკეთა. რომ გაიღვიძებს, ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდება. თანაც, არც ისე ცოტა. ამიტომ, აჯობებს, იძინოს... – ელენემ ვერ იცნო ამ კატეგორიული, პრეტენზიული ტონით ნათქვამი სიტყვების ავტორი.

ნიკუშამ მამინაცვალს გახედა და ისიც მაშინვე მიუხვდა, მომვლელი ქალისკენ შებრუნდა და რაც შეეძლო, თავაზიანად უთხრა:

– მადამ, ჩვენ შეგვიძლია, აქ ვიყოთ. თქვენთვის კი ჩაის მომზადება ვთხოვე. ქვემოთ, სასტუმრო ოთახში მოგართმევენ. ალბათ, როგორ დაიღალეთ. სამ საათზე მეტია, აქ ზიხართ გაუნძრევლად. ასკილის ჩაი და ოჯახური ნამცხვარი ძალიან მოგეწონებათ.

მომვლელი ქალი გაიბადრა და შეიფერა მიპატიჟება.

– მადლობელი ვარ, გრაფ, მაგრამ, თქვენს მეუღლეს რამე რომ დასჭირდეს?! ექიმმა მთხოვა, გვერდიდან არ მოვცილდე.

– არც მოსცილდებით. სასტუმრო ოთახი აქვეა, ერთი სართულით ქვემოთ. სულ რაღაც თვრამეტი საფეხური რა სალაპარაკოა. ელენეზე კი მე და მისი ვაჟიშვილი ვიზრუნებთ. თუ რამე დასჭირდება, მაშინვე დაგიძახებთ.

– ჰო. მაშინვე დამიძახეთ, – ქალი ადგა, – ძალიან გთხოვთ, თქვენი ინიციატივით არაფერი მოიმოქმედოთ. ხომ იცით, რომ თქვენს მეუღლეს მძიმე მდგომარეობა აქვს, შეიძლება ითქვას, უმძიმესი. ჩაის დავლევ და ახლავე ამოვალ.

ნიკუშამ დაუფარავი სიძულვილით გახედა მიმავალს.

– „შეიძლება ითქვას, უმძიმესი“, – გამოაჯავრა, როგორც კი მომვლელმა კარი გაიხურა და ელენეს საწოლს ნელა მიუახლოვდა, – კრეტინი! სხვა მომვლელი მოვიყვანოთ, ეგ ქალი ნერვებს მიშლის!

ჟანი ცოლის ფერმკრთალ, თითქოს სისხლისგან დაცლილ სახეს უყურებდა თვალმოუცილებლად.

– მალე გაიღვიძოს და დაგველაპარაკოს!.. ასე გაუნძრევლად რომ წევს, ძალიან ცუდად ვარ, – ჩაილაპარაკა და ნიკუშას საწყლად შეხედა.

– დაგველაპარაკება, ყველაფერი კარგად იქნება, – ნიკუშამ ნაზად გადაუსვა ხელი ქალს შუბლზე, დაიხარა და ტუჩებით შეეხო...

– გამომძიებლის სიტყვებში უჩვეულო არაფერი შეგინიშნავს? – ჰკითხა ჟანმა მოულოდნელად.

ნიკუშამ მხრები აიჩეჩა:

– როგორ გითხრათ. საერთოდ, ძალიან უსიამოვნო ტიპია. ვერც იმას ვხვდები, რატომ არ წყვეტს ძიებას. ჩვენ ხომ არ ვთხოვთ, სურათი აუცილებლად მოძებნოს?

– საქმე ისაა, რომ ასეთ შედევრებზე სახელმწიფოც იღებს პასუხისმგებლობის რაღაც ნაწილს და ასე, მარტივად საქმე არ დაიხურება. ხვდები, ხომ, რა არის მიზეზი? მას თავისი სამუშაო აქვს და ამ სამუშაოზე თავის უფროსობასთან არის პასუხისმგებელი. ჩვენ რას ვფიქრობთ ამაზე, მისთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.

