ვის სასარგებლოდ დათმო ადვილად პრეზიდენტობა ნინო ბურჯანაძემ და როგორ ეცვლებოდა პოლიტიკური განწყობა მას
„თბილისელები“ იწყებს ახალ რუბრიკას. ყოველ ნომერში წარმოგიდგენთ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ლიდერთა „ავტოპორტრეტებს“, რომელიც შედგენილია სხვადასხვა დროს მასმედიის საშუალებებით გამოთქმული მათივე მოსაზრებების შეჯერებით – დიალოგი საკუთარ თავთან, ყოველგვარი ჟურნალისტური კომენტარის გარეშე. იქიდან გამომდინარე კი, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში და გარემოებათა გათვალისწინებით, მათი შეხედულებები, იდეოლოგია, მრწამსი და ბრძოლის ხერხები, იმსახურებენ თუ არა საზოგადოების თვალში ნდობას და მიგვიყვანს თუ არა მათი გზა ტაძრამდე, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია.
ასე მოვიდა ხელისუფლებაში
„ჟვანიამ მითხრა, ერთი ბურჯანაძე მაინც მეყოლება სიაშიო. ვინ არის-მეთქი, ვკითხე, ნინო ბურჯანაძეა, ახალგაზრდა დოცენტია უნივერსიტეტში, ამერიკაში მირჩიეს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის წევრი ყოფილა, იცნობთ? მკითხა. კი, კარგად ვიცნობ-მეთქი. მაინც, როგორო? როგორც მამა – შვილს, ისე-მეთქი...“
ედუარდ შევარდნაძე
ნინო ბურჯანაძე
„ისეთ უმძიმეს მემკვიდრეობას ტოვებს სააკაშვილი, ბევრად მძიმეს, ვიდრე შევარდნაძემ დატოვა, რადგან დღეს ყველა მიმართულებით, სტრატეგიული თვალსაზრისით, თითქმის ჩიხამდე ვართ მისული. სასწრაფოდაა სწორი გზები მოსაძებნი...“
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„პრეზიდენტ შევარდნაძესთან შესანიშნავ ურთიერთობაშია მამაჩემი და მეტსაც გეტყვით, არც მე ვარ გადამტერებული, უბრალოდ, აღარ დააყენა ამ კაცმა საშველი და წამოვედი იქ, სადაც ვხედავ პერსპექტივას“.
„ახალი თაობა“, 11-12 სექტემბერი, 2003 წელი.
„მაშინ მხოლოდ სააკაშვილს არ გამოუვლენია რისკიანობა, შევარდნაძე არ წავიდა სისხლისღვრაზე და ნათელი იყო, რომ ის იარაღს არ გამოიყენებდა“.
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„დანგრეულია ყველაფერი, რისი დანგრევაც კი შეიძლებოდა. თუმცა, ამ პრობლემებს მოევლებოდა, ეს ხელისუფლება უსულგულო რომ არ ყოფილიყო. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ მაკრიტიკებენ და მე იქით ვუტევ, მაგრამ მაინტერესებს, აქვს თუ არა ამ მთავრობას ნება, გაუგრძელდეს უფლებამოსილება“.
„ალია“, 23-24 ნოემბერი, 2003 წელი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკოსისთვის მისი ხალხის დამოკიდებულებაა“.
„თბილისელები“, 22-28 სექტემბერი, 2008 წელი.
„რაც არ უნდა მიწოდონ, „ფქვილის პრინცესა“ თუ „ქატოს დედოფალი“, მსგავს პასკვილზე კომენტარს არ გავაკეთებ.
რაც უფრო აქტიური იქნება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მუშაობა, შემოტევები მით უფრო გაგრძელდება. ტყუილად ჰგონიათ, ამით მოახერხებენ, უკან დახევა მაიძულონ... თანამდებობიდან გადადგომას სერიოზულად ვფიქრობდი... მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე ვიბრძოლო. ამ ბრძოლაში უნდა გამოვიყენო ჩემი თანამდებობა, რომელიც მაძლევს საშუალებას, მქონდეს სერიოზული ინფორმაცია იმაზე, რაც მთავრობაში მოხდება. ხელისუფლებას ჩემი გადადგომით არ გავახარებ...“
„რეზონანსი“, 16 მარტი, 2003 წელი.
„ჩემთვის ნათელი იყო, რომ სააკაშვილისთვის მთავარი არ იყო ქვეყნის სტაბილურობა და ის, თუ რა ფასად მიაღწევდა წარმატებას“.
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით გამოვიდეთ... ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეყოლება ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი. გადავწყვიტეთ, ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა მონაპოვრის შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე“.
„რეზონანსი“, 27 ნოემბერი, 2003 წელი.
„ზოგიერთს, თურმე, არ მოსწონს, რომ ბურჯანაძისნაირი პოლიტიკოსები არიან ქართულ პოლიტიკაში“.
