რას სთავაზობენ ელენე გიორგაძის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში პაციენტებს და რატომ დადის სკოლიდან სკოლაში ექიმი-ულტრასონოგრაფისტი ხათუნა დავითაძე
მე-4 კლინიკური საავადმყოფოს მე-9 სართულს ყველა სხვა დანარჩენი სართულებისგან გამოარჩევთ. ელენე გიორგაძის მიერ დაარსებული ენდოკრინოლოგიური კლინიკა საოცარი გემოვნებით მოწყობილი ინტერიერით, წესრიგითა და სისუფთავით გამოირჩევა. კლინიკაში შეიძლება ჩაიტაროთ ამბულატორიული გამოკვლევები და სტაციონარული მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. აქ ერთმანეთის გვერდით მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები და ახალგაზრდა ექიმები.
ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიის ენდოკრინოლოგიის კათედრაზე, ასპირანტურაში განაგრძო სწავლა ცნობილი ენდოკრინოლოგის, აკადემიკოს ვასილ ბარანოვის უშუალო ხელმძღვანელობით. საკანდიდატო დისერტაციის შემდეგ პეტერბურგშივე შეუდგა მუშაობას სადოქტორო დისერტაციაზე. მოგვიანებით მეუღლესთან ერთად თბილისში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. შემდგომში მე-4 კლინიკურ საავადმყოფოში დააფუძნა ენდოკრინოლოგიური კლინიკა. თბილისში იცნობენ, როგორც კვალიფიციურ ენდოკრინოლოგს.
ელენე გიორგაძე – პროფესორი: ჩემი მეუღლე, პროფესორი ვასილ ჩაჩიბაია, ენდოკრინოლოგიურ-ქირურგიულ სტაციონარს ხელმძღვანელობს. გარდა იმისა, რომ მე ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლურ დარღვევათა კლინიკას ვხელმძღვანელობ, ვარ ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ჩვენი განყოფილება არის ბაზა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ჩვენი კლინიკის ბაზაზე ასევე ხდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტების მომზადება. კლინიკის თანამშრომლები სამეცნიერო მუშაობასაც ეწევიან. კლინიკაში მეცნიერულ მოღვაწეობას ეწევა რამდენიმე დოქტორანტი.
– ქალბატონო ელენე, რატომ მოდიან პაციენტები თქვენს კლინიკაში?
– ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩატარდეს გამოკვლევები ყველა ენდოკრინული პათოლოგიის გამოსავლენად და მოხდეს მათი მკურნალობა.
ენდოკრინულ დაავადებებს მიეკუთვნება: დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, კლიმაქსი და მასთან დაკავშირებული გართულებები, ასევე, ის დაავადებები, რომლებიც მოზარდის გარდატეხის ასაკში იჩენს თავს. სიმსუქნე – ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ენდოკრინულ დარღვევებთან არის დაკავშირებული. ხშირად გვინახავს ყოფით ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, როდესაც სუფრასთან თქვენ და გვერდით მჯდომი ერთნაირად მიირთმევთ, თუმცა წონაში მატება მხოლოდ ერთ-ერთს აღენიშნება. ამას, რა თქმა უნდა, ჰორმონული დარღვევები განაპირობებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ჩივილებით ამ დაავადებების დროს და ჩვენს კლინიკაში სწორედ მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდება.
– ქალბატონო ელენე, თქვენი კლინიკა იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ერთმანეთის გვერდით მუშაობენ ძველი თაობის გამოცდილი და ახალი თაობის ნიჭიერი ექიმები.
– მართალს ბრძანებთ, ჩვენთან გამოცდილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული ექიმები თანამშრომლობენ. მაგალითად, ახლახან ფლორენციაში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ჩვენი კლინიკიდან წარგზავნილები იყვნენ მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მაკა კორინთელი, ექიმი-გინეკოლოგი ეკა დათუნაშვილი და ახალგაზრდა ექიმი-ულტრასონოგრაფისტი ხათუნა დავითაძე. მათ ჰქონდათ ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგინეს. ვფიქრობ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენთან ექიმი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება და, შესაბამისად, პაციენტსაც უფრო მაღალპროფესიული გარემო ხვდება. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ სიმსუქნის შემსწავლელი საერთაშორისო და ევროპის ასოციაციის წევრები. ვფლობთ ხარისხის – „აისოს“ სერტიფიკატებსაც, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ პაციენტს ხარისხიან და შედეგიან მკურნალობას ვთავაზობთ. კლინიკაში მუშაობს 10 ენდოკრინოლოგი, 2 ულტრასონოგრაფისტი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი. გვაქვს საქართველოს მასშტაბით ერთადერთი ორმაგენერგეტიკული რენტგენული დენსიტომეტრი, რომლის საშუალებით ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა. ოსტეოპოროზი და ძვლის სხვა დაავადებები სწორედ ჰორმონულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. დიაგნოსტიკური ბლოკი წელიწადში ერთხელ გადის ხარისხის კონტროლს და იღებს საერთაშორისო სერტიფიკატს.
