რა წვილილი შეიტანა იოსებ სტალინმა დიდ ლიტერატურაში
მსოფლიოში „ვეფხისტყაოსნის“ 383 გამოცემა არსებობს და მათ შორის მხოლოდ ასია ქართული. ცნობილია, რომ იოსებ სტალინს განსაკუთრებით უყვარდა შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედება. ალბათ, ამის შედეგია, რომ ერთ-ერთი თარგმანი ამ უკვდავი პოემისა, იოსებ სტალინის სახელსაც უკავშირდება.
1937 წელს, მოსკოვში საქართველოს კულტურის დღეების დროს, მაშინდელი კულტურის მინისტრი, კანდელაკი, კრემლში გამოიძახეს და იგი იოსებ სტალინს შეხვდა. მათი საუბრისას ბელადმა უკმაყოფილება გამოთქვა „ვეფხისტყაოსნის” რუსულ ენაზე არსებული თარგმანების გამო. „ახალი თარგმანები უნდა გაკეთდეს და ეს უნდა გააკეთოს იმან, ვინც კარგად იცის დედნის ენა”, – თქვა საბჭოთა ბელადმა, შემდეგ კი მინისტრ კანდელაკს ჰკითხა: ხომ არ გეგულებათ ისეთი პიროვნება, ვინც ამ საქმეს თავს გაართმევდაო. მინისტრი შეიშმუშნა და, მართალია, მორიდებით, მაგრამ მაინც გაბედა და უპასუხა: არის ერთი ასეთი ადამიანი, მაგრამ ახლა დაპატიმრებულიაო. კანდელაკი შალვა ნუცუბიძეს გულისხმობდა, რომელსაც ამ დროისთვის, როგორც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, დაწყებული ჰქონდა თავისი დიდი შრომა.
კანდელაკისა და სტალინის საუბრის შემდეგ, ყველაფერი, რაც მოხდა, ნუცუბიძისთვის იმდენადვე მოულოდნელი იყო, რამდენადაც, სასიკეთო. უამრავი გამოჩენილი სახელი შეეწირა ოცდაათიან წლებს, შალვა ნუცუბიძე კი გადარჩა, რასაც ხელი შეუწყო შოთა რუსთაველისადმი იოსებ სტალინის თაყვანისცემამ და კიდევ მთელმა რიგმა სხვა მიზეზებმა.
ამ შეკვეთაზე, რომელმაც, საბოლოო ჯამში, შალვა ნუცუბიძეს სიცოცხლე შეუნარჩუნა, დიდი მეცნიერი ხშირად საუბრობდა. ერთ-ერთ მოგონებაში ნუცუბიძე წერს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა 1937 წელს დაუწყია. იგი ძალიან ბევრს მუშაობდა, მაგრამ, მოულოდნელად, დააპატიმრეს და მოსკოვში გადააფრინეს, სადაც ლუბიანკაში აღმოჩნდა. შემდეგ კი დაიწყო გაუთავებელი დაკითხვები. ცნობისათვის, შალვა ნუცუბიძეს ბრალად სდებდნენ ფედერალისტების პარტიის წევრობას. ერთ-ერთი დაკითხვის დროს, მასთან საუბრისას, მოულოდნელად თემას გადაუხვიეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ შოთა რუსთაველის პოემას თარგმნით. ჩვენ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დაწყებული საქმე დაამთავროთ“, – გადასცა ბელადის ნება-სურვილი გამომძიებელმა, რომელსაც შალვა ნუცუბიძის საქმე მიჰყავდა.
ამ საუბრიდან მეორე დღესვე, პატიმარ ნუცუბიძის საკანში გაჩნდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და სადილი საერთო სასადილოდან... „ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება“, – იხსენებს აღნიშნულ წერილში შალვა ნუცუბიძე – მთელი კვირის განმავლობაში ვწერდი, რაც შემდეგ საკნიდან მიჰქონდათ. როგორც შემდგომ შევიტყვე, ამ მასალას იოსებ სტალინი კითხულობდა. დრო გადიოდა. ერთ დღეს გამომძიებელი მოვიდა ჩემთან და მიამბო დიალოგი, რომელიც სტალინსა და ლავრენტი ბერიას შორის შემდგარა. „იცი, რა ჩიტია შაშვი?” – უკითხავს იოსებ სტალინს. „ბევრჯერ მინახავს და მომისმენია“, – იყო ბერიას პასუხი. „გალიაში მომღერალი შაშვი თუ გინახავს?” – განაგრძო ბელადმა, რომელიც არ ეშვებოდა შეცბუნებულ მოსაუბრეს. „არა, საკანში მომღერალი შაშვი არ მინახავსო“, – უპასუხია ლავრენტი პავლეს ძეს.
