კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ აწუხებს ქალს სინდისი ქმრისთვის ნათქვამი ტყუილის და ღალატის გამო


სიყვარული არაპროგნოზირებადი გრძნობაა. აბსოლუტურად შეუცნობელი გამოვლინებებით და წარმოუდგენლად მოულოდნელი შედეგებით. როდის რა ფორმას მიიღებს ან რა სახით მოგვევლინება, წინასწარ ვერაფრით იტყვი. სიყვარულის სახელით დანაშაულიც შეიძლება, ჩაიდინო და მერე ისევ ამ სიყვარულით იმართლო თავი. სხვა საქმეა, გაგამართლებენ თუ არა. ეს სხვა საუბრის თემაა. თუმცა, ალბათ, მაინც ძნელია, ვინმეს მსაჯულად მოევლინო. ცხოვრება რთულია და სავსეა სიურპრიზებით. არავინ იცის, რა ელის ხვალ. გამორიცხვა არასდროს არაფრის შეიძლება. ამიტომ, უბრალოდ, უნდა მოვუსმინოთ და ვიფიქროთ. ფიქრი ერთადერთია, რასაც ვერავინ აგვიკრძალავს და რისი უფლებაც მართლა გვაქვს.


თეონა (26 წლის): ყოველთვის მიკვირდა, რა აიძულებს ამ ხალხს, თავის ცხოვრებაზე, თავის პირადულზე სალაპარაკოდ ჟურნალ-გაზეთებში შესვლას-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მე თვითონ არასოდეს გავაკეთებდი ამას. ვფიქრობდი, ისეთი რა უნდა გამიჭირდეს, რომ მეგობარს ან ოჯახის წევრს ვერ გავანდო-მეთქი. მაგრამ, ისე მოხდა, რომ საიდუმლოს, რომელსაც გულით დავატარებ, ვერავის გავუმხელ. თქვენთან მოსვლაც მიჭირდა. ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ ისიც აღარ შემიძლია, მარტომ ვზიდო ტვირთი, რომელიც ნებაყოფლობით ავიკიდე. თქვენთან ერთად კიდევ ბევრი ადამიანი გაიგებს ჩემს საიდუმლოს, მაგრამ შეიძლება, ასეც ჯობდეს. ძალიან ხშირად მესმის: ამან იმას უღალატა, რა ქმარი ჰყავდა და ეს როგორ გაუკეთა, თავზე რქები როგორ დაადგაო. მაგრამ, ღალატი ყოველთვის არ არის ღალატი. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ ამაში. ღალატის კლასიკური შინაარსი რა არის? – ხარ ერთთან და პარალელურად, ურთიერთობა გაქვს მეორესთან, ხომ მართალია?

– ალბათ, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა, თუკი იტყოდით, გიყვარს ერთი და გინდა, მეორესთანაც იყო.

– საქმეც სწორედ მაგაშია. ცოლქმრობა ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულს. არა, კარგად არ ვთქვი. იმ სიყვარულს არ ნიშნავს, რასაც რუსთაველი მიჯნურობას ეძახდა, თორემ, თუ ადამიანი რაღაც დოზით არ გიყვარს, მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ვერ იცხოვრებ. მით უმეტეს, ლოგინში ვერ ჩაუწვები. კაცის ღალატი კიდევ სხვა ფენომენია. კაცს შეიძლება ძალიან უყვარდეს თავისი ცოლი, გიჟდებოდეს მასზე, მაგრამ ინტერესისთვის, სხვა ქალის „შებმაზე“, მის ლოგინში ჩაწვენაზე „იჩალიჩოს“.

– ერთგულების ფიცი არაფერი ყოფილა.

– როგორ არ ყოფილა, მაგრამ კაცები ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. მიაჩნიათ, რომ არ არღვევენ ამ ფიცს. გეთანხმებით, რომ ღალატი თავისთავად, ძალიან მძიმეა. ის რომ წარმოვიდგინო, ჩემმა ქმარმა მიღალატოს, შეიძლება, გავგიჟდე. შუბლის ძარღვი ნამდვილად არ გამწყვეტია, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, არ მიმაჩნია, რომ ქმარს ვუღალატე, თუმცა, შვილი სხვა კაცისგან მყავს.

– შვილი მანამდე გყავდათ, სანამ გათხოვდებოდით?

