რუსებმა პრეზიდენტი ბოლომდე გაიმეტეს
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლეონიდ ტიაგაჩევი უმძიმეს დღეში ჩავარდა. ჯერ იყო და ვანკუვერის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების საშინელი გამოსვლის გამო, ქვეყნის პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა დაიბარა და მასთან საუბრის შემდეგ ტიაგაჩევმა გადადგომაზე დაწერა განცხადება, რომელიც, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილეს. ამის შემდეგ, მან სპორტული სამყაროს წარმომადგენლებს საკუთარ აგარაკზე ბანკეტი გაუმართა და ყველას თბილად დაემშვიდობა, მაგრამ დამშვიდობება ზედმეტად თბილი გამოვიდა – სტუმრების წასვლის შემდეგ, ტიაგაჩევიც მოსკოვში დაბრუნდა და როგორც ჩანს, რაღაც ჩართული დატოვა. აგარაკი მთლიანად დაიწვა.
შემოწოლილი დარდის გაქარვება ექს-პრეზიდენტმა თევზაობით გადაწყვიტა და გაყინულ ტბას თავისი თოვლმავალით მიაშურა. ჰოდა, როცა ტიაგაჩევი თევზაობდა, თოვლმავალი დაქოქილი დატოვა. გამონაბოლქვმა ყინული გაათბო და თოვლმავალი ტბაში ჩაიძირა.