როდის დაიწყება რუსეთში პუტინის მორიგი 12-წლიანი მმართველობის ეპოქა და როგორ ატყუებს ის ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ნოღაიდელს
გასულ კვირას მოსკოვის მეტროში ტერაქტი მოხდა და ქართველი ექსპერტების ვარაუდით, კრემლი, ამ თუ სხვა კონტექსტში, აუცილებლად გამოიშვერს ხელს საქართველოსკენ; უფრო ადრე რფ-ის დედაქალაქს ჰილარი ქლინთონი სტუმრობდა და მხარეები სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ თითქმის უკვე შეთანხმდნენ. რუს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, ამ თუ სხვა მიზეზით, რუსეთმა საქართველოსადმი ინტერესი დაკარგა. მათ ნაწილს ლეონიდ რადზიხოვსკიც მიეკუთვნება.
– ლეონიდ, მოსკოვში მომხდარი ტერაქტების კვალის ძიებას კრემლი საქართველოში ხომ არ დაიწყებს?
– არ მგონია, მაგრამ, თუ სინამდვილეში არის ასეთი კვალი, მაშინ მის გამოვლენას შეეცდებიან. ბოლო დროს რუსული ტელევიზიები აცხადებდნენ, რომ დახოცეს ბევრი საველე მეთაური და, ჩემი აზრით, მეტროში აფეთქება შურისძიებაა. საერთოდ, მსხვილი ტერაქტების ორგანიზება საკმაოდ რთულია, იმ ადამიანების შესაძლებლობები კი – საკმაოდ შეზღუდული და არ მგონია, რომ ახლო მომავალში ახალი ტერაქტი მომზადდეს.
– ძალიან სასიამოვნოა, თუ მოსკოვი ისევ არ დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე ვარჯიშობენ, რადგან ეს რუსეთის ხელისუფლების საყვარელი თემაა.
– არარსებულ კვალს არ გაჰყვებიან იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსეთი ამერიკასთან დაახლოებას იწყებს და სიტუაციას არ გაამწვავებენ.
– თქვენ როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების, ნოღაიდელისა და ბურჯანაძის, მოსკოვურ ვიზიტებს?
– ჩემი აზრით, ეს არაფერს მოიტანს, იმიტომ რომ საქართველოსთან დამოკიდებულებას მოსკოვისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობასა და რუსეთის შიდა პოლიტიკაში. თუ პუტინსა და მედვედევს შორის მართლაც არის ბრძოლა, მაშინ შესაძლოა, გათამაშდეს ქართული კარტი. ფაქტობრივად, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არაფრის მოგონება აღარ შეიძლება, არანაირი ეშმაკური სვლა არ არსებობს მანამ, სანამ საქართველო აღიარებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაბამისად, აღიარებს აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ ანექსიას. მოსკოვს არ შეუძლია, უარი თქვას თავის აღიარებებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამაზე ოცნებობს. რა უნდა თქვან? ვითამაშეთ, მაგრამ ახლა ეს სათამაშო მოგვბეზრდა და უნდა გადავაგდოთო?! ასე არ ხდება და ვერც მოხდება, ყოველ შემთხვევაში, სანამ ხელისუფლებაში პუტინი და მედვედევია. არ მგონია, ეს მოხდეს რუსეთის მომდევნო ხელმძღვანელის პერიოდშიც, თუმცა ეს მომავალი ხელმძღვანელი ჯერჯერობით ბუნებაში არც არსებობს. მოსკოვისთვის ეს თემა დახურულია, მაგრამ ლაყბობა შესაძლებელია. 15 წლის წინათ, როდესაც ელცინი იაპონიაში მიდიოდა, ჰკითხეს, როგორ აპირებდა კუნძულების საკითხის გადაწყვეტას. ელცინმა მიიღო მისთვის ჩვეული გამომეტყველება და თქვა: მე მაქვს 15 ორიგინალური გადაწყვეტილებაო, მაგრამ, როდესაც იაპონიაში ჩავიდა, განაცხადა, მაქვს ერთი გადაწყვეტილება, კუნძულებს არ დაგიბრუნებთო. როდესაც საქმე ტერიტორიულ დავებს ეხება, აქ ვერანაირი სიტყვების თამაშით ფონს ვერ გახვალ! თქვენ ან აღიარებთ თქვენი მიწის მიტაცებას, ან არ აღიარებთ; ან მიგაჩნიათ, რომ ის მიწა ქართულია, ან დამოუკიდებელია და ვერანაირი სიტყვები ამას ვერ შეცვლის.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინსა და მედვედევს შორის ბრძოლაა, შესაძლოა, გათამაშდეს ქართული კარტიო. რას გულისხმობდით?
