კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუნარჩუნა დოდო გუგეშაშვილს ირაკლი ამირეჯიბის ნაჩუქარმა თოჯინამ სიცოცხლე და რა საჩუქრებით ანებივრებდა მას ჯაბა იოსელიანი


დოდო გუგეშაშვილის კოლექციაში ასზე მეტი თოჯინაა თავმოყრილი, რომელთაგან ყველას თავისი სახელი აქვს. მათი უმრავლესობა სახსოვარია – ზოგი ცნობილი პიროვნებისგან, ზოგიც ქალბატონი დოდოსთვის საერთოდ უცნობი ადამიანებისგან. თითოეულ თოჯინას ამ კოლექციიდან კონკრეტული ისტორია აქვს. ამ ისტორიებითა და კიდევ მრავალი საინტერესო ამბებით დღევანდელ ინტერვიუში დოდო გუგეშაშვილი გვესაუბრება.

დოდო გუგეშაშვილი: ზანგის თოჯინას, რომელიც ჩემი კოლექციის ნიმუში ვერ გახდა, ძალიან საინტერესო და სევდიანი ისტორია აქვს. ის ოჩამჩირეში ირაკლი ამირეჯიბმა მაჩუქა და მას გულის ჯიბით ვატარებდი. როდესაც ირაკლი ბრძოლაში გმირულად დაეცა, მისგან სახსოვრად დამრჩა თითებწაჭრილი ტყავის ხელთათმანები, რომლითაც ის ისროდა ხოლმე. ჩემი პატიმრობის დროს, საგამომძიებლო ჯგუფი დაინტერესდა რატომღაც ამ ხელთათმანებით და შემდგომ არ დაუბრუნებიათ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის სახსოვარი იყო.

– რაც შეეხება ზანგის თოჯინას, მან თქვენს კოლექციაში დაიდო ბინა?

– არა. ეს თოჯინა სოხუმის დაცვის დროს, კვლავ გულის ჯიბეში მედო და ტყვიამ თავი გაუგლიჯა.

– დანარჩენი თოჯინების ისტორიებიც გვიამბეთ.

– ეს ორი თოჯინა დიდი, გაშლილი კაბებითა და ქუდებით, პატიმრობის დროს მაჩუქეს პატიმარმა ქალებმა. ისინი სპეციალურად ჩემთვის დაამზადეს ციხის პირობებში. საკუთარი ხელით შეუკერეს მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ევროპელი ქალბატონებისათვის დამახასიათებელი სამოსი და მისახსოვრეს. რატომღაც ორივე მათგანს დოდო დაარქვეს, თუმცა დამერწმუნეთ მე ნამდვილად არ მგვანან. იმიტომ, რომ „ბარბის“ სახე აქვთ და მე არანაირად ბარბის არ ვგავარ.

რაც შეეხება, ამ მატრიოშკებს, უზომოდ მიყვარს. ისინი, რა თქმა უნდა, მოსკოვიდან გამომიგზავნეს. ეს მაიმუნი თოკოა, ის ჩემმა ვაჟმა თვისი პირველი ხელფასით შეიძინა ჩემთვის და მისახსოვრა.

– რაც შეეხება ამ წყვილებს?

– ეს წყვილი და კიდევ ორი კიმონოიანი თოჯინა გამომიგზავნა ერთ-ერთმა მეომარმა ბიჭმა, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს.

– ისიც მხედრიონელი იყო?

– არა მხედრიონელი არ ყოფილა. ნაომარია, მგონი შინაგან ჯარში იყო, ზუსტად არ მახსოვს. აფხაზეთის დაცვის პერიოდში მეომრებს შორის განსხვავება არ არსებობდა – ვინ რომელი სამხედრო შენაერთიდან იყო. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებდა.

ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ფეხბურთელ ბიჭუნასაც. ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნავდი, რომ როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთის თამაშში ბიჭებს ხელს ვუშლიდი, ამის გამო მუდმივად კარში მაყენებდნენ. არ ვიყავი, რასაკვირველია, არც კარგი ფეხბურთელი და არც კარგი მეკარე, მაგრამ კარში იმიტომ მაყენებდნენ, რომ თამაშისას ნაკლებად შემეშალა ბიჭებისთვის ხელი. როდესაც ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, დაახლოებით 7-8 წლის წინათ იყო, ეს ფეხბურთელი უცნობმა გამომიგზავნა საჩუქრად. არ ვიცი ვინ იყო, უბრალოდ ეწერა, პატივისცემის ნიშნად.

ეს ბუტა-ბუტაა. ჩემი შვილი პატარა რომ იყო, ძალიან უყვარდა რეზინის გოჭი ბუტა-ბუტა, რომელსაც არასდროს იშორებდა. სულგანათლებულ გია ჭანტურიას, როდესაც ოჯახში ვესტუმრებოდით ხოლმე, სულ ხუმრობდა ამაზე, ვერ წარმოედგინა, რეზინის გოჭი ასე საყვარელი თუ იქნებოდა ბავშვისთვის. პატარებს ხომ უფრო ფუმფულა სათამაშოები იზიდავთ. ერთხელ ბუტა-ბუტა ტაქსიში დაგვრჩა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიძიეთ, არ დაგვიბრუნდა. დაახლოებით 10 წლის წინ იმ ბუტა-ბუტას მოსაგონებლად ეს ვარდისფერი გოჭი აჩუქეს ჩემს ვაჟს, ვინაიდან მას სათამაშოები უკვე დიდი ხანია აღარ ხიბლავს, მე გადმომცა.

დაახლოებით, 10 წლის წინათ, ჩემმა ამხანაგმა ლეკვი დაკარგა. სრულიად შემთხვევით მე მაღაზიის კართან აღმოვაჩინე აწურული ლეკვი. აშკარად ჩანდა, რომ უპატრონო არ იყო. მოვეფერე, გამახსენა ჩემი ამხანაგი როგორ განიცდიდა ძაღლის დაკარგვას – მთელი დღე მორბენალ სტიქონში განცხადებებს აქვეყნებდა და დასაჩუქრებებს ჰპირდებოდა მპოვნელს. ვეწვიეთ, რა თქმა უნდა, ლეკვი მისი არ აღმოჩნდა, მაგრამ რადგან მიუსაფარი იყო, თავისი ლეკვის სანაცვლოდ დაიტოვა. მე კი საჩუქრად ეს ფუმფულა ლეკვი მიყიდა.

– ამ თოჯინის ისტორიაც გვიამბეთ?

– ეს არის ბუბუ, რომელიც ჩემს სასამართლოზე მაჩუქეს.

– ვინ?

– ჩემთვის უცნობმა ადამიანმა. სხვათა შორის, ჩემს სასამართლოს ბევრი ადამიანი ესწრებოდა. მე ყველას არ ვიცნობდი. იყვნენ ქალბატონები, რომლებმაც საყურე მაჩუქეს, ზოგი ნახატებს მიგზავნიდა. ბუბუც უცნობმა მაჩუქა და შემდეგ გაირკვა, რომ ეს „უცნობი“ ბადრაგი ყოფილა. ეს კურდღელი გოგა ხაინდრავამ მაჩუქა, როდესაც კოლონიაში მოვიდა ჩემ მოსანახულებლად.

ამ გაპრანჭულ თოჯინასაც ლამაზი ისტორია აქვს.

– გვიამბეთ.

– როდესაც „სიმართლის დროში“ მივიღე მონაწილეობა, ჩემს თანამებრძოლს უნახავს, რომელიც მრავალშვილიანი მამაა. ის იმავე ღამეს მეწვია თავის შვილებთან ერთად და მისმა ყველაზე უმცროსმა ქალიშვილმა მომართვა მასავით ლამაზი თოჯინა. თან, მითხრა: გჩუქნი იმიტომ, რომ ეს თოჯინა ძალიან მიყვარსო.

