კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უშლიან ხელს რუსეთიც და დასავლეთიც საქართველოსგან ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას


საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოქტომბრის რევოლუციის უკვდავი ფრაზა: „რევოლუცია მოხდა, რევოლუცია გრძელდება“, არა მხოლოდ ვარდების რევოლუციას ეხება, არამედ საქართველოს ეროვნულ მოძრაობასაც. რუსეთთან გაყრამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ზედაც – ტერიტორიებიც. რატომ გამოჩნდა ისევ ქართულ პოლიტიკურ ჰორიზონტზე ორთავიანი არწივი (თუმცა შესაძლოა, ის იქ ყოველთვის იყო) და რა აზრი ჰქონდა ამდენ სისხლისღვრას, თუ ისევ იქ უნდა მივსულიყავით, საიდანაც 20 წლის წინათ წამოვედით? ამ არცთუ იოლ თემაზე „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე გვესაუბრება.


– გამოდის, ამაო იყო ეროვნული მოძრაობა? თუ ისევ რუსულ წიაღს უნდა დავუბრუნდეთ, მაშინ რას მოვდიოდით იქიდან?

– საქართველოს ეროვნული მიზანი იყო და არის საქართველოს გათავისუფლება რუსული უღლისგან, რუსული შეიარაღებული ძალების განდევნა და დამოუკიდებლობის მიღწევა. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, გაეროს წევრი და მას იცავს საერთაშორისო სამართალი. ცხადია, რუსეთისგან გათავისუფლება შეუძლებელი იყო რამდენიმე კვირასა და წელიწადში, მაგრამ მთავარი ზღუდე გადალახულია: იურიდიულად ჩვენ რუსეთისგან თავისუფალი ვართ, თუმცა რუსეთი ბატონობას განაგრძობს თავისი აგენტურის საშუალებით, რომელშიც შედის საქართველოს მთელი ხელისუფლება. სამწუხაროდ, ქართველი ერის ნება უხეშად ირღვევა და სამწუხაროა, რომ ძალიან ხშირად უცხოელი დამკვირვებლები არშემდგარ ქართულ არჩევნებს აცხადებენ შემდგარად. ეს ფაქტორი რომ არ იყოს, სააკაშვილი ხელისუფლებაში არ იქნებოდა. რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ღალატი ყოველღიურია, მაგრამ ისტორიული პროცესი იქითკენ მიდის, რომ საქართველო ამ ტვირთისგან თავს დაიხსნის.

– რუსეთის ზრახვები გასაგებია, მაგრამ დასავლეთი რატომ უწყობს ხელს იმას, რომ არშემდგარი არჩევნები შემდგარად გამოაცხადოს. იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რუსულ ინტერესს?

– დღეს დასავლეთის კურსი საქართველოს მიმართ, ერთი მხრივ, ურყევად გულისხმობს საქართველოს დამოუკიდებლობას, მისი საზღვრების მთლიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, არ გულისხმობს საქართველოს, როგორც საკუთარი ნების მქონე სახელმწიფოს, ფეხზე დადგომას. ამიტომ ხელს უწყობს ისეთ კაცს, რომელიც მზად არის, რომ საქართველო მართოს, არა როგორც გაძლიერებისკენ მიმავალი სახელმწიფო, არამედ, როგორც მომსახურე ერის სახელმწიფო. ამიტომაც საქართველოს სათავეში ერთი მეორეზე უარესები მოდიან. შევარდნაძე, რა თქმა უნდა, რუსეთის აგენტი იყო, მაგრამ დასავლეთი ამას ითმენდა, რადგან იცოდა, რომ შევარდნაძე არ გაატარებდა საქართველოს, როგორც ეროვნული სახელმწიფოს, მშენებლობის პოლიტიკას. მართლაც, შევარდნაძემ რუსეთის სასარგებლოდ აუარებელი ღალატი ჩაიდინა: საქართველო შეათრია დსთ-ში, მოიწვია რუსი სამშვიდობოები, ობიექტები მიჰყიდა რუსეთს, დატოვა რუსეთის ბაზები საქართველოში.

