როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
სერგია
გვარი სერგია მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელიდან – სერგი. გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი სერგია.
არსებობს სასერგიო – ანუ, უბნები ზემო საფარცვანოსა და ციზეთში.
1569 წელს შედგენილ შეწირულობის წიგნში აღნიშნულია, რომ ხოფის ღვთისმშობლისთვის შეუწირავთ კაკულიაი სერგია.
1616-1621 წლებში, „საცაიშლო დავთარში” დასახელებულები არიან ცაიშის მცხოვრებლები: მასხულია სერგია, ხუხული სერგია, ჯგევშია სერგია, გეგელია სერგია, ხუხულია სერგია, გვანობა სერგია და ასე შემდეგ.
„სერგი – ლათინურიდან ნასესხები სახელია. მისი კნინობითი ფორმაა სერგია და ის გვარადაც გვხვდება”, – წერს ზურაბ ჭუმბურიძე.
საქართველოში 365 სერგია ცხოვრობს: თბილისში – 44, სენაკში – 37, ზუგდიდში – 20. გვარი გვხვდება სხვაგანაც.
არდიშვილი
არდიშვილის ფუძეა საკუთარი სახელი არდი, რაც ურარტუს ქვეყანაში მზის ღვთაების სახელია. მზეს ქართულად ოდესღაც „არდი” უნდა რქმეოდა. სიტყვა „არდადეგი” კი, მზის დგომის დღეს აღნიშნავდა.
1886 წლიდან სოფელ წინწყაროში, არდიაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები და არუდოვის გვარს ატარებენ.
არდიაშვილები მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 29 არდიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 15, ქუთაისში – 14.
ვეფხიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვეფხია, ვეფხვია. ამავე ძირისაა გვარი ვეფხვაძე.
ბურდიაშვილის კრწანისს 1721 წელს, მოიხსენიება მამულა ვეფხიაშვილი.
1995 წლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია 20 ვეფხვიაშვილი: თელავში – 7, თბილისში – 3, რუსთავში – 2. არიან სხვაგანაც.
დაუთაშვილი
დაუთაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი დათუ.
დავითა დაუთაშვილი მოიხსენიება 1696 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, როგორც ნაზარალიხანის კარის მდივან-მწიგნობარი ანუ მდივანი, დამწერი. მისი ხელითაა შედგენილი სოფლების – ღვევისა და ზირბითის ყმა გლეხებთან დაკავშირებული წიგნი.
საქართველოში 373 დაუთაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 171, თბილისში – 130, ბოლნისში – 30.
ასათაშვილი
გვარის ფუძეა არაბული სიტყვაა – ასათ, რაც ქართულად ლომს ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.
გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი ასათა.
ასათაშვილის გვარის ძველი ფორმაა ასათისძე. ვახუშტი „მთავართა გვართათვის” წერს: „... ხოლო გვარნი მთავართა, მათ ძველთანი არიან ასათისძე, კარიჭისძე, ქობულისძე”.
მეფე დავით მეათის განჩინებით, ბარათაშვილთა გაყრისას, 1523 წელს, გერმანოზსა და მის ძმებს ენაგეთში შეხვედრია ასათაშვილი.
დემეტრე ასათაშვილი კი მოიხსენიება 1741 წელს პირობის წიგნში, რომელსაც გრიგოლ ჩოლოყაშვილი აძლევს ფშაველებს.
სოფელ ენაგეთს, 1756 წელს დაფიქსირებული არიან გაბრიელ, გიორგი, დავით და პეტრე ასათაშვილები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ოჯახებით.
საქართველოში 107 ასათაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 77, თბილისში – 20, თელავში – 10.
სისაური-სისოური-სისვაური
ქართული საკუთარი სახელებია: სისია, სისო, ამას დაუმატეს სუფიქსი ური და გაჩნდა გვარი სისაური.
ამავე ძირისაა გვარი სისოშვილი.
სისოური და სისაური ნაყარი გვარებია (ძმათაშვილებია). დორეულთკარში ცხოვრობდა დორეული იოსებისშვილი სისოური. სისოური აქ საკუთარ სახელად მოიაზრება, დორეულები ამით ხაზს უსვამენ წინაპართა გვარს.
სისაურების ნაყარი გვარია ლიქოკელიც. ეს ხევსურული გვარია, ლიქოკი კი ხეობაა ხევსურეთში და ლიქოკელების ძირითადი საცხოვრებელია.
სისაურებიდან წარმომავლობენ წითურები, მწითურიძეები, მწითურიშვილები.
საქართველოში 440 სისაური ცხოვრობს: თიანეთში – 85, თბილისში – 58, გარდაბანში – 21. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ზარიძე-ჯამაგიძე-კარელიძე-ჩაჩუნაშვილი-სისველაური-სისველაშვილი
გვარიდან ზარიძე მომდინარეობს გვარი ჯამაგიძე. 1842 წელს, ერთ-ერთ ჯამაგიძეს სახელად ერქვა „ზარიძე”. სახელი „ზარიძე” დადასტურებულია ბადაგიძეების, ზაქაიძეების, ასტამაძეების, კარელიძეების გვარებში.
