წიწაკა ბარათის სანაცვლოდ
გასულ კვირას ბრაზილიის ქვედა ლიგის მატჩში საინტერესო რამ მოხდა. ერთმანეთს „გენიუსი“ და „მოტოკლუბი“ ხვდებოდნენ, როცა მსაჯმა „გენიუსის“ ფეხბურთელს, ვინმე რობსონს წითელი ბარათი უჩვენა. როგორც წესი, მოთამაშე მინდვრიდან უნდა გასულიყო, მაგრამ რობსონმა უარი განაცხადა, აქაოდა მსაჯმა არამართებულად დამსაჯაო. არბიტრმა დასახმარებლად პოლიციას უხმო და სამართალდამცავები მოედანზე შევიდნენ. თუმცა, ფეხბურთელს თანაგუნდელები გამოექომაგნენ და საბოლოოდ, ყველაფერი მუშტი-კრივში გადაიზარდა. პოლიციაც იძულებული გახდა, ეგრეთ წოდებული წიწაკის გაზი გამოეყენებინა და ფეხბურთელები ასე დაეშალა. წიწაკის გაზი თვალებს წვავს და ვინც მას ჩაისუნთქავს, მოქმედების უნარსაც კარგავს.
პროტესტის ნიშნად, ფეხბურთელებმა მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს და შეხვედრა ჩაიშალა.