– სწორედ შევარდნაძის დროს, 1999 წელს ეუთოს სტამბულის სამიტზე მოეწერა ხელი შეთანხმებას რუსული ბაზების გატანის შესახებ.

– შევარდნაძისთვის მაშინ არავის არაფერი უკითხავს. შევარდნაძის „დამსახურება“ ის იყო, რომ ბოლომდე არ „მიაწვა“ რუსებს და არ გააყვანინა ბაზები. შევარდნაძემ სოხუმი დათმო, მან მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის ომის წამოწყებაში; შევარდნაძემ არ განუცხადა მსოფლიოს, რომ ომი აფხაზეთსა და ცხინვალში არ არის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ომი, რომ ეს არის რუსულ-ქართული ომი, სადაც რუსეთი აგრესორია. ის ასპროცენტიანი მოღალატე იყო, მაგრამ დასავლეთი ამ მოღალატეს ითმენდა იმიტომ, რომ შევარდნაძე ხელს არ უწყობდა საქართველოს, როგორც ეკონომიკურად დამოუკიდებელი და საკუთარი მკაფიო ნების მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მის შემდეგ მოიყვანეს სააკაშვილი; შევარდნაძეზე უარესი და ისიც რუსეთის აგენტი. სააკაშვილს არ წარმოუდგენია საქართველოში მრეწველობის მშენებლობა, ქართველი ხალხის დასაქმება მოსამსახურეობის სფეროს გარდა. სააკაშვილი ემსახურება ნებისმიერს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, საქართველოს გათავისუფლების პროცესი, რაც ეროვნული მოძრაობის მიზანია, არ დამთავრებულა. ეს საქმე ადვილი არ არის, პროცესი მიდის, მაგრამ მთავარი ზღუდე – საქართველოს იურიდიული გათავისუფლება რუსეთისგან – გადალახულია.

– მაგრამ ეს ზღუდე ვერ გადალახა მთელმა საქართველომ. თუ ეს არის ხარკი რუსეთისგან იურიდიული დამოუკიდებლობის მისაღებად?

– არანაირი ობიექტური პირობები არ არსებობს საიმისოდ, რაც ხელს ააღებინებს საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ჩვენ წინააღმდეგ აქ მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოღალატური ნება. სააკაშვილი მზადაა, აღიაროს საქართველოს ტერიტორია ოსეთად, ანუ საქართველოს ტერიტორია გამოაცხადოს საქართველოს ეთნიკური მეზობლის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილად. ეს არის ქვეყნის ღალატი. რუსული აგენტურა, რომელიც მართავს საქართველოს, იმ მიმართულებას ირჩევს, რაც რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. დღეს მუშაობენ იმაზე, რომ აღიარონ აფხაზეთი და „ოსეთი“.

– ეს ხომ გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე?!