– ამიტომაც ცდილობს, დამნაშავე ჩვენ შორის ეძებოს?

– არ ვიცი, რას ცდილობს, მაგრამ, თუ ამას ცივი გონებით შევხედავთ, ეჭვის საფუძველი მას ნამდვილად აქვს. როცა რამდენიმემილიონიან ნივთს იპარავენ და მისი დამკარგავი ოჯახი არც ისე მონდომებულია ამ საქმის გამოძიებით, უნდობლობა მათ მიმართ ბუნებრივად ჩნდება. თან, შენი ჩამოსვლაც ძალიან ცუდად დაემთხვა ამ ყველაფერს.

– მე მოვიპარე ნახატი? რანაირად, ან, რისთვის მჭირდებოდა?

ჟანმა თავი გააქნია:

– არა, აქ ეჭვი ჩემზე უფრო ჩნდება, ან... – გრაფი გაჩუმდა და ცოლისკენ გაიხედა. ნიკუშა უთქმელადაც მიხვდა, რას გულისხმობდა მამინაცვალი.

– რა აბსურდია... – გაეცინა ნიკუშას.

– არც ისეთი აბსურდია. დედის ეგოისტურ სიყვარულს შვილისადმი უარესის გაკეთება შეუძლია. გამომძიებელი არ გვიცნობს, არ იცის ჩვენი ურთიერთობების შესახებ. ამიტომ, სრული საფუძველი აქვს, ივარაუდოს, რომ, შესაძლებელია, ნახატი თავად ელენემ გადამალა... შენთვის.

– ეს ასე არ არის! თქვენ ხომ არ გჯერათ ამის?.. მითხარით, ხომ ხვდებით, რომ ეს სისულელეა, დიდი სისულელე?..

– იცი, ახლა მარტო ელენეს ჯანმრთელობაზე ვფიქრობ და გეტყვი, რომ სისულელეა ეს ყველაფერი, მით უფრო, იმ პრობლემასთან შედარებით, რაც ჩვენ შეგვექმნა. მაგრამ, სხვა სიტუაციაში, მით უმეტეს, გამომძიებლის ადგილზე რომ ვიყო, არ ვიცი, რას გიპასუხებდი. მართლა არ ვიცი.

ნიკუშამ გაოცებულმა შეხედა მამინაცვალს.

– მე ეგ მილიონები არაფრად მიღირს, – ჩაილაპარაკა ბოღმით.

– არც მე, მაგრამ, გამომძიებლისთვის და ნებისმიერი სხვა, უბრალო მოკვდავისთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია.

– აბა, რა ვქნათ?

– არაფერი. არაფერი არ უნდა ვქნათ. სიმართლე, თუკი ის საერთოდ არსებობს, ერთადერთმა ადამიანმა შეიძლება, იცოდეს და ეს ელენეა.

– მე არ მჯერა, რომ დედაჩემს შეეძლო ამის გაკეთება.

– არ ვიცი, ჩემო კარგო. მე ობიექტური ვერ ვიქნები ელენეს საქციელის შეფასებაში. ვერანაირად ვერ ვიქნები ობიექტური. იმიტომ, რომ ელენე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. თუმცა...

ნიკუშა მამინაცვალს მიაშტერდა და უცებ რაღაცას მიხვდა:

– სანამ ელენე ცხენზე დაჯდებოდა, თქვენ ამაზე ლაპარაკობდით? იმიტომაც იდანაშაულებთ თავს მომხდარში, არა?

– არა, არა! მე მისთვის ბრალი არ წამიყენებია! ან, რა უფლება მქონდა? მხოლოდ ის ვუთხარი, რომ არ მინდოდა, ჩემგან რაიმე დაფარული ჰქონოდა და ძალიან მეწყინებოდა, თუკი ამ რეალობის წინაშე დავდგებოდი.