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„ჩვენ მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც საკუთარი ღირსების შელახვას არავის აპატიებს... ჩვენი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით გამოსვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი იყო... გვინდა, ყველა დავარწმუნოთ, რომ სამივე ლიდერს ძალიან კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთიანობას“...
„რეზონანსი“, 5 დეკემბერი, 2003 წელი.
„დადგა დრო, როცა ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს და ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მოქმედებდეს“.
„რეზონანსი“, 18 დეკემბერი, 2003 წელი.
„არ მჯერა არაფრის, რასაც პრეზიდენტი ლაპარაკობს“.
პირველი არხი, „პოლიტიკური კვირა“, მარტი, 2009 წელი.
„ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ნამდვილად განიხილებოდა და ადვილად დავთმე. მიმაჩნია, რომ მიშა ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. გარდა ამისა, ორი კანდიდატი რომ ყოფილიყო, საზოგადოებაში განხეთქილებას შევიტანდით“.
„ნეზავისიმაია გაზეტა“, ¹1, 2004 წელი.
„იმედით მივდივართ საპრეზიდენტო არჩევნებზე და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ. მიხეილ სააკაშვილის წარმატებაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.“
„ალია“, 12-14 დეკემბერი, 2003 წელი.
„სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა წავიდეს საქართველოს პრეზიდენტი, რამეთუ არანაირი სისტემის შეცვლა ამას არ უშველის, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არის პრეზიდენტი, რომელმაც თავის დროზე მოირგო ეს სისტემა“.
„რუსთავი 2“, 1 მაისი, 2009 წელი.
„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი რომ ამბობს, ქვეყანა უკან წავიდაო, უნდა რცხვენოდეს. ქვეყანა კორუფციის ჭაობში იხრჩობოდა... პენსიონერები ყოველთვიურად იღებენ პენსიას. რა თქმა უნდა, ეს მიზერულია და არც გაორმაგებულია სამყოფი, მაგრამ წინა ხელისუფლება იმ მცირე ოდენობის თანხასაც არ გასცემდა და თავის გულგრილობით შეურაცხყოფდა ხალხს... უკეთესი მდგომარეობაა ჯარის კვების, ჩაცმისა და შეიარაღების მხრივ. აღარაფერს ვამბობ პოლიციაზე, რომელიც თანდათან ისეთ სახეს იღებს, როგორიც უნდა ჰქონდეს“.
„კვირის პალიტრა“, 2-9 იანვარი, 2005 წელი.
„ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ითვალთმაქცოს, თვალებში გიყუროს და მოგატყუოს, ომი წააგოს და მთელ მსოფლიოს უძახოს, მე არ დამიწყია და მოვიგეო, იფორთხოს გორის ქუჩებში და ვაჟკაცობაზე გელაპარაკოს...“
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ქართველს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს დავანახვეთ, რომ ვართ ღირსი დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფოსი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის მამაცობისა და გამბედაობის გარეშე ვერც პირველი და ვერც მეორე რევოლუცია ვერ მოხდებოდა“.
TV „მზე“, 2004 წელი.
„ხელისუფლებამ თავი დაანებოს ხალხის მოტყუებას და მათთვის ცრუ იმედების მიცემას. მე არ მინდა, რომ ჩემი ხალხი, ჩემი თანამემამულენი უიმედოდ იყვნენ და სასოწარკვეთილებას მიეცნენ, მაგრამ ერთია, რომ სასოწარკვეთას არ უნდა მიეცე და, მეორეა, რომ როდესაც დამარცხებული ხარ, არ უნდა თქვა, ავად არ ვარო, იმიტომ, რომ მაშინ ვერასდროს გამოჯანმრთელდები“.
„თბილისელები“, 22-28 სექტემბერი, 2008 წელი.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემმა ხალხმა იცოდეს, იტყუება ნინო ბურჯანაძე თუ არ იტყუება და თუ არ იტყუება, მაშინ ვინ ავრცელებს შეგნებულად ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლების, პირადად ჩემი და ამ მოლაპარაკების პროცესების დისკრედიტაციას იწვევს“.
„ახალი თაობა“, 20 თებერვალი, 2008 წელი.
„არავინ თქვას, რომ მე არ მქონდა გარანტირებული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, მე არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ, თუ ვიქნებოდი, უნდა მქონოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა და იმის შესაძლებლობა, რომ ეს პასუხისმგებლობა ამეღო... როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში თავისი გუნდის გარეშე აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები მინიმუმამდე იყო შეზღუდული, ის საკმარის გავლენას ვერ მოახდენდა გადაწყვეტილებებზე“.
„თბილისელები“, 22-28 სექტემბერი, 2008 წელი.
