კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰქონდა თუ არა სასიყვარულო კავშირი საკუთარ მამიდაშვილთან გურჯ ხათუნთან დავით ულუს და რას სჩადიოდა იგი ეჭვიანობის გამო


დავით ულუ ლაშა გიორგის ერთადერთი და უკანონო ვაჟი გახ­ლდათ. მან საკმაოდ რთული გზა განვლო სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. რამდენჯ­ერმე სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ამ ყოველივემ კვალი დააჩნია მის პიროვნებას, რამაც ანარეკლი პოვა დავით ლაშას ძის მეტყველებაზე, ამასთანავე იყო მშიშარა და საშინელი ეჭ­ვიანი. საბოლოოდ, ულუ დავით ნარინთან ერთად გაამეფეს მონღოლებმა. ასე დაიწყო ორმეფობა საქართველოში. ამის შესახებ ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვიამბობს:


– საქართველოს ისტორიას ბევრი ტრაგიკული მეფე ახ­სოვს, რომელთა შორის დავით ულუ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია. ჯერ იყო და ბავშვობაში დასცინოდნენ მას, როგორც ლაშა გიორგის ნაბუშარს. შემდგომ სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ხოლო, ცხოვრების მეორე ნახ­ევარში, როცა ის უკვე მეფე გახ­და, მონღოლებთან ჭიდილში ხან ოქროს ურდოშო იყო, ხან – ყარაყუმის გზაზე ან სულაც სიბაზე იდგა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლაშა გიორგის მოეწონა ველისციხ­ელი ქალი, რომელიც ქმარს წაჰ­გვარა. მიიყვანა სასახ­ლეში და სწორედ მასთან შეეძინა დავითი, მისი ერთადერთი პირმშო. მოგვიანებით ეს ქალი ისევ ქმართან დააბრუნეს და ლაშას არ მისცეს მასზე ქორწინების უფლება. დავითი კი სასახ­ლეში იზრდებოდა. მემატიანეს ინფორმაციით, ლაშა-გიორგის სიკვდილის წინ თავისი დისთვის, რუსუდანისთვის ანდერძად დაუბარებია, როგორც კი ჩემი ვაჟი, დავითი გაიზრდება, ის გაამეფეო. მანამდე კი ქვეყანას რუსუდანი განაგებდა.

– შეასრულა რუსუდანმა ლაშას ანდერძი?

– არა, უფრო მეტიც, დავითის თავიდან მოიშორების მიზნით, რუსუდან მეფემ, ის თავის ქალიშვილთან, თამართან გაგზავნა. თამარ რუსუდანის ასული, გათხ­ოვილი იყო სულთან ყიასადინზე. ისტორიაში იგი გურჯი ხათუნის სახ­ელით არის ცნობილი. ყიასადინს დიდი სიყვარული აკავშირებდა თამართან. მან, არათუ ისლამის მიღება მოითხ­ოვა უსაყვარლესი ცოლისგან, არამედ მის სახ­ელზე ტაძარიც კი ააგო საკუთარ სახ­ელმწიფოში.

– როდის ჩავიდა დავითი თავის მამიდაშვილ თამართან?

– დავითი ახ­ალგაზრდა ყმაწვილი იყო, როდესაც თამართან ჩავიდა. მემატიანე მოგვითხ­რობს, რომ რუსუდან მეფე საქართველოდან მის მოშორებას არ დასჯ­ერდა და ყიასადინს მალულად მისწერა: ნუთუ ვერ ამჩნევ, როგორი ურთიერთობა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან, ვერ ხედავ, რომ დავითს და თამარს ერთმანეთი უყვართო? მართალია, თამარს და დავითს მათლა დაძმური სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან, მაგრამ ვინაიდან ისლამური რელიგიისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილის სასიყვარულო ურთიერთობა არ არის უცხო, ამიტომაც ყიასადინმა ადვილად დაიჯ­ერა თამარისა და დავითის სიყვარულის ამბავი და ამით, რუსუდანის ანკესზეც წამოეგო.

– რა მოიმოქმედა ცოლის ღალატში დაეჭ­ვებულმა ყიასადინმა?

