რატომ არის დასაფლავებული ნიკოლოზ ჩხოტუას გული თბილისში, სხეული კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორ გახდა ის კარდინალის სწავლული მდივანი და მალტის ორდენის წევრი
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს შორის, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ და ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში, ერთ-ერთი გამორჩეულია ნიკოლოზ ჩხოტუა. ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია და შემოქმედება. ამ დიდი ქართველის, შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი.
– ვერის სასაფლაოზე, წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიასთან ერთ საფლავში, დედისა და დის გვერდით, დაკრძალულია ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული. მას, 1984 წელს, სიკვდილის წინ, ოჯახისთვის ანდერძად დაუბარებია – სხეული თუ არა, გული მაინც მიაბარეთ მშობლიურ მიწასო. მოგვიანებით, მისი უფროსი ვაჟის, ზურაბ ჩხოტუას თხოვნას ჟენევაში საბჭოთა კავშირის გენერალურ საკონსულოსადმი – დახმარება აღმოეჩინათ მამის გულის საქართველოში გადასვენებაში, შედეგი არ გამოუღია, უფრო მეტიც – ის პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს. ამიტომ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, 1987 წელს, ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა „გულის“ მსგავსად, ნოსტალგიითა და სამშობლოს ნახვის ნატვრით დაფერფლილი ჩხოტუას გული დაწვეს. ერთ წლის შემდეგ კი, თბილისში ტურისტად ჩამოსულმა ზურაბის მეუღლემ, მარიეტამ და ოჯახის მეგობარმა – ოლგა ფონ დენმა, ურნა ნიკის დაფერფლილი გულით თბილისელ ნათესავებთან ერთად, ქართულ მიწას მიაბარეს, ხოლო პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაუხადეს. 19 წლის შემდეგ, 2009 წლის 5 მარტს, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქციამ როსტომ ჩხეიძის ინიციატივით, ვერის სასაფლაოზე მამა კახაბერმა პანაშვიდი გადაუხადა ნიკო ჩხოტუას და აკურთხა მისი სიმბოლური საფლავი. თვით ის ფაქტი, რომ შოპენის მსგავსად, ერთი ქართველის გული განისვენებს სამშობლოში – ამაღელვებელი და სევდის მომგვრელია, მაგრამ ნიკო ჩხოტუა არ იყო რიგითი ქართველი ემიგრანტი, მისი ბიოგრაფია და შემოქმედება დიდად საყურადღებო და დასაფასებელია. 2009 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „მარადიული სიყვარულის“ ქართული თარგმანი (მთარგმნელები – ირაკლი თოფურია და კახა ჯამბურია).
– ქალბატონო რუსუდან, სად დაიბადა ნიკოლოზ ჩხოტუა და როგორ აღმოჩნდა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა საქმიანობას ეწეოდა?
– ნიკოლოზ ჩხოტუა დაიბადა 1905 წელს, ბათუმში. მამა – შალვა ჭყონია, მდიდარი ბიზნესმენი იყო, დედა – პელაგია – სამურზაყანოელი თავადის, დავით ჩხოტუას ქალიშვილი, რომლის გვარიც აიღო ნიკიმ ემიგრაციაში. ნიკი 16 წლამდე ბათუმსა და თბილისში ცხოვრობდა, ზაფხულობით კი – საფრანგეთში, მონპელიეში, სადაც ოჯახს საკუთარი სახლი ჰქონდა. მან თბილისის გიმნაზია დაამთავრა. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის გამო, ის სამშობლოს გაარიდეს და განათლების მისაღებად ევროპაში გაგზავნეს. სწავლობდა პარიზსა და ბერლინში, ტუბერკულოზით დაავადების შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა და დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ – ვატიკანის აკადემია. მის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა ინგლისელმა ნათესავმა ვერონიკამ, რომელიც 1918 წელს საქართველოში შემოსულ დიდი ბრიტანეთის გარნიზონს შემოჰყვა, როგორც „წითელი ჯვრის” თანამშრომელი და შემდეგ ნიკის ბიძაშვილს გაჰყვა ცოლად. სწორედ ვერონიკამ ურჩია ნიკის, სამკურნალოდ ინგლისში წასულიყო. 1931 წელს ის მართლაც გაემგზავრა ინგლისში, სადაც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ნიკიმ იქ ცხოვრებისას მეხუთე ენა – ინგლისური შეისწავლა და 1933 წელს ამერიკაში გადასახლდა. ის საკმაოდ მრავალი ნიჭით იყო დაჯილდოებული: ერთი პერიოდი ჰოლივუდში მღეროდა და მსახიობობდა და სწორედ მაშინ გაიცნო მან მსახიობი და მოდელი კეროლ მარმონი – საავტომობილო ფირმა, „მარმონის“ დამაარსებლისა და პრეზიდენტ რუზველტის სამხედრო მრჩევლის, ჰოვარდ მარმონის ქალიშვილი, რომელიც მალე ცოლადაც შეირთო. თავის ექვსივე შვილს ნიკომ ქართული სახელები დაარქვა: ზურაბი, თამარი, ნინო, შალვა, მარინე, დიმიტრი. ორი დიდი სურვილიც აისრულა – გახდა დიპლომატი და ბევრს მოგზაურობდა. გარდა ამისა, იყო კარდინალის სწავლული მდივანი, მალტის ორდენის წევრი და, როგორც ორდენის წარმომადგენელი, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა – ბევრ ქვეყანას გაუწია შემწეობა და დიდი წვლილი მიუძღვის ანტიფაშისტურ მოძრაობაშიც. ომის დროს იყო საბჭოთა კავშირის დახმარების საზოგადოების წევრი და რამდენჯერმე დიდი თანხა შესწირა საზოგადოების ფონდს. 1970 წლიდან, როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დააარსა კოსტა-რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. ნიკის დიდი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან – გრიგოლ რობაქიძესთან და ირაკლი ბაგრატიონთან, რომელიც ხშირად ისვენებდა ნიკის აგარაკზე ბიარიცში; მეგობრობდა ფრანკოსთან, ხუან კარლოსის დებთან და სხვა განთქმულ პიროვნებებთან.
