კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ძმას სოფელ ახალდაბაში და რა სასწაულის სწამს დაკარგული ჯარისკაცის დას


მადინა გრიგოლის ასული ბესთავაშვილი ეძებს: 37 წლის გიორგი გრიგოლის ძე ბესთავაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, 37 წლის გიორგი გრიგოლის ძე ბესთავაშვილს. ბოლოს ჩემი ძმა, 20 წლის რომ იყო, მაშინ ვნახე. ჩვიდმეტი წელია გასული მას შემდეგ, რაც მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი ვიცი. ბოლოს ის სოფელ ახალდაბაში იყო, ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში. შეიძლება, ვინმემ ფოტოთი იცნოს ჩემი ძმა, ამისრულდეს ამდენი წლის ნატვრა და მე ის ვიპოვო.

– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ ძმა.

– ჩემი ძმა, გიორგი, 1993 წლის 14 მაისს ჯარში გამოიძახეს. გიორგი მსახურობდა თბილისში, სატანკო ნაწილში. ბოლოს იგი 1993 წლის 25 სექტემბერს ნახეს სოხუმთან ახლოს, ახალდაბის დასახლებაში. მას შემდეგ ჩემი ძმის შესახებ არაფერი ვიცით. მეც და დედაჩემსაც დღემდე დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგის ვიპოვით. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მაინც გვჯერა სასწაულის.

– ძალიან დიდი დრო არის გასული მას შემდეგ, რაც ძმის შესახებ აღარაფერი გაგიგიათ. აქამდე თუ ეძებდით და, პირადად თქვენ რას ფიქრობთ მისი დაკარგვის შესახებ?

– ვხვდები, რასაც მეკითხებით. ვიცი, რომ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და, ყოვლად შესაძლებელია, რომ ჩემი ძმაც იყოს მათ რიცხვში, მაგრამ ჩვენს ოჯახს არ მოსვლია ინფორმაცია, რომ გიორგი ომში დაიღუპა. ამიტომაც დღემდე ვიმედოვნებთ მის პოვნას. ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია გაურკვევლობა და ლოდინი, რომელიც უკვე წლებია, გრძელდება. დედაჩემი დღემდე იმედოვნებს, რომ გათენდება დღე და გიორგი სახლში დაბრუნდება. სად აღარ მიგვიმართავს და ვისთვის აღარ გვიკითხავს მისი ამბავი, ერთადერთი, რისი გაგებაც შევძელით, ის იყო, რომ გიორგი ახალდაბაში უნახავთ. მართალია, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თანაც, იმ დროს სწორედ იქ იყო მოვლენების ეპიცენტრი. შეიძლება, ჩემი ძმა დაიღუპა კიდეც (ტირის), მაგრამ ჩემი ვალია, მოვძებნო დედაჩემსაც არ შეუძლია, რომ შეეგუოს გაურკვევლობას. ამიტომაც ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ის ვიპოვოთ. მივმართეთ „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტსაც, სადაც დედამ და მეც ვნახეთ უამრავი ამგვარი ისტორია. ომმა ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს, მაგრამ, ზოგჯერ ხდება ხოლმე სასწაული და ომში დაკარგული შვილი მშობელს უბრუნდება. ამის მაგალითებიც გვქონდა, ამიტომ, ჩვენი სურვილი და ცდა, რომ ვიპოვოთ ძმა და შვილი, მთლად უსაფუძვლო არ არის.

– ღმერთმა ქნას, აღმოჩნდეს, რომ გიორგი ცოცხალია და ვიპოვოთ იგი, როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა ამ შემთხვევაში მისი თქვენთან დაუკავშირებლობის მიზეზი?

– მიზეზი შეიძლება, სხვადასხვა იყოს. მე ვიცი, რომ ომში ბევრს დაუკარგავს მეხსიერება და აღარაფერი ახსოვთ თავისი ახლობლებისა და ნათესავების შესახებ. ომში ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, ამიტომ, აღარაფერი არაა გამორიცხული.

– ახალდაბაში თვითონ გიორგის თუ ჰყავდა ახლობელი ადამიანები?

– არა, მას ახალდაბაში არავინ ჰყოლია. ის, ვფიქრობ, იქ ომის გამო მოხვდა, რადგან, როგორც გითხარით, თბილისის სატანკო ნაწილში მსახურობდა. არც ცოლ-შვილი ჰყოლია და არც ნათესავები გვყავს მანდ. ის შიში, რაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ფიქრს, ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გადავლილი გვაქვს. უბრალოდ, ძალიან გვინდა და გვჯერა სასწაულის. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ჩემი ძმა ძალიან კეთილი და პატიოსანი ადამიანია. ვიცი, ამის თქმა ჩემგან, როგორც დისგან, უხერხულია, მაგრამ ეს მართლაც ასეა. არ გვინდა, იმ აზრით ვიცხოვროთ, რომ სიმართლე ვერ გავიგეთ, ანუ, მართლა არ ვიცით, სად არის, როგორ არის, დაიკარგა თუ, უჭირს რამე... იქნებ გარდაიცვალა კიდეც, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია რომ არ გვაქვს?!

– ეს ისტორია მართლაც ძალიან უიმედოა, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი ვიპოვეთ, როგორ ფიქრობთ, როგორი შეხვედრა გექნებათ?

– ღმერთმა ქნას და, ეს სასწაული რომ მოხდეს, ნამდვილად ვიცი, რომ, შეიძლება, ჭკუიდან გადავიდე სიხარულისგან. არ ვიცი, ამას ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. მისი პოვნა ჩემთვის უმთავრესი მიზანია. ისედაც მწამს და მჯერა სასწაულების და, თუკი ასეთი რამ ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდება, ალბათ, ვეცდები, რომ ყველა დავაჯერო ამ სასწაულში. ჩვენ თქვენი რუბრიკის ერთგული მკითხველები ვართ და, ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის პოვნა თითქმის აბსურდული ყოფილა, მაგრამ თქვენ მაინც პოულობდით. ვიმედოვნებ, იქნებ, ვინმემ სურათით იცნოს ჩემი ძმა და გაიხსენოს, სად უნახავს და სად არის ის ამჟამად. მე იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი, შეიძლება, უცხოეთშია წასული, მაგალითად, რუსეთში, სადაც მას მეგობრები ჰყავდა. იმ წლებში ეს ნამდვილად შეუძლებელი იყო, მაგრამ, იქნებ როგორღაც მოახერხა და ისე წავიდა, ჩვენ არ გვითხრა არაფერი. ყველაფერს ვაპატიებთ, ამდენი წლის განმავლობაში ხმას რომ არ გვაწვდენდა, ამასაც, ოღონდაც ცოცხალი ვიპოვოთ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3