ტრაგედია უგმიროდ
მართალია, ჯერ მეორე ვადაც არ გასრულებულა და საქმესაც ისეთი პირი უჩანს, რომ არც მესამე და მეოთხეა გამორიცხული (თუნდაც, გადატანითი მნიშვნელობით), მაინც გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გზები რევოლუციური საქართველოს სავიზიტო ბარათია. როგორც ჩანს, ამ ჭეშმარიტების უტყუარობას ჭეშმარიტებისვე ავტორ-შემოქმედიც (ანუ ჩვენი ხელისუფლებაც) გრძნობს. ჰოდა, რაკი უგრძნია, თავის მიერ დაგებული გზები დიდ პატივშიც ჰყავს: პროცესიც (დაგების) აქტიურად შუქდება (რაც გვაფიქრებინებს, რომ მადლიერი შთამომავლობა ქართულ ელმედიასაც დაუფასებს აღმა-დაღმა კამერებით სირბილს), ფოტოგამოფენაც (გზების) მოეწყო (იმის დასტურად, რომ საქართველოში თვით დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც კი გზები ჩამოსაწერი იყო) და საუკუნის გამოცემაც მზადდება ახლად დაგებული გზების ილუსტრაციებით (ბუნებრივია, იქ უკვე აყრილი ან სამჯერ გადაგებული გზები ვერ მოხვდება, რათა პეიზაჟი არ გაგვიფუჭონ). უფრო მეტიც, მეგზევისთვის ძეგლის დადგმაც იგეგმება, სავარაუდო პრინციპით: „უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო“. მეორე მხრივ, პაშა ანგელინა თუ სტახანოვგამოვლილებს, ბუნებრივია, ვერც ხატადქცეული მეგზევე გაგვაკვირვებს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ აგვისტოს ომის დროს ტყვედ აყვანილმა ქართველმა ჯარისკაცმა გიორგი ანწუხელიძემ სეპარატისტებსა და ოკუპანტებს მიწაზე დაჩოქვასა და სეპარატისტთა დროშის კოცნაზე უარი განუცხადა, რის გამოც საშინელი წამებით მოკლეს (რის ამსახველი კადრების ნახვა YOUTUBE.COM-ზე, განსაკუთრებით, მეგზევის ძეგლის ავტორებს გაუღვიძებდა მუზას, ოღონდ, ამ და მსგავსი გმირობების გასახმაურებლად თავდაცვის სამინისტროს არც სცხელა), ვეჭვობ, მეგზევის ძეგლმა მოახერხოს ჩვენში საღათას ძილით მისავათებული ღირსების გაღვიძება!