– მე არ ვიცი, მართლაც, არსებობს თუ არა ეს დაპირისპირება პუტინსა და მედვედევს შორის, რადგან შესაძლოა, ეს იყოს პოლიტტექნოლოგების მიერ გამოგონილი ამბავი. დავუშვათ, პუტინსა და მედვედევს შორის დაპირისპირებაა, თუ გამოიკვეთება რაღაც დაახლოება არა რუსეთსა და ამერიკას, არამედ მედვედევსა და ობამას შორის, მაშინ პუტინს შეიძლება, დასჭირდეს საქართველოსთან სიტუაციის გამწვავება, ამ პირადი ურთიერთობის ჩასაგდებად. თუმცა, არ მგონია, რომ პუტინსა და მედვედევს შორის რეალური ბრძოლა იყოს ხელისუფლებისთვის.
– იმიტომ, რომ რეალური ძალაუფლება პუტინს აქვს?
– ჯერ ერთი და მეორეც: ეს ძალიან სახიფათო იქნება მედვედევისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ მედვედევმა გააძევა პუტინი ხელისუფლებიდან, მაგრამ მედვედევს ხომ ესმის, რომ მარტო ვერ მოახერხებს სკამის შენარჩუნებას?! თვით ოპოზიციაც კი, რომელიც დღეს მედვედევს იყენებს, როგორც საშუალებას პუტინის წინააღმდეგ, მაშინვე გააგდებს მედვედევს. ანუ პუტინის მხარდაჭერის გარეშე მედვედევის ძალაუფლება ყველა მიმართულებიდან შეირყევა. ეს ელემენტარული რამ მედვედევს ესმის და ამიტომ არ გარისკავს, რომ სერიოზული ბრძოლა დაიწყოს პუტინის წინააღმდეგ. სხვა საქმეა, რომ ერთი წლის შემდეგ მათ მაინც მოუწევთ ბრძოლა. მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია და პუტინი, ალბათ, მოინდომებს მასში მონაწილეობის მიღებას, რაც მედვედევს, სულაც, არ მოეწონება. მაშინ სიტუაცია თანდათან დაიძაბება, მაგრამ არა იმდენად, რომ მათ შორის ნამდვილი ომი დაიწყოს, რადგან ამ ომში ორივე დამარცხდება.
– პუტინი რატომღა დამარცხდება? ისიც დამოკიდებულია მედვედევზე?
– რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, თუ პუტინი არჩევნებამდე დაიწყებს მედვედევის გაძევებას, ეს შეასუსტებს რუსეთის ხელისუფლებას. რეალურად, რუსეთში ხელისუფლება ძალიან სუსტია: ჩინოვნიკები არ ასრულებენ არც პუტინის და არც მედვედევის ბრძანებებს, უბრალოდ ეს ინიღბება და გარედან ისე კარგად არ ჩანს. მაგრამ, თუ პუტინსა და მედვედევს შორის აშკარა ბრძოლა დაიწყება, სახელისუფლო ვერტიკალი დაინგრევა. ასე რომ, ისინი მოიჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან.
– დავაზუსტებ: თუ პუტინი მომავალ არჩევნებში ისევ გახდება პრეზიდენტი, შეუძლია, ორი ვადით ისევ იპრეზიდენტოს.
– კი 12 წლის განმავლობაში ისევ შეუძლია, იყოს პრეზიდენტი.
– თქვით, რომ რუსეთი არ გაამწვავებს ურთიერთობას საქართველოსთან, რადგან ამით ამერიკას გაანაწყენებსო. ამერიკისთვის რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს?
