ქალის ტანში შენახული ოცდახუთმანეთიანი, დაზარალებული მეზობლები და ჩეკისტებისგან შეშინებული ინსპექტორი
თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია. ლადო კახაძეც თბილისში დაიბადა, ამ ქალაქში ისწავლა ის, რითიც დღეს ამაყობს და აქ გაიცნო ის ადამიანები, რომლებზეც საუბარი არასდროს მოსწყინდება.
შუა რუსთაველზე შეურაცხყოფილი ცეკას თანამშრომელი და გაუგებრობაში მოხვედრილი პეტრე
უგანათლებულესი, ინტელექტუალი, ბრწყინვალე ფიზიკოსი, კარგი დედ-მამის შვილი, კარგი ოჯახიშვილი, მაგარი მოცეკვავე და ნამდვილი თბილისელი კაცი, პეტრე ღაჭავა დგას რუსთაველზე, სასტუმრო „თბილისის“ წინ. საღამოა. მაგარი მთვრალია და მანქანას აჩერებს. ვინ გაუჩერებს ასეთ ნასვამ კაცს მანქანას. მოკლედ, დგას და თან კონწიალობს. უცბად, სასტუმროს წინ გაჩერდა შავი, ანტენიანი, სამთავრობო მანქანა. პეტრეს ეგონა, მე გამიჩერაო. მივიდა, ჩაჯდა უკან და მიიხურა კარი. ყურადღება არც კი მიუქცევია წინ მჯდომი ცეკას მაღალჩინოსანი მამაკაცისთვის. მძღოლს უბრძანა, საბურთალოზე მიმიყვანეო და გაიჭიმა კომფორტულ სავარძელზე. გადაირია ცეკას თანამშრომელი, აღრიალდა – გადაეთრიე შე უნამუსო, როგორ მიბედავ ამასო, და მძღოლს უბრძანა, ჩააგდე მანქანიდანო. პეტრე გაოცდა. ვერ გაერკვია, რა მოხდა. მოკლედ, გადავიდა მძღოლი, გააღო მანქანის კარი და ძალით გადასვა ეს ჩვენი პეტრე. შეურაცხყოფილად იგრძნო პეტრემ თავი, მოტრიალდა და ერთი მაგარი შეუკურთხა მანქანაში მჯდომს. სულ გადაირია მაღალჩინოსანი. მძღოლს დაავალა, სასწრაფოდ გადადი, მოიყვანე აქ და ბოდიში მომიხადოსო. გადახტა მძღოლი, გაიქცა პეტრესკენ და მოახსენა უფროსის დანაბარები. მთვრალი კაცი ბოდიშს როდის იყო იხდიდა? პეტრემაც არ დაიხია უკან, ბოდიში არა ისაო, მიაძახა, ხელი ჰკრა მძღოლს, ისიც წაბარბაცდა და მანქანაზე, იმ თანამდებობის პირის მხარეს, ფანჯარას გაეკრა. სულ გადაირია ის კაცი. გააღო კარები და დაიწყო ყვირილი: მილიცია, მილიცია. იმ დროს, ამ ტერიტორიას, მართლაც იცავდნენ მილიციონრები. მიხვდა მთვრალი პეტრე შარში რომ გაყო თავი და დაღმართზე დაეშვა სირბილით. მილიციაც გამოეკიდა. სადღეღამისო ბარ „მუხამბაზთან“ პეტრეს ფეხი დაუცა და წაიქცა. წამოადგა მილიციელი თავზე, ხელები გადაუგრიხა, კეფაზე იარაღი მიადო და დაუყვირა: არ გაინძრეო. პეტრემ საწყალი თვალებით ახედა და უპასუხა, შე კაი ადამიანო, მაგას მე მეუბნები? მე კი არა, შენ არ გაინძრე, ღმერთი არ გაგიწყრეს, შემთხვევით არ გამოგედოს სასხლეტზე ხელი, არ გაგივარდეს იარაღი და თავი არ გამიხვრიტოო. ჯერ ვერ მიმხვდარა ის მილიციელი რა უთხრა. მერე გაუაზრებია და იმდენი უცინია, ძლივს დაუოკებიათ. პეტრესთვის უთქვამს, წადი ძმაო, თავისუფალი ხარ, ამდენი წელია ორგანოში ვმუშაობ და ასეთი რამ კაციშვილს არ უთქვამს ჩემთვისო. ასე გადაურჩა პეტრე ღაჭავა დაჭერას ცეკას თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის.
