რომელი პიკანტური ფაქტები ამოქექეს ჟურნალისტებმა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის პირადი ცხოვრებიდან და რატომ მოუწია მას ბოდიშის მოხდა მეუღლისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის
10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი
ჩეხი პოლიტოლოგების აზრით, ამ პიროვნებას ახასიათებს „პრაგმატული და მეცნიერულ-ანალიტიკური აზროვნება“. იგი არის „კუპონური“ პრივატიზაციის თეორიის ავტორი და ჩეხეთის სახალხო მეურნეობის „რეფორმირების მამა“. ჩეხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩეხი პოლიტიკოსია, რომელიც ყველაზე ცნობილ ევროსკეპტიკოსად მიიჩნევა ევროპულ პოლიტელიტაში და მეტსახელად „ცენტრალური ევროპის მარგარეტ ტეტჩერს“ უწოდებენ. დღევანდელ ნომერში გთავაზობთ ტრადიციული საინტერესო ფაქტების ათეულს სწორედ ამ ჩეხი პოლიტიკოსის შესახებ.
1. ვაცლავ კლაუსი 1941 წლის 19 ივნისს, ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული პრაღის, პრესტიჟულ რაიონში – ვინოგრადში დაიბადა. კლაუსების ოჯახი მდიდარ პროტესტანტულ ოჯახთა რიცხვში შედიოდა. მამამისი ვაცლავ კლაუს-უფროსი სახელმწიფო ჩინოვნიკი იყო, ხოლო დედა – მარია კაილოვა – დიასახლისი, რომელიც ცნობილი ჩეხი ფერმწერის მიკოლაშ ალეშას ნათესავი გახლდათ. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვაცლავი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ კალათბურთით გატაცებული ახალგაზრდა, სამხედრო ნაწილის ნაცვლად, არმიულ სპორტულ კლუბში, საკალათბურთო გუნდ „პრაღის დუკლაში“ მოხვდა. მოგვიანებით კი, მაიორის წოდებით, დემობილიზებულ იქნა. სხვადასხვა პერიოდებში ვაცლავ კლაუსი გადიოდა სტაჟირებებს ამერიკის შეერთებული შტატების კორნელისა და ნეაპოლის უნივერსიტეტებში. 1968 წელს, მაშინ როდესაც პრაღაში ცნობილი სისხლიანი მოვლენები ვითარდებოდა და ქუჩებში საბჭოური ტანკები დაგრუხუნებდნენ, კლაუსი ამთავრებდა მუშაობას თავის სადისერტაციო თემაზე „ინფლაცია თანამედროვე კაპიტალიზმში“.
2. ვაცლავ კლაუსი მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის საპატიო სამეცნიერო ხარისხების მფლობელია, მათ შორის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისაც („ემგეუ“). იგი არის 20-მდე სამეცნიერო წიგნის ავტორი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ცისფერი პლანეტა მწვანე ჯაჭვებში“. მასში ავტორმა გააკრიტიკა ანთროპოგენური გლობალური დათბობის თეორია. ჩეხურ პრესაში ხშირად იწერება კლაუსის პრაგმატიზმის შესახებ, აღნიშნავენ მის მძიმე ხასიათსა და თანამშრომლების მიმართ სიმკაცრეს. ჩეხეთში გავრცელებულია ანეკდოტი პრეზიდენტის შესახებ – „რა განსხვავებაა ღმერთსა და კლაუსს შორის? ღმერთი საკუთარ თავს კლაუსად არ მიიჩნევს!“
3. ვაცლავ კლაუსის პრეზიდენტობის პერიოდში ჩეხურ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უფრო ინტენსიური გახდა რუსული ენის სწავლება. ამბობენ, რომ ვაცლავ კლაუსი „1968 წლის სინდრომის“ დამარცხებას გეგმავს და აპირებს, რუსული ენის სწავლება უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს. თვითონ კლაუსი თავისუფლად საუბრობს რუსულად და რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს მათ მშობლიურ ენაზე ესაუბრება. სხვათა შორის, 70-იან წლებში ვაცლავ კლაუსი მთავარ ანტიმარქსისტად, მისი და კი ჩეხოსლოვაკიის ეკონომიკური მეცნიერების მთავარ სოციალისტად ითვლებოდა. იგი გარიცხული იყო მეცნიერების აკადემიიდან. პოლიტიკური დევნის გამო მისი და შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად და აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 15 წელი კლაუსს არანაირი კავშირი არ ჰქონია საკუთარ დასთან.
4. სკეპტიციზმით განთქმულ ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს არაკეთილმოსურნეებმა დივერსია მოუწყვეს. პრეზიდენტის თვითმფრინავიდან მილიონი ევროს ღირებულების საწვავი მოიპარეს. ჩეხ სამართალდამცველებს 6 სავარაუდო ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მათ აეროდრომის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ და ამგვარად, ეჭვმიტანილების სია 50 კაცს აჭარბებს. მოპარული საწვავი ჩეხეთიდან კანადამდე 19 გადაფრენას ეყოფოდა და სამართალდამცველებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, თუ რა ვითარებაში და რამდენ ხანში მოახერხეს ბოროტმოქმედებმა საწვავის ამოქაჩვა თვითმფრინავის ავზებიდან.
