„ჩიტის მესმის, მაგრამ ქალებს“...
არა, რა! ზოგჯერ, რომ დაუფიქრდე, ქალურმა ლოგიკამ, შესაძლოა, მართლა სიგიჟის ზღვარზე მიგიყვანოს. მაგალითისთვის ყველაზე ცნობილ და ყველაზე თვალწარმტაც ბრიტანელ ქალად აღიარებული დანიელა ლოიდის მონოლოგიც კმარა. გოგონა გასულ კვირას ბრიტანული პრესისთვის აჟღურტულდა და საინტერესო რამეები თქვა.
„მთელი ცხოვრება მსურდა, რომ პოპულარული ვყოფილიყავი, მაგრამ არა ასეთ დონეზე. როცა ერთ დღეს მივხვდი, რომ მსოფლიო მიცნობდა, შოკში ჩავვარდი, თავის მოკვლაც კი მინდოდა – ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაცაა და აღმოვაჩინე, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ ვიყავი. შამპანურში არაყს ვაზავებდი და ისე ვსვამდი, რომ დავმთვრალიყავი და თავის მოკვლაზე არ მეფიქრა. მერე ინტერნეტში ფორუმს წავაწყდი, მე არ მიყვარს დანიელა ლოიდი და საერთოდ ისტერიკა დამეწყო. სამწუხაროდ, ჩემი ოცნება ახდა, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც მე მსურდა,“ – განაცხადა ლოიდმა.
მან ისიც თქვა, რომ დარდის გაქარვებაში გვერდით მყოფი მამაკაცებიც უწყობდნენ ხელს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ფეხბურთელი იყო. ამჟამად დანიელა ისტერიკიდან „ტოტენჰემის“ ფეხბურთელს, ჯიმი ოჰარას გამოჰყავს და სერიოზული ეჭვი მაქვს, ეს საქმე ძალზე უნდა მოსწონდეს.