„ვოლვო“ ჩინური ავტომობილი გახდა
ჩინურმა საავტომობილო კონცერნმა „გილიმ“ ამერიკული „ფორდისგან“ შვედური კონცერნი „ვოლვო“ შეიძინა. შესაბამისი შეთანხმება ამ დღეებში შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაფორმდა, სადაც „ვოლვოს“ შტაბ-ბინა მდებარეობს. ჩინეთისთვის ამ გარიგებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მის გაფორმებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-თავმჯდომარის, სი ცზინპინის დასწრებიდანაც გამოჩნდა. მხარეებს შორის გარიგების დეტალები დეკემბერში შეთანხმდა. ცნობილი გახდა, რომ „გილი“ შვედურ კომპანიას 1,8 მილიარდ დოლარს გადაუხდის. „ვოლვო“ ბოლო პერიოდში ზარალზე მუშაობდა. ანალიტიკოსების აზრით, „ვოლვო“, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და პრესტიჟული ბრენდი იყო, ზარალის მიუხედავად, მაინც საკმაოდ იაფად გაიყიდა. გარიგება საბოლოოდ – 2010 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების მიხედვით, „ვოლვო“ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და მისი კომერციული გეგმები ისევე განხორციელდება, როგორც აქამდე. „ვოლვოს“ კვლავ მისი მენეჯმენტი წარმართავს და საწარმოს დამოუკიდებლობასა თუ სტრატეგიულ დაგეგმარებაში არავინ ჩაერევა. შვედები საკუთარი ბიზნესგეგმის მიხედვით იმუშავებენ, რომელიც სკანდინავიურ ტრადიციებს ემყარება. ამის შესახებ ჩინური კომპანიის თავმჯდომარე ლო სუფუმ ოფიციალურად განაცხადა. აღსანიშნავია, რომ „ვოლვოს“ შტაბ-ბინა კვლავაც გეტებორგში დარჩება. ჩინური კონცერნი „გილი“ შვედეთსა და ბელგიაში არსებული „ვოლვოს“ ქარხნების მეპატრონეც გახდება. „ვოლვოს“ ქარხნებში სულ 22 ათას ადამიანამდეა დასაქმებული, მათგან 16 ათასი შვედია.