კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც „რივერდანსმა“ კონტრაქტი დაუდო და რომელიც მსოფლიოს ყველა ცნობილ სცენაზე ცეკვავს


იშვიათია ადამიანი, რომელსაც უნახავს „რივერდანსის“ შოუ და მისით არ აღფრთოვანებულა. ალბათ, ძალიან ცოტამ, ან შეიძლება, სულაც არავინ იცის (გარდა ნათიას ახლობლებისა), რომ ამ ლეგენდარულ შოუში ქართველი, მშვენიერი გოგონა, ნათია რთველიაშვილი ცეკვავს. თუმცა, ამ შოუში მოხვედრამდეც საკმაოდ წარმატებული გზა განვლო მან და რაც მთავარია, აქ თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო.


ნათია რთველიაშვილი: დავიბადე თბილისში 1981 წლის 29 მაისს და თბილისშივე დაიწყო ჩემი საცეკვაო კარიერაც. 6 წლის ასაკში, დედამ, რომელიც ბალეტის დიდი თაყვანისმცემელი იყო, პიონერთა სასახლეში მიმიყვანა საბალეტო წრეზე და პარალელურად, ქართულ ცეკვაზეც დავდიოდი, ვსწავლობდი მუსიკას, მონაწილეობას ვიღებდი საბავშვო კონცერტებში. 9 წლისამ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე და სწორედ აქედან დაიწყო ბალეტით ჩემი სერიოზული გატაცება. როგორც ცნობილია, ბალეტი ძალიან რთული პროფესიაა და მოითხოვს დიდ შრომასა და ნებისყოფას. ამიტომ, ბავშვობიდან მოყოლებული, დროის უმეტესი ნაწილი გატარებული მაქვს საბალეტო დარბაზში, ვარჯიშებსა და რეპეტიციებზე. მახსოვს, ჩემი უფროსი ძმა საათობით მელოდებოდა სკოლის ფოიეში, რომ რეპეტიციის შემდეგ სახლში წავეყვანე. ჩემი მასწავლებლები – სვეტა მთვარელიშვილი და ნინა დიდებულიძე ჩემთვის დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ ბალერინად ჩამოყალიბებაში ოლია მენიალენკოს – ჩემს მასწავლებელს. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი წარმატების და ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა. ის დღესაც სულ მხარში მიდგას. ქორეოგრაფიული სასწავლებიდან თბილისის ბევრ ფესტივალსა და კონცერტში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელის თამაზ ვაშაკიძისა და მაკა მახარაძის ინიციატივითა და დიდი მხარდაჭერით, გამოვდიოდი ფესტივალებზე.

1999 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მიმიწვიეს ოპერისა და ბალეტის თეატრში. ოპერაში ერთი წელი დავყავი, მონაწილეობას ვიღებდი ყველა საბალეტო სპექტაკლში, რაც კი იმ დროს თბილისში იდგმებოდა. სამწუხაროდ, ოპერაში ჩემი მუშაობის პირველი წელი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქართული ბალეტი უდიდეს პრობლემებს განიცდიდა. ვარჯიშისთვის არ იყო პირობები, შენობა არ თბებოდა, გაყინულ დარბაზებსა და სცენაზე შეუძლებელი იყო ცეკვა. თეატრს მაყურებელი არ ჰყავდა, მხოლოდ მშობლები, ძველი და ახალი მოცეკვავეები ესწრებოდნენ სპექტაკლებს. არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა და სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ჩემი წასვლა საქართველოდან.

– სად წახვედი?

– 2000 წლის ივნისში, 19 წლის ასაკში გავემგზავრე ნიუ-იორკში სპეციალურ საბალეტო პროგრამაზე დასასწრებად. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ მომეცა საშუალება მოვხვედრილიყავი ნიუ-იორკში – მსოფლიოს ხელოვნების ცენტრში, უსაზღვრო შესაძლებლობების ქალაქში. პირველივე დღიდან დავიწყეე მოდერნისა და ჯაზის შესწავლა. სამწუხაროდ, საქართველოში ცეკვის ეს მიმდინარეობა არ არის განვითარებული. მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი ძალიან ბევრი ცნობილი ქორეოგრაფისა და პედაგოგის გაკვეთილებს. ყველაზე კარგად მახსენდება შეხვედრა მიხეილ ბარიშნიკოვთან, ლეგენდარულ მოცეკვავესთან, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს. მახსოვს, მასთან საუბრისას, როგორი პატივისცემით მოიხსენია მან ბატონი გოგი ალექსიძე და დიდი მოკითხვა დამაბარა მასთან.

რამდენიმე კვირის ჩასული ვიყავი ნიუ-იორკში, როცა გავიცანი რუსულ-ამერიკული ბალეტის კომპანიის (დაარსებულია ნიუ-იორკში) დირექტორი ირინა როისინა. მან, ჩემი შესრულებული ვარიაციის „კარმენ სუიტას“ ნახვის შემდეგ, შემომთავაზა კონტრაქტის გაფორმება. იმდენად ვიყავი მოხიბლული ნიუ-იორკით და იმ სიახლეებით, რომელიც ამ ქალაქს მოჰქონდა ჩემთვის, დიდხანს არც მიფიქრია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი კონტრაქტზე. პარალელურად, ვიღებდი მონაწილეობას თანამედროვე ბალეტისა და მოდერნის პროექტებში. ვარიაცია „კარმენ სუიტა“ გახდა ჩემი სავიზიტო ბარათი. ის უამრავ კონცერტსა და ფესტივალზე მაქვს შესრულებული. ასევე ეს ვარიაცია შევასრულე კონკურსზე „Youth America Grand Prix“ და მომიტანა ვერცხლის მედალი.

2005 წელს, როგორც ექსტრაორდინარულ მოცეკვავეს, ამერიკის ემიგრაციულმა სამსახურმა მწვანე ბარათი მომანიჭა. მას შემდეგ ჩემმა კარიერამ უფრო სწრაფად დაიწყო წინსვლა. 2005 წლის შემოდგომაზე კონტრაქტი გავაფორმე „მეტროპოლიტენ ოპერის“ საბალეტო დასთან და მქონდა ბედნიერება, რომ მეცეკვა. სპექტაკლებში დაკავებული ვყოფილიყავი ოპერისა და ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად. იქ გავიცანი ბატონი პაატა ბურჭულაძე. მართალია, ერთ სპექტაკლში ვიყავით დაკავებული, მაგრამ მახსოვს, მის გასაცნობად მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ნათია კეზევაძე საგრიმიოროში დავადექით თავს ბატონ პაატას, ნათია ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ბალერინაა, ცეკვავს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უძლიერეს მოდერნის კომპანიაში. როდესაც ბატონმა პაატამ გაიგო, რომ ორივეს ნათია გვერქვა, გაგვეხუმრა, რა იყო, დები ხართო. ასევე მქონდა ბედნიერება, მემუშავა მსოფლიოს უძლიერეს ტენორთან პლაჩიდო დომინგოსთან. დავესწარი მის საიუბილეო წვეულებას. ორი არაჩვეულებრივი სეზონი გავატარე, ვიმუშავე „მეტროპოლიტენ ოპერაში“. 2007 წლის იანვარში კი მივიღე მოულოდნელი შემოთავაზება – „რივერდანსთან“ კონტრაქტის დადების.

– ალბათ, ძალიან ბევრი შრომა გიწევდა, რომ შენი ადგილი დაგემკვიდრებინა ასეთი დიდი კონკურენციის პირობებში.

– მართალია ნიუ-იორკი უზარმაზარი შესაძლებლობების ქალაქია, მაგრამ ძალიან რთულია იქ შენი ადგილი იპოვო და მიზანს მიაღწიო. მით უმეტეს მარტომ მშობლებისა და ახლობლებისგან შორს. იქ არის უზარმაზარი კონკურენცია და თუ მას ვერ გაუძელი, თუ ვერ გამოიჩინე საკმარისი ნებისყოფა და მიზანდასახულობა, ძალიან იოლია, ისე დაიკარგო თვალუწვდენელ ცათამბჯენებს შორის, შენი ადგილი ვერასდროს იპოვო. დიდი სირთულეების გადატანა მომიწია, განსაკუთრებით პირველ წლებში, მაგრამ საქართველოდან მშობლებისა და ახლობლების დიდი მხარდაჭერითა და ნიუ-იორკში შეძენილი მეგობრების წყალობით, ჩემი მიზნიდან არასოდეს გადამიხვევია. საქართველოში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ბავშვობიდან გამომუშავებულ ნებისყოფასაც არ უღალატია. სირთულეების მიუხედავად, ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო და არის სავსე უამრავი ბედნიერი მომენტით. მიმაჩნია, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ასეთი მრავალფეროვანი ცხოვრების შესაძლებლობა მაქვს.

– მომიყევი, როგორ მოხვდი „რივერდანსში“.

– მახსოვს, პირველად რომ ვნახე „რივერდანსის“ შოუ ტელევიზორში, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი. შემდეგ, 2000 წელს, ნიუ-იორკში ცოცხლად ვიხილე მათი კონცერტი. 2005 წელს კი ასევე ნიუ-იორკში „რადიო სიტი მიუზიკ ჰოლში“ ვიყავი მათ წარმოდგენაზე. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს მიფიქრია, ერთ დღეს თუ თავად ვიცეკვებდი „რივერდანსში“ და 5 წლის შემდეგ ვიდგებოდი „რადიო სიტი მიუზიკ ჰოლის“ სცენაზე. არა იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, იმ დროისთვის ჩემს მიმართულებად კლასიკური ბალეტი მიმაჩნდა და მთელი ყურადღება ამ მიმართულებით მქონდა მიპყრობილი.