ბუნებრივია, ამ დიალოგის შედეგი იყო, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ გამომძიებელმა კვლავ აცნობა ქართველ მეცნიერს იოსებ სტალინის განკარგულების შესახებ მისი გათავისუფლების თაობაზე, ოღონდ, იმ პირობით, თუ იგი ცნობილი პოემის თარგმნას დანიშნულ დროზე დაამთავრებდა. ნუცუბიძემ დაწყებული მუშაობის დასამთავრებლად დრო წელიწად-ნახევარი მოითხოვა. იმავე საღამოს საკნის კარი გაიღო და მთარგმნელი „სოკოლნიკებში“ მოათავსეს. „სოკოლნიკი“, როგორც თავად წერს დიდი მეცნიერი, რაღაც საშუალო იყო ციხესა და საგიჟეთს შორისო.
შალვა ნუცუბიძემ პირობა აასრულა – 1939 წლის პირველ მაისს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი დამთავრებული იყო, მაგრამ თავისი ხელნაწერები ნუცუბიძეს აღარ ჰქონდა, ვინაიდან მათზე იოსებ სტალინი მუშაობდა. ნუცუბიძემ მხოლოდ სასიგნალო ეგზემპლარი მიიღო, რომელიც გამოსაცემად მზადდებოდა. სტალინი არა მარტო ტექსტს რედაქტორობდა, არამედ, ილუსტრაციების შერჩევითაც იყო დაკავებული. სასიგნალო ეგზემპლარზე დღემდე შემორჩენილია მისი გაკეთებული შენიშვნები და გადახაზული ილუსტრაციები, რომლებიც მას არ მოეწონა. როგორც ცნობილია, იოსებ სტალინი უპირატესობას მიხაი ზიჩის ნამუშევრებს ანიჭებდა.
შალვა ნუციბიძის ციტირებულ წერილში, ორი საყურადღებო და მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლებიც მან ბელადის ნებართვით გადაწერა. პირველი მათგანი ლავრენტი ბერიას მისამართითაა დაწერილი: „ბოლო დრომდე, – წერს იოსებ სტალინი, – მე მიმაჩნდა, რომ რუსულ ენაზე საუკეთესო თარგმანი პეტრენკოს ეკუთვნის. ნუცუბიძის თარგმანის გაცნობის შემდეგ კი მიმაჩნია, რომ ის არა მარტო უკეთესია პეტრენკოს თარგმანზე, არამედ, თავისთავად გამოჩენილი ლიტერატურული მოვლენაა. შალვა ნუცუბიძის თარგმანში მხოლოდ ერთი ადგილი არ მომწონს – ათას ოთხას მეთექვსმეტე სტროფი. მე გთავაზობთ ამ ადგილის ჩემეულ შესწორებას.” კარგი უფრო უკეთესით უნდა შეიცვალოს და, მართლაც, იოსებ სტალინმა შესთავაზა ამ ადგილის საკუთარი თარგმანი, რომელიც შევიდა შალვა ნუცუბიძისეული თარგმანის ამ და მომდევნო გამოცემებში.
რაც შეეხება მეორე დოკუმენტს. მას, როგორც ჩანს, უნდა ეჩვენებინა ბელადის გასაოცარი სისადავე. ეს წერილი გაეგზავნა „გოსკომიზდატის“ დირექტორს – ჩაგინს: „მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელი არ იყოს მოხსენიებული „ვეფხისტყაოსნის” წინასიტყვაობაში“. ამიტომ იყო, რომ ეს ფაქტი წლების განმავლობაში ლიტერატურათმცოდნეებისთვის უფრო იყო ცნობილი, ვიდრე საზოგადოების ფართო ფენებისთვის.
1940 წელს წიგნის გამოცემა უკვე დაწყებული იყო, როდესაც ერთი ეგზემპლარი იოსებ სატალინს მიუტანეს. რა თქმა უნდა, ის ერთი სტროფიც ჩართული იყო მასში, მაგრამ სტალინმა წიგნი დაიწუნა და რამდენიმე ჩასწორება შეიტანა. მათ შორის ერთი მაგალითად, იყო ის, რომ პირველ გვერდზე, სადაც ეწერა: „შალვა ნუცუბიძის თარგმანი“, სტალინმა ჩაამატა სიტყვა: „ქართულიდან”. ეს თქვენ იცით, რომ ქართულიდან თარგმნა შალვა ნუცუბიძემ, ციმბირში ან სხვაგან კი არავინ იცის ამის შესახებო. იმ საღამოსვე ძველი ტირაჟი „დააპატიმრეს“, რამდენიმე თვეში, 1941 წელს, გამოვიდა ახალი, სტალინის მიერ ჩასწორებული ვარიანტი.
შალვა ნუცუბიძე გამოტყდა, რომ სტალინსავე უნდა უმადლოდეს მკითხველი, რომელმაც პოემის ახალი თარგმანი მიიღო 1941 წელს და დასძენს, რომ ბელადი სერიოზულად მუშაობდა დიდ ლიტერატურაში. 1940 წელს გამოცემული და „დაპატიმრებული“ „ვეფხისტყაოსნის” გამოცემის ეგზემპლარი დღემდე ინახება გორში, იოსებ სტალინის სახელობის სახლმუზეუმში.
იგორ კვესელავას მასალების მიხედვით