ჩვენ გავესაუბრეთ მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ექიმს, ხათუნა დავითაძეს.
ხათუნა დავითაძე – ენდოკრინოლოგიის ცენტრის ულტრასონოგრაფისტი, 32 წლის. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ენდოკრინოლოგიის განხრით რეზიდენტურას გადის ელენე გიორგაძის კლინიკაში, სადაც პერსპექტიული და ახალგაზრდა კადრი მალე უღებს ალღოს ულტრასონოგრაფიას.
ხათუნა დავითაძე: „ჩვენს ცენტრში ძალიან მეგობრული კოლექტივია. მიმაჩნია, გამიმართლა, რომ ქალბატონ ელენე გიორგაძესთან მოვხვდი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტათი მიჭირდა კიდეც მედიცინაზე არჩევნის გაკეთება, ამაში დიდი წვლილი დედას მიუძღვის. მან მიბიძგა, რომ ექიმი გამოვსულიყავი. სხვათა შორის, როცა უკვე დავეუფლე ამ პროფესიას მივხვდი, რომ ამაზე ჰუმანური და, ამავე დროს, საპასუხისმგებლო დარგი არ არსებობს. თუმცა პროფესიონალიზმი ასე იოლად არ მოდის – მრავალწლიან გამოცდილებას, ღრმა თეორიულ განათლებასა და საქმისადმი ერთგულებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი ისეთი დარგი, როგორიც არის ულტრასონოგრაფია.
ჩვენი კლინიკა იმითაც გამოირჩევა, რომ ძველი თაობის გამოცდილი სპეციალისტები ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ეს ცოდნა ახალი თაობის ექიმებს გაუზიარონ. ჩემს პროფესიულ მომზადებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ექიმ-ულტრასონოგრაფისტ ქეთევან მირიანაშვილს, რომელსაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს და ნამდვილი პროფესიონალია.
– ქალბატონო ხათუნა, ბუდაპეშტში თქვენ მიერ წარდგენილი სამეცნიერო მოხსენება რა თემას ეხებოდა?
– მოხსენება ეხებოდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა ხელს უწყობს ექიმთა პროფესიულ განვითარებასა და წინსვლას. ახლახან მონაწილეობა მივიღე სიმპოზიუმში, რომელიც გაიმართა ფლორენციაში და ეხებოდა გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიას. თავისთავად ასეთი ტიპის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, ჩემი აზრით, სამომავლოდ თავად ცენტრის მუშაობაზეც აისახება.
– ქალბატონო ხათუნა, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, გარკვეულ პროგრამებში იღებთ მონაწილეობას.
– დიახ, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სკრინინგულ პროგრამებში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ბევრ რაიონში იოდის დეფიციტია, რაც ბავშვებში ჩიყვის განვითარებას იწვევს. ამიტომ, იმ ფარმაკოლოგიურ ფირმებთან ერთად, რომლებიც იოდდეფიციტის საწინააღმდეგო იოდის პრეპარატებს აწარმოებენ, ტარდება სპეციალური პროგრამები იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის. უკვე ერთი წელია, ვატარებთ რაიონებში გასვლით პროფილაქტიკურ აქციებს. დღეისათვის 5 000-ზე მეტი ბავშვი გვყავს გასინჯული. ჩვენი კლინიკა ამ აქციებში მონაწილეობას იღებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. პირადად მე ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას ვატარებ. გასინჯვის შემდეგ მოსწავლეებს უტარდებათ ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. იმ ბავშვებს, რომლებსაც ულტრაბგერითი კვლევით ცვლილებები აღენიშნებათ, უფასოდ უკეთდებათ სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა. 2010 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ აქციების გაგრძელება.