ჩემი კოლექციის ამ ნიმუშსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის ქუთაისის ციხეში სიკვდილმისჯილმა პატიმარმა მაჩუქა. სასამართლოზე, რომ გავდიოდი ციხის უფროსს ვთხოვე, მისთვის ეთქვათ, რომ ის აუცილებლად იცოცხლებდა.

– ეს ალბათ, უფრო სურვილი იყო თქვენი მხრიდან.

– რა თქმა უნდა. მას არც კაცი ჰყავდა მოკლული და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. თუმცა, რატომღაც დახვრეტის მუხლი ჰქონდა მისჯილი. შემდგომ შევარდნაძემ მოროტორიუმი გამოაცხადა. ეს ბიჭი, მართლაც, აღარ დასაჯეს ასე მკაცრად. შესაძლებელია, ის დღესაც პატიმრობაშია, მაგრამ მას არ ვიცნობ.

ამ თოჯინას ნუნუ დავარქვი. უცნობის, ვინმე ნუნუს, საჩუქარია. სხვათა შორის, ეს ქალბატონი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. როდესაც დამაპატიმრეს, ეს ჩემთან შემოაგზავნეს საჩუქრად.

– ბატონ ჯაბას თუ უჩუქებია თოჯინა?

– ბატონი ჯაბა თოჯინებს არ მჩუქნიდა, ის იარაღსა და ყვავილებს მისახსოვრებდა ხოლმე.

ჩვენ კიკვიძის ბაღში გვქონდა ოფისი. მერაბ გეგეჭკორი, იცით ალბათ პაროდისტი. ის და ბესო ბერულაშვილი ჩემი მეგობრები არიან, ასევე მეგობრობდნენ ბატონ ჯაბასთან. ერთხელ ოფისში შეხვედრა გვაქვს დანიშნული, უცებ ტელეფონზე ზარია. ყურმილი ავიღე და მესმის: ჯაბა ვარ, ჯაბა, გეგმა შეიცვალა და 2 საათით ადრე მოდიო. ეტყობა, სიჩქარეში ვერ ჩავუღრმავდი ნათქვამს და დავუჯერე ამ ხმას. მივედი და ეს ორი საათი ტყუილად ვიჯექი. ეჭვი შემეპარა, რადგან ბატონი ჯაბა ძალიან პუნქტუალური იყო: ერთი წუთითაც არსად აგვიანებდა. მერე გადამავიწყდა, რომ მეკითხა, რა მოხდა-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ ბატონ ჯაბასთან ვარ სახლში და ისევ რეკავს ტელეფონი. ავიღე და ისევ: ჯაბა ვარ, ჯაბა და რაღაც ტექსტი. მე ავდექი და მობილური ბატონ ჯაბას მივაწოდე. ის ბოლომდე უსმენდა თავის ხმის იმიტაციას. არ შეაწყვეტინა. რომ დაასრულა, შემდეგ თვითონ განაგრძო საუბარი. გეგეჭკორს მოერიდა. ის დღესაც ძალიან მხიარულად იხსენებს ამ ამბავს.

როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ჯაბა წინა დღით ფრონტის ხაზზე იბრძოდა აფხაზეთში, თბილისში გადმოფრინდა. მოიწესრიგა თავი და პირველ სხდომას დაესწრო, შემდეგში ცნობილი „ბაბოჩკით“. მოგვიანებით, როდესაც მე ამ სხდომის სურათები ვიხილე, არაფერი ემჩნეოდა ბატონ ჯაბას, რომ სანგარი წინა დღით დატოვა. საპარლამენტო სხდომის შემდეგ, აფხაზეთში ბატონ ჯაბას ჩემმა მეგობრებმა ჩემთან სხვადასხვა ქალური აქსესუარები გამოატანეს. მან მნახა. გადმომცა კანფეტები და ტკბილეული, რითაც ხშირად მანებივრებდა. შემდეგ გამოტანებული პარკი მომაწოდა და მითხრა: აქ არ ვიცი რა დევს, მაგრამ გარედან რომ ვუყურებ, სვანურ ქუდებს ჰგავსო (იცინის).

