თანამოაზრეები
„ორდენები გზად და ხიდად“
მართალია, ბოროტები ამბობენ, საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავები აღარ სწყალობენო, მაგრამ მოყვარეთა გასახარად და მტერთა გულთა გასაგმირად, გასულ კვირას ჩვენს სამშობლოს ორი მაღალი რანგის, თუმცა აწ უკვე გადამდგარი სტუმარი ეწვია: ჰავიერ სოლანა (ევროკავშირის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი) და სთროუბ თელბოთი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე). თუ სტუმრების მიღება-დახვედრის ცერემონიალით ვიმსჯელებთ: ბებერი ხარისა არ იყოს, გადამდგარი ჩინოვნიკების რქებიც ხნავს და მერე როგორ! მათ პირველმა პირმა თავის სასახლეში უმასპინძლა და ორივე მათგანს „ოქროს საწმისის“ ორდენებიც გადასცა (რას მიქვიან მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი სიტყვაო?!). ბ-ნმა თელბოთმა არც ის დაგვიმალა, რომ საქართველოში პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრძანდებოდა და არც ის, რომ იმან, რაც ახლა დაინახა, მასზე წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა (საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იმ დროშის ქვეშ დგას, რომელიც ევროკავშირის დროშის გვერდითააო). ბუნებრივია, სტუმარს აღარ გაუმახვილებია ყურადღება იმ პროზაულ ფაქტზე, რომ ეს დროშა უკვე ვეღარ სწვდება მთელ იმ ტერიტორიას, რომელიც საქართველოდ მისი პირველი სტუმრობის დროს იწოდებოდა. სამაგიეროდ, ჩემმა ელკოლეგებმა გაგვახარეს, რომ ორივე სტუმარმა ახსენა სიტყვა „ოკუპაცია“ (მერე რა, რომ მათ გარეშეც ვიცოდით, რომ ოკუპაცია იყო, მაინც გაგვიხარდა ისე, როგორც ეს პოსტრევოლუციური საქართველოს დასავლურად ორიენტირებულ მოქალაქეებს უნდა გახარებოდათ). მეტიც, ბ-ნმა თელბოთმა კონფლიქტების მოგვარების მისეული ხედვაც გაგვაცნო: მოქნილი დიპლომატია და, უპირველესად, მოსახლეობასთან შერიგებაო (რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ოსებსა და აფხაზებს უნდა შეურიგდნენო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნ ნოღაიდელს თავი მოსწონს ფორმულით: უნდა დავიბრუნოთ ოსები და აფხაზებიო, გამოდის, რომ ეს ორი ბატონი (თელბოთი და ნოღაიდელი) ერთ აზრზე ყოფილა. ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, ამ დამთხვეულობის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ და არც ის, თუ ასეთი დამთხვეულები არიან, ერთ ყოფილს რატომ უწოდებს პრეზიდენტი მეგობარს, მეორე ყოფილს კი – მტერს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პირველ პირს მეგობრებისთვის არც მედლები ენანება და არც ორდენები, იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში რუსთაველის თეზა (შესაძლოა, ბ-ნი კაკალაშვილის პოეზიის გავლენითაც) შემდეგნაირად ისმის: „… ორდენები გზად და ხიდად“!