მილიონერები ფულს უძრავ ქონებაში აბანდებენ
კერძო ინვესტორები აცხადებენ, რომ 2010 წლის პროგნოზი ოპტიმისტურია. წელს განსაკუთრებით მომგებიანია უძრავ ქონებასა და ჰეჯ ფონდებში ფულის დაბანდება. სპეციალური გამოკითხვა ამ საკითხზე „ნაით ფრანკ პრაივიტ სიტი ბანკმა“ ჩაატარა. გამოჰკითხეს ინვესტორები, რომელთა ქონებაც მილიონ დოლარზე მეტია. მათ, ვისაც ოქროს ბიზნესში სურს ფულის დაბანდება, 2010 წელს წარმატება ნაკლებად ელის. ყველაზე მომგებიანი ფულის ჩადება მაინც უძრავ ქონებაში იქნება. გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო მოცულობის მესამედი სწორედ უძრავი ქონების ბაზარზე მოდის. პოპულარობით მეორე ადგილზე აქციები გავიდა, მესამეზე – ობლიგაციები. გამოკითხულთა 71 პროცენტი დარწმუნებულია, რომ წელს განსაკუთრებული შესაძლებლობები არსებობს უძრავი ქონების საცხოვრებელი ნაწილისთვის. ელიტური საცხოვრებელი სახლების ბაზრები ყველაზე მყარია და ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ მსოფლიოში. ჭკვიანური სტრატეგია ინვესტორებს ამ სფეროში სერიოზულ წარმატებას მოუტანს. გამოკითხულ ინვესტორთა 68 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ფულის ჩადება აქციებში და ჰეჯ ფონდებში იმით არის მიმზიდველი, რომ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე სწრაფად მიმდინარეობს აღდგენის პროცესი. რაც შეეხება ობლიგაციებს, მათში ფულის ჩადება მხოლოდ გამოკითხულთა 27 პროცენტს მიაჩნია მომგებიანად. საინტერესოა, რომ ოქროში ფულის ჩადებას გამოკითხულ ინვესტორთა მხოლოდ 38 პროცენტი მიიჩნევს წარმატების მომტანად.