ბატონი ჯაბა გადასარევად მღეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად არ გვანებივრებდა თავის დამახასიათებელი და ტკბილი ხმით, ძირითადად მაინც რუსულ სიმღერებს ასრულებდა, რომელიც, როგორც ჩანს, მისი ახალგაზრდობის პერიოდში იყო პოპულარული. არ მახსოვს, როდისმე ვინმეს თხოვნის გამო ემღეროს. ეს იყო კაცი, რომელიც მხოლოდ მაშინ მღეროდა, როცა ემღერებოდა. სიმღერის ხასიათზე კი ძალიან იშვიათად იყო ცხოვრებაში.

2000 წელს, როდესაც ჩვენ პატიმრობიდან გავთავისუფლდით, სვანებმა დაგვპატიჟეს და ბატონ ჯაბას იუბილე მოუწყვეს ზემო სვანეთში, მულახში. ეს იყო ულამაზესი სანახაობა, რაც კი შეიძლებოდა, ადამიანისთვის გეჩუქებინა. ტრადიციული საკრავებითა და კაცური სვანური სიმღერებით ხვდებოდნენ მას ყველგან, ყველა სოფელში. იყო გადაპატიჟებები. ამ კოლექციიდანაც მიხვდებით, რომ ძალიან მიყვარს ცხენები. სვანებმა მათხოვეს ერთი თეთრი ცხენი, რომელიც თურმე ძალიან დაუოკებელი ყოფილა და მითხრეს: ქალი ძალიან ადვილად დაიმორჩილებსო, თურმე გამეხუმრნენ, მე კი ვიუკადრისე. მოვინდომე, რომ ჩემი ცხენი უფრო შმაგი ყოფილიყო, ვიდრე გარეგნულად ჩანდა. ცხენს სამათრახედ ვერ ვიმეტებ, მაგრამ ეტყობა, წამოვეგე ხუმრობაზე და ქუსლი ვუთავაზე... დიდი ხნის შემდეგ გვიპოვეს მე და ცხენი, ორივე გახვითქულები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხენმა ლამის ნახევარი სვანეთი შემომარბენინა, მაინც ვერ ჩამომაგდო, არ გაჩერდა არაფრით, სანამ თვითონ არ დაიღალა. მიპოვეს, სადაც ბატონი ჯაბა და ბიჭები იყვნენ, იმ სოფლიდან მეექვსე თუ მეშვიდე სოფელში. ბატონმა ჯაბამ იხუმრა, შენ ვიცი რასაც ფიქრობ ამ ცხენზე, მაგრამ საინტერესოა, ის რას ფიქრობს შენზეო. მერე ცოტა ხანი დაყოვნდა და თქვა: ისე, ჯობია არ გაიგო, დიდად არ გაგეხარდებაო (იცინის).

– სულ რამდენი თოჯინაა ამ კოლექციაში?

– ამჟამად, ასამდე თოჯინა მაქვს. ძალიან ხშირად უჩუქებიათ, მაგრამ როგორც წესი, ისინი ჩემს კოლექციამდე ხშირად ვერ აღწევდნენ. შტაბში, სადაც რაციებს შორის ვიჯექი, ძალიან ბევრი თოჯინა და ყვავილი იყო. ნებისმიერ სიტუაციაში მაინც საჭირო და აუცილებელია, ირგვლივ რაღაც გალამაზებდეს. მე ვფიქრობ, ამ თოჯინებმა და ყვავილებმა თავისი როლი შესანიშნავად შეასრულეს.


скачать dle 11.3