პაციენტი ქალის ტანში დამალული ლენინისთავიანი ოცდახუთმანეთიანით გაოგნებული კახელი გინეკოლოგი სერგო
მესამე სამშობიაროში, კობის ქუჩაზე, იყო კათედრა, სადაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად რაიონიდან ჩამოდიოდნენ გინეკოლოგები. გავიხედეთ, კახეთიდან ჩამოვიდა გინეკოლოგი მამაკაცი, სახელად სერგო. გინეკოლოგები, საერთოდ, გრძელი თითებით ვამაყობთ. ანუ, რომელ მამაკაც გინეკოლოგსაც გრძელი თითები აქვს, ის კარგადაც მუშაობს, ადვილადაც სინჯავს პაციენტ ქალბატონებს და ერთი სიტყვით, მაგარია. მოკლედ, ეს კახელი გინეკოლოგი მართლაც გამოირჩეოდა გრძელი, ულამაზესი თითებით. ვიფიქრეთ, ისეთი რამე გავუჩალიჩოთ ამ ადამიანს, რომ ჩვენს გვერდით, თბილისში გატარებული დღეები არ დაავიწყდეს მთელი ცხოვრებაო. ჩვენს სამშობიაროში იყო ხელოვნური აბორტების განყოფილება. გავიხედეთ და ერთ დღეს უმშვენიერესი, რუსი, ნატიფი აღნაგობის გოგონა მოვიდა აბორტის გასაკეთებლად. გავსინჯეთ. მოვილაპარაკეთ, მოდი, ამ გოგოს შევუთანხმდეთ და ის კახელი გადავრიოთო. მოკლედ, ეს გოგონა კარგი, დამყოლი ხასიათის აღმოჩნდა. შევთანხმდით, რომ იმ კახელს გადარევდა, დავახვიეთ იმდროინდელი, ლენინისთავიანი ოცდახუთმანეთიანი, კარგად დავკუჭეთ და ამ გოგონას შევუცურეთ, ღრმად „იქ“. დავუძახეთ კახელ გინეკოლოგს და ვუთხარით, გოგონაა მოსული ხელოვნურ აბორტზე, გავსინჯეთ და რაღაც უჩვეულო წარმონაქმნი შევნიშნეთ, ჩვენ ხელით ვერ მივწვდით და იქნებ შენმა გრძელმა თითებმა გაჭრასო. სახე გაუბრწყინდა, იფიქრა, დავჭირდი ამათ და ახლა უნდა გამოვიჩინო თავიო. მიუახლოვდა გოგონას, დაამშვიდა და დაუწყო გასინჯვა. ვხედავთ, სერგოს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ვკითხეთ, რა მოხდაო. გვიპასუხა, მართლა ისინჯება რაღაც გაურკვეველი, იქნება მივწვდე ჩემი გრძელი თითებით და გავარკვიო, რა არისო. კარგა ხანს სინჯა, ჩვენ აქედან „ვბალეშჩიკობდით“ – მიდი, სერგო, აბა, შენ იცი, შენი თლილი თითების იმედი გვაქვს, გაგვაგებინე, რა ხდება მანდო. როგორც იქნა, იყვირა სერგომ, არიქა, ბიჭებო, მივწვდი და ნელ-ნელა გამომაქვსო. გამოიღო, გამოიღო და... გაგიჟდა, ვერ მიხვდა რა უნდოდა იქ დაკუჭულ ქაღალდს. გახსნა, გახსნა და არ შერჩა ხელში ლენინისთავიანი ოცდახუთმანეთიანი? აგვიტყდა სიცილი. ამოგვხედა სერგომ და კახური ჩვეული იუმორით გვითხრა: კაცო, თხუთმეტი წლის გინეკოლოგი ვარ, უამრავი აბორტი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ყოველთვის ხელით მაძლევდნენ ფულსო. ამ ამბავს კარგა ხანი ვიხსენებდით ექიმები და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ არც სერგო ჩამორჩა თავისი ენამოსწრებულობით ჩვენს მისდამი „გაჩალიჩებულ“ ხუმრობას და კახურად, სათანადო დასასრულით დააგვირგვინა.