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის დავთრების მიხედვით, ერთ-ერთ კარელიძეს ზარიძე ერქვა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქსნის ხეობაში მოსახლე კარელიძეები ზარიძეებიდან წარმომავლობენ.
სისველაური-სისველაშვილების გვარის ძირიც გვარი ზარიძეა. გადმოსახლებულები არიან ღუდიდან. გიორგი ზარიძე გვარით ჩაჩუნაშვილი იყო მემკვიდრედ თელათაგორს ნასახლები.
„წირდალს მცხოვრებ ზარიძე გულბაათს ჰყავს განაყოფი შიორშა, რომელთან ერთადაც ალექსანდრე მეფემ ის შესწირა სვეტიცხოველს”(1570 წელი).
საქართველოში 1 103 ზარიძე ცხოვრობს: თბილისში – 800, თიანეთში – 167, რუსთავში – 136.
371 ჯამაგიძე: თბილისში – 181, თიანეთში – 162, გარდაბანში – 28.
683 კარელიძე: გორში – 616, თბილისში – 36, ახალგორში – 31.
74 სისველაშვილი: დუშეთში – 62, თბილისში – 8, მცხეთაში – 4.
შინგაზრდილაშვილი-მელიქიშვილი
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შინგაზრდილაშვილების წინაპრები მელიქიშვილები არიან. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, მელიქიშვილთაგან აღებული მეტსახელი – შინგაზრდილა – გაუგვარდათ. შემდეგ კი, მიზეზთა გამო, შინგაზრდილოვებად ჩაუწერიათ. შინგაზრდილოვი რუსიფიცირებული გვარია. მკითხველმა იცის, რომ რუსულ საბუთებში შეტანილი გვარები, რომლებიც სუფიქსი შვილით იყო დამთავრებული, მოაცილეს და მას ფორმატი ოვი დაამატეს, ანუ, ასე გააფორმეს. ასეთი ბედი გაიზიარეს როგორც ქართულმა, ისე სომხურმა, ოსურმა და აფხაზურმა გვარებმა.
ასევე, მელიქიშვილიდან ნაწარმოები გვარებია: მირიმანაშვილი, მირიმანიძე, იავანგულაშვილი, მელქუაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში 48 შინგაზრდილაშვილი ცხოვრობს: თელავში – 23, თბილისში 11, გურჯაანში – 4.
ქალიაშვილი
ქალ ფუძიდან ბევრი სახელია ნაწარმოები. სწორედ ქალი დასდებია საფუძვლად და გაჩენილა მისგან წინაპარ ქართველთა საკუთარი სახელები ქალალა, ქალდან, ქალურა, ქაილ, ქალა, ქალაია, ქალთათავი, ქალთამზე, ქალია, ქალიკა, ქალიკელი, ქალილა, ქალიმათ.
აქედანაა ნაწარმოები გვარები ქალებაშვილი, ქალიაშვილი.
მეჩვიდმეტე საუკუნის მესამე მეოთხედში მოიხსენიება ასევე გვარი ქალიძე.
ზემოთ ხსენებული გვარის წარმომადგენლები ყველანი ქართველები და მართლმადიდებლური სარწმუნოებისანი არიან.
საქართველოში 406 ქალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 144, თელავში – 30, ბორჯომში – 21. არიან სხვაგანაც.
ჭყონიძე
ილია მაისურაძე წერს: „ჭყოიძე, ზესტაფონსა და ხარაგაულის რაიონებში, აღიარებულია, როგორც ჭყონიძისგან მომდინარე”. სხვა მკვლევრები და ავტორებიც მიანიშნებენ, რომ ჭყოიძეთა გვარი ჭყონიძიდან მომდინარეობს – ადრე ასე იყვნენ ჩაწერილნი, შემდგომ კი ასო ნ დაიკარგა და მივიღეთ ჭყოიძე. ასეთი მაგალითები მრავლადაა ისტორიულ წყაროებში.
ჭყოიძეთა გვარის ფუძედ გამოყენებულია ჭყო. ეს ფორმა ვერც ერთ ლექსიკონში, მათ შორის სულხან-საბასთანაც კი, არ იძებნება. მას ნახსენები აქვს მხოლოდ ორად ორი სიტყვა, კერძოდ: ჭყორველი და ჭყორი.
ამ გვართან დაკავშირებით კვლევა დღესაც გრძელდება.
1995 წლის მიხედვით, ვაუჩერი აუღია 1 260 ჭყოიძეს: თბილისში – 353, ხარაგაულში – 332, ზესტაფონში კი – 118-ს. დანარჩენი – სხვაგან.
საქართველოში 45 ჭყონიძე ცხოვრობს. დმანისში – 18, თბილისში – 16, ბოლნისში – 11.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით