რა იყიდა საკუთარი შემოსავლით თამთა გოგუაძემ და რის გაკეთებას შეძლებს ის, თუკი გაუჭირდება
თამთა გოგუაძე: საკმაოდ ხელმარჯვე ვარ და, შემიძლია, წვრილმან საყოფაცხოვრებო პრობლემებს თავადაც გავუმკლავდე. მაგალითად, გამოვცვალო ნათურა, გადავაბა ტელეფონის სადენი, მივაჭედო რამე. მომწონს, როცა საკუთარი ხელით რაღაცას ვაკეთებ. პატარა რომ ვიყავი, ვენტილატორიც კი შევაკეთე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს, ასეთი წვრილმანი რაღაცეები. არაფრით არ მესმის იმათი, ვინც ამბობს, ჩაქუჩის ხელში დაჭერაც არ შემიძლიაო. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ „პოზას იჭერენ“ რატომღაც, ჰგონიათ, რომ ამით თავის განსაკუთრებულობას ამტკიცებენ, სინამდვილეში კი, სასაცილოები არიან. მთავარია, მოინდომო და ყველაფერს შეძლებ. მე ჯერ არ დამჭირვებია, მაგალითად, ონკანი გამომეცვალა. ასეთ დიდ პრობლემებს სახლში მამა აგვარებს, ზოგჯერ კი ხელოსნის გამოძახებაც ხდება ხოლმე საჭირო.
– თუ მოულოდნელად შეწყდება წყალი ან ჩაქრება შუქი, პანიკაში ჩავარდები თუ მშვიდად დარეკავ „ცხელ ხაზზე“?
– გააჩნია, რა სიტუაციაში ვარ. თუ სადმე მეჩქარება და ამ პრობლემამ ხელი შემიშალა, ავფეთქდები. ძალიან მომეშლება ნერვები (იცინის). არც ის შემიძლია, მშვიდად დაველოდო, როდის გადაიჭრება ეს პრობლემა და, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ნორმალურ პასუხს არ მივიღებ, მაინც ვრეკავ ხოლმე „ცხელ ხაზზე“. მიზეზი მაინც რომ ვიცოდე, რატომ გაითიშა შუქი. წყლის შეწყვეტის გამო ჯერ არ დამირეკავს. მგონი, აღარც წყდება. ყოველ შემთხვევაში, ამ პრობლემას ჯერ არ შევუწუხებივარ.
– კომფორტის მოყვარული ხარ, თუ, შეგიძლია, ექსტრემალურ პირობებსაც შეეგუო?
– ბუნებით ექსტრემალი არ ვარ და მიყვარს კომფორტი. ან, ვის არ უყვარს (იცინის). მაგრამ, თუ საჭიროა, თუ ეს საქმისთვის იქნება აუცილებელი, რაღაც დისკომფორტსაც ავიტან. რომ გითხრა, სერიოზული დისკომფორტისთვის გამიძლია-მეთქი, ასეთი რაღაც ჯერ არ ყოფილა. ახლა ვიხსენებდი, რამ შემიქმნა სერიოზული დისკომფორტი და მაგონდება, მანქანასთან დაკავშირებით მქონდა ერთხელ პრობლემა – რაღაც გაუფუჭდა. სულ ეს არის.
– შენი მანქანის ენა კარგად გესმის? თუ დაგჭირდა, საბურავს გამოცვლი?
– (იცინის) საბურავს გამოვცვლი თუ არა?! გააჩნია სიტუაციას, ალბათ, გამოვცვლი, თუკი სხვა გამოსავალი არ მექნება. ყველა ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს. გამონაკლისი არც მე ვარ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ რაღაცას მოვახერხებ.
– საყიდლებზე ხშირად დადიხარ?
– როცა დედა ჩამოწერს, რა გვჭირდება სახლისთვის, მივდივარ და ძალიან კარგად ვვაჭრობ. სია იმიტომ უნდა მქონდეს, რომ არაფერი დამავიწყდეს. საერთოდაც, როცა კონკრეტულად იცი, რა გაქვს საყიდელი, უფრო მობილიზებული ხარ და თითქოს ისე ბევრიც აღარ გეხარჯება.
– მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ მფლანგველი ხარ?
– (იცინის) ჰო, ხელმოჭერილი ნამდვილად არ ვარ და ვერც ის ვისწავლე, როგორ არ დავხარჯო მთელი ფული, რაც საფულეში მიდევს. მაგრამ, ჩემს მფლანგველობას ის გამართლება აქვს, რომ მარტო საკუთარი სიამოვნებისთვის არ ვხარჯავ. იმდენად მიყვარს, როცა ჩემი ახლობელი, საყვარელი ადამიანებისთვის ვყიდულობ საჩუქრებს, რომ მათ გასახარებლად უკანასკნელი ლარიც კი არ მენანება. მე ძალიან პატარას მქონდა საკუთარი ფული – პირველი ჰონორარი 11-12 წლისამ ავიღე. მართალია, არ მახსოვს, რაში დავხარჯე, მაგრამ, ძალიან სასიამოვნო განცდა რომ იყო, ეს არ დამავიწყდება. ჩემი პირველი მანქანაც საკუთარი შემოსავლით ვიყიდე, მეორეც და მესამეც, გავყიდე ძველი, ისევ საკუთარი შემოსავალი დავამატე და ასე გამოვცვალე.
– ჩავიხედოთ თამთას ჩანთაში და ვთქვათ, მოწესრიგებულია თუ არა ის...
– (იცინის) ვაიმე, ამ წუთას ჩემი ჩანთა საშინლად არეულია. ყველაფერს შიგ ვტენი და ისეთი აურზაურია, მაშინვე ვერაფერს იპოვი. ერთადერთი, რაც არასდროს არ მიდევს ჩანთაში მაკიაჟის ატრიბუტებია. მხოლოდ ჰიგიენური პომადა მაქვს, რომ ტუჩები არ დამისკდეს. სამაგიეროდ, ჩანთით დამაქვს სამი სათვალე მაინც, სველი და მშრალი ხელსახოცები, საფულე, სუნამო, ზოგჯერ ერთდროულად ორი. ჯერ ვერ ამოვიღე და შემორჩა ხელთათმანები, გასაღებები... ერთი სიტყვით, დიდი ქაოსია. მანქანაში კი მუდმივად მიდევს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ვერ ვმართავ მანქანას ქუსლებით, სპორტული ფეხსაცმელი მაცვია და ისე დავდივარ.
– რას მოგვიმზადებს თამთა?
– კერძების მომზადება ვიცი. ტორტიც გამომიცხვია, ნამცხვრებიც, ხინკალი და ჩახოხბილიც გამიკეთებია. ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი მომზადებული ბუტერბროდი საუზმისთვის: ვიღებ ტოსტერის პურის ორ ნაჭერს. ერთზე ვდებ მდნარი ყველის ფირფიტას. მერე ვადებ ბეკონის ნაჭერს, ისევ ვაფარებ ყველს და მეორე ნაჭერ პურს. ამას ვათავსებ ტოსტერში და ვაცხობ. ძალიან გემრიელია. პურში ჩადნება ხოლმე ეს ყველაფერი და საოცარი გემო აქვს.