– მიუხ­ედავად ყველაფრისა, ყიასადინს მაინც გაუჭ­ირდა სახ­ალხ­ოდ დავითის დასჯა, ამიტომ შეიპყრო და მეზღვაურებს გაატანა, რომელთაც უბრძანა, მისთვის ბორკილები დაედოთ და შუა ზღვაში გადაეგდოთ. მეზღვაურებმა მართლაც შეასრულეს ყიასადინის ბრძანება. თუმცა, ერთ-ერთმა ღვთისნიერმა ვერ მოითმინა და ბედს მინდობილ დავითს წყალში პატარა ნაფოტი გადაუგდო. მართლაც, ისე მოხ­და, რომ დავითი ამ ნაფოტის წყალობით გადარჩა. 6 თვის განმავლობაში, სანამ მომჯ­ობინდებოდა, ფეხ­ზე დადგებოდა და მისი გადარჩენის ამბავი ყიასადინის ყურამდე მიაღწევდა, დავით ლაშას ძე ადგილობრივ ვაჭ­არს ჰყავდა შეფარებული.

– რა მოხ­და მას შემდგომ, როდესაც ყიასადინმა დავით ლაშას ძის ადგილსამყოფელი შეიტყო?

– ყიასადინმა კვლავ შეიპყრო იგი, ამჯ­ერად დაატყვევა და ორმოში ჩააგდო, ზემოდან კი უზარმაზარი ქვა დააფარა.

ცნობილია, რომ გარდაცვალების წინ მამამ – ლაშა-გიორგიმ დავითს, ერთგული მსახ­ური, სოსანა მიუჩინა. სოსანამ მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა. ვფიქრობ, მასზე ერთგული ამ ადამიანს არავინ ჰყოლია. სწორედ, სოსანა იყო ის ადამიანი, ვინც ხაროში ჩაგდებულ დავითს ყოველდღე საჭ­მელს უზიდავდა. ამასობაში საქართველოში პოლიტიკური ვითარება იცვლება. საქმე ისაა, რომ 1245 წელს მეფე რუსუდანი გარდაიცვალა. მანამდე, მან მეფედ დასვა თავისი ვაჟი დავითი, მაგრამ იმისთვის, რომ დავით რუსუდანის ძე მეფედ ეღიარებინათ და ეკურთხ­ებინათ, იგი ჯერ სომხ­ეთში მჯდომ ნოინთან ჩავიდა. მან კი ოქროს ურდოში გააგზავნა ბათო ყაენთან, ამ უკანასკნელმა – ყარაყურუმში დიდ ყაენთან, რადგან ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

ამ სიარულში დრო გავიდა, ეს ხომ შუა საუკუნეებია. ჩვეულებრივ მოგზაურებს დღეში 50 კილომეტრზე მეტის გავლა უჭ­ირდათ. ვოლგისპირეთიდან, სადაც იმხ­ანად ბათო ყაენის დედაქალაქი იყო, ყარაყურუმამდე 5 000 კილომეტრამდე მანძილია. ამ ტერიტორიის გავლას ძალიან დიდი ხანი დასჭ­ირდებოდა. 5-6 თვე, ან კიდევ უფრო მეტიც. ამ ხნის განმავლობაში დავით რუსუდანის ძის ასავალ-დასავალის შესახ­ებ, საქართველოში, არავინ არაფერი უწყოდა. მე დარწმუნებული ვარ რუსუდანი შვილის დარდს გადაჰ­ყვა. ქვეყანა დარჩა მეფის გარეშე. აი, ამ დროს, დიდებულთა ნაწილმა გაიხ­სენა, უფლისწული დავით ლაშა-გიორგის ძე. მის მოსაძებნად საქართველოდან საგანგებო დელეგაცია წავიდა ყიასადინთან. როგორც კი სოსანამ მათი ჩასვლის ამბავი შეიტყო, მაშინვე მოძებნა ქართული დელეგაცია და უფლისწულის ამბავი ამცნო.

– ამის შემდეგ რა მოხ­და?

– ყიასადინმა დასთმო ტყვე. მემატიანე გადმოგვცემს, რომ ხაროდან ამოყვანილი დავითი საშინელი დასანახი ყოფილა. ის საგანგებოდ მოაწესრიგეს და საქართველოში წამოიყვანეს. ასე აღმოჩნდა სასიკვდილოდ განწირული დავით ლაშა-გიორგის ძე ერთიანი საქართველოს ტახ­ტზე. თუმცა, ისიც ხომ უნდა ეღიარებინათ მონღოლებს.

– როგორ მოახ­ერხ­ეს ეს დავით ლაშას ძემ და მისმა მომხ­რეებმა?

