რის გაკეთება ეკრძალებათ მორწმუნეებს აღდგომიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში
როგორც საავადმყოფოა მკუნალი ფიზიკური სნეულების ჟამს, ასევე მხოლოდ ეკლესიაა სულის ჭეშმარიტი განმკურნებელი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე სტუმრები ვართ და ჩვენი სამუდამო სასუფეველი ზეციური ეკლესიაა, ტაძარში წირვა-ლოცვისას კი უნდა ვიცავდეთ იმ წესებს, რომლებიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ზეციურ ეკლესიასთან. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– როდესაც ადამიანი სხვისგან სამაგიეროს მოელის, მაშინ ის პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით ადამიანებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება. ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი.
– მამაო, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ძირითადად დიაკონი იწყებს.
– დიახ, ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგია ასე იწყება: დიაკონი, დადგება რა წმიდა კართა წინ, განადიდებს ღმერთს. მან თავისი ღაღადებით, ასამაღლებლით, წინ უნდა უსწროს თითოეულ მღვდელმოქმედებას, აუწყოს როგორც მღვდელმსახურს, ასევე მთელ წინმდგომ ერს, თუ რა მოიმოქმედონ ამის შემდეგ. ამიტომ, ეკლესიაში არ არის არც ერთი მოქმედება, რომლისთვისაც დიაკონის ხმა წინასწარ არ შეამზადებს ტაძარში მყოფთ. შემდეგ ის ერთსულოვანი ლოცვისთვის განაწყობს მრევლს და წარმოთქვამს იმას, თუ რის შესახებ უნდა ილოცონ მათ. ამ დროს ის ღაღადებს დიდ ეკვტენიას – კვერექსს: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“! დიდი ეკვტენია ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის დროზე უძველესი უნდა იყოს. მსოფლიო მოძღვარი თავისი საუბრების მრავალ ადგილას სრული ძალით ადასტურებს, რომ დაიკონის მიერ წარმოთქმული წართქმანი საღმრთო ლიტურგიაზე შთაგონებულია თავად სულიწმიდის მიერ, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მორწმუნეებს მიენიჭათ სულიწმიდის სხვადასხვა ნიჭნი, რომელთა შორის იყო ლოცვის ნიჭი.
– მამაო, როდის უნდა გადაიწეროს ადამიანმა ღვთისმსახურების დროს პირჯვარი?
– მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით გათვალისწინებულია, სამღვდელოებისა და მორწმუნეთათვის ღვთისმსახურების დროს პირჯვრის გადასახვის მცირე და დიდი მეტანიების აღსრულების წესები. მორწმუნე მრევლმა წირვა-ლოცვის დროს პირჯვარი უნდა გადაიწეროს წმიდა წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს, საგალობელთა, ტროპართა ან ფსალმუნთა კითხვისა და გალობის დაწყებისას. ექვსთა ფსალმუნთა შორის – „ალილუიას“ წარმოთქმისას, „მრწამსის“ გალობის, ან კითხვის დროს, როცა წარმოითქმება სიტყვები: „მრწამს“... და „ერთი... უფალი იესო ქრისტე...“ და „სულიწმიდა, უფალი...“, წმიდაო ღმერთოზე (ცისკრის დასაწყისში, დიდება მაღალთა შინაზე და წიარვაზე), ჩამოლოცვის დროს სიტყვებზე: „ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმა“, იმ წმიდანთა ხსენებისას, ვისი დღესასწაულიც არის და როცა ითქმება სიტყვები: „ძლიერებითა და ცხოველმყოფელისათა ჯვარისათა“; ჩამოლოცვისას და დიაკონის ვედრებაზე „აცხოვნე უფალო“, რომელიც იკითხება ლიტიაზე (გაძლიერებული ლოცვაა პურის კურთხევის წინ) და სახარების შემდეგ.
– როდის უნდა შევასრულოთ მცირე და დიდი მეტანიები?