5. ჩეხეთის პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენციაში – პრაღასთან ახლოს, ლანის სასახლეში, ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შეიპარა, რომელიც დაკავებისთანავე დაუდგენელი მიზეზის გამო გარდაიცვალა. დაკავებისას უცნობს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხოლო პრეზიდენტის დაცვას ძალა არ გამოუყენებია. უცნობი პირი, რომლის ვინაობის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ, ძლიერი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო. როგორ მოახერხა მან დაცვის მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა და სასახლის მეორე სართულამდე ასვლა, დღემდე გამოცანად რჩება. აუხსნელია ის ფაქტიც, თუ რა მიზნით შეიპარა იგი პრეზიდენტის სასახლეში. ცნობისთვის, იმ დროს ვაცლავ კლაუსი სასახლის მესამე სართულზე იმყოფებოდა.
6. ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებდა მენჯ-ბარძაყის სახსარი, რომელიც მას სიარულში უქმნიდა პრობლემებს. სწორედ ამის გამო, აიღო პრეზიდენტმა ორკვირიანი შვებულება და პრაღის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზის იმპლანტანტით ჩანაცვლების ოპერაცია. იმპლანტანტი – ხელოვნური სახსარი დამზადებულია ბიოლოგიურად ნეიტრალური მასალისგან. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, მენჯ-ბარძაყის სახსრის გადანერგვის ოპერაცია ტკივილების 95 პროცენტს აამებს.
7. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა სინანული გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ მისმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. კოსოვოს აღიარების დოკუმენტი მირეკ ტოპოლანეკის, ჩეხეთის ყოფილი და სკანდალებით განთქმული პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაამტკიცა ჩეხეთის პარლამენტმა. კოსოვოს აღიარებისთანავე სერბეთმა თავისი ელჩი გამოიწვია ჩეხეთიდან, ხოლო კლაუსმა განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარების პრეცედენტი უარყოფითად იმოქმედებდა ევროპაზე და შესაძლებელი იყო „დომინოს ეფექტი“ გამოეწვია. ეს განხორციელდა კიდეც რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთისა“ და „აფხაზეთის“ დე-ფაქტო რესპუბლიკები დამოუკიდებლად აღიარა. სხვათა შორის, ვაცლავ კლაუსმა აგვისტოს ომის დროს მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.
8. ჩეხეთში ოფიციალურად გამოუცხადეს ომი სანტა-კლაუსს. „სანტა-კლაუსი არ ეკუთვნის ჩვენს კულტურას და ის ცეცხლს უნდა მივცეთ და გადავაგდოთ ნაგავსაყრელზე“, – ასეთი ლოზუნგით ჩაიარა მარშმა პრაღის ქუჩებში. ნაციონალური ტრადიციების დამცველები ითხოვდნენ „ეჟიშკას“ დაბრუნებას, რომელიც გადმოცემის თანახმად, სანტა-კლაუსის ნაცვლად, შობაზე პატარა ბავშვებთან მიდიოდა და ასაჩუქრებდა მათ. არსებობს ვერსია, რომ „სანტა-კლაუსის“ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ქვეყნის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის ხელი ურევია, რომელსაც ბავშვობაში „სანტას“ ეძახდნენ, რაც მას არასდროს სიამოვნებდა.
9. პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, რომელიც აქტიურად იბრძვის ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ, 40 წლის განმავლობაში სამაგალითო მეოჯახედ ითვლებოდა. მას ერთხელ არ მიუცია ეჭვიანობის საბაბი თავისი მეუღლისთვის, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ჩეხმა პაპარაცებმა 68 წლის პოლიტიკოსი 25 წლის სტიუარდესასთან კავშირში ამხილეს. მასთან რომანის შესახებ თვით კლაუსმაც ისაუბრა და ამ ფაქტის გამო ბოდიში მოუხადა მეუღლეს და სრულიად ჩეხეთს. თუმცა, ჟურნალისტებმა კიდევ რამდენიმე პიკანტური ფაქტი ამოქექეს ვაცლავ კლაუსის პირადი ბიოგრაფიიდან და აღმოჩნდა, რომ მეოჯახე პოლიტიკოსი, სულაც არ ყოფილა სამაგალითო და წლების განმავლობაში თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალებთან ჰქონდა რომანი.
10. 2006 წელს ჩეხეთში პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა, რომელსაც ჟურნალისტებმა კოდური სახელწოდება – „კორჟისტკა“, უწოდეს, იმ დეპუტატის გვარის გამო, რომელზეც ჩეხურმა პოლიციამ უპრეცედენტოდ ფართომასშტაბური ფარული სატელეფონო მოსმენები განახორციელა ყოველგვარი ნებართვის გარეშე. სატელეფონო მოსმენები კი თითქოს დეპუტატის, ზდენეკ კორჟისტკას მიერ 10 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამის აღების დასამტკიცებლად ხორციელდებოდა. პოლიციის მიერ ისმინებოდნენ: ქვეყნის პრეზიდენტი – ვაცლავ კლაუსი, მირეკ ტოპოლანეკი – ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, ქალაქის მერები, ჟურნალისტები, მსხვილი მეწარმეები, ადვოკატები და რაც აღსანიშნავია, ქალაქ ოლომოუცის მერის ქალიშვილი – 12 წლის მარტინა ნოვოტნი, რომელსაც პოლიციის თქმით, შემთხვევით მოუსმინეს. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, ეს ზომები აუცილებელი იყო. თუმცა, პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა, გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც განაცხადა, რომ „ჩეხი მოქალაქეების პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ქვეყნის პირველ პოლიციელს ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს ამის“ – მინისტრი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.