მარადონა ნაკრების თამაშებს ყიდის
დიეგო არმანდო მარადონა ეროვნული ნაკრების თამაშებს ყიდის. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, პრაქტიკულად, ყველა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. დიეგომ კი გამოაცხადა, ვისაც ჩემს გუნდთან გაჯიბრება სურს, თითო შეხვედრაში მილიონ-ნახევარი ევრო გადაგვიხადოსო.
„ეს ნამდვილი აბსურდია. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებული ვიყავით, რომ მაისში ამხანაგური მატჩი უნდა გაგვემართა და ამ შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატამდე გენერალურ რეპეტიციად განვიხილავდით. ახლა კი ირკვევა, რომ არგენტინული მხარე ფულს ითხოვს. თანხის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებთ და სხვა ნაკრებს შევუთანხმდებით,“ – ასეთი განცხადება მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.