როდის იწყება წყლის დუღილი და რას ეხმარება სიცხეში ღუმელის ჩართვა
სიცხეების მოახლოებასთან ერთად, საკმაოდ აქტუალური გახდა ავტომობილში წყლის პრობლემები, რასაც ძალიან ხშირად ძრავის დაზიანებამდე მივყავართ. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ წყალი ნორმალურ მდგომარეობას გადასცდა და რა დატვირთვა აქვს თერმოსტატს, ამაზე მევლუდ მელაძე ისაუბრებს.
მევლუდ მელაძე: ძრავა მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს და, როდესაც მას გახურებაში გარემო პირობებიც ეხმარება, უფრო რთულ პირობებში უწევს მუშაობა. გაზაფხულზე უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს ქალაქგარეთ სიარულს, აგარაკებზე ასვლას, რაც ძალიან დიდი დატვირთვაა იმ მანქანისთვის, რომელსაც პრობლემა აქვს.
– რა იწვევს წყლის ადუღებას?
– თუ მანქანა წყლის ადუღებას ზამთარში, ანუ სიცივეში იწყებს ეს სულ სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ძირითადად ეს პრობლემები თავს იჩენს ხოლმე სიცხეში. აღმართზე ასვლისას ძრავას მეტი ძალის გამომუშავება უწევს, ამასთან, მასზე გარე ტემპერატურაც მოქმედებს და, ერთიანობაში ვიღებთ იმას, რომ წყლის ტემპერატურა 90 გრადუსს სცდება. თუ მანქანის წყლის სისტემა გამართულია, წყალი ნორმაზე მეტად არ დუღდება. წყლის სისტემაში არსებობს ასეთი ნაწილი – თერმოსტატი, რომელიც ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე, ადუღებამდე წყალი გადააქვს გაგრილების სისტემაში, ანუ, ის კრავს წრედს ძრავასა და რადიატორს შორის. რადიატორში ასხია წყალი, რომელიც შედის ძრავაში, ხურდება, ისევ მოდის რადიატორში და მისი მეშვეობით გრილდება. ეს ცირკულაცია არ უნდა დაირღვეს. წარმოიდგინეთ, თერმოსტატი არის სარქველი, რომელიც ისეთ ადგილას არის დამონტაჟებული, რომ მისი გაღების შემდეგ გადადის ცხელი წყალი რადიატორში, ანუ, მაშინ იხსნება, როდესაც წყალი საკმარისად გაცხელდება და მას გაგრილება სჭირდება. ამ დროს ირთვება რადიატორის „ფენი“ და ხელახლა გაგრილებული წყალი შედის ძრავაში. არის შემთხვევები, რომ თერმოსტატი იღუნება, თავის თვისებებს კარგავს და აღარ იხსნება, ანუ, ძრავაში მხოლოდ ცხელი წყალი ბრუნავს.
– მაგრამ ხშირად თერმოსტატს საერთოდ იღებენ.
– გაფუჭების შემთხვევაში, თერმოსტატი აუცილებლად უნდა გამოიცვალოს, მისი გაუქმება წყლის სისტემაში კატეგორიულად არ შეიძლება. ძველ მძღოლებს სჩვევიათ ამის გაკეთება, მაგრამ, ხშირად ისე შემოეპარებათ ხოლმე ზამთარი, რომ ძრავას ვერანაირად ვეღარ ათბობენ და უკვე იწყება სერიოზული პრობლემები. რა ხდება ამ დროს?! თერმოსტატის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ცირკულაცია ხდება: რადიატორიდან ძრავაში პირდაპირ გადაედინება გრილი წყალი და ის გათბობას ვერ ასწრებს, ისე ბრუნდება უკან რადიატორში, ანუ, წყალი სულ გრილია. სიცივეში ეს უკვე საშინელებაა, რადგან ძრავა, შეიძლება, გაიყინოს და გადასაგდები გახდეს.
– რა გავაკეთოთ, თუ წყალი უცებ აგვიდუღდა?
– პირველ ყოვლისა აუცილებლად უნდა გავაჩეროთ მანქანა, „კაპოტი“ ავხადოთ და ვაცადოთ მანქანას გაგრილება. როგორი სიცხეც არ უნდა იყოს, ჩართეთ ღუმელი, თან – მაქსიმალურ სიმხურვალეზე, რომ ღუმელში ცხელი წყლის გადმოდინება მოხდეს. დაახლოებით თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ, ძალიან ნელა, ისე, რომ იქიდან ამოსროლილმა ორთქლმა არ დაგწვათ, მოხადეთ წყლის ავზის ხუფი, ცოტა ხანს კიდევ აცადეთ გაგრილება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ წყალი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით მდგომარეობა გამოსწორდა. ეს ხერხები, უბრალოდ, დაგეხმარებათ დანიშნულების ადგილზე, ან ხელოსანთან მისვლაში. მინახავს ადამიანები, რომლებიც ერთი კვირა და ათი დღეც დადიან ამ პრობლემით, სანამ ძრავის „პრაკლადკას“ ანუ საფენს არ დაწვავენ. მარტივ თეზისებად ჩამოვაყალიბოთ ეს თემა – წყალი დუღდება მაშინ, თუ: პირველი – რადიატორის ავზი ან რომელიმე მილი წყალს აპარებს; მეორე – როცა თერმოსტატი დროულად არ ხსნის სარქველს, მესამე – „პრაკლადკა“ დამწვარია, ძრავა ჰაერს იპარავს, წყლის სისტემაში წნევა იზრდება და იწყება დუღილი. ერთი რამის თქმა მინდა აუცილებლად: თუ წყლის სისტემა გამართულად მუშაობს, ყველაფერი წესრიგშია და თავის საქმეს აკეთებს, მაშინ წყალს ორმოცდახუთ გრადუსშიც არ აადუღებს.