ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს რატომ არ შეიძლება ძაღლის ხშირი დაბანა?
პასუხი: ძაღლისთვის ხშირი დაბანა არაა რეკომენდებული. ძაღლის კანი და ბეწვის საფარი ისეა ანატომიურად მოწყობილი, რომ მისი ხშირი დაბანა გამოიწვევს გამოშრობას, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში სხვა დაავადებების განვითარებას.
კითხვა: მითხრეს, რომ სხვადასხვა სახის მედიკამენტი არსებობს, რითიც ძაღლი უნდა აიცრას. რომელია უკეთესი და შეიძლება თუ არა აცრის სახლის პირობებში ჩატარება?
პასუხი: ვაქცინები, რითაც ძაღლს ვცრით მრავალი სახისაა. რა თქმა უნდა, მისი შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა კომპონენტებს შეიცავს, რისი საწინააღმდეგოა და მწარმოებელი, რომელსაც აუცილებლად რეგისტრაცია გავლილი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. რაც შეეხება სახლში აცრას, არ გირჩევთ, რადგან აცრას შეიძლება, სერიოზული გართულება მოჰყვეს ანაფილაქსიის სახით. ამიტომ აუცილებელია, აცრა ვეტერინარმა ჩაატაროს.
კითხვა: როგორ გავარკვიოთ ვინ იყვნენ ძაღლის წინაპრები? სამწუხაროდ, ჩემს ძაღლს არ ჰქონდა დაბადების მოწმობა და ამიტომ არაფერი ვიცით მისი მშობლების შესახებ. არის შესაძლებელი ამის მოძიება?
პასუხი: ის მაინც უნდა გაარკვიოთ თუ რომელ კინოლოგიურ კლუბშია თქვენი ძაღლის წინაპრები დარეგისტრირებული. იქ კი მონახავთ, დარეგისტრირებულია თუ არა შეჯვარება. ასე გაარკვევთ თქვენი ძაღლის წარმომავლობას.
კითხვა: ჩემს ძაღლს ხშირად აქვს თვალების პრობლემა – სდის თვალიდან ცრემლი. მაინტერესებს რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ანთებითი პროცესი, რასაც ხშირად ძაღლის მოვლის პირობები იწვევს. ამისთვის საჭიროა, მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან, რომელიც დასვამს დიაგნოზს, დააზუსტებს მიზეზს და დაგეხმარებათ მის მკურნალობაში.
კითხვა: მინდა, შევიძინო ლაბრადორის ლეკვი. იქნებ მითხრათ, ადვილი გასაზრდელია თუ არა ის და რა უარყოფითი მაჩვენებელი აქვს ამ ჯიშს?
პასუხი: როგორც ყველა ჯიშის ლეკვს. ლაბრადორსაც სჭირდება ყურადღება და მზრუნველობა. ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად მის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებას ზრდის პროცესში. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლაბრადორი ძალიან კომუნიკაბელური და ნიჭიერია, მისი ერთადერთი უარყოფითი თვისებაა ის, რომ ახასიათებს ბეწვის ცვენა და საჭიროებს რეგულარულ ვარცხნას.