ევროკომისია ევროს კუპიურებს იცავს
ევროკომისიამ ევროზონის ქვეყნების ხელისუფალთ რეკომენდაცია მისცა, მაღაზიებს მსხვილი კუპიურების მიღება დაავალდებულონ და ფასების დამრგვალება არ დაუშვან. ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია სავალდებულო არ არის. თუმცა, გამორიცხული არაა, მალე მან კანონის ფორმაც მიიღოს. ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სავაჭრო ქსელები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობენ 200 და 500-ევროიანი კუპიურების მიღებაზე. უარის მიზეზად მაღაზიები ხურდის არქონას ასახელებენ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია მაღაზიების შესასვლელთან განცხადებების გაკვრა იმის თაობაზე, რომ იქ 200 და 500-ევროიან კუპიურებს ვერ მიიღებენ. იმავდროულად, ევროკომისია მიიჩნევს, რომ მაღაზიას არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს წვრილი კუპიურების მიღებაზე – როგორიცაა ერთი ან ორცენტიანი. ამიტომ, ფასების დამრგვალებასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში ბოლო ხანს ფასების დამრგვალების პრაქტიკა დამკვიდრდა. ევროკომისია ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირის კანონების მიხედვით, დაუშვებელია, კლიენტის მომსახურებაზე რაიმე ფორმით შეზღუდვის დაწესება, როცა ისინი ნაღდ ფულს იხდიან და არა საკრედიტო ბარათით. საერთოევროპული ვალუტა – ევრო ამჟამად ევროკავშირის წევრ 16 ქვეყანაში მოქმედებს. ბოლოს ევროზონას სლოვაკეთი შეუერთდა 2009 წლის 1 იანვარს. ანალიტიკოსების აზრით, ევროკომისიის მიერ გატარებული ზემოხსენებული ზომები ევროს პოპულარიზაციისკენ არის მიმართული იმ ფონზე, როცა ევროზონის ქვეყნებში ევროს „ავტორიტეტი“ საგრძნობლად დაეცა.