რისი კეთება უყვარს ვაჟა მანიას საყვარელ ადამიანთან ერთად და რა ტკივილის ეშინია ანუკა ქორქიას
ანუკა ქორქია ვაჟა მანიას ერთ-ერთი სერიოზული გულშემატკივარი იყო და მის მოსასმენად მეგობრებთან ერთად კლუბ „მარჯანოვშიც“ ხშირად დადის. ორი ახალგაზრდა, საკმაოდ აქტიური ადამიანის ინტერვიუ მათსავით ხალისიანი და მხიარული გამოვიდა. ანუკა საკუთარ მომავალს საქართველოში ხედავს, ვაჟა კი სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში აპირებს წასვლას.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ანუკა ქორქია
– ვაჟა, შენი გულითადი გულშემატკივარი ვიყავი და მაინტერესებს, რას აკეთებ ახლა, რა ეტაპზე ხარ. ვიცი, რომ კლუბში მღერი, მაგრამ, უფრო მასშტაბურს რას აპირებ? რა მოგიტანა „ჯეოსტარში“ მოპოვებულმა პოპულარობამ?
– მთავარი, რაც ამ პროექტმა მომიტანა ეს ის სიყვარულია, რომელსაც ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ჩემი სიმღერის მანერა, როგორც ამბობენ, განსაკუთრებულობა და არაორდინარულობა, საოცრად დაფასდა და შეიყვარა ხალხმა. ალბათ, ახალი იყო და ამიტომაც მოეწონათ. მიხარია ეს სიყვარული. რაც შეეხება კონკრეტულად საქმიანობას, უამრავი გზა გამეხსნა, ახალი პერსპექტივები გაჩნდა. ცხოვრებაში შედარებით იოლად გამომდის ყველაფერი, მეტი ხელშეწყობა მაქვს. ადამიანებმა იციან, რას წარმოვადგენ და, შესაბამისად, ან ვაინტერესებ ვინმეს როგორც მომღერალი, ან – არა. პოპულარობას ძალიან ბევრი დადებითი აქვს, თუმცა, მაინც მგონია, რომ ამ ყველაფერს თავისი სირთულეებიც ახლავს – არ გეპატიება გაჩერება. პოპულარობის შენარჩუნება რთულია. მიხარია, რომ პოპულარობის რელსებზე დავდექი და ახლა მაქსიმალურად ვეცდები მის ღირსეულ დონეზე შენარჩუნებას.
– ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის კონკურსის თემა რთულია. ხომ არ გაგიჭირდა მონაწილეობა და, შესაძლებელია თუ არა მომავალში რაიმე კონკურსში კიდევ შენი ნახვა?
– იცი რა, აბსოლუტურად სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა. ვერ ვგრძნობდი თავს კონკურსში, სხვანაირი განწყობით ვიყავი. შეიძლება, ვინმემ არასწორად გაიგოს და ეგონოს, რომ არავინ კონკურენტად არ მიმაჩნდა, მაგრამ ასე იმიტომ კი არ ვიყავი, რომ ვიღაცაზე მეტი მეგონა თავი, უბრალოდ, სხვანაირად მივუდექი. იქ გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი სათქმელი მქონდა და არა იმიტომ, რომ ვიღაცას შევჯიბრებოდი. ეს სიმღერა იყო და არა სპორტი, ამიტომაც, დაძაბული და სტრესული მომენტები არ მქონია, მშვიდად ვიყავი და ვცდილობდი, მაქსიმალურად გამეკეთებინა ჩემი საქმე.
– შიგნით რა სიტუაცია იყო? ოღონდ, ზრდილობის გამო არაფერი მითხრა. ჩემი მეგობრები, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის კონკურსში, ამბობენ ხოლმე, რომ საშინლად მძიმე ჰაერიაო.