– არ არის გამორიცხული. ბოდენი სწორედ ამ მიზნითაა ჩამოსული. მათ უნდათ, რომ „დამოუკიდებელი აფხაზეთისგან“, „დამოუკიდებელი ოსეთისგან“ და დამოუკიდებელი საქართველოსგან შექმნან კონფედერაციული სახელმწიფო, სახელშეკრულებო სახელმწიფო, რომელიც კანონით იშლება მაშინვე, როგორც კი ერთი წევრი იტყვის, აღარ მინდაო. ეს უნდათ რუსებს და სააკაშვილსაც აქეთკენ მიჰყავს საქმე. კომედია, თითქოს რუსული ჯარის შემოჭრისა, რომელიც ძალიან მძიმე სამედიცინო შედეგებით დამთავრდა, გაითამაშეს იმ მიზნით, რომ მოსახლეობის ყურადღება ბოდენის ვიზიტიდან გადაეტანათ. ბოდენი კიდევ ჩამოვა რამდენიმე დღეში: ბოდენი ცნობილი კაცია, ის საქართველოში ჩამოსული იყო, როგორც ეუთოს მისიის თავმჯდომარე და, თავის დროზე, ის ლობირებდა დოკუმენტს, რომელიც იყო ანტიქართული და პრორუსული, ულოგიკობასა და სითავხედეზე აგებული. მასში, მაგალითად, წერია: ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ფაქტების წარმოშობის ისტორიას, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ფაქტებს. ფაქტი კი ის არის, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთი. ოსები მას შეეჩვივნენ. იქ ისინი არიან უმრავლესობა. არადა არსებობს სხვა ფაქტებიც: რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს ზის ქართველი ერის ცნობიერებაში, რომ იქ მცხოვრები ქართველები არიან ადგილობრივები და ოსები არიან მოსულები. ფაქტი ის არის, რომ, თუ მსოფლიოში დადგინდა ნორმად, რომ ტერიტორიის იურიდიული სტატუსი დამოკიდებულია დემოგრაფიულ დინამიკაზე, ეს ნიშნავს ეთნიკური წმენდის, ანუ მისი მთავარი მეთოდის – გენოციდის სტიმულირებას მთელ მსოფლიოში. ფაქტია ისიც, რომ ყველა ადამიანი მიისწრაფის უკვდავებისკენ. თავისი ცნობიერების სიღრმეში ადამიანი არ უშვებს იმ ფაქტს, რომ მოკვდება. ეს მეცნიერული ჭეშმარიტებაა და არა პოეტური – ამის უგულებელყოფა მსოფლიო პოლიტიკისთვის ჩიხია. მართალია, ადამიანი თავის თავს უკვდავად მიიჩნევს, მაგრამ მას შეუძლია, თვალი გაადევნოს თავის შთამომავლობას 3-4 ან 5 თაობაში. ამდენად, ერთადერთი რამ, რითაც მე შემიძლია, ჩემი თავი უკვდავად ვიგრძნო, ეს არის ყოფნა ჩემს ერთან ერთად. ამას ადამიანს ვერავინ მოაშლევინებს, ამიტომ კაცობრიობის მომავალი არის მხოლოდ ის, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ეროვნული ინტერესები დააკმაყოფილო სამართლიანად; არ დაუშვა აგრესია; ანგარიში გაუწიო ისტორიულ მეხსიერებას და ასე შემდეგ. პოზიცია, რომელზეც იდგა შევარდნაძე და ესენი, მით უმეტეს, არის პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ბუნებაში ეროვნული ფაქტორის გაქრობას. ეს არის ეროვნული ნიჰილიზმის პოზიცია. ამ პოზიციით კაცობრიობა უბრალოდ ფიზიკურად ვერ იარსებებს. ასე რომ, ისინი მიდიან ისტორიის წინააღმდეგ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ფუნქციონირებს მხოლოდ, როგორც დე-ფაქტო, იმიტომ რომ ვიღაც უნდა იყოს, თორემ დე-იურე ესენი ხელისუფლება არ არიან. ამიტომ უნდა იყოს გაცხადებული ხალხის საყოველთაო ნება, რომ არ აძლევს მანდატს ისეთი ხელშეკრულებების დასადებად, რომლებითაც შეიკვეცება ან საქართველოს ტერიტორია, ან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ხარისხი.

– რა გამოდის? რუსეთისა და დასავლეთის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა საქართველოს მიმართ? არც ერთს არ უნდა, რომ აქ იყოს თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფო, ცხადია, რუსეთს უფრო ველურად და დასავლეთს – უფრო ცივილიზებულად?

– მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია. რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგობა საქართველოს მიმართ გამოიხატება იმაში, თუ ვინ იყოს ამ ტერიტორიაზე წამყვანი სტრატეგიული თვალსაზრისით. დასავლეთის ინტერესები ჩვენს ინტერესებს ემთხვევა. დასავლეთს უნდა, რომ საქართველო იყოს პროდასავლური ქვეყანა და საქართველოსა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანის მეშვეობით ამყარებდეს კავშირს შუა აზიასთან, რომ დამკვიდრდეს შუა აზიაში, როგორც დემოკრატიული ძალა. ეს არის დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთს არ ექნება საშუალება, და იქ სამხედრო ალიანსი. აქ გადის მესამე მსოფლიო ომის, რომელიც უკვე დაწყებულია, ძირითადი ფრონტი. რუსეთს კი უნდა, რომ გზა გადაუკეტოს დასავლეთს და საქართველო არ არსებობდეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. დასავლეთის ხედვაში ჩვენთვის წინააღმდეგობრივი ის არის, რომ ის ჩვენში ხედავს ტერიტორიას და არა – ძლიერ სახელმწიფოს. დასავლეთს უნდა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, რომ აქ არ იყოს რუსის ჯარი, მაგრამ იყოს სახელმწიფო, რომელიც მოკლებული იქნება საკუთარ სახელმწიფოებრივ ნებას.