– და ამის შემდეგ დედაჩემმა თავის მოკვლა გადაწყვიტა... – ნიკუშას სახეზე სასოწარკვეთილება აღებეჭდა.

– არა, არა, ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვიტა და, ამიტომ, ასეთ საშინელ დასკვნას ნუ გავაკეთებთ. ძალიან გთხოვ, თორემ, მდგომარეობიდან კიდევ არ ვარ გამოსული.

– ძალიან ბევრი საიდუმლო დაგროვდა. გაურკვევლობა სულ თან მდევს და სულს მიხუთავს... მამაჩემის სიკვდილი მხოლოდ დასაწყისი იყო. მეგონა, გაურკვევლობის ჯაჭვი მაშინ გავხსენი, მაგრამ, ვცდებოდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მაშინ დაშვებული შეცდომის ნაყოფს ახლა ვიმკი. ალბათ, ამიტომ, ყოველთვის ჯობია, თუნდაც ყველაზე მწარე სიმართლე იცოდე და თავი არ მოიტყუო.

– გეთანხმები, ეს უდავოდ ასეა, თუმცა, მოდი, ელენეს გამოჯანმრთელებას დაველოდოთ. დამიჯერე, სიმართლე მეც ძალიან მაინტერესებს, ძალიან, მაგრამ ახლა ელენეს კარგად ყოფნაზე უნდა ვიფიქროთ...

ჟანმა ნიკუშას მხარზე დაადო ხელი და მოუჭირა. ნიკუშა მიხვდა, რომ ამ კაცის იმედი ყოველთვის შეიძლებოდა, ჰქონოდა. იმ სიყვარულის დაუნახაობა, რომელიც გრაფს ელენეს მიმართ ჰქონდა, სიბრმავეზე გაცილებით მეტი იყო. ამ სიყვარულისთვის ღირდა სიცოცხლე... ნიკუშას უცებ ია გაახსენდა და გრაფის შეშურდა. მასაც შეეძლო, ასე ჰყვარებოდა და საყვარელი ქალის სასთუმალთან ჩამომჯდარს, მისი, ლამაზი თითები საათობით სჭეროდა ხელში... იმას, რომ ასე არ მოხდა, ვერავის დააბრალებდა... ნიკუშას არასდროს დაუსვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა, ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ ისე არ აეწყო მისი ცხოვრება, როგორც მას უოცნებია. თითქოს თავიდან ყველაფერი გარკვეული და დღესავით ნათელი იყო: – ყველა დეტალი შეთანხმებული; ნათელ ფერებში დახატული მომავალი; ყველა ნაბიჯი – გათვლილი, გაანგარიშებული და, საფიქრალიც თითქოს აღარაფერი იყო, მაგრამ... – ნიკუშამ თავი გადააქნია, თითქოს აბეზარი ფიქრების მოშორება უნდოდა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „ღმერთმა იცის, კიდევ რა სიურპრიზი მელოდება“...

***

თინიკომ ჩანთა შეკრა და საწოლზე ჩამოჯდა.

– მორჩა, მგონი, არაფერი მრჩება. ფული ბარათზეა, თუ რამე გაუთვალისწინებელი დამჭირდა, ვიყიდი.

დიანამ სევდიანად შეხედა შვილს:

– დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი?

– ჰო, სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია. მან ეს უნდა იცოდეს. მე თვითონაც ვეღარ ვიცხოვრებ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ვგრძნობ, რომ ვჭირდებით ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, მე ის ნამდვილად მჭირდება.

– ვხვდები, მაგრამ, შენ სჭირდები იმას? იქნებ, ღირს, ჯერ კარგად დაფიქრდე ამაზე?

– ლევანმაც ეს მითხრა, მაგრამ მე ჩემს შინაგან ხმას, ჩემს ინტუიციას ვენდობი და, რატომღაც, მისი უფრო მჯერა.