– ზრდილობის გამო არაფერს ვამბობ (იცინიან), პირდაპირი ადამიანი ვარ და მიკიბვ-მოკიბვა არ შემიძლია. გულწრფელად ვამბობ: ხელჩართული ბრძოლა და ომი ნამდვილად არ ყოფილა, თუ, რა თქმა უნდა, ფანებს არ ჩავთვლით, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ. მაგრამ, ესეც ჩვეულებრივი მომენტია – ყველას თავისი ურჩევნია. შიგნით, ჩვენ შორის, დაძაბულობა არ ყოფილა. უბრალოდ, ზოგადად ფონი იყო დაძაბული – ყველა ნერვიულობდა, ყველა თავის სიმღერაზე ფიქრობდა, ღელავდა და ეს ქმნიდა ამ ფონს, მაგრამ ეს პირად ურთიერთობებში არ გადაზრდილა. აბსოლუტურად უკონფლიქტო ადამიანი ვარ, ან, რატომ უნდა მომივიდეს ვინმესთან კონფლიქტი?!
– და, მაინც, რის გამო შეიძლება, ვინმესთან კონფლიქტი მოგივიდეს?
– არ ვიცი, მართლა. ვერ წარმომიდგენია ასეთი რამ. შანსი არ არის, ვინმეს ჩემთან კონფლიქტი ჰქონდეს, თუ მაინცდამაინც ცუდად არ მიყურებს და ჩემი ჯინი არ სჭირს. ანუ, მიზეზი ყოველთვის მეორე მხარე იქნება. რა უნდა ვაწყენინო ვინმეს არ ვიცი, ვერც ვფიქრობ. ახლა. აი, რაებს მალაპარაკებ, სულ თავის ქება გამომდის (იცინიან).
– კარგი, შევცვალოთ თემა. გოგონებს უყვართ პოპულარული ბიჭები – ეს ფაქტია. სულ რომ არ ესმოდეს, რას მღერი, საერთოდ არ მოსწონდეს შენი სტილი, მოსწონდეს შენგან განსხვავებული გარეგნობის ბიჭები, მაინც – „ვაიმე, ვაჟა იქნებოდა!“ – ალბათ, ხშირად გესმის. ამ ცვლილებებს გრძნობ?
– (იცინიან) რა თქმა უნდა, ვგრძნობ ამ ცვლილებებს. „ჯეოსტარი“ რომ დაიწყო, გოგონებმა ყველანაირად, ყველა ხერხით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ფორმებს ნუ ჩამომათვლევინებ, მათ ვკითხოთ. სითბო, პატივისცემა თუ, რა დავარქვა, არ ვიცი, ყველა ცდილობდა, ვაჟასთვის რაღაც გაეკეთებინა. მე, როგორც თავხედმა ადამიანმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მშვენივრად მივიღე. საკითხავი ისაა, მათ რა მიიღეს სამაგიეროდ.
– გაჩნდა ამ კონკურსის შემდეგ ვინმე მნიშვნელოვანი?
– სასიყვარულო რომანები ამ კონკურსით არ დაწყებულა. ურთიერთობები და სითბოს გამოხატვები, არ მოვიტყუები, იყო, ჩემი მხრიდანაც მათ შორის, მაგრამ, ყველას მიმართ ამას ვერ შევძლებდი, ბევრნი არიან (იცინიან).
– მაგრამ იყო, ხომ, ასეთი ერთი-ორი შემთხვევა?
– ერთი, ორი, სამი, ოთხი... (იცინიან) არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
– არის ვინმე ახლა ვაჟას გვერდით?
– არა, ამ წუთას არავინ კონკრეტული არ არსებობს.
– თავში ავარდნაში თუ დაუდანაშაულებიხარ ოდესმე ვინმეს?
– ეს ცოტა დელიკატური საკითხია. ასეთი რამ ყოფილა და არა მხოლოდ „ჯეოსტარის“ დროს, იყო მანამდეც და მას შემდეგაც. მკაცრად და სერიოზულად არა, მაგრამ, ხუმრობანარევი ტონით უთქვამთ – შეიცვალეო, რაღაცეები თავში აგივარდაო, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა რამითაა გამოწვეული. ადამიანი ცნობილი რომ ხდება, თვითონ კი არ იცვლება, გარემო, სიტუაცია იცვლება მის გარშემო და სიტუაცია გცვლის. პოპულარული გახდი და, შესაბამისად, ამ სიტუაციას უნდა მოერგო, შეიცვალო ძალაუნებურად. პირად ურთიერთობებშიც კი შეიძლება გითხრას ვინმემ, შეიცვალეო. თუ მართლა დრო არ გაქვს, დაკავებული ხარ, ამას არასწორად აღიქვამენ, ჰგონიათ, რომ უფრო საქმიანი, „ვაჟნი“ გახდი. მგონია, ეს ძალიან უაზრო დამოკიდებულებაა.