– არ მგონია, რომ ამერიკას რაღაც სერიოზული სამხედრო ინტერესი ჰქონდეს საქართველოში, ეკონომიკურ ინტერესზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველო მაინც მნიშვნელოვანი სიმბოლური ფიგურაა: ჯერ ერთი, ისე გამოვიდა, რომ საქართველო ამერიკის მეგობარია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ის, რომ აფხაზეთი გახდა რუსეთის მეგობარი. მართალია, საკითხავია, სჭირდება თუ არა რუსეთს ეს მეგობრობა, მაგრამ, თუ რომელიღაც ქვეყანა გახდა თქვენი მეგობარი და შემდეგ თქვენ ამ მეგობარს საჯაროდ უგანებთ, ეს შეარყევს თქვენს ავტორიტეტს. ისე მოხდა, რომ საქართველო ამერიკის მეგობარია და მას არ შეუძლია, მიატოვოს საქართველო, რადგან ვინღა ენდობა ამის შემდეგ ამერიკას?! წარმოიდგინეთ, რუსეთი თავს რომ დასხმოდა საქართველოს და ამერიკის პრეზიდენტს ხელები გაეშალა, ამოეოხრა და იმით შემოფარგლულიყო, რომ სააკაშვილისთვის გამოეგზავნა თვითმფრინავი. ბოლოს და ბოლოს, ამერიკა არ არის რუსეთი და „რესპუბლიკელები“ უბრალოდ ცოცხლად შეჭამენ ობამას ასეთ შემთხვევაში. ასე რომ, სჭირდება თუ არა ეს, ამერიკისთვის საქართველო მნიშვნელოვანია და ვერავის მისცემს შესაჭმელად. ის იძულებულია, დაიცვას საქართველო, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს.
– და რით გამოიხატება ეს დაცვა?
– დაახლოებით ისევე, როგორც რუსეთმა დაიცვა აფხაზეთი.
– მაგრამ რუსეთმა აფხაზეთისთვის კოდორის ხეობა მოიგო ომით?!
– როგორც მესმის, ამერიკელები გაძლევენ ფულს და სწორედ ეს არის ქართული ეკონომიკის საფუძველი; მეორეც, ამერიკელები წვრთნიან თქვენს სამხედრო კონტინგენტს, მოკლედ, მხარს უჭერენ თქვენი არმიის ბრძოლისუნარიანობას; მხარს უჭერენ საქართველოს დიპლომატიურად. მეტი რაში უნდა გამოიხატებოდეს მხარდაჭერა?! მაგრამ ამერიკელები საქართველოსთვის არ იბრძოლებენ, იმიტომ რომ რუსეთთან ომი ამერიკელების გეგმებში არ შედის, მაგრამ სხვა საქმეა, რუსული ტანკები რომ თბილისისკენ წამოსულიყვნენ. თუმცა ამას გამოვრიცხავ, ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ამერიკელები ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ეს არ მომხდარიყო. მართალია, თერმობირთვულ დარტყმას არ მიაყენებდნენ რუსეთს, მაგრამ ყველა შეთანხმებას გააუქმებდნენ, გრანდიოზული სკანდალი იქნებოდა გაეროში, ამერიკა გაწყვეტდა დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან. ანუ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია ნიშნავს სრულ საერთაშორისო იზოლაციას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ კატასტროფას და საქართველო ამად არ ღირს. რუსეთისთვის ეს იქნებოდა თვითმკვლელობა შაჰიდების სტილში, მაგრამ ქართველების გამო ამერიკელები ომში არ ჩაებმებიან.
– გამოდის, რომ ფელგენგაუერის პროგნოზის – ომის ალბათობა შარშანდელზე მაღალიაო, მიზანი ჩვენი დაშინებაა?
– მე არ ვიცი, მას რა არგუმენტები აქვს, მე ასეთ არგუმენტებს ვერ ვხედავ.
– ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ შავ ზღვაზე წვრთნები დროზე ადრე დაიწყო.
– წვრთნების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ომები იწყება პოლიტიკური მოტივებით და არა მანევრების გამო. მე პოლიტიკურ მიზანს ვერ ვხედავ, ერთადერთი საფუძველი შეიძლება, იყოს კონსპირაციული თეორია: თუ ჩავთვლით, რომ პუტინსა და მის გარემოცვას უნდათ მედვედევის რეპუტაციის გაფუჭება, მათ შეიძლება, მოაწყონ რაღაც პროვოკაციები, მაგრამ ეს პროვოკაციები ისეთი უნდა იყოს, რომ დიდ ომში არ გადაიზარდოს. პროვოკაციების დროს კი ამდენს ვერ განსაზღვრავ, არადა დიდი ომი კატასტროფა იქნება არა პირადად მედვედევისთვის, არამედ – ქვეყნისთვის. არ ვფიქრობ, პუტინისა და მედვედევის დაპირისპირებამ ისეთ სიმწვავეს მიაღწიოს, რომ მედვედევის რეპუტაციის გაფუჭების გამო ღირდეს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოსთან ომი არის თვითმკვლელობა რუსეთისთვის. თუ 2008 წელს რუსეთი გაბრუებული იყო საკუთარი მიღწევებით; არსებობდა განცდა, რომ ფული ციდან ცვივა; რომ ევროპა ვერსად წავა, ახლა ასეთი განცდა აღარ არის. ყველამ იცის, რომ „ნაბუკოს“ პროექტი ჩავარდება, მაგრამ რუსეთისთვის ამას სიხარული არ მოუტანია, რადგან „ნაბუკო“ ჩავარდება არა იმიტომ, რომ ასე უნდა რუსეთს, არამედ იმიტომ, რომ ევროპას ამდენი გაზი არ სჭირდება. ევროპას არც რუსეთის „სამხრეთის ნაკადი“ სჭირდება. ასე რომ, განცდა, ევროპა მუჭში გვყავსო, აღარ არის რუსეთში და ავანტიურებიც არავის სჭირდება. რაში სჭირდება რუსეთს საქართველო?! რას მოუტანს ეს მას?! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკა არ დაიცავს საქართველოს, რაში სჭირდება რუსეთს საქართველო?!