– რატომ სჯობია მაშინ დასავლეთი რუსეთს?

– არსებითი განსხვავება ქართულ-ამერიკულ და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამერიკელებს შევაცვლევინოთ პოზიცია; შეგვიძლია, მივაღწიოთ იმას, რომ ამერიკელებმა განგვიხილონ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორი. დღეს ამერიკელები გვიყურებენ, როგორც სიცარიელეს და, მართლაც, თუ ისინი მსჯელობენ იმ ადამიანების მიხედვით, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს, ისინი საქართველოს სამართლიანად მიიჩნევენ არარაობად. ამიტომ საქართველომ აუცილებლად უნდა აჩვენოს, რომ ის სუბიექტია და არა მხოლოდ ობიექტი და არარაობა. რუსის სპეციფიკა მცირერიცხოვან ქვეყნებთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთმა იცის საკუთარი არაკონკურენტუნარიანობის შესახებ; იცის, რომ იმაზე უკეთესს, რასაც ის გთავაზობს, სხვები შემოგთავაზებენ, ამიტომ ვერ გელაპარაკება თავისუფლად და მშვიდად, სანამ ფეხზე დგახარ. მას უნდა, რომ გულაღმა ეგდო მიწაზე და გულზე მისი ჩექმა გედოს. ანუ რუსეთს უნდა, რომ ან ჯარით ჰქონდეს დაკავებული საქართველო, ან თავისი ერთგული მარიონეტები ჰყავდეს ხელისუფლებაში, ან ორივე ერთად. ხოლო, თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ საქართველო უნდა იყოს ან ეპიდემიური, ან ისეთი არეულობის ზონა, რომ აქ არ გაივლებოდეს. ფიგურალურად რომ ვთქვა, ამერიკელს უნდა, რომ საქართველოში მოძრაობდეს მატარებლები, ავტომანქანები, იყოს გზები, რკინიგზა, რუსეთს კი უნდა, რომ არაფერი იყოს და მხოლოდ ფეხით შეიძლებოდეს გადაადგილება, ისიც ისე, რომ შიგადაშიგ ყაჩაღი გხვდებოდეს გზაზე. აი, ეს არის განსხვავება რუსულ და ამერიკულ ორიენტაციებს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ მათთვის უფრო მიზანშეწონილია, თუ ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით.

– კითხვათა კითხვაც ის არის: ვინ უნდა დაარწმუნოს დასავლეთი? თქვენ გეგულებათ ასეთი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში? ვინც არა მხოლოდ დაარწმუნებს, არამედ შექმნის ძლიერ ქვეყანას?

