როგორ მოახერხა ნუგზარ კიკნაძემ თვითნაკეთი იახტით დედამიწის გარშემო მოგზაურობა და როდის ესმოდა მას იმქვეყნიური ხმები
ქართველმა აფროსანმა ნუგზარ კიკნაძემ, პირველად საქართველოს ისტორიაში, თვითნაგები კრეისერული იახტით დედამიწის ირგვლივ მარტოდმარტომ ნაოსნობის პირველი ეტაპი განვლო, კერძოდ, ფოთიდან ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულებამდე წარმატებით ჩავიდა.
– ბატონო ნუგზარ, საიდან გაგიჩნდათ იდეა, თვითნაგები იახტით დედამიწის გარშემო მარტოდმარტოს გემოგზაურათ?
– ბავშვობიდან მიტაცებდა ზღვა. ამ გატაცებამ მაიძულა შემესწავლა გემთმშენებლობა და საზღვაო საქმე, ამეშენებინა აფრიანი იახტა თბილისში. ქალაქში სადაც წყალი გრაფიკით მოდის ონკანში (იცინის). მთელი თოთხმეტი წელი ვაშენე იახტა თბილისის ზღვის საიალქნო კლუბში. დამიჯერეთ, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. პროექტიდან დაწყებული ყველაფერი ჩემი და ჩემი მეგობრების ხელით კეთდებოდა. მეგობრები რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა ოცნების ახდენა. ხშირად უცნობებიც დამმხმარებიან.
– რა სიგრძის იყო იახტა და გათვლილი იყო შორეული ნაოსნობისთვის? თან, გამოუცდელმა აფროსანმა უძნელესი მარშრუტი აირჩიეთ. რატომ მოიქეცით ასე?
– იახტის სიგრძე – 11 მეტრი, სიგანე – 3 მეტრი, წონა 3,5 ტონა იყო. ჰქონდა 5 საწოლი, ორი კაიუტა, სამზარეულო, ტუალეტი, კარადები პროდუქტებისთვის და ტანსაცმლის შესანახად. სასადილო მაგიდაც იდგა და შტურმანის კუთხეც ლამაზად მქონდა მოწყობილი. ასე რომ, იახტა საკმაოდ მოხერხებული იყო შორეული ნაოსნობისთვის. პირველი გამოცდა „ლინამ“ თბილისის ზღვაზე გაიარა და გაამართლა ჩემი იმედები. სხვათა შორის ბევრი მეკითხებოდა, რატომ აირჩიე ეს ძნელი მარშრუტი ნაოსნობაში გამოუცდელმა კაცმაო. მინდოდა, გამომეცადა თავი, დამემტკიცებინა, რომ ძველთაძველი ქართული ზღვაოსნების და დიდი მეფე აიეტის შთამომავლებს, ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა ჭიდილის, ტოლს არ ვუდებთ დიდი ქვეყნების ზღვაოსნებს. და კიდევ, მინდოდა ჩემი სამშობლოს სახელი, მისი ისტორია და კულტურა „ლინას“ მეშვეობით შორს გამეტანა. მე და ჩემი იახტა ვყოფილიყავით სამშობლოს პროპაგანდისტები (იცინის). მთელი ჩემი ცხოვრება ამ ნაოსნობისთვის ვემზადებოდი. თეორიულად შევისწავლე ყველაფერი, რაც მარტოხელა აფროსანს შეიძლებოდა შემთხვეოდა სამხრეთის ოკეანეში. კერძოდ, იქ იცის, გრიგალისებური ქარები, ვეებერთელა ტალღები, არ იყო გამორიცხული იახტის გადაბრუნება ამ დროს. ასევე, გათვლილი მქონდა სავარაუდო შეხვედრა-შეტაკება გამვლელ ხომალდებთან და მძინარე ვეშაპებთან. სხვათა შორის, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ნაოსნობისას მორალურ მომზადებას.
– გარდა მორალური მზადებისა, დაფინანსებაც ხომ იყო საჭირო?
