რომელ შეგონებას ახსენებს ხშირად გიორგი ვაშაძე მეუღლეს და ვინ არის მისი პირველი სიყვარული
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის პირად და სამსახურებრივ საქმიანობაში სასიხარულო ცვლილებებია. როგორც ჩანს, იგი კარგ ფეხზე დაქორწინდა, რადგან ოჯახის შექმნიდან ძალიან მალე დააწინაურეს კიდეც – ახლახან იუსტიციის მინისტრის მოადგილის სავარძელი შეითავსა. ცხადია, მას მისალოცად ვესტუმრეთ და მის პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლეებითაც დავინტერესდით.
– სამსახურში ანუ საქმიან გარემოში ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ობიექტური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე სპეციალობით მენეჯერი ვარ და ვიცი, რა მეთოდოლოგია უნდა გამოვიყენო საქმის ორგანიზების პროცესში. რაც მთავარია, ამ სისტემაში მუშაობა ქვედა საფეხურიდან დავიწყე და მერე დავწინაურდი, ამიტომ ჩემთვის ცნობილია ყველა თანამშრომლის მუშაობის რეჟიმი, მართალია, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ, მაგრამ, თუ საჭირო გახდება, მათ გვერდითაც დავუდგები.
– დღეს აღარავის უკვირს ახალგაზრდა ჩინოვნიკების დაწინაურება, მაგრამ, მაინც, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ გაგიმართლათ თუ ეს დამსახურებულად მოხდა?
– არ შეიძლება, ადამიანი ფოკუსირებული იყო ერთ რამეზე და წარმატებას ხელებდაწყობილი ელოდებოდე. მერე, საქმე თუ არ გამოუვათ, უცრუვდებათ იმედები და თავზე ენგრევათ ყველაფერი. ვფიქრობ, სადაც მუშაობ ადამიანი, იქ უნდა იყო პროფესიონალი და აუცილებლად მოგეცემა წინსვლის საშუალება. მე სამოქალაქო რეესტრში სამუშაოდ რომ მოვედი, ჯერ ჩუღურეთის რაიონის სამსახურის უფროსი ვიყავი, მერე – თავმჯდომარის მოადგილე, მოგვიანებით – თავმჯდომარე, ახლახან კი იუსტიციის მინისტრის მოადგილეც გავხდი. ჩემი თანამდებობრივი წინსვლა ამ წლების განმავლობაში ძალიან ლოგიკური იყო, ამიტომ, არ ვარ ის ადამიანი, ვინც მხოლოდ საკუთარ იღბალზეა ორიენტირებული.
– ტელეეკრანზე მაყურებელი გხედავთ, თუ როგორი ხართ საქმიან გარემოში. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასეთი ოფიციალური ადამიანი ბრძანდებით?
– სამსახურში, ცხადია, ჩემი ურთიერთობა ყველასთან ოფიციალურობით შემოიფარგლება. რაც შეეხება მეგობრობას, სტუდენტობის პერიოდში ჩემი ჰობი იყო გასართობი ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება. ძალიან მიყვარს სიმღერა, ცეკვა, ქეიფი, მეგობრებთან ერთად მოლხენა. ჩემს მკაცრ იმიჯს რაც შეეხება, ვინც ახლოს გამიცნობს, რწმუნდება, რომ უშუალო ადამიანი ვარ. მე ურთიერთობას მეგობრებთან არასდროს ვკარგავ და გარეშე პირის აზრი როცა მაინტერესებს, მათგან კარგ რეკომენდაციებსაც ვიღებ. არ მხიბლავს პასიური დასვენება, აქტიური მირჩევნია.
– კარგია ცეკვა რომ გიყვართ. საკუთარ ქორწილში, ამ მხრივ, ალბათ, ბოლომდე დაიხარჯებით...
– აუცილებლად. არ მიყვარს ისეთი წყვილი, რომელიც საკუთარ ქორწილში არ ცეკვავს. ქართული ტრადიციაც არის და, კარგია, როცა მეფე-პატარძალი ცეკვავს – ეს ერთ-ერთი ლამაზი რიტუალია ქორწილის დროს. ჩემმა მეუღლემაც კარგად იცის ცეკვა, ასე რომ, არ გავჩერდებით და, გპირდებით, ბევრს ვიცეკვებთ.
– მანამადე, იქნებ, გაგვიმხილოთ, როგორ გაიცანით თქვენი რჩეული?