– ეკრანზე ვერც მე ვხედავ, გარდა სალომე ზურაბიშვილისა, რომელმაც მხოლოდ თავისი საქმე, საგარეო პოლიტიკა, იცის ხუთიანზე. ეკრანი არის მტრის ხელში, ამიტომ ის, ვინც ეკრანზე არ ჩანს, პოლიტიკაში არ არსებობს. საქართველოში რომ იყოს ერთი საერთო მაუწყებელი მაინც, რომელიც გაავრცელებს ამ ეროვნული პოზიციების მქონე ადამიანების ნააზრევს, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით არის ერთი ძალიან არსებითი მომენტი, რომელიც ასახავს მთელ სიტუაციას: მოხდა აგვისტოს ომი, რომელიც დაიწყო და მოიგო რუსეთმა. მან განახორციელა მანევრი: შემოვიდა საქართველოში 6 და 7 აგვისტოს, დაიკავა საკვანძო პოზიციები და იქ ძალების კონცენტრაცია მოახდინა. ამით ომი უკვე მოგებულია. ანუ 7 აგვისტოს რუსეთს ომი უკვე მოგებული ჰქონდა. ამის შემდეგ რუსეთი უბრძანებს სააკაშვილს: გაისვრი ცხინვალის მიმართულებით, გაისვრი აკარძალულ ჭურვს და გამოაცხადებ, რომ არის ომი. მართლაც, სააკაშვილმა 7 აგვისტოს 23 საათსა და 25 წუთზე გამოაცხადა, რომ ჩვენ ვართ ომის მდგომარეობაში და ბრძანა ცეცხლის გახსნა. რუსეთმა, რომელსაც ომი უკვე მოგებული აქვს, დაიცადა და ოფიციალურად ომის არსებობა გამოაცხადა მხოლოდ 8 აგვისტოს, შუადღის შემდეგ. ანუ სააკაშვილის გამოყენებით შექმნა პროპაგანდისტული ფიარი: ომი დაიწყო სააკაშვილმა, იხილეთ დოკუმენტი ესა და ეს და რუსეთმა მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა, იხილეთ დოკუმენტი ესა და ესო. ამიტომ ტალიავინს, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია, მიეცა საშუალება, ეთქვა, ჩვენ ვერ ვნახეთ მასალები იმისა, რომ რუსები აწარმოებდნენ მოძრაობას 8 აგვისტომდეო. ახლა დააკვირდით, რას ამბობს პუტინი: ჩვენ ვეომეთ ამერიკელებს და არა – ქართველებს. ანუ რა არის პუტინის გზავნილი? ის ამერიკას ეუბნება: გლობალურ ომში მე შენ ვერ შეგეჯიბრები, მაგრამ ადგილობრივ ომს მოგიგებ, იმიტომ, რომ ჩემთან ახლოა, შენგან – შორს; ამიტომ, თუ გინდა, რომ შემებრძოლო, გლობალური ომი უნდა მომახვიო თავს, მაგრამ შენ ამას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ შენს ამომრჩეველს ომი არ უნდა. 2008 წლის აგვისტოში ოთხი ამერიკული ხომალდი იდგა ფოთთან, მათ შორის, უზარმაზარი ფლოტის ფლაგმანი. რუსებმა მოამზადეს ბომბდამშენები და ბალტინის, ყოფილი სარდლის პირით, შეუთვალეს, 20 წუთში ჩაგძირავთო და მართლაც ჩაძირავდნენ. როდესაც ფლოტი თავისი სახმელეთო ბაზებისგან შორსაა, ავიაცია კი თავის სახმელეთო ბაზებთანაა, მაშინ ავიაცია ამარცხებს ფლოტს. ამიტომ ამერიკული ფლოტი აიბარგა და წავიდა. ანუ რუსეთმა ადგილობრივი ოპერაცია მოიგო. გინდ, დაიჯერეთ, გინდ, არა, მე მაშინვე ვთქვი: ამერიკელების შემდგომი ნაბიჯი არის რაკეტების განლაგება რუმინეთსა და ბულგარეთში-მეთქი, რაც გააკეთეს კიდეც. ამით რუსეთს უთხრეს: მართალია, შენ იცი, რომ გლობალურ ომს მოგიგებ, მაგრამ ვერ გამოგიცხადებ, ამიტომ ადგილობრივ ომსაც მოგიგებ და დედასაც გიტირებო. აი, ამ რაკეტების განლაგებით რუმინეთსა და ბულგარეთში, თანაც როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზეც, იწყება პრაქტიკული ოპერაცია, რა თქმა უნდა, დროში გათვლილი, რუსეთის, როგორც გაბატონებული ძალის, შავი ზღვიდან განდევნისა. ანუ მომავალ ომში, რომელიც აფხაზეთში შედგება, მე კი აღარ მექნება ზღვის შიში, არამედ მტერს ექნება ზღვის შიში, იმიტომ რომ შავ ზღვაზე იბატონებს დასავლეთი. ანუ პროცესი შავი ზღვის ნატოს ზღვად გადაქცევისა, დაწყებულია და ის ბოლომდე მივა.