– რასაკვირველია. ერთადერთი პრობლემა, სწორედ ნაოსნობისთვის დაფინანსება იყო. მთავარი სპონსორები – დედა და სიდედრი, აღარ მყავდნენ, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი. ყველა მირჩევდა, სტარტი რამდენიმე წლით გადადეო, მაგრამ მე არ გავითვალისწინე. ოკეანეში ნაოსნობა რომ გადამედო და ქვეყნის გამოსწორებას დავლოდებოდი, ახლაც ასე ვიჯდებოდი. დრო კი მიდის და წლები მემატება. რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია კაცს, არ უნდა გადადო, თორემ მერე ინანებ. ბავშვობაში წავიკითხე წიგნი „მოგზაურობა დედამიწის გარშემო“ და მაშინვე ვთქვი, თუ ამ კაცმა ასი წლის წინ შეძლო ძველი, შეკოწიწებული ნავიდან გაკეთებული იახტით დედამიწის გარშემო მოგზაურობა, მე რატომ გამიჭირდება-მეთქი. რამდენიმეს ჰქონდა მაშინ იახტა და ვთხოვდი, მათხოვეთ, წრეს დავარტყამ დედამიწას და დაგიბრუნებთ-მეთქი (იცინის). ვინ მათხოვებდა? მეუბნებოდნენ, ამოიგდე ეგ სიგიჟე თავიდანო, მაგრამ მე მაინც ჩემსას მივაწექი და ბოლომდე გავიტანე. „ლინას“ მშენებლობა ოთხმოცდაათიან წლებში დავიწყე. თოთხმეტი წელი მოვანდომე და მისი აშენება დაახლოებით, ოცდაათი ათასი ლარი დამიჯდა. ბინაც გავყიდე და მას შევწირე, მეგობრებიც დამეხმარნენ. დავამაგრე აფრები, შევიძინე 18 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა, დიზელი ჩავასხი და მზად იყო ჩემი კოხტა იახტა. მოკლედ, ზუსტად 15 წლის წინ, სრულიად გამოუცდელი, გავედი ფოთიდან და დავიწყე მოგზაურობა შავ და ხმელთაშუა ზღვებსა და ატლანტის ოკეანეში. მე აფროსანი ვარ და შესაბამისად, მეზღვაურის პასპორტიც მაქვს. ასე რომ, მოგზაურობის ნებართვის აღებაც არ გამჭირვებია. არ დამავიწყდება, მოგზაურობის დროს ბევრ კეთილ ადამიანს შევხვდი – ზოგმა კომპასი, ზოგმა ქარის გენერატორი, ზოგმა რა და ზოგმა რა აღარ მაჩუქა. ერთხელ კი ჩემზე გიჟიც გავიცანი. (იცინის). ის კაცი არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, საბერძნეთში გავიცანი როსტოველი სომეხი, რომელსაც ევროპის შემოვლა უნდოდა ისეთი სასაცილო ნავით... წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ, პატარა დაფაზე დამაგრებული იყო აფრები, არც ძრავა ჰქონდა და არც სხვა ატრიბუტიკა. ერთი საცოდავი ფარანის, კომპასისა და საათის მეტი არაფერი გააჩნდა. გზაზე უქარო ამინდში მოყვა თურმე, ესპანურ გემს შეუფარებია, აუყვანია და საბერძნეთში ჩამოუყვანია. ის რომ არა, საწყალი, დაიღუპებოდა. მას რომ ვესაუბრე, მივხვდი, ჩემზე თავზეხელაღებული აფროსნებიც რომ არსებობენ ამქვეყნად. არადა, საბერძნეთში მუშაობდა. გამიმხილა, ცოტა ფული დავაგროვე და ისევ ზღვაში უნდა გავიდე. სანამ ჩემსას არ მივაღწევ და არ დავამტკიცებ რომ მაგარი ვარ, სახლში არ დავბრუნდებიო.
– მარტო მოგზაურობა არ გაგიჭირდათ?