– არა. დიდი ხანი არ არის, რაც გავაჩინე. იმ კაცისგან გავაჩინე, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია, მაგრამ ქმარიც მიყვარს. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ჩემი ქორწინება ბედნიერია.

– ქმრის პატივისცემად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შვილი სხვა მამაკაცისგან გააჩინეთ?

– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ და თქვენი საყვედური ნამდვილად მისაღებია, მაგრამ იმისთვის, რომ საქმეში გაერკვეთ, ჯერ უნდა იცოდეთ, რა პრობლემაა ეს – საიდან მოსული და საითკენ მიმავალი. გამოგიცდიათ დიდი სიყვარული? მე არ ვლაპარაკობ, გატაცებაზე. დიდი, ძალიან დიდი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. შეიძლება, სხვას სხვა აზრი ჰქონდეს, მაგრამ მე საკუთარ თავზე გამოვცადე ამ სიყვარულის ძალა და დარწმუნებული ვარ, მეორედ მსგავსი არაფერი მოხდება.

– როგორც მივხვდი, თქვენ მეუღლე არ გყავთ მხედველობაში.

– არა. მის მიმართაც მაქვს გრძნობა და ალბათ, ამასაც სიყვარული ჰქვია, მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რასაც ძალიან დიდ სიყვარულში ვგულისხმობ. ოთხი წელია, გათხოვილი ვარ. ჩემი დიდი სიყვარული კი გაცილებით ადრე დაიწყო. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა „ის“ გავიცანი და იცით, როგორ შემიყვარდა?! – მის გარდა ყველაფერმა აზრი დაკარგა. ოცდათორმეტი წლით იყო ჩემზე უფროსი, ფაქტობრივად, მამად მეკუთვნოდა. ცოლი არ ჰყავდა. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რით მომხიბლა. გეუბნებით, ეს არ იყო რაღაც დროებითი გაელვება არც ჩემთვის და არც მისთვის.

– გამოდის, მასაც უყვარდით.

– დიახ, ვუყვარდი. მასთან ვემზადებოდი ერთ-ერთ საგანში. დედაჩემის კლასელი იყო და იმან მიმიყვანა მასთან. გაკვეთილზე ყოველთვის მარტო ვიჯექი. რადგან ახლობლისგან ვიყავი მისული, განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. ორი-სამი საათი ვმეცადინეობდით, მერე ათას რამეზე ვლაპარაკობდით. მის გვერდით ყოფნა ისეთი საინტერესო და სასიამოვნო იყო, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა. სიყვარულიც თავისით მოვიდა, შეუმჩნევლად. სულ რომ არ მიფიქრია, ისე, თანაც იმხელა ემოციით, იმხელა ვნებით, რომ მთლიანად წამლეკა, მთლიანად დამიმორჩილა. სამყაროს მისი თვალებით დავუწყე ყურება. სიტყვით ვერ გადმოგცემთ, ეს რა იყო. არავის დანახვა აღარ მინდოდა. სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. მეგონა, რომ მხოლოდ მისთვის დავიბადე და მისთვის ვარსებობდი. ასაკობრივი ზღვარიც თითქოს წაიშალა ჩვენ შორის. ის პატარა იყო, მე – დიდი. საოცრად ვუგებდით ერთმანეთს.

– თქვენ მოიხიბლეთ მისით. ასეთი რაღაც ხდება ხოლმე.

– რადგან პატარა და გამოუცდელი ვიყავი, იმიტომ? შეიძლება. არ გამოვრიცხავ. ის ჩემთვის უდიდესი ავტორიტეტი იყო. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი და ისეთ საინტერესო რაღაცეებს მიყვებოდა, ვოცნებობდი, მასთან ერთად მეც მემოგზაურა. საჩუქრებიც მაჩუქა. ისეთი გემოვნებით და ლამაზად, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. თქვენ, ალბათ, მეტყვით, რომ პატარა, გამოუცდელი გოგო ვიყავი და ასეთი რაღაც იმიტომ დამემართა, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. ზუსტად ვიცი, რომ ის იყო ჩემი ჭეშმარიტად მეორე ნახევარი. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და გეტყვით, რატომაც. წლები გავიდა, გავიზარდე, სხვა მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილებაც მივიღე, მაგრამ დღესაც ის მიყვარს. თანაც, ისეთივე ძლიერი სიყვარულით, როგორითაც მიყვარდა. არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ქმარიც მყავს და მისგან არსად წასვლას არ ვაპირებ.

– თქვენ ამტკიცებთ, რომ ქალს ერთდროულად ორი მამაკაცის სიყვარული შეუძლია?

– მე ვერაფერს დავამტკიცებ. შემიძლია, მარტო ჩემს გრძნობებზე ვილაპარაკო. რა თქმა უნდა, მე ვერ გავბედავდი სიყვარულში გამოვტყდომოდი, ვერასოდეს გავაკეთებდი ამას, მაგრამ ერთხელ, თვითონ სიტუაციამ შემიწყო ხელი. მის აივანზე ვისხედით. ჩაი შემომთავაზა, დავლიოთ და მერე მე გაგაცილებო. ჩაიც დაგვილევია ერთად და ყავაც, მაგრამ ის საღამო განსაკუთრებული გამოდგა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ერთბაშად ისე ახლოს ვიგრძენი მისი სუნამოს სურნელი, მარტო სუნამოსი კი არა, სხეულისაც, რომ ლამის გული გამიჩერდა. არ ვიცი... არ მახსოვს, ტუჩები როგორ მივადე ლოყაზე, მერე რა იყო, ისიც არ მახსოვს. არა. ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ის არ მომხდარა, რაც თქვენ შეიძლება, იგულისხმოთ, მაგრამ იმანაც მაკოცა. კიდევ მაკოცა, კიდევ, კიდევ, კიდევ... თვალის გახელა არ მინდოდა. მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. იმ წუთში რომ ეთხოვა, უარს არაფერზე ვეტყოდი. მერეც, ნებისმიერ მომენტში მზად ვიყავი ამისთვის, მაგრამ მან არ მოინდომა. როგორც კი მიხვდა, რას აკეთებდა, მაშინვე გვერდზე გაიწია. ამის გაკეთება არ შეიძლებაო. რატომ არ შეიძლება-მეთქი. იმიტომ, რომ არ შეიძლება. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და არც იცი, რას აკეთებ. სამაგიეროდ, მე ვარ საღ გონებაზე და უფლებას არ მოგცემ, თავი დაიღუპოო.

– ანუ, თქვენი სიყვარულის წინააღმდეგი იყო?

– დიახ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვუყვარდი. თვითონ მითხრა, თუ რამე კარგი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ამ წუთებმა ყველაფერი გადაწონა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის დედამიწაზე, მაგრამ არ შემიძლია, შენი სიყვარული მივიღო. შენს მშობლებს თვალებში როგორ შევხედო. ისინი მენდობიან, სჯერათ, რომ შვილი საიმედო ხელშია. მე კი რა გავაკეთე – ბავშვს თავი შევაყვარე. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. მე ბავშვი კი არა, ქალი ვარ და ვიცი, ვინ მიყვარს ან რა მინდა. ჩემ მაგივრად რატომ იღებ გადაწყვეტილებას-მეთქი. იცით, როგორი სერიოზული ისტერიკა მქონდა? როგორია იმ აზრთან შეგუება, უყვარხარ, გიყვარს, მაგრამ მასთან ვერ იქნები. გაცილებით ადვილად შევეგუებოდი, რომ ეთქვა, არ მიყვარხარო. არ ვინერვიულებდი-მეთქი, ამას არ ვიტყვი, მაგრამ საშინელებაა, როცა ხედავ, რომ იმასაც უყვარხარ და რაღაც ხელოვნური ბარიერი იქმნება.

– ოცდათორმეტწლიანი ასაკობრივი სხვაობაა ხელოვნური ბარიერი?

– დიახ. რა თქმა უნდა. ჩემთვის ეს არ იყო პრობლემა და ვეუბნებოდი კიდეც, მარტო შენთან ვიქნები ბედნიერი-მეთქი. გამაგიჟა მისმა სიჯიუტემ. ისეთი ისტერიკა მოვუწყვე... თან მთელი ხმით ვტიროდი. მახსოვს, როგორ მიყურებდა, სევდიანი მზერით. ძალიან მოწყენილი. მალე მიხვდები, რომ ბებერი ქმარი არ გჭირდება და ახალგაზრდაზე გამცვლი, რასაც მე ვერ გადავიტან. ამიტომ უმჯობესია, არასოდეს ვიყოთ ერთადო. გეუბნებით, მისი ბრალი იყო, რომ ქალიშვილი გავთხოვდი.

– ანუ, საყვარლობაზეც უარი გითხრათ?

– დიახ. არ მოინდომა, თორემ ხომ გითხარით, მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი. სახლში ვთქვი, ჩემი მასწავლებელი დიდი ხნით უცხოეთში მიდის და სხვა პედაგოგიც აღარ მჭირდება, კარგად ვარ მომზადებული და ჩავაბარებ-მეთქი. ისეთი სტიმული მქონდა, ზუსტად ვიცოდი, რომ მოვეწყობოდი. უნდა დამემტკიცებინა „იმისთვის“, რომ ტყუილად თქვა ჩემზე უარი.

– აღარ ცდილობდა თქვენს ნახვას?

– ის არა, მე ვცდილობდი. სიყვარული ოდნავადაც არ გამნელებია. უბრალოდ, ვცდილობდი, არ მეფიქრა ამ სიყვარულზე. სხვა ბიჭებთან ურთიერთობაზე ძალიან დიდხანს არ მიფ იქრია. ან როგორ უნდა მეფიქრა, როცა ჩემს საყვარელ მამაკაცთან შედარებით, დანარჩენი კაცები არარაობად მეჩვენებოდნენ. მაგრამ, დროს მაინც აქვს თავისი მაგიური ძალა. რაღაც პერიოდის შემდეგ, ნელ-ნელა გამოვედი შოკიდან.

– ანუ, სიყვარული გაქრა.

– არა, არა. არავითარ შემთხვევაში. კი არ გაქრა, ახალ ფაზაში შევიდა. ისე აღარ მაწუხებდა. ხომ არის, რომ კბილი გტკივა, ჯერ ძალიან გაწუხებს და გაგაგიჟებს, მერე მხოლოდ თავს გახსენებს, სულ გტკივა... მაგრამ, უკვე შეეჩვიე. ასე ვიყავი მეც. მერე ჩემი ქმარი გავიცანი, უფრო სწორად, იმან გამიცნო. ძალიან ვუყვარდი და დღესაც არანორმალურად ვუყვარვარ. გასაქანს არ მაძლევდა. აჩრდილივით სულ თან დამდევდა. ხან სახლთან მხვდებოდა და მაცილებდა. შევეჩვიე ჩემ გვერდით მის არსებობას. საჩუქრებს მიგზავნიდა, მანებივრებდა. ჩემს საყვარელ მამაკაცს ვუთხარი, რაც ხდებოდა. მივედი მასთან სახლში და მოვუყევი. ვუთხარი, თუ კიდევ ხელს მკრავ, ცოლად გავყვები-მეთქი. ძალიან კარგად მოიქცევიო. შენთვის ეს გაცილებით უკეთესი ვარიანტი იქნება, ვიდრე ბებერი ქმრის ყოლაო. ისეთი გამოვედი მისი ბინიდან, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, მძულს ეს კაცი-მეთქი. ერთ კვირაში გავთხოვდი. ჩემი ქმარი მას რაღაცით ჰგავდა. სერიოზული იყო მასავით და განათლებული. გარეგნობითაც ჰგავდა. ვიფიქრე, შემიყვარდებოდა.

– და, არ შეგიყვარდათ?

– როგორ არ შემიყვარდა, მაგრამ ეს სხვა სიყვარულია, აბსოლუტურად სხვა. მე ჩემი ქმარი ისე მიყვარს, როგორც ჩემი ახლობელი ნათესავები, ოჯახის სხვა წევრები. ხვდებით, რას ვგულისხმობ?! იმიტომაც ვასხვავებ ერთმანეთისგან ამ ორ გრძნობას: ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა მშვიდია და მეგობრული. წყნარად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. განსაკუთრებული ემოციების გარეშე.

– ეს ცუდია?

– არა, ცუდი რატომ არის, მაგრამ, მოსაწყენია. ემოციებს არის მოკლებული, განცდებს. ზოგჯერ ტირილიც საჭიროა. თანაც, ისეთი ფიზიკური ლტოლვა, როგორც ჩემი საყვარელი მამაკაცის მიმართ მქონდა, ქმრის მიმართ არ მაქვს. არ მრცხვენია ამის აღიარების და არ მიმაჩნია, რომ ის, რასაც ვამბობ, ქმრის ღალატია. მე ჩემს ერთადერთ, უსაყვარლეს მამაკაცთან ვიწექი და ბავშვიც მისგან გავაჩინე.

– ანუ, ურთიერთობა თქვენი გათხოვების შემდეგ მაინც ააწყვეთ.

– ვერ ვიტყოდი, რომ ავაწყვეთ. ამას აწყობა არ ჰქვია. ჩემი გათხოვების შემდეგ ის უცხოეთში გაემგზავრა და რამდენიმე წელი აქ აღარ ჩამოსულა. მე გამერიდა. შეიძლება, ჩამოდიოდა კიდეც ხანდახან, მაგრამ მე ამას ვერ ვიგებდი. შვილის გაჩენისგან თავს ვიკავებდი და არც ჩემი ქმარი მაძალებდა. გვინდოდა, ფეხზე მყარად დავმდგარიყავით ორივე და მესამე წევრი ისე შემატებოდა ჩვენს ოჯახს.

– თუ, ქმრისგან არ გინდოდათ ბავშვი?

– ამას ვერ ვიტყვი, რომ დავფეხმძიმებულიყავი, აუცილებლად გავაჩენდი. მაგრამ, ეტყობა, ესეც ბედისწერა იყო. ჩემს ქმარს არანორმალურად უყვარს ბავშვები. გიჟდება პატარებზე და აღმერთებს ჩვენს შვილს.

– რომელიც, სინამდვილეში, სულაც არ არის მისი.

– დიახ. მისი შვილი არ არის, მაგრამ ამას ვერასოდეს გაიგებს. ვერც ის გაიგებს, ვისთანაც უკვე აღარაფერი მექნება. სულ წავიდა საქართველოდან და ჩემი ინფორმაციით, იქ, სადაც არის, ოჯახი შექმნა. წელიწად-ნახევრის წინ მხოლოდ სამი დღე გავატარეთ ერთად. ჩამოსული იყო, შემხვდა, რომ ეკითხა, როგორ ვცხოვრობდი, ბედნიერი თუ ვიყავი და თავი ვერც ერთმა ვერ შევიკავეთ. ამდენი წლის ნაგროვებმა გრძნობამ ამოხეთქა და ორივე წაგვლეკა. ჩემს ქმარს დავურეკე და მოვატყუე, რაიონში მივდივარ, დაქალთან ერთად, რაღაც სასწრაფო საქმეზე მივყვები და სახლში შემოვლასაც ვერ მოვასწრებ-მეთქი. კიდევ კარგი, რომ მენდობა და დააკმაყოფილა ჩემმა განმარტებამ. სამი დღე ბინიდან არ გამოვსულვართ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თუნდაც ამ სამი დღისთვის ღირდა ჩემი სიყვარულიც და სიცოცხლეც. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ვიგრძენი, რომ მისგან ბავშვი მეყოლებოდა. ეს ინტუიციის, შინაგანი ხმის კარნახი იყო.

– რატომ არ დარჩით მასთან?

– ვიცოდი, რომ ამას შემეკითხებოდით. იმიტომ, რომ მან ისევ არ მოინდომა. კიდევ კარგი, რომ არ თქვა, ეს სამი დღე შეცდომა იყოო. ამისთვისაც მადლობელი ვარ მისი. მაგრამ ის სამი დღე ერთარსება ვიყავით. მე აღარ მგონია, ბედნიერების ასეთი განცდა როდისმე თუ კიდევ მექნება. მაგრამ მაინც არ ვარ ბედის უმადური. პირიქით, ჩემს ასაკში უკვე განვიცადე ძალიან დიდი გრძნობა და ოჯახიც მაქვს. საყვარელი ადამიანისგან შვილიც გავაჩინე. ის ჩემთვის ყველაფერია.

– აპირებთ, ქმარს როდისმე სიმართლე უთხრათ?

– არა. რას ამბობთ? ბავშვზე ჭკუას კარგავს. სიმართლეს როგორ ვეტყვი. გულს ვერ მოვუკლავ.

– ტყუილში ცხოვრება უკეთესია?

– თუ სიმართლე ბოლოს მოუღებს?! არა. იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის. ჩემი ქმარი ბედნიერი კაცია და ის ჩემგან ვერაფერს გაიგებს. იცით, სინდისი რომ მაწუხებდეს იმის გამო, რაც გავაკეთე, ალბათ, ვიტყოდი სიმართლეს. მაგრამ, მე არ მიმაჩნია, რომ ქმარს ვუღალატე. მისი ერთგული ვარ და ბოლომდე ასე იქნება. თუმცა, გულის სიღრმეში ყოველთვის „ის“ მეყვარება, განსაკუთრებული სიყვარულით.


скачать dle 11.3