– მეც ვფიქრობ, რომ, როდესაც ადამიანი პოპულარული ხდება, სხვა ადამიანები ცვლიან მის მიმართ დამოკიდებულებას, თვითონ იბოჭებიან და უფრო მორიდებულად არიან.
– ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. თუ ასეთი რამ ხდება, ეს ძალიან მაწუხებს, განვიცდი და ვნერვიულობ. არასასიამოვნოა, როცა ვიღაცას აბსოლუტურად სხვანაირი წარმოდგენა აქვს შენზე და რაღაცას გაბრალებს. მართლა გული მტკივა ასეთ რაღაცეებზე, რადგან, მიმაჩნია, რომ ის, ვისაც ასეთ სიტუაციაში თავში აქვს ავარდნილი, რეალურად ყველაზე დაბალ საფეხურზეა. თავმდაბლობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ვისაც მართლა ბევრი აქვს გაკეთებული, მას არასდროს უვარდება თავში და ნერვები მეშლება ხოლმე, ვიღაც „ჩემნაირს“ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა რომ უჩნდება.
– ვიცი, რომ ლონდონში გინდა წასვლა.
– დიახ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ლონდონში, ერთ-ერთ კოლეჯში, ჯაზ-ვოკალის განხრით გავიღრმავო განათლება. „ჯეოსტარზე“ რამდენიმეკვირიანი საგზური მაჩუქეს, მაგრამ მონაცემები, საბუთები და ჩანაწერი სხვა კოლეჯში გავგზავნე, სადაც უფრო დიდი ხნით არის შესაძლებელი სწავლის გაგრძელება. რა პასუხი მომივიდა, ჯერ არ ვიტყვი. საბოლოოდ, როცა ბილეთი მექნება, მერე გეტყვით, რომ მართლა მივდივარ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და სექტემბრისთვის გავემგზავრები.
– სექტემბრამდე რა გეგმები გაქვს? ზაფხული მოდის, ცხელი და მზიანი.
– მოგებული საგზურების გამოყენებას ვაპირებთ. მე, ნოდიკო და დათუნა აპრილში ისრაელში მივდივართ, ცოტას დავისვენებთ და გადასარევ დროს გავატარებთ. ამას გარდა, ელ ჯეროს კონცერტი მიწევს. ზაფხულის რაღაც პერიოდს აქაც გავატარებ და სექტემბრისთვის სერიოზულად მოვემზადები.
– გოგონები არ არიან შენთვის გართობის საშუალება?
– (იცინიან) როგორი პირდაპირი შეკითხვაა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ბიჭები გოგონებით ვერთობით და გოგონები ბიჭებით ერთობიან, ასეა მოწყობილი ყველაფერი.
– სად გიყვარს დასვენება?
– საერთოდ, დასვენება, მოგზაურობა და ყველაფერი ცხოვრებაში კარგი და დასამახსოვრებელია, თუ ის საყვარელ ადამიანთან ერთად ხდება – მაშინ ყველაფერი ღირებულია.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვაჟა მანია
– ანუკა, არ მკითხო, რატომ გამიჩნდა ეს შეკითხვა და, „ფეისბუქში“ ფერმა თუ გაქვს?
– არა. არანაირი თამაში არ მაქვს „ფეისბუქში“.
– არც ფისო არ გყავს?