„დღეს ბევრად უფრო მიმზიდველად მიმაჩნია თავი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის, ვიდრე ორი წლის წინ. როდესაც დავრწმუნდები, რომ სხვა მეტად გამოდგება ამ თანამდებობაზე, ნამდვილად არ ჩავებღაუჭები სავარძელს“.
„კვირის პალიტრა“, აპრილი, 2004 წელი.
„ის ამაზრზენი პოლიტიკა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მოღალატეებად წარმოაჩინოს, ძალიან მალე ცხვირში წამოენთხევათ სააკაშვილსაც და მის მანქურთებსაც, მართლაც სამშობლოს მოღალატეებს“.
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„ჩვენმა ოპონენტმა ისეთი თემები წამოსწიეს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია... ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს! არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო იმისთვის, რომ ქულები ჩაიწერო და მომხრეები მოიმატო. თანაც ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ ამით მომხრეებს იმატებენ, ძალიან ცდებიან“.
„ახალი თაობა“, 18 დეკემბერი, 2007 წელი.
„მე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ჩვენ აუცილებლად მივიდოდით ნოემბრამდე, მაგრამ ჩემი რესურსი შეზღუდული იყო და მე ვერ შევძლებდი ამის თავიდან აცილებას“.
„თბილისელები“, 22-28 სექტემბერი, 2008 წელი.
„7 ნოემბერი – ეს იყო მომიტინგეთა გარკვეული ნაწილის მცდელობა ხელისუფლებისა და ქვეყნის დაშანტაჟებისა... რომელიც კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ქვეყნის ინტერესებში შედიოდა... ამ ადამიანებთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს... ზოგიერთი მათგანი კადნიერდება და, 2007 წლის 7 ნოემბერს 1917 წლის 7 ნოემბერს ადარებს... მაგრამ დღეს უკვე წმიდანად შერაცხულ ნიკოლოზ მეორეს მაშინ უფრო მეტი პოლიტიკური სიმტკიცე რომ გამოეჩინა, რა აჯობებდა დღევანდელი რუსეთისთვის?!. ეს გადაწყვეტილება არ იყო იოლი მისაღები... მაგრამ ჩვენ უნდა გადაგვერჩინა ეს ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან“...
ფრაგმენტები 2007 წლის 9 ნოემბრის საპარლამენტო გამოსვლიდან.
„ჩვენ იძულებული ვართ, მოვითხოვოთ კონკრეტული ვადა – 9 აპრილი, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად“.
„ახალი ვერსია“, 25 იანვარი, 2009 წელი.
„ნოემბრის მოვლენების გამო გამოცხადებულ, მოკლევადიან საგანგებო მდგომარეობას შესაძლოა, სხვა ქვეყანაში დემოკრატიის დასუსტება, ან უარესი შედეგიც მოჰყოლოდა, თუმცა პრეზიდენტმა „არაჩვეულებრივ გამოსავალს“ მიაგნო და თავისი საპრეზიდენტო ვადის წელიწადზე მეტი ხნით შემცირების ხარჯზე ახალი არჩევნები დანიშნა“.
„ლე მონდა“, დეკემბერი, 2007 წელი.
„ჩვენ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლებას უნდა დაენიშნა ახალი არჩევნები ან წასულიყო. სამწუხაროდ, ასეთი ერთობაც ვერ მოხერხდა 2009 წელს ოპოზიციაში“.
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი უპრეცედენტო რამ გაკეთდა. უპრეცედენტო შემთხვევაა ის, რომ ხვალინდელ არჩევნებს უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს, საერთაშორისო ორგანიზაციების ასეთი აქტიური თანამშრომლობა მისასალმებელია... ნებისმიერი სახის კანონგადაცდომა, რომელი კანდიდატის სასარგებლოდაც არ უნდა იყოს იგი მიმართული, მკაცრად დაისჯება... სანამ რაიმეს გადაწყვეტენ, კარგად დაფიქრდნენ“.
„ახალი თაობა“, 5 იანვარი, 2008 წელი.
„მოვუწოდებთ ჩვენს მრავალრიცხოვან მომხრეებსა და სრულიად საქართველოს, საპროტესტო აქციების გზით, კონსტიტუციური გზებით შევცვალოთ ხელისუფლება და რეალურად დავადგეთ აღმშენებლობის გზას“.
„ახალი ვერსია“, 25 იანვარი, 2009 წელი.
„არჩევნების დღემ, მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურისა, მშვიდობიანად ჩაიარა... ახლა ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს... ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნორმალური, სერიოზული, მხოლოდ დემოკრატიული ბრძოლის მეთოდები იქნება გამოყენებული“.
„ახალი თაობა“, 7 იანვარი, 2008 წელი.