– პირჯვრის გადასახვასთან ერთად, მცირე მეტანია უნდა აღვასრულოთ: ტაძარში შესვლისას და გამოსვლისას, კვერექსის ყოველ თხოვნა-ვედრებაზე, მღვდლის ან მკითხველის ყოველ ასამაღლებელზე, რომელიც განკუთვნილი იქნება ყოვლადწმიდა სამებისადმი და მღვდლის მიერ წარმოთქმული სხვა ასამაღლებლის დროს; წირვაზე როცა მღვდელი წარმოთქვამს ასამაღლებელს: „...ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით...“, „ძლევისა გალობისა მგალობელნი“, „მიიღეთ და სჭამეთ“, „სვით ამისგან...“, „შენნი შენთაგან...“ „მრწამსის“ დასასრულს, სიტყვებზე: „და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესას, ამინ“. ასევე, როცა იგალობება და იკითხება: „მოვედით თაყვანისცემით“, „წმიდაო ღმერთო“, „ალილუია“, დავითნის კანონებზე და ჟამნებზე ფსალმუნების შემდეგ, დავითნის კანონების – ფსალმუნებისა და ტროპარების გალობის დასასრულს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელის ხსენების დროს, ლოცვისას – „აცხოვნე უფალო“, კანონის კითხვისას პირველიდან მეცხრე საგალობლამდე, ყოველი პირველი მიმართვისას უფლისადმი, ღვთისმშობლისადმი და წმიდათა მიმართ, ცისკარზე ღვთისმშობლის საგალობლის გალობისას, ყოველ მისამღერზე, სიტყვაზე „ვადიდებთ“, ასამაღლებლის დროს „დიდება შენდა, რომელმან მოგვფინა ნათელი“, „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“ და ამის შემდეგ ჩამოლოცვის დასასრულს. პირჯვარის გადასახვასთან ერთად, მცირე მეტანია უნდა აღვასრულოთ ასამაღლებელზე – „უფლისა მიმართ ვილოცოთ“ და ლოცვა-ვედრებაზე: „წმიდასა ვევედროთ“. პირჯვარს გადავისახავთ თავის მოხრით ასავლის კარის წინ ყოველი გავლისას. მცირე მეტანია პირჯვრის გადაუსახავად უნდა გავაკეთოთ, როცა მღვდელი წარმოსთქვამს ასამაღლებელს: „მშვიდობა ყოველთა“, „კურთხევა უფლისა თქვენზედა“, „მადლი უფლისა ჩვენისა... იყოს თქვენ ყოველთა თანა“ და როცა დიაკონი სამწმიდას წინ იტყვის: „უკუნითი უკუნისამდე“. პირჯვრის გადასახვა არ არის საჭირო, როდესაც იგალობება, ან იკითხება ფსალმუნები. მცირე მეტანიებს, ასევე, ვაკეთებთ წირვაზე სახარების კითხვისას და დიდი გამოსვლის დროს, როდესაც ამბობენ: „თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელი ქრისტიანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისასა“ – მცირე მეტანიას ვაკეთებთ და ვპასუხობთ: „და მოიხსენიოს უფალმან ღმერთმან ჩვენმან (მღვდლობა შენი, დეკანოზობა შენი, იღუმენობა შენი, მღვდელმთავრობა შენი, მამამთავრობა შენი – პატრიარქია მწირველი) სასუფეველსა თვისსა“. პირჯვრის გადასახვასთან ერთად დიდ მეტანიებს აღვასრულებთ, ასევე, წირვის დროს ასამაღლებელზე: „ვმადლობდეთ უფალსა“, წმიდა ძღვენის კურთხევისას, როცა მთავრდება საგალობელი. „შენ გიგალობთ“, „მამაო ჩვენოს“ გალობის დროს, წმიდა ძღვენის პირველი და მეორე გამოსვენებისას საზიარებლად. აკრძალული არ არის დიდი მეტანიების გაკეთება ასამაღლებელზე „წმიდა წმიდათა“.
– როდის არ შეიძლება მეტანიების შესრულება?
– ტიპიკონის მიხედვით მეტანიების გაკეთება არ არის საჭირო აღდგომის ბრწყინვალე დღეებში, შობის დღესასწაულიდან ნათლისღების დღესასწაულების წარგზავნამდე, ვნების კვირის ხუთშაბათს ცისკრიდან (გარდა წმიდა სუდარის წინაშე აღსრულებული მეტანიებისა) სულთმოფენობის მწუხრამდე. ყველა ათორმეტ დღესასწაულზე (გარდა ჯვართამაღლებისა, როცა ჯვრის საერთო თაყვანისცემა ხდება). ასევე წმიდა საიდუმლოს მიღების შემდეგ. მეტანიების გაკეთება ჩერდება დღესასწაულის მწუხრიდან და გრძელდება დღესასწაულის დღემდე. საერთოდ, მიუღებელია მუხლებზე ხანგრძლივად დგომა, რაც წირვის დროს წესრიგის დარღვევას იწვევს. თანაც, საეკლესიო წესდების ყველა კანონი ზომიერების დაცვას ითვალისწინებს, რაც ეხმარება მლოცველებს ლოცვაში, ყურადღების მობილიზებაში, საკითხავთა და საგალობელთა ყურადღებით მოსმენაში. ამ წესების დაცვა კი განსაზღვრავს საეკლესიო ღვთისმსახურების წესრიგსა და თანმიმდევრობას, რომლის დაცვაც ნებისმიერი ადამიანისა და მორწმუნისთვის აუცილებელია.