– მეც ის მინდა, არ სჭირდებოდეს. სჭირდება იმისთვის, რომ დასავლეთს საქართველოს სახით არ ჰქონდეს ადგილი, საიდანაც აღმოსავლეთში გავა.
– თუ 40-იანი წლების გეოპოლიტიკით ვიაზროვნებთ, მაშინ შეიძლება, განვიხილოთ საქართველო, როგორც რუსეთზე თავდასასხმელი პლაცდარმი, მაგრამ ამერიკა არ აპრებს, თავს დაესხას რუსეთს არანაირი პლაცდარმიდან. ვთქვათ, ამერიკელებმა თქვეს, რაც გინდათ, გააკეთეთო, პუტინი და მედვედევი კი მიზნად დაისახავენ საბჭოთა კავშირის აღდგენას და იტყვიან, დღეს მივიტაცოთ საქართველო, ხვალ – დანარჩენი ყოფილი რესპუბლიკებიო, მაშინ, პირველი სასინჯი ქვა შეიძლება, იყოს საქართველო. მაგრამ არც პუტინი და არც მედვედევი არ არიან ფსიქიკურად აშლილი ადამიანები და მშვენივრად ესმით, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბავი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა და რუსეთს არანაირი რესურსი არ აქვს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, მით უმეტეს, რომ ასეთი მიზანი სრული უაზრობაა.
– მე ხშირად მომისმენია მარკოვისგან, დუგინისგან, შევჩენკოსგან, ლეონტიევისგან, რომ ეს უნდა იყოს ახალი ტიპის კავშირი, ევროკავშირის მსგავსიო.
– ჩემი აზრით, ეს ბოდვაა. არანაირი კავშირი არ იქნება, არც ევროპული და არც აზიური. არც ერთი ქვეყანა არ დათანხმდება რუსეთის დომინირებით შექმნილ კავშირს, ისევე, როგორც აფხაზები და ოსები არ დათანხმდებიან საქართველოსთან არანაირ სახელმწიფოებრივ კავშირს. დამოუკიდებლობა ისეთი რამაა, თუ ერთხელ ჩაყლაპავ მის ბაცილას, უკან აღარ დაბრუნდები.
– არ მგონია, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობის ბაცილა ჩაეყლაპოს.
– ეს საერთოდ არ არის სახელმწიფო, ეს ერთი პატარა რაიონია, მაგრამ აფხაზეთი, საქართველოს ნაწილი, თავს მიიჩნევს დამოუკიდებლად და არ უნდა საქართველოსთან დაბრუნება. მით უმეტეს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები არ დათანხმდებიან რუსეთთან დაბრუნებაზე. რუსეთ-ბელორუსიის კავშირის 20-წლიანმა ისტორიამ აჩვენა, რომ ბელორუსები არასდროს იტყვიან უარს დამოუკიდებლობის ერთ მიკრონზეც კი. რა, აზერბაიჯანი იტყვის უარს?! ან ყაზახეთი, ან ტაჯიკეთი?! ამიტომ ეს შიზოფრენიული ბოდვაა. ბოლოს და ბოლოს, ასეთი კავშირი რომ შეიქმნას, რუსები იქნებოდნენ მოსახლეობის 40 პროცენტი და რუსეთი, როგორც რუსეთი, გაქრებოდა. რუსეთი კი არ არის აშშ, სადაც დომინირებული ნაცია დიდი ხანია, უმცირესობა გახდა და ეს არ ქმნის პრობლემას. რუსებს არ მოეწონებათ, იყვნენ უმცირესობაში, ამიტომ ეს არის ლაყბობა და მეტი არაფერი.
– სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ რუსეთთან არავის უნდა, მაგრამ მხოლოდ საქართველო დაზარალდა ყველაზე მეტად: რუსეთმა მისი ორი რეგიონი აღიარა. რატომ?
– ამას უკვე პირადი მიზეზები აქვს: თავდაპირველად რუს სამხედრო „კაგებეშნიკებს“ სძულდათ შევარდნაძე, შემდეგ პუტინმა ვერ აიტანა სააკაშვილი და, რაც მთავარია, რუსეთს აღიზიანებდა თქვენი ხისტი ორიენტაცია დასავლეთზე. ეს ჰგავდა ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას, მაგრამ ეს ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანია. სხვათა შორის, ქართველებს სააკაშვილამდეც უნდოდათ ამერიკასთან და რუსეთს ეს აგიჟებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რისთვისაც იბრძოდით, იმისთვის წაიტეხეთ კისერი.
– თქვენი მსჯელობიდან გამოდის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ ყოველგვარი აზრი დაკარგა?
– მე საერთოდ არ ვაზვიადებ გეოპოლიტიკის მნიშვნელობას. თუ შესუსტდება დამოკიდებულება გაზსადენებსა და ნავთობსადენებზე, რაღა გეოპოლიტიკაა?!
– გავლენის სფეროები ხომ რჩება?
– მე ეს არ მესმის.
– გავლენის სფეროები რომ არ არსებობდეს, საქართველო ასე ხისტად არ იქნებოდა ორიენტირებული ამერიკაზე და რუსეთი ამის გამო ომს არ გამოუცხადებდა.
– საქართველოში არიან ამერიკელი მრჩევლები; ისინი გაძლევენ რჩევებს და ფულს; ქართველი ინტელიგენცია სწავლობს ინგლისურს, მერე რა?! რა ზიანს მოუტანს ეს რუსეთს?! რუსეთში იყო ისტერია, რომ იუშჩენკოს დროს უკრაინა იყო ანტირუსული, ახლა კი პრორუსულიაო, მე ეს არ მესმის.
– 2017 წლის შემდეგ იუშჩენკო არ დატოვებდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, იანუკოვიჩი კი დიდი ალბათობით დატოვებს. იქნებ ამას ნიშნავს გავლენა?
– რუსეთის ფლოტი, რეალურად, არის რამდენიმე არაფრის მაქნისი ხომალდი, ანუ ეს სუფთა წყლის ამბიციაა. თავად განსაჯეთ: ოცდამეერთე საუკუნეში რა მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის ფლოტს?! ეს ხომ არ არის მეცხრამეტე საუკუნე, როდესაც თურქეთს ვებრძოდით?! დღეს სამხედრო მნიშვნელობა წყალქვეშა ნავებს აქვს, რომლებიც შავ ზღვაში უბრალოდ ვერ იქნება?! ამიტომ ეს მე ამბიციების თამაში მგონია. საქართველო, ისევე, როგორც რუსეთი, დამოუკიდებელი ქვეყანაა. ვისი რა საქმეა, ვინ რას აკეთებს თავის ქვეყანაში?! თუ ითვლება, რომ ამერიკა აპირებს რუსეთზე თავდასხმას, მაშინ საქართველოში ამერიკული ბაზების მოწყობა საფრთხე იქნებოდა, მაგრამ, რადგან ასე არც ერთი ადამიანი არ ფიქრობს რუსეთში, მაშინ რაზეა ლაპარაკი?! თუ ჰგონიათ, რომ ამერიკა აპირებს თავდასხმას, რა ჯანდაბად აფორმებენ მათთან ხელშეკრულებას სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ?! ეს ხომ უფრო სერიოზულია, ვიდრე რაღაც უბედური ბაზა საქართველოში?! ეს არის ბრიყვული ფიარ-თამაშები და ამით არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლებაც ერთობა. ამის დასტურია ის გიჟური ფილმი რუსულ ტანკებსა და სააკაშვილის მკვლელობაზე. სააკაშვილი ამ მეთოდებით უზრუნველყოფს თავის პოპულარობას.
– თქვენ როგორ გეჩვენებათ, სააკაშვილის აზრით, ასეთი სცენარი რეალურია?