„ნათელი იყო, რომ რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას... სამწუხარო სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვერ ავიცილეთ თავიდან ეს მახე... მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალისმიერი გზით კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობას აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის ის რეაქცია, რაც მოჰყვა... ომმა, რომელიც ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა, რეალურად ძალიან დიდი ნეოპოლიტიკური რყევები გამოიწვია“.
„თბილისელები“, 22-28 სექტემბერი, 2008 წელი.
„ძალიან საინტერესოა და ლოგიკური კითხვები ჩნდება თუ ლოგიკა არ დაავიწყდათ რუს პოლიტიკოსებს, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ რატომ არ შეიძლება დაიშალოს საქართველო, ძალიან მარტივი კითხვა ისმის, რატომ არ შეიძლება დაიშალოს ასეთ შემთხვევაში რუსეთი? რა განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს აფხაზი ერი ჩეჩნების, დაღესტნელების, ჩრდილო ოსეთის მოსახლეობასა და ბევრი სხვა იმ სუვერენული რესპუბლიკის მოსახლეობასთან შედარებით, რომლითაც არის დასახლებული რუსეთის ფედერაცია. მაგრამ, თუ ვინმე შეეცდება, რომ საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება გამოიყენოს საქართველოს დასაქუცმაცებლად, აფხაზეთის აღიარებისთვის, ერთმნიშვნელოვნად მინდა, მათ პასუხი გავცე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა – ერი და ბერი გარდა იმ მოღალატეებისა, ვინც რუსეთს თავის ჩამონათვალში ჰყავს დადგება ერთიანი საქართველოს დასაცავად და არავინ არავის მისცემს საშუალებას, არსებული რთული პოლიტიკური ვითარება გამოიყენოს ქვეყნის უფრო დასასუსტებლად ან დასაქუცმაცებლად“.
„ახალი თაობა“, 8 ნოემბერი, 2007 წელი.
„რატომ არის დღეს იმის დეკლარირება, რომ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს – სამშობლოს ღალატი?!“
„თუ რუსეთი საქართველოს მომავალშიც ისევე მოეკიდება, როგორც რაღაც დანამატს საგარეო ურთიერთობებში, მაშინ ჩვენ შორის პარტნიორული ურთიერთობა არ გამოვა. ასე იქნება მანამ, სანამ მოსკოვი საქართველოს „უფროსი ძმის“ პოზიციებიდან ელაპარაკება. ოდესმე ხომ უნდა დაძლიოს რუსეთმა საკუთარ თავში ეს „იმპერიული სინდრომი“? მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის ოპოზიციაში ვარ, შევეცდები, ობიექტური ვიყო, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი არ მოგწონს, მთელი ერი არ უნდა დასაჯო. ეს კი ნამდვილად ასეა... რუსეთი – ეს ის ქვეყანაა, რომლის გამოც საქართველომ აფხაზეთი, მანამდე კი სამხრეთ ოსეთი დაკარგა და მუდამ სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის“.
„შემოვიდა რუსეთი, დაეუფლა შუქსაც, გაზსაც და რა მერე? მერე ის, რომ გაზი გაგვიძვირა“.
„ალია“, 11-12 სექტემბერი, 2003 წელი.
„მე ვიცი, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და მას ანგარიში უნდა გავუწიოთ“...
„რუსთავი 2“,„არჩევანი“, ჩართვა მოსკოვიდან, მარტი, 2010 წელი.
„რუსეთს აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება, მაგრამ ჩვენი სუვერენული უფლებაა, შევიდეთ იმ ორგანიზაციაში, რომელში ყოფნაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. საქართველო ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, იქნება ნატოს წევრი“.
„ახალი თაობა“, 10 აპრილი, 2009 წელი.
„ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს პრინციპულობა აკლიათ. უჭირთ თავიანთი გადაწყვეტილების დაცვა. შეიძლება, გუშინ რაღაცაზე შევთანხმდით, მაგრამ ხვალ შეიცვალოს ვითარება და აუცილებლად უნდა გეყოს ამის თქმის გამბედაობა. ისინი კი ან იმალებიან, ან თქმის ეშინიათ... მე ვერ დავინახე ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ის გონივრული გამბედაობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ბნელ ძალას მოერიო, მაგრამ მაინც მოვერევით“.
„თბილისელები“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.
„მე ყოველთვის ვაკეთებდი და გავაკეთებ ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ბუნებრივია, არის კრიტიკული დამოკიდებულებაც: რატომ მეტი ვერ გააკეთა ბურჯანაძემ? მაგრამ, მოდი, ვთქვათ, ჰქონდა ბურჯანაძეს კრიტიკულ ვითარებაში სერიოზული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და გავლენა?“
„თბილისელები“, 22-28 სექტემბერი, 2008 წელი.
„გამაგებინეთ, მაგას რა, ჰგონია, ხალხი დებილია?!“
„ალია“, 6-8 სექტემბერი, 2003 წელი.