– და ეგენი კვდებიან? (იცინიან) თუ კვდებიან, გარდაცვლილი იქნება, რადგან შექმნის დღის შემდეგ არ შევსულვარ და, როგორც მეგობრები მეუბნებიან, ტილები და სხვა უბედურებები ჰყავს დასეული. რაც მთავარია, ჩემი კატის სახელი – „ბოლი“ კი დავარქვი და მეტი აღარ მაინტერესებს. თუ კვდებიან დიდი ხნის განსვენებული იქნება საწყალი.
– ისე, გიყვარს ცხოველები?
– ძალიან. იმდენი შინაური ცხოველი მყავდა და მყავს, ვერ წარმოიდგენ. ამჟამად მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი. ჩემს სახლში აბსოლუტურად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ კატა და ძაღლი. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ერთი ზომის არიან და გადასარევად უგებენ ერთმანეთს. ანუ მყავს ძალიან დიდი ჯიშის კატა და ძალიან პატარა ჯიშის ძაღლი. კატას სულ სძინავს და ძაღლიც არაძაღლურად იქცევა, უყვართ ერთმანეთი.
– მოდი, უფრო ღრმა თემებზე გადავიდეთ. მითხარი, რატომ არის ომის დროს სიყვარული და სხვა გრძნობები გამძაფრებული?
– რა საინტერესოა. ისე, წამიკითხავს და ფილმებშიც არის ასახული, რომ ნამდვილად ასე ხდება. ალბათ, იმიტომ, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში გრძნობები, ემოციები და განცდები მძაფრდება. ალბათ, ასე ვიქნებოდი მეც, მაგრამ, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავს სიტუაციაში კიდევ აღმოჩენისგან. ეს არ არის მაინცდამაინც ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულის გამძაფრება, ყველაფერი ეს სიტუაციას ეხება. ისე, კრიტიკული მომენტი კი არა, თავზე გვანგრევდნენ საქართველოს და გრძნობები არ გამმძაფრებია. შეიძლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ შეყვარებული არ ვყოფილვარ.
– სურვილი თუ გქონდა, რომ შეყვარებული ყოფილიყავი?
– ამის სურვილი არასდროს მაქვს. თუ რაღაც არ დამეცა და არ დამატყდა თავზე, ისე არაფერი ხდება. და თუ ვგრძნობ ამ „საფრთხის“ მოახლოებას და გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ ვარ შეყვარებული. პრინციპში, ეს მხოლოდ ერთხელ იყო.
– და რატომ ერიდები ასე ძალიან?
– მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, ვინც გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს მარტო, ვიდრე ვინმეს გვერდით. მაინცდამაინც არ ვსაჭიროებ გვერდით მამაკაცს იმისთვის, რომ თავი კარგად და ბედნიერად ვიგრძნო. მარტოც, მეგობრებთან ერთადაც გადასარევად ვგრძნობ თავს.
– შესაბამისად, რომანტიკული არ იქნები.
– საშუალოდ რომანტიკული ვარ (იცინიან), ასეთ შეფასებას მივცემდი ჩემში რომანტიკულობის დოზას. გააჩნია, ვინ არის ჩემ გვერდით. თუ ძალიან რომანტიკული ადამიანის გვერდით ვიქნები, ჩემშიც გაღვივდება და გამძაფრდება ეს გრძნობა, თუ არა და, აბსოლუტურად ვერ გაიგებს ჩემს რომანტიკას, უბრალოდ, ხასიათს ავუწყობ და არ შევაწუხებ იმით, რომ რომანტიკა მჭირდება ურთიერთობაში.
– ანუ ცვალებადი ხარ.
– უფრო დამოკიდებული, ვიდრე ცვალებადი. გვერდით მყოფ ადამიანზე დამოკიდებული ვხდები ხოლმე.
– როგორ ათავსებ შენს პროფესიასა და საქმიანობას? პირადად მე, თუ შეყვარებული ვარ, გაცილებით ნაკლებ დროს ვუთმობ საქმეს, არაპროდუქტიული ვარ, სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო საყვარელ ადამიანთან ერთად. ამიტომ, ყოველთვის თავს ვარიდებ შეყვარებას.