– დავით ლაშას ძემაც იგივე გზა განვლო ტახ­ტის ძიებაში, რაც დავით რუსუდანის ძემ. ბოლოს კი, ორივე დავითი ყარაყურუმში შეხ­ვდა ერთმანეთს. პირველი, რაც ამ შეხ­ვედრას მოჰ­ყვა, იყო კონფლიქტი მათ მხლებლებს შორის. სიტუაცია ისე წარიმართა, რომ ტახ­ტზე უნდა დაესვათ დავით რუსუდანის ძე, თუმცა ბოლო მომენტში, ერთ-ერთი ელჩის რჩევით ლაშას ძის მომხ­რეებმა მოახ­სენეს ყაენს: ჩვენს დავას რატომ სჯით ქართული კანონებით? ჩვენ ხომ მონღოლეთის შემადგენლობაში ვართ? დაე, ყველაფერი მონღოლური კანონებით განსაჯ­ეთო. მონღოლეთში მაშინ, უკანონო და კანონიერი შვილის ცნება არ არსებობდა. შვილი – შვილია. მართლაც, მონღოლეთიდან, ორივე დავითი დაბრუნდა როგორც საქართველოს მეფე. ერთ დავითს უწოდეს ულუ, ესე იგი უფროსი და მეორეს – ნარინი, ანუ უმცროსი. რა თქმა უნდა, მონღოლების გათვლა აბსოლუტურად პრაგმატულ მიზნებს ემსახ­ურებოდა. ორ მეფეს შორის აუცილებლად დავა უნდა წარმოშობილიყო, რაც მათი გათვლით საქართველოს დასუსტებამდე, სამოქალაქო ომამდე და დაშლამდე მიიყვანდა.

– როგორ განაგებდა ქვეყანას ერთად ორი დავითი?

– რამდენიმე წელი ორივე დავითი შეხ­მატკბილებულად მართავდა ქვეყანას. ჟამთააღმწერელი ამბობს, რომ უნახ­ავს სიგელები, რომელზედაც ორივეს ხელრთვა იყო დასმულიო. თუმცა, შემდეგ, ჯერ ნარინი აუჯ­ანყდა მონღოლებს და გადავიდა დასავლეთ საქართველოში, შემდეგ – ულუ. ერთი პერიოდი ორივე მეფე ქუთაისში აღმოჩნდა. იქაც მშვიდობიანი იყო მათი ურთიერთობა, მაგრამ მალე გამჟღავნდა ულუს შეთქმულება ნარინის წინააღმდეგ, რომლის შემდეგაც ურთიერთობა მათ შორის დაიძაბა. მართალია, საქმე სამოქალაქო ომამდე არ მისულა, მაგრამ მეფეებმა საქართველო, ფაქტობრივად, შუაზე გაიყვეს, მათ შორის სამეფო ხაზინაც, დიდებულებიც და ასე შემდეგ. დასავლეთ საქართველო დავით ნარინს ერგო სამართავად, აღმოსავლეთი კი – ულუს. მიუხ­ედავად ამისა, საქართველო ჯერ ისევ ორი მმართველობის ზონად გაყოფილი ერთი ქვეყანა იყო.

ამ ფაქტის შემდეგ, დავით ულუ იძულებული გახ­და დაზავებოდა მონღოლებს. სიცოცხ­ლის ბოლო პერიოდში ის სიბაზე დგომით იხ­დიდა მონღოლებისაგან შეწირულ სამხ­ედრო გადასახ­ადს. სიბა იყო საგანგებოდ შექმნილი სამხ­ედრო თავდაცვის ხაზი, რომელიც შეიქმნა ჩრდილოეთიდან შემოსევების ასაცილებლად. მეცამეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მონღოლთა ერთიანობა უკვე დარღვეული იყო. კავკასიაში გასაბატონებლად იბრძოდა ილხ­ანთა ულუსი და ოქროს ურდო. საქართველო ილხ­ანთა სახ­ელმწიფოს ემორჩილებოდა. ოქროს ურდოს მმართველები დარუბანდის გავლით ხშირად იჭ­რებოდნენ ხოლმე კავკასიაში და აქედან ილხ­ანთა სახ­ელმწიფოს შიდა რაიონებში. სიბა, სწორედ ამ ლაშქრობებისგან დასაცავად შეიქმნა დღევანდელი აზერბაიჯ­ანის ტერიტორიაზე. დავით ულუს რამდენიმე თვის განმავლობაში უხ­დებოდა სიბაზე ყოფნა, საკმაოდ მძიმე და მკაცრ პირობებში.

– რთული ცხოვრებისეული გზა განვლო დავით ულუმ და ალბათ, ამან თავისი კვალი დაასვა მის პიროვნებას?