– სხვათა შორის, ახლობლები მსაყვედურობდნენ, რატომ არ მოგყავს ცოლიო. არ ვჩქარობდი, რადგან ვიცოდი ჩემს ცხოვრებაში თავისთავად დადგებოდა ის მომენტი, როცა გადავწყვეტდი დაქორწინებას. ერთხელ, ვენაში ვიყავი მივლინებით და შემთხვევით გვერდითა სუფრიდან ქართული ლაპარაკი შემომესმა. იქ გავიცანით ერთმანეთი მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ. მაშინ მან მარტო სახელი და გვარი მითხრა, თუმცა, ტელეფონი არ მოუცია. მერე დავინტერესდი ამ პიროვნებით, მოვიძიე ინფორმაცია, ვინ იყო. თბილისში რომ ჩამოვიდა, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. არავის არ ეგონა, რომ ასე სწრაფად მივიღებდი დაქორწინების გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, როცა დარწმუნდები შენს გრძნობებში, დროულად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რადგან გაჯანჯლებული საქმე ხშირად არ გამოდის ხოლმე. ის ვენაში იყო, მე – თბილისში და მაინც ყოველდღე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მერე კი ლოგიკურად დადგა ჩვენს ცხოვრებაში ის მომენტი, როცა ერთად ცხოვრება უნდა დაგვეწყო.
– თუ ხართ რომანტიკული პიროვნება და რა სიურპრიზებს უწყობდით თქვენს შეყვარებულს?
– მაქსიმალურად ვცდილობდი, სიურპრიზები მომეწყო ქეთისთვის. ალბათ, ამიტომაც ვარ რომანტიკული ადამიანი. ერთხელ ღამით ველაპარაკე ტელეფონით, ის ვენაში იმყოფებოდა, ვუთხარი, ძალიან დაღლილი ვარ, მეძინება-მეთქი, და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. იმის ნაცვლად, რომ დამეძინა, გავიქეცი აეროპორტში, ავიღე ბილეთი, დავჯექი თვითმფრინავში და გავფრინდი ვენაში. მის კარზე დავაკაკუნე და გერმანულად ველაპარაკებოდი ცოტა გაურკვევლად, რომ ვერ ვეცნე. როცა კარი გააღო, ახალი გაღვიძებული იყო და ძილ-ბურანში მყოფმა რომ დამინახა, ძალიან გაუკვირდა, ცხადია, არ მელოდა.
– კარები რომ გააღო, ხელში ვარდი არ გეჭირათ?
– (იცინის) არა, ვარდი არა, მაგრამ, საჩუქრები ჩავუტანე აბა, იმსიშორე გზაზე ხელცარიელი ხომ არ ჩავიდოდი?!
– გაგვაცანით თქვენი მეუღლე...
– ჩემი მეუღლე გახლავთ ქეთი სიჭინავა, რომელიც არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუს) იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. პარალელურად, სწავლობს ავსტრიაში, ვებსტერის უნივერსიტეტში, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სპეციალობით. მე მინდა, რომ ჩემმა მეუღლემაც იმუშაოს. ქალი რომ სახლში ზის, არ მომწონს, ბევრი ფიქრის საშუალება აქვს, ამიტომ, ჯობია, გარეთ გავიდეს და დაკავებული იყოს.
– ისე ორივეს ერთი სპეციალობა გაქვთ და სამომავლოდ თქვენი მეუღლე იერარქიულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე რომ აღმოჩნდეს, ვიდრე თქვენ, გაგიხარდებათ თუ არა?
– (იცინის) რა თქმა უნდა, გამიხარდება, კონკურენციის მომენტი არ მექნება. მას გეზი აქედანვე სხვა მიმართულებით აქვს აღებული და, არა მგონია, სახელმწიფო სექტორში მუშაობა მოისურვოს, ვნახოთ, რა მოხდება. თუ რაიმე წინსვლა ექნება ან დახმარება დასჭირდება, სიამოვნებით დავეხმარები. ვფიქრობ, მეუღლეები ერთმანეთს ყველაფერში უნდა ეხმარებოდნენ. ჯიუტი არც ერთი არ ვართ, ამას წინათ მამა დავითის ეკლესიაში ვიყავით ქეთის მოძღვართან დაწინდვაზე და მან უთხრა ქეთის, რომ ქალი უნდა იყოს დამთმობი და ქმარს უნდა უთმობდესო. ეს ამბავი ძალიან მომეწონა. მთავარი ისაა, რომ 8 წლით ვარ მასზე უფროსი, გაცილებით მეტი გამოცდილება მაქვს და პასუხისმგებლობაც მეტი მომეთხოვება.
– როგორ მოირგეთ დაოჯახებული კაცის როლი?
– მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ახლა უფრო მიმეჩქარება სახლში, რადგან, მინდა, მეტი დრო გავატარო საყვარელ ადამიანთან ერთად. ბაზარში არ დავდიოდი და ახლა ერთად დავიწყეთ საყიდლებზე სიარული, ჯერჯერობით ჩვენი მშობლები გვეხმარებიან, რომ კარგად ჩამოვყალიბდეთ, ვისწავლოთ, რა როგორ გავაკეთოთ. ახლა ცალკე ვცხოვრობთ და ეს აუცილებელიცაა ახალდაქორწინებული წყვილისთვის. მეტი დამოუკიდებლობა გვაქვს და, როგორც გვინდა, ყველაფერს ისე ვაკეთებთ.
– როგორი კულინარია თქვენი მეუღლე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ, ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო...
– მშვენიერი კულინარია. სახლში რომ მივდივარ, უამრავი საჭმელი მხვდება გამზადებული და ვსაყვედურობ, ამდენის კეთება რა საჭიროა-მეთქი. რადგან, არ მინდა წონაში მომატება და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარი ვარ. ჯერჯერობით მეუღლე ამ მხრივ ძალიან მანებივრებს. მე კი, ამდენი საჭმლის შემხედვარე, იძულებული ვხდები, დავუძახო მეგობრებს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებაში დამეხმარონ და მარტო მე არ გავავლო მუსრი (იცინის).
– ბატონო გიორგი, გადავიდეთ ყველაზე საინტერესო თემაზე: როგორ გამოუტყდით ქეთის სიყვარულში?
– არ ვჩქარობდი სიყვარულის ახსნას, რადგან საკუთარ გრძნობებში კარგად დარწმუნება და გარკვევა მინდოდა, ერთხელ, ერთად წავედით სტუმრად მეგობრებთან, იქ ორი ჭიქა დავლიე და მერე გამოვუტყდი სიყვარულში. საბედნიეროდ, მანაც მიპასუხა ჩემს გრძნობაზე.
– ეტყობა, სასმელმა გაგათამამათ, რომ მისთვის სიყვარული აგეხსნათ.
– ცხადია, ეგ მომენტიც იყო. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ აქამდე შეყვარებული არ მყოლია, ქეთი ჩემი პირველი სიყვარულია. ამგვარი სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია, რა თქმა უნდა, არ ვთვლი მოკლევადიან გატაცებებს და პატარა სიმპათიებს. ყველას გაუკვირდა ჩემი დაქორწინება, რადგან მსაყვედურობდნენ, არავისზე გული არ მიგდის და ნეტავ, შენი მოსაწონი ქალი თუ არსებობსო.
– გარეგნობის გარდა, რით მოგხიბლათ ქეთიმ?
– ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქეთი ძალიან უშუალო, თავმდაბალი ადამიანია და ძირითადად ამ ფაქტორებმა იქონია ჩემზე გავლენა. ორი შეხვედრის მერე ისე დავახლოვდით, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით.
– როგორც ვიცი, თქვენ ვანო ჩხარტიშვილის სიძე გახდით...
– დიახ, ჩემი მეუღლე ვანო ჩხარტიშვილის დისშვილია. გარდა იმისა, რომ ერთმანეთი მოგვეწონა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ოჯახში გაიზარდა. ერთნაირი ღირებულებები და ფასეულობები აქვთ ჩვენს ოჯახებს. თან, საოცარი დამთხვევა მოხდა: მე და ჩემი მეუღლის დედა ერთ დღეს ვართ დაბადებული.
– როდის გეგმავთ ხელის მოწერას და როგორი ქორწილის გადახდას აპირებთ?
– მოვიფიქრებთ. ახალი სერვისები იძლევა იმის საშუალებას, რომ ორიგინალური ქორწილი გამოგვივიდეს. სიღნაღში არის ქორწინების სახლი, თბილისშიც, ბათუმშიც იხსნება... დიდ ქორწილს არ ვაპირებდი, მაგრამ, როგორც გაირკვა, ჰარვარდიდან ჩამოდიან ჩემი ჯგუფელები, ახლობლების ნაკლებობას საბედნიეროდ ისედაც არ განვიცდით და ვნახოთ, ზაფხულამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო.
– თაფლობის თვე უკვე გქონდათ თუ ქორწილის შემდგომ გექნებათ?
– თაფლობის თვე დუბაიში გავატარეთ, სულ რაღაც 10 დღით წავედით. შორსაც დაგვეზარა წასვლა, თან, თბილი ქვეყანა ავარჩიეთ დასასვენებლად. მართლა არაჩვეულებრივი იყო, დიდი სიამოვნებით მოვიწყობდით კიდევ თაფლობის თვეს.