– თუ ფიქრობს, რომ ეს სცენარი რეალურია, ესე იგი, ფსიქიკურად ავადაა. ბევრი გამორჩეული პოლიტიკოსი ფსიქიკურად არაადეკვატური იყო. შესაძლოა, სააკაშვილიც ამ კატეგორიიდანაა და ეს სახიფათოა. თუ მას სჯერა, რომ რუსეთი თავს დაესხმება, ავადაა.
– თუ არ სჯერა და ხალხს აშინებს?
– მაშინ ეს გასაგებია. რატომ აგიჟებს რუსეთის ხელისუფლება თავის მოსახლეობას იმით, რომ ამერიკა მტერია?! იმიტომ, რომ მათი ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადართოს და თავის გარშემო შემოიკრიბოს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ძველი მეთოდებია, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსეთში არ არის რეალური მიღწევები, მაშინ, როდესაც სააკაშვილს აქვს მიღწევები და არ სჭირდება ამ სისულელეების მოგონება. ადამიანები შიმშილით რომ იხოცებოდნენ, მესმის, რომ შეიძლება, მოუყვე ზღაპრები, თუნდაც, აფხაზეთზე, მაგრამ, თუ თქვენთან ცხოვრება მეტ-ნაკლებად ლაგდება, „ჩორტ ს ნიმ, ს ეტოი აბხაზიეი“.
– გამოდის, ნოღაიდელი და ბურჯანაძე დროს ფლანგავენ?
– შესაძლოა, ფულის მიღების სურვილი აქვთ; შესაძლოა, თუ პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, გამოვიდნენ ბრბოსთან და თქვან, ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ, თუ ჩვენ მოვალთ, რუსეთთან შევრიგდებით, ქართველებს შეუშვებენ რუსეთში, რუსეთი კი აფხაზეთსა და ცხინვალს მოგვცემსო. თქვენი ხალხი ადვილად იჯერებს სასურველს, უყვარს ზღაპრების მოსმენა, მაგრამ ეს სისულელეა და არასდროს მოხდება. საქართველოს აქვს ვარიანტი, მაგრამ ის ამაზე არასდროს წავა: საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სანაცვლოდ მიიღოს კომპენსაცია დევნილებისთვის, მათი რაღაც ნაწილი შეიძლება, დააბრუნოს კიდეც და მოითხოვოს თავისი წილი აფხაზეთში ტურისტული ბიზნესიდან. მაგრამ საქართველოში არ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ მკვეთრ ნაბიჯებზე წავლენ. თუ ამერიკას მოუწესრიგდება ურთიერთობა რუსეთთან, ეს შეიძლება, გახდეს ოთხმხრივი მოლაპარკების თემა, რომ აი, ამერიკელებსა და რუსებს შეუძლიათ პრობლემების ერთობლივად მოგვარება.
– თუ აქედან არაფერი გამოვა, საქმე არ აქვს პუტინს? აბა, რას ხვდება ამ ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსნებს?
– მე არ მივაწერდი პუტინის გამონათქვამებს დიდ ისტორიულ მნიშვნელობას, ის არც ნაპოლეონია და არც კარლოს დიდი. საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?! პუტინის სიტყვების გვერდით არის რეალობა, რომელსაც ჰქვია: „იუჟნაია ოსეტია“ და აფხაზეთი. პუტინი ვერ იტყვის, ვითამაშე და მომბეზრდა ეს სათამაშოო. ისევე, როგორც ქართველები ვერ იტყვიან, არ გვჭირდება აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“, ოღონდ ვიმეგობროთ პუტინთანო. ასე რომ, რაც უნდა თქვას პუტინმა, იცეკვოს თუ იმღეროს, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
– გამოდის, რომ საქართველომ მართლაც უნდა წარმოიდგინოს, რომ რუსეთის ადგილას დიდი ოკეანეა.
– მე არ ვიცნობ პრობლემის სადღეგრძელოთი მოგვარების გზას და ხვალ სააკაშვილის ნაცვლად ბურჯანაძე რომ მოვიდეს, ამით მაინც არაფერი შეიცვლება, თუ ბურჯანაძე არ იტყვის, აღარ გვინდა აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტიაო“. მეორე მხრივ, თუ ბურჯანაძე ამას იტყვის, შუაზე გაგლეჯენ. ხოლო, თუ ამის თქმა არ შეუძლია, როგორ აღადგენს ურთიერთობას რუსეთთან?!