– იცით რა, განმარტოება ხანდახან კარგია. ამ დროს ნერვებს იწყნარებ, არავინ გაწუხებს ზედმეტი კითხვებით, შენი თავის ბატონ-პატრონი ხარ. წარმოიდგინე, შუა ზღვაში ხარ, ქარი გესაუბრება, აფრები თავის ენაზე გელაპარაკებიან, ტალღები შესაძლო საფრთხეზე გეჩურჩულებიან. მაგარი განცდაა. არ დამავიწყდება, კუნძულ იდრასთან სასწაული რამ მოხდა ჩემს თავს. ქარი ამოვარდა და იალქანი გახია. მოტორი გამოვრთე და მისი დაკერება დავიწყე. საოცარი, რაღაც არაბუნებრივი სიჩუმე ჩამოვარდა, უცბად, ადამიანის ხმა მომესმა. დავცქვიტე ყურები. აშკარად მესმოდა ვიღაცის საუბარი, ხან სიცილი, ხან გადაძახილი. კარგად რომ დავუგდე ყური, გარდაცვლილი დედაჩემის ხმა ამოვიცანი. თითქოს შეწუხებული ხმით მეძახდა. მერე ჩემი გოგონას ხმაც გავიგე, მამაო, მეძახოდა. მერე ხმები მინელდა, მაგრამ ამის შემდეგაც მესმოდა დედის ნაღვლიანი ძახილი. ეს მაშინ ხდებოდა, როცა რაიმე ხიფათი მელოდა წინ. მაგალითად, უკნიდან გემი მეპარებოდა. მსგავსი განცდა, დამიჯერეთ, არასდროს მქონია. დარწმუნებული ვარ, ამ მოგზაურობის დროს დედა იმქვეყნიდან მეხმარებოდა და მაფრთხილებდა, არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას. არადა, სხვა დროს არ გამიგია მსგავსი ხმები. არც ამ მოგზაურობის შემდეგ შემომხმიანებია დედა იმქვეყნიდან. შტორმშიც ხშირად მოვხვდი, მაგრამ „ლინამ“ ივაჟკაცა და არ გადაბრუნდა. სამწუხაროა, რომ სპონსორებმა გვიღალატეს მე და ჩემს ნავს და გზის გაგრძელება ვეღარ შევძელით, დავშორდით და დღესაც შეხვედრის მოლოდინში ვართ.
– ესე იგი, მსოფლიოს გარშემო ვერ შეძელით მოგზაურობა და ახლაც გელოდებათ თქვენი ხელნაკეთი იახტა უცხო მხარეში, სანაპიროზე მიტოვებული?
– მართალია, ვერ შევძელი ჩემი იახტით მსოფლიოს შემოვლა, მაგრამ მაინც ამაყი ვარ, რომ კანარის კუნძულებამდე მივაღწიე და ქართული დროშაც ფრიალებდა ჩემი ხელით აწყობილ იახტაზე. წარმოიდგინეთ, მფრინავი თევზებიც კი ვნახე. ამას როდისმე ვნახავდი? ზღვიდან ისეთი სისწრაფით ხტოდნენ, რომ ჩემს იახტას თავზე გადაუფრინეს. საოცარი სანახავი იყო – ნამდვილი თევზების წვიმა. ახლაც, ბევრჯერ მესიზმრება ის დღეები. გული მწყდება, რომ ჩემი „ლინა“ კანარის კუნძულებზე დავტოვე. უფულობის გამო ვერ შევძელი მასთან ერთად დაბრუნება და ვინ იცის, იქნებ, ვიღაცამ იპოვა კიდეც, უპატრონოდ, დაგდებული, გაარემონტა და ახლა მას ემსახურება.
– როგორც ვიცი, ახლა ახალ იახტას აწყობთ. ამ იახტითაც აპირებთ მსოფლიოს შემოვლას მარტოდმარტო?
– გავაკეთე კიდეც პატარა, სამმეტრიანი ნავი და თუ სპონსორი გამოჩნდა და სამოგზაუროდ ამით გავედი წყალში, მაშინ მსოფლიოში ყველაზე პატარა ნავით, მხოლოდ ქართველი შეძლებს, დედამიწის გარშემო შემოვლას.