„აბბა“ სცენაზე ბრუნდება
მას შემდეგ, რაც „აბბა“ დაიშალა, 30 წელი გავიდა. დისკოს სტილის ყველაზე პოპულარული ჯგუფი, შეიძლება, სცენაზე დაბრუნდეს, – ამაზე არაორაზროვნად მიუთითეს პოპკვარტეტის სოლისტებმა – ბიესი ულვეუსმა და ბენი ანდერსონმა.
უნდა აღინიშნოს, რომ, უკვე მრავალი წელია, შვედები კატეგორიულად აცხადებდნენ უარს შეერთების ნებისმიერ წინადადებაზე და მოტივაციის არარსებობაზე მიუთითებდნენ. მაგალითად, 2000 წელს „აბბას“ ყოფილმა მუსიკოსებმა უარი თქვეს სენსაციურ ჰონორარზე – 1 მილიარდ დოლარზე, რომელსაც ისინი ტურნეს სერიაში მიიღებდნენ. ორი წლის წინ კი ულვეუსი აცხადებდა: „ჩვენ არასოდეს დავბრუნდებით სცენაზე. ამისთვის, უბრალოდ, არ არის მოტივაცია. დიდი ფული ამ შემთხვევაში ფაქტორი არაა, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ვახსოვდეთ ისეთები, როგორებიც მაშინ ვიყავით – ახალგაზრდები, იმპულსურები, ენერგიულები და ამბიციურები“.
ნათელია, რომ მუსიკოსები შეაწუხა ნოსტალგიამ ძველ დროზე. „რატომაც არა! ჩვენ შეგვეძლო, შეგვესრულებინა უკანასკნელი სიმღერა „აბბას“ 1980 წლის ალბომიდან – „ასე იქცევიან ძველი მეგობრები“, თუმცა, ჯერ არ ვიცი, იმღერებენ თუ არა ჩვენი გოგონები“. ექს-სოლისტებმა ანი-ფრიდ ლინგსტადმა და აგნეტა ფალტსკოგმა მამაკაცების წინადადებას არ უპასუხეს.
ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში ამ კოლექტივის პოპულარობის ახალი ტალღა წამოვიდა, მათ შორის, ბრიტანეთის კუნძულებზე ყოველ მეოთხე ოჯახში აქვთ დისკო-ლეგენდების სიმღერების მიხედვით დადგმული მიუზიკლი „მამა მია“.