„მოსკვა სიტის“ სამი პროექტი განახლდება
2010 წლის ბოლომდე რუსეთის დედაქალაქში „მოსკვა სიტის“ საქმიანი კომპლექსის ტერიტორიაზე გაყინული სამი პროექტის განხორციელება განახლდება. ამის შესახებ მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა. საუბარია მოსკოვის სამ უმსხვილეს პროექტზე, მრავალფუნქციურ ცენტრ „სიტი პალასზე“, „ევრაზია ტაუერსა“ და სატრანსპორტო ტერმინალზე. ამ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოები უკვე წელიწად-ნახევარია შეჩერებულია. ინვესტორი კომპანიების – „მოსსიტიგრუპისა“ და „სიტერინვესტის“ წარმომადგენლები გრანდიოზული მშენებლობების განახლებას იმით ხსნიან, რომ საბანკო კრედიტები მიიღეს. კომპანია „სნეგირის“ მფლობელი ალექსანდრე ჩიგირინსკი „სიტი პალასის“ დაფინანსების განახლების წყაროს არ ასახელებს. მრავალფუნქციური ცენტრის – „ევრაზია ტაუერის“ საერთო ფართობი 200 ათასი კვადრატული მეტრია. ამ კომპლექსის შემადგენლობაში შედის საოფისე ფართები, სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები. რაც შეეხება „სიტი პალასს“, მის შემადგებლობაში შევა მოსკოვის უმსხვილესი ქორწინების სახლი, რომლის ფართობიც 165 ათასი კვადრატული მეტრია. 80 ათასი კვადრატული მეტრი საოფისე ფართია, 36 ათასი კვადრატული მეტრი – სავაჭრო ცენტრებისათვის და 49 ათასი კვადრატული მეტრი – მიწისქვეშა პარკინგისთვის. მესამე პროექტი 226 ათას კვადრატულმეტრიან ფართს მოიცავს. მასში შედის სასტუმროები, საოფისე ფართები და სატრანსპორტო ტერმინალი. 2010 წლის ბოლოსთვის „სიტი პალასის“ 45 პროცენტი აშენდება. მთელი კომპლექსის მშენებლობა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს.