„ნაკოლი“
ოხრად დარჩენილების ექსტაზი
იმის გარდა, რომ მსოფლიოში, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში ვართ შეყვანილი, ამ მაჩვენებელს არც ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობით ვაფუჭებთ: არაოფიციალური ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ნარკომანების რიცხვი 200 000-250 000-ია, ამის პარალელურად, „C“ ჰეპატიტიც გვიტევს (მთელ აღმოსავლეთში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი გვიჭირავს). ამ საგანგაშო ინფორმაციაზე სიუჟეტებს არც ქართული ელმედია იშურებს (ან კი, როგორ დაიშურებს, რადგან ყველაფერი ოხრად გვრჩება). ჰოდა, რაკი არ იშურებს, გასულ კვირას გვაცნობეს, რომ ქართველი ახალგაზრდების ნაწილი ნარკოტიკებს ინტერნეტით იწერს და საქონელს ფოსტით იღებს. ბუნებრივია, სიუჟეტი დროული და აქტუალურია, თუნდაც, იმიტომ, რომ ამ მხრივ პრევენცია გატარდეს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ (იმავე სიუჟეტით)კანონს ამის აკრძალვის არანაირი მექანიზმი არ აქვს (ინტერნეტით გამოწერა ნებისმიერს შეუძლია, საფოსტო გზავნილის გახსნა კი აკრძალულია), გამოდის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინც არ იცოდა, გააგებინეს, ხოლო, ვინც იცოდა, დაამშვიდეს, რომ კანონი მათ ამ ფარულ ვნებას ნელი სიკვდილისკენ ვერ გააკონტროლებს.