– გასაგებია, რომ ჩვენ ცოცხალი მკვდრები ვართ და სხვებს შევჩერებივართ როგორც ხელებში, ისე რაკეტებში, მაგრამ პუტინი?

– ეს პუტინმა იცის და ამას უკვე ხვდებიან რუსები. როდესაც რუსეთის მეთაური რუსეთს ჩიხში შეიყვანს, ამაზე ექნება რეაქცია რუსეთის რეალურ მმართველ ძალებს, ვუწოდოთ მათ ფარული კანცელარია. სტალინის დროს ეს ფარული კანცელარია დასავლეთში იჯდა და სტალინიც კი მათ ანგარიშს აბარებდა. როდესაც სტალინმა კორეის ომი მშრალად წააგო და გასაგები გახდა, რომ ის უკან არ დაიხევდა და თავის ბიოგრაფიას არ გააფუჭებდა, მოკლეს. პუტინმა იცის, რომ მასაც იგივე ელის და ამიტომ არის, რომ რუსეთის გავლენიანი ორი ძალიდან, როგორებიცაა გენერალიტეტი და ეკლესია, პუტინმა მიმართა ეკლესიას, რომ საქართველოსკენ კუდის კეთილად ქნევა დაეწყო. ახლა ჩვენ მოწმენი ვართ, რომ რუსეთის მაღალი დონის დისიდენტები მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ, ანუ პუტინს ეწინააღმდეგებიან იმის გამო, რომ მან რუსეთი ჩიხში შეიყვანა. გამოდის ჟურნალისტი ლეონტიევი, შოვინისტი და ისიც კი პუტინის წინააღმდეგ ილაშქრებს. ასე რომ, პუტინმა იცის, ის უნდა გაუფრთხილდეს არა თავის სკამსა და სახელმწიფოს, რომელიც ფეხებზე ჰკიდია, არამედ – თავის ტყავს. ამიტომ ეძებს თავისი პრობლემის გადაჭრის გზებს. გზა კი ორია: ან უნდა დაითანხმოს საქართველო კონფედერაციაზე, ანუ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებაზე, ან წავიდეს სამხედრო ავანტიურაზე, ყოველ შემთხვევაში, რაც შეიძლება, დიდხანს გაითამაშოს მზაობა ამ სამხედრო ავანტიურისთვის, რომ ვანკამ იცოდეს, პუტინი იბრძვის და იგებს! ამას პუტინი, რასაკვირველია, ვერ გააკეთებს, თუ საქართველოში აგენტურა არ ჰყავს. თუ მსოფლიოს ეს ძირითადი სტრატეგიული ხაზი არ ვიცით, ვერ გავიგებთ, რატომ მოაწყო სააკაშვილმა ამ ვითომ შემოსევის ტრაგიკომედია.

– სანამ ამაზე ვისაუბრებთ, იმის თქმა გინდათ, რომ აფხაზეთში კიდევ ერთი ომი გარდაუვალია?

– შესაძლებელია, მაგრამ უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არ მოხდება, რადგან რუსეთს არ ექნება მცდელობა, ფიზიკურად გამართოს ბრძოლა შავ ზღვაზე, თუ დასავლეთს მყარი ნება ექნა. მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვა: რუსეთის განდევნა კავკასიის სამხრეთ ზონიდან და შავი ზღვიდან არ აგვარებს საქართველოს პრობლემებს. ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა.

– ბუნებრივია, რაღაც ხომ ჩვენც უნდა გავაკეთოთ?

– ისტორიაში არ მეგულება შემთხვევა, რომ სხვისი ხელით მოგებული ომი ვინმეს შეერგოს. ირანი ქირაობდა თურქებს და თურქებმა გადათელეს ირანი; ბიზანტია ქირაობდა თურქებს და თურქებმა გადათელეს ბიზანტია. ასეთი მაგალითი მრავალია. არც ჩვენ შეგვერგება მხოლოდ სხვის მიერ მოგებული ომი.


скачать dle 11.3