როგორც ცნობილია „რივერდანსი“ ირლანდიურ ცეკვებზე აგებული შოუა, რომელიც 15 წლის წინ შეიქმნა და მსოფლიოში უდიდესი წარმატება და აღიარება მოიპოვა. ირლანდიური ცეკვების გარდა, შოუ ასევე შეიცავს თანამედროვე ბალეტის, რუსული ფოლკლორის, ესპანური ფლამენგოსა და ამერიკული სტეპის ელემენტებს. მასში ასევე მონაწილეობენ თანამედროვე ორკესტრი (ანუ ბენდი) და მომღერლები. მე შოუში ჩემი პროფილით ვმუშაობ, ანუ ვცეკვავ თანამედროვე საბალეტო სოლო ნომერს და რუსულ ფოლკლორს. კომპანიაში სულ დაახლოებით, 70 კაცია (მსახიობები, კოსტიუმერები, სცენის მუშები და მენეჯერები). რაც მთავარია, ერთმანეთთან ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს კომპანიაში ძალიან მეგობრული ატმოსფეროა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანგრძლივ გასტროლზე გიწევს ყოფნა.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი გასტროლი გაქვთ.

– ამჟამად საკმაოდ ხანგრძლივ, ცხრათვიან გასტროლზე ვიმყოფებით. კვირაში 8 წარმოდგენა გვაქვს. ყოველ კვირას სხვადასხვა ქალაქში მივემგზავრებით. იმდენი ქვეყანა და ქალაქი გვაქვს შემოვლილი, ჩამოსათვლელად მთელი ჟურნალი არ გვეყოფა. ყოველ წარმოდგენას დაახლოებით 3 000 მაყურებელი ესწრება და ყველგან საოცარი ემოციებით გვხვდებიან, ფეხზე წამოდგომოთ. ჩვენი შოუ მთელ მსოფლიოში უსაზღვროდ პოპულარულია. ხშირად გვაქვს წვეულებები კონცერტის შემდეგ. ასევე ყველა ქალაქში პირველი კონცერტის შემდეგ იწერება სტატიები ადგილობრივ გაზეთებში. პრესას ძალიან ვუყვარვართ, სამი წელია რაც ამ კომპანიაში ვარ და ერთი უარყოფითი რეცენზია არ მახსოვს. ერთი კვირის წინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო კონცერტები ნიუ-იორკის „რადიო სიტი მიუზიკ ჰოლის“ დიდ სცენაზე და საოცარი წარმატებით ჩაიარა ჩვენმა გამოსვლამ.

– ალბათ, რეპეტიციებზე საკმაოდ დატვირთულები ხართ.

– გასტროლებზე მაინცდამაინც არ ვართ რეპეტიციებით დატვირთული. რეპერტუარი არ იცვლება და 8 კონცერტი კვირაში საკმარისია იმისთვის, რომ არაჩვეულებრივ ფორმაში იყო. თუ რაიმე ცვლილებაა პროგრამაში ან დასახვეწია, მაშინ, რა თქმა უნდა, გვენიშნება რეპეტიციები. ყოველდღიურად სპექტაკლის წინ სულ გვაქვს გასახურებელი ვარჯიშები. კომპანიის ყველა წევრი თავისი საქმის პროფესიონალია და დიდი სიმკაცრე არ არის საჭირო მაღალი დონის შესანარჩუნებლად.

– მიამბე, შენს პირად ცხოვრებაზე.

– საკმაოდ რთულია, ისეთი დატვირთული ცხოვრების სტილი, როგორიც მე მაქვს და პირადი ცხოვრება ერთმანეთს შეუთავსო. მაგრამ, ამ საკითხში ძალიან გამიმართლა. „რივერდანსმა“ არა მხოლოდ იმის საშუალება მომცა, რომ მთელი მსოფლიო მომევლო და თითქმის ყველა ცნობილ სცენაზე მეცეკვა, ამ შოუმ შემახვედრა არაჩვეულებრივ ადამიანს პატრიკ მენგანს – „რივერდანსის“ ბენდის სოლო მევიოლინეს. პატრიკი ირლანდიელი წარმოშობის ამერიკელია. დაბადებული და გაზრდილია ნიუ-იორკში. ჩვენ ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და შარშან ზაფხულში, კანადაში გასტროლებზე ყოფნისას, პატრიკმა ხელი მთხოვა. გასტროლების დასრულებისთანავე თბილისში ჩამოვფრინდით და პატრიკმა გაიცნო ჩემი მშობლები, ნათესავები. მამაჩემს ოფიციალურად სთხოვა ჩემი ხელი. თბილისში არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. პატრიკი ძალიან მოიხიბლა საქართველოს სილამაზით, ქართველი ხალხით, ქართული სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით. არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა ამერიკაში. რადგან სექტემბრიდან ცხრათვიანი გასტროლები გვქონდა დაგეგმილი, ქორწილის მოსამზადებლად დრო არ დაგვრჩა, ამიტომ ქორწილი ზაფხულისთვის გადმოვიტანეთ. ასე რომ, გასტროლები დასრულდება თუ არა, ივნისში ნიუ-იორკში დავბრუნდებით და ქორწილს მანჰეტენის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას გადავიხდით.


скачать dle 11.3