– ეს, ალბათ, უფრო საწყის ეტაპზე ხდება, როდესაც ურთიერთობები დასალაგებელია. მერე, რა თქმა უნდა, გადანაწილებას ჩვეულებრივად ახერხებ. რაც შემეხება მე, მიმაჩნია, რომ ნორმებისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები მაქვს და პირდაღებული მიყურებენ ხოლმე, რაღაც იდეით რომ გამოვდივარ. ჩემი აზრით, ურთიერთობაში არ არის აუცილებელი, ოცდაოთხი საათი მაინცდამაინც ერთად გაატარონ შეყვარებულებმა, გადაბმულები იყვნენ. იმისთვის, რომ ჰარმონიულად იყო, სულაც არ არის საჭირო, რომ მიეწებო ადამიანს და მის გარდა არაფერზე ფიქრობდე. არ არის საჭირო სულ მის გვერდით ყოფნა. ჩემი საქმეც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის და, როგორი შეყვარებულიც არ უნდა ვიყო, მისთვის დროს მაინც გამოვნახავ. თუ ოჯახი მენგრევა ჩემი მოდელობის გამო და ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, მაშინ, დავანებებ ამ საქმეს თავს, არც ამაშია ტრაგედია. როდესაც რადიკალური მოთხოვნა არავის აქვს და არავინ გაჯანჯღარებს და გავიწროვებს – შენ ჩემთვის დრო არ გაქვს, მე წავალ და გქონდეს შენ ეგ შენი მოდელობაო, რატომ ვერ უნდა გადაანაწილო დრო, არ მესმის. დროის განაწილებას მოვახერხებ, მათ შორის სწავლაზეც.
– შენთვის საქმე უფრო მთავარია?
– აბსოლუტურად არ ვარ კარიერისტი. ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელსაც უნდა ბედნიერება, უნდა, რომ უყვარდეს და თვითონაც იყოს სიყვარულის ობიექტი. ჩემთვის უმთავრესი მაინც ესაა. როცა პირადი არ არის, მაშინ, შეიძლება, საქმე მთავარი იყოს, მაგრამ, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, პირადი ბედნიერება მირჩევნია. თუ ვიღაც ავადმყოფი არ გყავს გვერდით, სინთეზი შეიძლება.
– როცა ადამიანი მარტოა, ის ღიაა ურთიერთობებისთვის, ნებისმიერ ფლირტში მომავალი სიყვარულის ობიექტს ხედავს.
– ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობებში თბილი, კომუნიკაბელური და კომფორტული ვარ და ის, რასაც ახლა ვამბობ, ალბათ, გარეგნულად არ მემჩნევა, მაგრამ, სასიყვარულო ურთიერთობებში უფრო ჩაკეტილი და შეზღუდული ვარ. ჩემი თავისთვის ცოტა რთული ვარ. თუ ძალიან შემიყვარდა ადამიანი, იქ პატარა არასწორი ნაბიჯი და – ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იქნება. ყველასთვის მტკივნეულია სიყვარულში იმედგაცრუება, მაგრამ მე გამანადგურებს. ძალიან მგრძნობიარე ვარ და ამ ტკივილის მეშინია. ამიტომ, საკუთარ თავსაც ვაჯერებ, რომ ჩემთვის ასე ყოფნაა უკეთესი.
– მაგრამ, თუ არ გარისკე „შამპანურსაც ვერ დალევ“, ჩემო კარგო!
– ვიცი და ამ რისკისთვის ცალკე დრო მაქვს შემონახული. ჯერ წინაა ყველაფერი. ორ-სამ წელიწადში გავრისკავ და, იმედია, ის რისკი გაამართლებს. თან, ზუსტად ვიცი, როგორ ხდება ხოლმე.
– შენს პროფესიაში რა მიგაჩნია ყველაზე დიდ მწვერვალად?
– მოდელობას რაც ეხება, ამას უფრო ჰობის სახე აქვს ჩემთვის. სტომატოლოგი ვარ და ამ სფეროში ვაპირებ მაქსიმალურის მიღწევას. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო პროექტში ვარ ჩაბმული, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, კარგი გამოხმაურება ექნება.