– გზა, რაც დავით ულუმ გაიარა, იყო საკმაოდ ტრაგიკული. ამან კი დიდი კვალი დატოვა მის პიროვნებასა და ფსიქიკაზე. პირველი იყო ის, რომ ენას უკიდებდა, რაც შიშის და სტრესის ფონზე განვითარებული მოვლენაა; მეორე – მას არ ჰქონდა მეფის შესაფერისი აღზრდა; მესამე – აკლდა მჭევრმეტყველება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლითაც მისი პიროვნება ხასიათდებოდა, ეს იყო შიში. როგორც წყაროებიდან ჩანს, დავით ულუ საშინლად ეჭ­ვიანი გახ­ლდათ. ფაქტობრივად, მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, ვინც ერთგულად ემსახ­ურებოდა, ეჭ­ვიანობის გამო მოაკვლევინა. ასეთია დავით ლაშას ძის ფსიქოლოგიური პორტრეტი.

– რაც შეეხ­ება დავით ულუს პირად ცხოვრებას?

– დავით ულუს სამი მეუღლე ჰყავდა. ამ სამიდან ორს, ოჯ­ახ­ის პარალელურად სხვა პიროვნებებთანაც ჰქონდა რომანი.

ულუს პირველი მეუღლე წარმოშობით გახ­ლდათ მონღოლი ჯიგდა ხათუნი, რომელთანაც მას შვილი არ ეძლეოდა. ამიტომ, ამ ქალბატონმა ნება დართო ქმარს, ოსთა მეფის ასული დაესვა ხარჭ­ად. მასთან მეფეს 2 შვილი შეეძინა, რის შემდეგაც მეფე კვლავ გაშორდა ამ ქალს. შვილებს კი ჯიგდა ხათუნი ზრდიდა. მეფეს ხშირად უხ­დებოდა ქვეყნის დატოვება სხვადასხ­ვა მონღოლურ დავალებებზე წასვლისას. ამ პერიოდისთვის ქვეყანას ფაქტობრივად ჯიგდა ხათუნი განაგებდა ხოლმე. სწორედ, ამ დროს ჩნდება ასპარეზზე მესტუმრე ჯიქური, რომელიც უახ­ლოვდება ხათუნს. ავი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ მათ ინტიმური ურთიერთობაც ჰქონდათ ერთმანეთთან. ფაქტია, რომ მესტუმრე ჯიქური, რომელიც არც წარმოშობით და არც თანამდებობით არ იმსახ­ურებდა დაწინაურებას, რეალურად სახ­ელმწიფოში მეორე კაცი გახ­და. სხვათა შორის, ის ძალიან ენერგიული ადამიანი აღმოჩნდა და ბევრი პრობლემაც მოაგვარა ქვეყნის შიგნით. მესტუმრე ჯიქურიც დავით ულუმ მოაკვლევინა. მეფეს ამბავი მიუტანეს – მესტუმრე ჯიქური გღალატობს და შენს შესახ­ებ ინფორმაციებს მონღოლებს აწვდისო. ულუმ ის ეჭ­ვიანობის გამო, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე გადმოაგდებინა მოახ­ლეებს ისნის ციხ­იდან.

– ვინ იყვნენ დავით ულუს დანარჩენი ცოლები?

– მეფის მეორე ცოლი იყო გვანცა. მხარგრძელის ნაცოლარი, რომელიც მეფემ მისი ქმრის პანაშვიდზე იხ­ილა, როცა ის მისასამძიმრებლად იყო მისული. დავითს მოეწონა ახ­ალგაზრდა ლამაზი ქვრივი და როგორც კი ყველაფერი ჩათავდა, გვანცა სასახ­ლეში წაიყვანა. გვანცა დედოფალი არის დედა დემეტრე მეორისა. ულუს მესამე ცოლი იყო ესუქანი, ნოინის ქალიშვილი. ისტორიკოსი გვეუბნება, რომ მან დავითს უღალატა და საქმე დაიჭ­ირა ბასილ ჭყონდიდელ-უჯ­არმელთან. მან სასულიერო პირისთვის არასაკადრისი საქციელი ჩაიდინა, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯ­ესო.

– თავად დავით ულუ როგორ აღესრულა?

– ულუ სიბაზე დგომისას დასნეულდა. შეიძლება 1270 წელს მისი სიკვდილი ამ ავადმყოფობას განეპირობებინა, მაგრამ, სამეფო კარზე იმ დროს სხვა ჭორიც დადიოდა: როგორც ამბობდნენ, მეფე საკუთარმა ცოლმა – ესუქან დედოფალმა მოწამლა. ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, მართლაც ჰყვარებია ბასილ უჯ­არმელი. დავით ულუს ბასილის სიკვდილით დასჯა არ აპატიაო მონღოლმა დედოფალმა. არავინ უწყის, მართალია თუ არა ეს ამბავი.

დავითი დიდი პატივით წაასვენეს მცხეთაში და სამეფო საძვალეში დამარხ­ეს. ამის შემდეგ კი მის მაგივრად ტახ­ტზე დემეტრე უფლისწული ავიდა.




скачать dle 11.3