ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემს მეუღლეს, რომელიც 22 წლისაა, სინუსური ტაქიკარდია და არითმია დაუდგინეს. საშიშია თუ ეს ეს დიაგნოზი და რა გააუმჯობესებს მის მდგომარეობას? იქნებ ფიზიკურმა ვარჯიშმა უშველოს?
პასუხი: სინუსური ტაქიკარდია არა თავად გულის დაავადების გამოვლინებაა, არამედ სხვა ორგანოთა პათოლოგიის, ნევროზის სტრესის შედეგია. ამიტომ თქვენმა მეუღლემ სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს. მხოლოდ დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ გახდება შესაძლებელი მკურნალობის კონკრეტული კურსის დანიშვნა. ფიზიკური ვარჯიში ასეთ შემთხვევაში უადგილო იქნება.
რაც შეეხება სინუსურ არითმიას, ეს ნორმალური ელექტროკარდიოგრამის ელემენტია და ამ შემთხვევაში სპეციალური გამოკვლევა არ არის საჭირო.
კითხვა: ვარ 25 წლის. ვფიქრობ, კანზე პიტირიაზი მაქვს. ზამთარში არ მეშინოდა, გამონაყარი ბაცი ფერის იყო, მაგრამ, რაც გაზაფხული დადგა, სხვადასხვა ადგილას გამომდის ნაკბენების მსგავსად, ხოლო ჩაცხრომის შემდეგ ლაქებად მრჩება. ზოგჯერ ქავილიც მაწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჰიგიენას ვიცავ, აუზზე არ მივლია, სხვისი ნივთების ხმარება არ მიყვარს. როგორ შეიძლება ამ დაავადების მორჩენა?
პასუხი: პიტირიაზი მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც კანზე ქერცლგადაკრული მოწითალო მოვარდისფრო ლაქები წარმოიქმნება. დაავადება უფრო ხშირია გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გამონაყარის გაჩენას ზოგჯერ შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი და სიცხის მომატება უსწრებს წინ. ლაქები ვარდისფერ-წითელი, ქატოსებურად აქერცლილია და მკვეთრად მოხაზული საზღვრები აქვს. ლაქები თანდათან დიდდება, ცენტრალური ნაწილი უყვითლდება, კანი კი წვრილად უნაოჭდება. ლაქების წარმოქმნა 2-4 კვირა გრძელდება, მერე კი წყდება. პიტირიაზის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ვარდისფერი პიტირიაზი ინფექციური დაავადებაა და მას სტრეპტოკოკი იწვევს. ზოგს კი მიაჩნია, რომ პათოლოგია ვირუსული წარმოშობისაა. მკურნალობის კურსში რთავენ ხოლმე კალციუმის ქლორიდს, A ვიტამინს. ქავილის შემთხვევაში ინიშნება დიმედროლი. კანი იოლად ღიზიანდება, ამიტომ 1-2 კვირის განმავლობაში დაბანისგან თავი შეიკავეთ, მერე კი ერთხანს მხოლოდ საბავშვო საპონი გამოიყენეთ.
კითხვა: მილებზე შეხორცების გამო ოპერაცია გავიკეთე. მერე მიკბინა ძაღლმა და ანატოქსინისა და ანტირაბიული ვაქცინის კურსი ჩავიტარე. რამდენი თვის შემდეგ შეიძლება დაორსულება?
პასუხი: სასურველია, ვაქცინის გაკეთებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაორსულებისგან თავი შეიკავოთ.
კითხვა: მაინტერესებს, ერთი და იგივეა თუ არა ვენების ვარიკოზული გაგანიერება და თრომბოფლებიტი?
პასუხი: ვარიკოზსა და თრომბოფლებიტს ხშირად ურევენ ერთმანეთში, თუმცა მათ შორის არის განსხვავება: ვარიკოზული გაგანიერება ფეხების კანქვეშა ვენების დაავადებაა, რომლის დროსაც დაზიანებული ვენა გაფართოებას იწყებს და მისი კედლები იმდენად თხელდება, რომ, შეიძლება, მცირე ტრავმამაც კი სისხლდენა გამოიწვიოს.
თრომბოფლებიტი უყურადღებოდ დატოვებული ვარიკოზული დაავადების გართულება გახლავთ. ვენის კედლებში ვითარდება ანთება და წარმოიქმნება თრომბები. თრომბოფლებიტს ყოველთვის სდევს თან ტემპერატურის მცირე მატება, ვენის გასწვრივ კანის გაწითლება და ტკივილი, შემდგომ კი შემკვრივება. თრომბი იმითაა საშიში, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს და დაეცოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისხლძარღვს.
კითხვა: ვარ 25 წლის. დამეწყო თმის ბუდობრივი ცვენა. დამიდგინეს ლილ-ლასუერის სინდრომი. ძალიან შეშინებული ვარ, რადგან ამ დაავადების შესახებ არაფერი ვიცი. გთხოვთ, მითხრათ, რა იწვევს მას, იკურნება თუ არა?
პასუხი: ლილ-ლასუერის სინდრომი 3 სიმპტომს აერთიანებს: თავზე თმის ბუდობრივ ცვენას ნაწიბურების წარმოქმნით; თმის ცვენას იღლიებსა და ბოქვენის არეში ნაწიბურების წარმოქმნის გარეშე და წვრილ გამონაყარს ტანზე. დაავადების გამომწვევი მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის. მნიშვნელობა აქვს ვირუსულ ინფექციებს, ფსიქიკურ ტრავმებსა და სტრესულ სიტუაციებს, იმუნიტეტის დაქვეითებას. მკურნალობა სწრაფად უნდა დაიწყოთ. სინდრომი კანის დაავადების წითელი ლიქენის სახესხვაობად ითვლება, ამიტომ, მკურნალობაც მისი მსგავსი სჭირდება – ინიშნება დელაგოლი კურსობრივად, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები, რეტინოიდები. გარეგანი მკურნალობა გულისხმობს თმის მოვლის დამზოგავ რეჟიმს: იშვიათ ბანას ნეიტრალური PH-ის მქონე შამპუნით, მსუბუქ ვარცხნას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია