ინტიმური საუბრები
პირველი ცოლის ზარს ველოდები
ცოლს რამდენიმე წლის წინ გავეყარე. მიზეზი მე ვიყავი, უფრო სწორად ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით გამოჩენილი ახალი სიყვარული, რომელსაც ვერ მოვერიე. ცოლმა კი ეს ღალატად ჩამითვალა და გაყრა მომთხოვა. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, რადგან ამის გაკეთებას მე თვითონ ვაპირებდი, მაგრამ ვერ ვბედავდი, იაკოს საქციელმა კი ეს ნაბიჯი გამიადვილა. ერთი სიტყვით, გავეყარეთ. ბავშვი, რა თქმა უნდა, იაკოსთან დარჩა, მე კი რაღაც ვალდებულებები ვიკისრე. ბინა და ქონება გავყავით და როგორც იტყვიან, ჩვენ-ჩვენს გზას დავადექით. გაყრიდან ერთ თვეში ცოლად შევირთე ჩემი ახალი სიყვარული და, რაღაც პერიოდის განმავლობაში იაკოს არსებობაც და მასთან ერთად გატარებული რამდენიმე წელიწადიც საერთოდ დამავიწყდა. ისე ვიყავი საკუთარი ბედნიერებით აღსავსე, რომ თვეში ერთხელ შვილის სანახავადაც ვერ ვიცლიდი. იაკო კი არც მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა, სანამ ერთხელ შემთხვევით არ გავიგე, თხოვდებაო. თქვენ კი არა, მე თვითონაც გამაკვირვა, როცა ვიგრძენი, როგორ უსიამოვნოდ შემიხტა გული. იმ დღიდან ჩემდაუნებურად სულ იაკოზე ვფიქრობდი. მაგრამ ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. მეორე ცოლთან ორი შვილი შემეძინა და სიყვარულის რომანტიკა, რატომღაც, სადღაც ცხრა მთას იქით გადაიკარგა. იაკოს შესახებ ყველაფერს ვიგებდი, და ვიცოდი, რომ მასაც ორი შვილი ჰყავდა. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ერთ დიდ წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს. ის ქმრით იყო მოსული, მე – ცოლით. თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ეტყობოდა, რომ მისმა ქმარმა იცოდა ცოლის ფასი. იაკო იმ საღამოს ნამდვილი დედოფალი იყო. თვალს ვერ ვაშორებდი. ცხადია, ჩემმა ცოლმა იცოდა იაკოს ვინაობა და ისე გაღიზიანდა ჩემი რეაქცია რომ შეამჩნია, ლამის იქვე მომიწყო სკანდალი. თითქმის ყველას გასაგონად მითხრა, ამ ქალთან დალაპარაკებული არ დაგინახოო. არადა, სულ რამდენიმე წინადადება ვუთხარით ერთმანეთს და, ისიც, ძირითადად, ჩვენს შვილს შეეხებოდა. სხვათა შორის, იაკოს ქმარს ეჭვიანობა არანაირი ფორმით არ გამოუხატავს, ისე იყო დარწმუნებული ცოლისთვის თავის ერთადერთობასა და შეუცვლელობაში, რომ სულ პაწაწინა, უმნიშვნელო და უჩინარ არსებად ვიგრძენი თავი, რამაც ძალიან გამაღიზიანა. სრული შეგნებით პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შეცდომებს ვუშვებ, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებ...
იაკოს ქმარმა ყველა ქალი მოხიბლა თავისი ჯენტლმენობით, უშუალობით, სილაღით, ინტელექტით... გარეგნობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ჩემდა სამწუხაროდ, იქ მყოფ ქალბატონებს აშკარად ეწერათ სახეზე, რომ იაკოს არჩევანს უწონებდნენ, მე კი ხანდახან ირონიულ მზერას ვგრძნობდი, არა იმიტომ, რომ ჩემი მეორე ნახევარი შეუხედავი ან უსიმპათიო ქალი იყო, არა, ეკას გარეგნობას ნამდვილად ვერ დაუწუნებდი, მაგრამ იაკო მართლა დედოფალივით იყო.
იმ საღამოს მეც და ჩემი ცოლიც გაღიზიანებულები დავბრუნდით სახლში. ეკა მიხვდა, რაც ხდებოდა ჩემს გულსა და გონებაში, და იმის ნაცვლად, რაღაც ჭკვიანური სვლა მოეფიქრებინა, სახლში შესვლისთანავე მეცა და ისეთი სკანდალი მომიწყო, მგონი, მთელ კორპუსს ესმოდა. მეორე დღიდან კი დაიწყო ჩემი კუდში დევნა და ყოველი ნაბიჯის კონტროლი. თავიდან ვითმენდი, მერე კი მეც ყელში ამომივიდა და ხმამაღალზე ჩაწერილი „სოლო კონცერტი“ უფრო ხმამაღლა ჩაწერილ „დუეტად“ იქცა. ჩვენი შემხედვარე, ბავშვებიც სულ გაღიზიანებულები იყვნენ, ტიროდნენ, ჩხუბობდნენ, ჭირვეულობდნენ. მოკლედ, ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ეკა ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყო, შეიძლება, ჩემი იაკოს მიმართ ხელახალი აფეთქება თანდათან ჩანავლებულიყო და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო, მაგრამ არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ჩემს ოჯახში ყოველდღე ისეთი „ბრძოლები წესების გარეშე“ ეწყობოდა, რომ ერთად ყოფნას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მე და ეკა თანდათან მტრებად ვიქეცით და ამ გაუგებრობაში ბავშვები იჭყლიტებოდნენ. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ეკასთან ცხოვრება აღარ შემეძლო და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვუთხარი, გეყრები-მეთქი. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ გადააჭარბა, მაგრამ უკვე გვიან იყო – ჩემს გადაწყვეტილებას ნამდვილად აღარ შევცვლიდი. რა თქმა უნდა, იყო ცრემლები, ხვეწნა, ათასგვარი ბრალდება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გაყრით დასრულდა. ბინაც, მანქანაც, აგარაკიც ეკას და ბავშვებს დავუტოვე. მხოლოდ ჩემი პირადი ნივთები ჩავალაგე და მშობლების ბინაში გადავედი.
შეიძლება, ძალიან გავიჭერი ოცნებებში, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ველოდები, როდის მიხვდება იაკო, რომ ისევ მე ვუყვარვარ, როდის გაეყრება თავის საკუთარ თავში დარწმუნებულ ქმარს და როდის დამირეკავს.
ირაკლი, 38 წლის.
ეჭვიანობამ ცხოვრება დამინგრია
მხოლოდ ახლა, როცა უკვე ცალი ფეხი სამარეში მიდგას და ერთი ადამიანიც არ მყავს მომხედავი და გულშემატკივარი, ვხვდები, რომ რაც დავთესე, ის მოვიმკე. ჩემი და ჩემი ცოლ-შვილის ცხოვრება ჩემმა ავადმყოფურმა ეჭვიანობამ დაანგრია.
ცოლი სიყვარულით შევირთე. სულ მიყვარდა, მაშინაც კი, როცა ასე ვამწარებდი უსაფუძვლო ბრალდებებით (ეს ახლა ვხვდები, რომ უსაფუძვლო იყო, თორემ, მაშინ მეგონა, რომ ცამდე მართალი ვიყავი) და, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც, როცა უკვე, ღმერთმა იცის, რამდენი წელია, ერთად აღარ ვართ. მაშინაც მიყვარდა, როცა სიძესთან (ერთადერთი შვილის ქმართან) ურთიერთობაში დავდე ბრალი და ეჭვიანობით დაბრმავებულმა ორივე მოსაკლავად გავიმეტე – სიძე მძიმედ დავჭერი, ცოლი კი ცემით სიკვდილის პირას მივიყვანე. ჩემი გაგიჟება კი სიძის მიერ ნათქვამმა ერთადერთმა ფრაზამ გამოიწვია: სადილობის დროს ჩემს ცოლს უთხრა, დღეს, როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზი ხართო. რაც მანამდე სიგიჟეები მქონდა ჩადენილი, ანა ყველაფერს მპატიობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ისეთი სიბინძურე დავაბრალე და ისეთი შედეგი მოჰყვა ამ ბრალდებას, რომ, ვაღიარებ, ამის პატიება მართლაც აღარ შეიძლებოდა, მაგრამ, მაშინაც, როგორც ყოველთვის, მართალი მეგონა თავი და, ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ვცდილობდი, ჩემი ქალიშვილი „გამომეფხიზლებინა“, რომ ისიც ჩემთან ერთად აღდგომოდა წინ დედისა და ქმრის მრუშობას. მაგრამ, ამის ნაცვლად, ჩემმა შვილმა მილიცია გამოიძახა (მაშინ მილიცია იყო) და ჩემი თავი დააჭერინა. ამან ისე გამამწარა და გამაგიჟა, რომ მასზეც გავიწიე, მაგრამ ხელბორკილი დამადეს და ციხეში მიკრეს თავი. ჩემი ცოლიც და სიძეც ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს, მე კი 15 წელი მომისაჯეს. სასამართლოზე ჩემთან არავინ მოსულა. ოჯახის წევრებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ, ბავშვობის ძმაკაცებმაც კი მიმატოვეს. ერთადერთხელ მოვიდა ჩემი მეჯვარე პროცესზე და ხმამაღლა მითხრა: ავადმყოფი და არაკაცი ყოფილხარ, ყველას სახელით გეუბნები, სამუდამოდ დაივიწყე, ერთმანეთს რომ ვიცნობდით. ჩვენთვის აღარც მკვდარი და აღარც ცოცხალი აღარ არსებობო.
შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, იმ წუთში სასიკვდილო განაჩენი რომ გამოეცხადებინათ ჩემთვის, ისე არ გამისკდებოდა გული, როგორც ამ სიტყვებმა გამიხეთქა.
ციხეში ხომ ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ და არც მე ვიყავი გამონაკლისი. მართალია, როცა ჩემი ამბავი მომაყოლეს, ვცდილობდი, თავი მართალი გამომეყვანა, მაგრამ, აქაც გამამტყუნეს.
მთელი 15 წელი ისე გავიდა (ამნისტია არ შემხებია), ერთხელაც კი არავის მოვუკითხივარ. დედაჩემი და მამაჩემი ჩემი დაჭერიდან რამდენიმე თვეში მიჰყვნენ ერთმანეთს, ჩემმა დამ კი, რომელსაც ჩემსავით ეჭვიანი ქმრისგან სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული, შემომითვალა, თქვენისთანების ადგილი მანდ უნდა იყოსო და ამით ამოწურა დაძმური ვალდებულებები.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ცოლი აღარ შემირთავს. უკვე ასაკშიც ვიყავი, ჯანმრთელობაც შერყეული მქონდა, მაინცდამაინც, არც ეჭვიანი ხასიათი გამომსწორებია და ვის რაში ვჭირდებოდი ასეთი?! თავიდან, იხტიბარს არ ვიტეხდი, არ ვიმჩნევდი, რომ ყველასგან მიტოვებული და უარყოფილი ვიყავი, მაგრამ, მერე, ორი-სამი წელი რომ გავიდა, მივხვდი, მართლა მგელი უნდა იყო, ადამიანის გარეშე რომ იცხოვრო და არ გაგიჟდე. ნორმალურ სამსახურში ვინღა მიმიღებდა. ბევრი წანწალის შემდეგ ერთ მეზობელ კაცს შევეცოდე და პურის მანქანის მძღოლად მომაწყო, თან ზრდილობიანად დამითხოვა თავისი სახლიდან: სამსახურში კი მოგაწყვე, მაგრამ ჩემთან სიარულით თავს ნუ შეიწუხებ, ძალიან დაკავებული ვარ და შენთვის არ მცალიაო. ყველაფერი გასაგები იყო და ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში.
რაღაც პერიოდის შემდეგ იმაზე დავიწყე ფიქრი, შვილი როგორ შემომერიგებინა. ამაზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეხერხებინა. ერთ დღესაც, ჩემი მშობლების სახლში შემთხვევით მივაგენი პატარა სამალავს, რომელშიც ულამაზესი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი და საყურეები იდო და წერილიც ახლდა – ეს ძვირფასი სამეული შენი შვილიშვილისთვის გვქონდა შენახულიო. იქვე იდო ნაჭერში გახვეული ხუთი ცალი ნიკოლოზის ოქროს თუმნიანი. გამიხარდა, ვიფიქრე, კარგი მიზეზი გამომიჩნდა შვილთან შესარიგებლად-მეთქი, მაგრამ პირადად დალაპარაკება მაინც ვერ გავბედე და ერთ მეზობელ ქალს ვთხოვე, ჩემი შვილისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ მასთან ძალიან სერიოზული საქმე მქონდა და მისი ნახვა მინდოდა. პრინციპში სხვანაირ პასუხს არც ველოდი, მაგრამ, მაინც მეწყინა, როცა მისი პასუხი მომიტანეს – მე მამა არასდროს მყოლიაო, მაშინ გავახვიე სამალავში ნაპოვნი ძვირფასეულობა, ჩავდე კონვერტში და წერილიც დავურთე – ეს ყველაფერი შენმა ბებიამ და ბაბუამ შენი შვილისთვის დატოვა, სრულიად შემთხვევით ახლახან ვიპოვე და გიგზავნი. გარდა ამისა, ბინა მინდა, გადაგიფორმო და იქნებ მოხვიდე-მეთქი. სიტყვიერად შემომითვალა, ქუჩაში რომ დავრჩე და შიმშილით ვკვდებოდე, შენი არაფერი მინდაო და წერილიც და ნივთებიც უკან გამომიგზავნა. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, როცა მოვკვდები, პანაშვიდზეც არ მოვლენ. ალბათ, ღირსი ვარ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ანდერძი უკვე დავწერე, ნოტარიუსითაც დავამოწმე და ცხადია, რაც გამაჩნია, შვილს ვუტოვებ. ეგებ, მე რომ აღარ ვიქნები, მაშინ მაინც მიიღოს უღირსი მამისგან გულით დატოვებული უკანასკნელი საჩუქარი.
ვახტანგი, 68 წლის.
ცოლი უარს მეუბნება
ვაღიარებ, რომ მძიმე ხასიათის კაცი ვარ და ბილწი ენა მაქვს, მაგრამ იმას, რასაც ჩემი ცოლი მიკეთებს, სახელი არ აქვს. თითქმის 15 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და, მიკვირს, როგორ ვერ შეეგუა ჩემს ხასიათს. ცხადია, ანგელოზი არ ვარ, მაგრამ, არც ჩემი ცოლია უნაკლო, მეც მაქვს მასთან ბევრი პრეტენზია და როცა რამეს ვეუბნები, სწყინს. რაც მთავარია, წლების განმავლობაში არაფერზე გამოუთქვამს უკმაყოფილება და ახლა, ლამის ერთმანეთს რომ შევაბერდით, აღმოჩნდა, რომ თურმე, ცუდი ქმარი ვარ – უყურადღებო, უხეში, ლოთი და ასე შემდეგ. მართალია, მავიწყდება ხოლმე მისი დაბადების დღე, არც ლაქუცი მიყვარს ზოგიერთი კაცივით და სმაც ხშირად მიწევს (ვაღიარებ, ამ ბოლო ხანებში – თითქმის ყოველდღე), მაგრამ, ეს ხომ არ უნდა გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი? მაგის შიშით სახლში ვერ შემიგინებია. დედაჩემიც კი გადაიბირა და ერთად ებრძვიან ჩემს ლოთობას. ვიცი, განსაკუთრებით ცუდად მაშინ ვიქცევი, როცა სახლში არყით მთვრალი ვბრუნდები. მაგრამ ცოლი იმიტომაა ცოლი, რომ ქმრისგან ესეც უნდა აიტანოს. ყველა სიკეთესთან ერთად, ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზს უსვამს, რომ ოჯახს თვითონ არჩენს. ამას წინათ ისიც კი მითხრა, ოჯახს თუ ვერ არჩენ, სახლში მაინც მიიხედ-მოიხედე, მაინც ტყუილად ხარ, ათასი საქმეა გასაკეთებელი, ხელი გაანძრიე, ყველაფერზე ხელოსანს ხომ არ გამოვიძახებო. გავბრაზდი და მთელი კვირა მაგარი ნასვამი ვბრუნდებოდი სახლში, თან დებოშსაც ვტეხდი – მინდოდა, ჭკუა მესწავლებინა და თავის ადგილზე მომესვა. მან კი მითხრა, უბანში უკვე ლოთს გეძახიან, მეზობლებს ეცოდები ასე რომ გადაგვარდი და სხვა რამის დარდი თუ არ გაქვს, შვილებზე მაინც იფიქრე, თავს რომ სჭრი. ასეთი მამის შვილებს რომელი წესიერი ბიჭი ითხოვსო. ეს რომ მითხრა, სულ მივლეწ-მოვლეწე ყველაფერი. ისე შეეშინდა, მეგონა, მოვდრიკე-მეთქი, მაგრამ ახლა პროტესტის ახალი ფორმა მოძებნა: დღის განმავლობაში თითქმის არაფერზე არ მელაპარაკება და, რაც მთავარია, ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე კატეგორიულ უარს მეუბნება. თავიდან ხან რას იგონებდა მიზეზად, ხან – რას. ამას წინათ კი პირდაპირ მითხრა – თუ გინდა, რომ შენთან ურთიერთობა მქონდეს, ჩემი სამი მოთხოვნა უნდა შეასრულო: სახლში არ იგინო, სმას თავი დაანებე და თუნდაც სიმბოლურხელფასიანი სამსახური იშოვეო. მე, რა თქმა უნდა, მაშინვე კატეგორიული უარი ვუთხარი და ერთი ჩხუბიც ამის გამო მოგვივიდა. ბოლოს ჩემმა ცოლმა დათმო და სამპუნქტიანი მოთხოვნა ერთ პუნქტზე დაიყვანა – სმას დაანებე თავიო. მე შევპირდი, მაგრამ იმ დღიდან უფრო მოვუმატე ქეიფს, რადგან, ისე აეწყო, რომ ზედიზედ მიჰყვა პურმარილები, მაგრამ ქალებს ამას როგორ გააგებინებ! ერთხელ კი, მითხრა, არჩევანი უნდა გააკეთო: ან ცოლ-შვილი, ან – არაყიო. მე სრული შეგნებით ვუთხარი, არაყს ვირჩევ-მეთქი. კარგი, – მითხრა, – მაგრამ მერე არ ინანო ეგ სიტყვებიო. გამეცინა, – რატომ უნდა ვინანო-მეთქი. იმიტომ, რომ ჩათვალე, ცოლი აღარ გყავს. დავიღალე, თან გარჩინო, თან მოგიარო და თან არყით აყროლებულს ლოგინში მოგემსახურო? – ვერ მოგართვიო. მეგონა, გადაუვლიდა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, ახლოს აღარ მიკარებს. ამას წინათ დავემუქრე – იცოდე, ისეთ ქალთან წავალ, რომელიც პრეტენზიებსაც არ წამომიყენებს და არც უარს მეტყვის არაფერზე-მეთქი. ეგეთი თუ იპოვო, მეც გამაცანიო, – დამცინა.
ვერ გავიგე, ამ ჩემს ცოლს რა უნდა: ჩემს სახლში ცხოვრობს, ეჭვიანი ქმარი არ ვარ, არც მუშაობას ვუშლი და არც მეგობრებში სიარულს. მის ნაყიდ ტანსაცმელს, მომწონს თუ არ მომწონს, – ვიცვამ, კარგი კულინარი კი არის, მაგრამ, ხანდახან, როცა რამე არ გამოსდის ან იმ კერძს არ ამზადებს, რომელიც მე არ მიყვარს, ხმას არ ვიღებ და ვჭამ. სიგარეტისა და სადმე წასასვლელ ფულს ძალიან იშვიათად ვართმევ და არც ნაირ-ნაირებს ვითხოვ მისგან. მეტი რა ვქნა, ამ ყველაფრის შემდეგ, იმის ღირსიც აღარ ვარ, სამსახურიდან რომ მოვა, გამიღიმოს, მკითხოს, როგორ ხარ, ხომ არაფერი გინდაო და ღამით, თუნდაც კვირაში ერთხელ უარი აღარ მითხრას?
მართლა ჩემი ბედის რა ვთქვი!
ავთო, 42 წლის.
ჩემი ბიოლოგიური დედა 23 წლის ასაკში ვიპოვე
სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი. თავიდან არ ვიჯერებდი, რადგან ორი და მყავს – უფროსი და უმცროსი, მე შუათანა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედ-მამაც და ჩემი დებიც მუქ ფერებში არიან, მე კი ღია ჩალისფერი თმა და ნაცრისფერი თვალები მაქვს, არასდროს გამჩენია ეჭვი, რომ ჩემი მშობლების ნამდვილი შვილი არ ვიყავი, რადგან, ჯერ ერთი, როგორც გითხარით, შუათანა ვარ, მეორეც, მთელი სანათესაო ხაზგასმით აღნიშნავდა ხოლმე, რომ მხოლოდ მე დავემსგავსე ჩემს პოლონელ ბებიას (მამის დედას).
მეოთხე კურსზე ვიყავი, რომ შევნიშნე, ლექციების დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გამოსასვლელთან, ბაღში, ვიღაც ახალგაზრდა, სლავური გარეგნობის ქალი იდგა და, რომ გამოვიდოდი, დაჟინებით მიყურებდა, მერე კი შორიახლოს მომყვებოდა ხოლმე. ერთი-ორჯერ ტრანსპორტშიც კი ამომყვა. მართალია, ერთი შეხედვით არანორმალურს არ ჰგავდა, მაგრამ მისი დევნა მთელ თვეს რომ გაგრძელდა, ვიფიქრე: ალბათ, გიჟია და მე ამომიჩემა-მეთქი. ერთ დღესაც, ისევ უნივერსიტეტის ბაღში დამხვდა, მე ჩემს მეგობართან ერთად ჩამოვჯექი სკამზე, ის კი გამომელაპარაკა – გამომკითხა სახელი, გვარი, წლოვანება, რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ქართულად გამართულად ლაპარაკობდა, მაგრამ, აქცენტზე ეტყობოდა, ქართველი არ იყო. თავიდან ზრდილობის გამო ვპასუხობდი, მაგრამ, მერე მისამართიც რომ მკითხა, გავღიზიანდი – რა გნებავთ, ქალბატონო, რა თქვენი საქმეა, სად ვცხოვრობ და, საერთოდ, რატომ მითვალთვალებთ-მეთქი. მოკლედ, ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი, მითხრა, შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს, ძალიან გთხოვ, ყურადღებით მომისმინე და არ მეჩხუბოო. რატომღაც, დავინტერესდი და შევპირდი, არ გეჩხუბები-მეთქი. ჩემი მეგობარი სკამიდან წამოდგა და წასვლა დააპირა, რომ მარტო დავეტოვებინეთ, მაგრამ არ გავუშვი და იმ ქალს ვუთხარი, ამის თანდასწრებით მითხარით, რა გნებავთ-მეთქი. მანაც, ყოველგვარი შესავლების გარეშე პირდაპირ მომახალა – მე დედაშენი ვარო. მე ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი და საკმაოდ უზრდელად და უხეშად „გავაგზავნე“ ერთ ადგილას. მან კი ტირილი დაიწყო და მეხვეწებოდა, მომისმინე, ყველაფერს მოგიყვებიო. რა თქმა უნდა, აღარ გავუჩერდი და ძალიან განერვიულებული დავბრუნდი სახლში. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამხვდა, ოღონდ, არ გამომლაპარაკებია, შორიდან მიყურებდა და ცრემლებს იწმენდდა. ასეთი სცენა ორ-სამჯერ კიდევ განმეორდა, მერე კი ის ქალი უკვალოდ გაქრა. მხოლოდ მისი გაქრობის შემდეგ დავფიქრდი სერიოზულად მის სიტყვებზე. მანამდე სახლში არაფერი მითქვამს, იმ ქალის გადაკარგვის შემდეგ კი ადგილს ვეღარ ვპოულობდი, რაღაც მაწუხებდა, მაგრამ, რა – ვერ ვხვდებოდი. ძალიან ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე, დედაჩემისთვის მეთქვა, ყველაფერი (მამასთან ამ თემაზე საუბრის მომერიდა). ასეც მოვიქეცი. როგორც კი დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, დედაჩემს ფერი წაუვიდა და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. ისეთ დღეში ჩავარდა, მისი ცოდვით დავიწვი და ფერება დავუწყე. მერე ვთხოვე, მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე-მეთქი. ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, რაც გაიფიქრა და დავარწმუნე, შენ ყოველთვის ჩემი დედიკო იქნები, ყოველთვის ისევე მეყვარები, როგორც აქამდე მიყვარდი, მაგრამ მაინტერესებს, გაჩენისთანავე რატომ მიმატოვა იმ ქალმა, თანაც უკვე შვილი გყავდათ და მე რატომღა მიშვილეთ-მეთქი.
დედაჩემის მონათხრობიდან გავიგე, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ესტონელი ყოფილა. სტუდენტობისას ჩამოსულა საქართველოში სასწავლებლად ერთი წლით. ვიღაც ქართველი ბიჭისგან დაფეხმძიმებულა. იმას ცოლად არ შეურთავს, ბავშვის თან წაყვანა კი ვერ გაურისკავს და სამშობიაროში დაუტოვებია. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაბრუნებულა და აქ გათხოვილა, მაგრამ შვილი აღარ ეყოლა, ქმარიც გარდაცვლია და იმის შემდეგ მეძებდა. ჩემმა მშობლებმა კი თურმე იმიტომ მიშვილეს, რომ პირველი შვილის შემდეგ რვა წელი ისე გავიდა, მეორე შვილი აღარ გაუჩნდათ. ექიმებსაც უთქვამთ, ბავშვი აღარ გეყოლებათო და გადაწყვიტეს, ბიჭი ეშვილებინათ, მაგრამ, ჩემი აყვანიდან სამი წლის შემდეგ ჩემი უმცროსი და გაუჩნდათ.
ეს ისტორია რომ გავიგე, ჩემი მშობლების ნებართვით ჩემი ბიოლოგიური დედის ძებნა დავიწყე. ახლახან გავიგე, რომ ისევ ესტონეთში დაბრუნებულა. მართალია, მან ჯერ არ იცის, რომ ვეძებ, მაგრამ, გადაწყვეტილი მაქვს, არაფერი გავაგებინო და ისე დავადგე თავზე. ძალიან მაინტერესებს, რას მეტყვის. თანაც, იქნებ რა უჭირს და ჩემ მეტი პატრონი არ ჰყავს, რომ მიხედოს?!
რატი, 23 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.