სააღდგომო ხუმრობა და შეშინებული ინსპექტორი ზოლიანი პიჟამათი
ერთ აღდგომა დღეს, მეგობრებმა გადავწყვიტეთ ყველანი ერთად ერთი ჩვენი მეგობრის სამთავრობო დაჩაზე შევხვედროდით ამ დღესასწაულს. წავედით ხორაგით დატვირთულები ჩემი მანქანით. ჩავედით და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გვაქვს და სააღდგომოდ პასქა დაგვავიწყდა. არადა, უპასქოდ როგორ შეიძლება. რომ ჩავედით, ჩავუქეიფეთ და ცოტა ნასვამი ვიყავი. ბიჭებს ვუთხარი: არა უშავს ნასვამი რომ ვარ, აქვე ცხოვრობს ჩემი მეგობრის ოჯახი, მივაკითხავ და ერთ პასქას გამოვართმევ, სიმბოლურად რომ გვედოს სადღესასწაულო სუფრაზე-მეთქი. დავჯექი საჭესთან და წავედი. გავიხედე, ყვითელმოტოციკლიანი ინსპექტორი ბუჩქებშია ჩამალული. ვიფიქრე, ნასვამი ვარ, რომ გამაჩეროს, უნდა დამაჯარიმოს და ჯობია, მანქანა გავაჩერო და რამე მოვიფიქრო-მეთქი. ასეც მოვიქეცი, სადღაც ას მეტრში გავაჩერე მანქანა, გავაღე კარი და ცალი ფეხი მიწაზე გადმოვყავი. გავიხედე, ცოტა ხანში ინსპექტორი მომიახლოვდა. რატომ გამაჩერე-მეთქი, ვკითხე. გადაირია, მე კი არ გაგაჩერე, შენ გაჩერდი და მე მოვედი, ღმერთი რჯულიო. შემატყო ნასვამი ვარ. გაიჭიმა მხრებში და მითხრა, ნასვამი ბრძანდები არა საჭესთანო. არ დავუმალე, სიმართლე ვუთხარი, დიახ, ნასვამი ვარ, მეგობრებთან ერთად, სამთავრობო „დაჩაზე“ ვარ ამოსული და სააღდგომოდ პასქა დაგვრჩა, ვიფიქრე აქვე მივალ ერთ-ერთ მეგობართან და გამოვართმევ-მეთქი. ხომ არ წამოგყვეო, მითხრა. ვუპასუხე, აქვეა და არ მინდა, დიდი მადლობა, რომ არ დამაჯარიმე-მეთქი. სახელი და გვარი ვკითხე ამ პატიოსან ინსპექტორს და დავშორდი. მოკლედ, მივიტანე პასქა დაჩაზე. ჩვენთან ერთად, სუფრასთან იყო ავთო იოსელიანი. ვუთხარი, დღეს ასეთი და ასეთი ამბავი შემემთხვა ინსპექტორთან, მინდა, ის კაცი მოვიპატიჟო, შენ გავლენიანი კაცი ხარ, გამოიყენე ახლა ეს შენი ძალაუფლება და იქნებ ეს საქმე მოაგვარო-მეთქი. მართლაც, გადარეკა, არ გასულა ერთი საათი და ორმა ჩეკისტმა შემოიყვანა ოთახში ის კაცი ზოლიანი პიჟამათი და „შლოპანცებით“. რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა. წამოვხტი სუფრიდან, მივვარდი, გადავეხვიე, ჩავეხუტე, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე და მისი სადღეგრძელო შევსვი. სულ გადაირია ის ინსპექტორი. დაჯდა და მოყვა: ეს რა მიქენით, ვიწექი ჩემთვის სახლში მშვიდად, გავიხედე ცოლი შემოვიდა ოთახში და მითხრა, ჩეკისტები მოვიდნენ შენს წასაყვანადო. მერე ეს ორი ჩეკისტი რომ შემოვიდა და მითხრა, ადექი, ჩაიცვი უნდა წაგიყვანოთო, გული გამისკდა, ვიფიქრე დავიღუპე-მეთქი. რაღა მეცმებოდა, ასე ზოლიან პიჟამაში გამოწყობილმა დავღუნე თავი და გამოვყევი. მეგონა, სასაკლაოზე მივდიოდი და ამ დიდებულ სუფრაზე, ძვირფას საზოგადოებაში არ ამოვყავი ასეთ ფორმაში თავიო. დღესაც ვიხსენებ იმ ადამიანს. არასდროს დამავიწყდება მისი პატივისცემა და ამ პატივისცემის გამო მისი შეშინებული თვალები.