დიანამ ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა.

– მაპატიე, შვილო!..

თინიკო შეკრთა, ჩანთას თავი ანება და დედას მოეხვია.

– რას ამბობ, დე, რისთვის მთხოვ პატიებას, შენ არაფერი დაგიშავებია!..

– იმედი გაგიცრუეთ, შენც, ლევანსაც...

– არა, არა, მე ასე არ ვფიქრობ. შენ შეგეძლო, ისე მოქცეულიყავი, როგორც საჭიროდ მიგაჩნდა და, თუ შეცდომა დაუშვი, მსაჯულად ვერც მე გამოვდგები და ვერც ჩემი ქმარი. ჩვენ მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე შეგვიძლია ვაგოთ პასუხი. მე იმასაც ვხვდები, რამ გაიძულა ამის გაკეთება და, მინდა გითხრა, რომ შენი ქმარი ამას ნამდვილად იმსახურებდა.

– ძალიან მატკინა, თინი... საქმე მარტო ღალატში არ არის. როცა მამაკაცისთვის უბრალო საოჯახო ნივთს მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქალს, რომლის გვერდითაც ცხოვრობს და რომელსაც თავის ცოლს ეძახის, ის ნაძირალაა. თუმცა არ ვიცი, იმის შემდეგ, რაც თავად ჩავიდინე, მაქვს კი ამის თქმის უფლება? მაგრამ, ახლა ის მაინც ვიცი, რომ არაფრით ზურაბზე უკეთესი არ ვარ, ჩვენ დავიმსახურეთ ერთმანეთი.

თინიკოს გული ატკინა დედის სიტყვებმა.

– შენ მაინც დედაჩემი ხარ, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის ყველაფერს გაგიგებ. გულახდილად გეტყვი, ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასე მოხდა. გეფიცები. შინაგანად თითქოს მზად ვიყავი ამისთვის.

– მე მისი რეაქციის განაჩენივით მეშინია.

– რა სისულელეა, არავითარი განაჩენი არ იქნება. ბოღმა, თუ ის საერთოდ არსებობდა, დიდი ხანია, გაქრა. დავრჩით მარტო მე და ის – ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს. ერთადერთი, რაზეც, შეიძლება, გული დამწყდეს, ის არის, რომ ბევრი დრო დავკარგეთ. მაგრამ, არა უშავს, წინ მთელი ცხოვრება გვაქვს. მე ჩემი სიყვარულით ვეცდები, ეს დანაკლისი შევივსო და მასაც შევუვსო.

დიანას ყოყმანი დაეტყო.

– რა იყო, დედა, კიდევ გაქვს რამე სათქმელი? კიდევ ხომ არ მოხდა რამე, რაც გამგზავრებამდე უნდა ვიცოდე?

– კარგი იქნებოდა, ლევანიც წამოსულიყო. მეშინია, მარტოს რომ გიშვებ.

თინიკოს გაეცინა:

– პატარა ხომ არ ვარ? არ დავიკარგები!

– ფეხმძიმედ ხარ. უცებ ცუდად რომ გახდე?

– მთავარია, იქამდე ჩავიდე და მერე ნიკუშა მომხედავს. მით უმეტეს, როცა სიმართლეს ვეტყვი.

– სწორედ მაგის მეშინია! – წამოსცდა ქალს.

– ვერ გავიგე, რისი გეშინია?

– იმის, რომ, შეიძლება, ნიკუშამ არ დაიჯეროს ეს ამბავი.

თინიკო საწოლზე დაეშვა და ხელები უღონოდ ჩამოეკიდა.

– რატომ არ უნდა დაიჯეროს, რა ინტერესი მაქვს, რომ ასეთი ტყუილი ვთქვა... მაგრამ, მოიცადე, მგონი, ვხვდები, რაც იგულისხმე...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3