– როგორც მწერალმა, როდის მოიხვეჭა მან სახელი?
– მისი პირველი რომანი, ინგლისურ ენაზე დაწერილი „მარადიული სიყვარული“, 1949 წელს გამოიცა. მასში აღწერილია ახალგაზრდა კაცის დაბრუნება ემიგრაციიდან და მისი მოგზაურობა მშობლიურ მხარეში. ეროვნული ტრადიციები, ზნე-ჩვეულებანი, ბუნება – განსაკუთრებული სიმძაფრითაა განცდილი. მშობლიური მიწის ეს სიყვარული და მონატრება ბოლომდე გასდევს რომანს და დიდ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე, რომლის ყურადღება მაშინვე მიიპყრო წიგნმა. წინასიტყვაობის ავტორი, ბრიტანელი პოეტი ალფრედ ნოელი, წერდა: „სწორედ ეს დახვეწილი მწუხარება განშორებისა, ქმნის რომანის სტრუქტურას და ანიჭებს მას უძლიერეს მუხტს“. წიგნის ხელმეორე აღმოჩენის პატივი პიტერ ნეისმიტს ეკუთვნის, რომელმაც იგი ლონდონის ერთი ბუკინისტური მაღაზიის თაროზე აღმოაჩინა და, იმდენად მოიხიბლა რომანით, რომ სიამოვნებით დათანხმდა, წინასიტყვაობა დაეწერა ქართული გამოცემისთვის. მთავარი გმირის, ახალგაზრდა თავადის – შოთას ცხოვრება ავტობიოგრაფიულია. „1921 წელს, 16 წლის ასაკში, როცა მან საქართველო დატოვა, ვერც ის და ვერც მისი ოჯახის წევრები ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი სამშობლო სრულად მოსწყდებოდა დანარჩენ სამყაროს მთელი სამი თაობის სიცოცხლის განმავლობაში. ვერც იმას იფიქრებდა თუნდაც წამით, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავისი სათაყვანებელი სამშობლოდან მოწყვეტილ ლტოლვილად იქცეოდა“,– შენიშნავს პიტერ ნეისმიტი. მისი აზრით, რომანი საქართველოზე ზღაპრულ წარმოსახვას ტოვებს, ხოლო შალვას სიყვარული ტაიასადმი – გახმაურებულ ბესტსელერს – „ალი და ნინოს“ აგონებს. ნეისმიტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ჩხოტუას წიგნის ენა უფრო სადაა და თხრობაც მეტად გულწრფელი.
1950-იან წლებში ნიკი ჩხოტუა ოჯახით სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. ჰქონდა შესანიშნავი ბიბლიოთეკა. მან კარგად იცოდა ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება. ის იმ პერიოდში მეორე რომანს ამზადებდა გამოსაცემად, ბევრს წერდა და პოპულარიზაციას უწევდა ქართულ კულტურას. იქვე ცხოვრობდა ოჯახითურთ მისი ვაჟი – ზურაბიც. ის, როგორც საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელი, ენერგიულად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული საკითხით ამერიკული საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების დასაინტერესებლად. 1954 წელს ნიკი შვეიცარიაში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მან თითქმის ყველა ოცნება აისრულა: იყო მდიდარი, ცნობილი, გავლენიანი, ჰყავდა მოყვარული ოჯახი, მოიარა მთელი მსოფლიო, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველოზე მშვენიერი ქვეყანა არ არსებობს, მაგრამ, ვერ აისრულა ერთადერთი ოცნება – მშობლიური ქვეყნის ნახვა. 50-იან წლებში, როცა სამშობლოსთან მიმოწერა შესაძლებელი გახდა, ურთიერთობა აღადგინა ნათესავებთან; 60-იან წლებში, როცა მათთან სატელეფონო კავშირიც დაამყარა – გამართულად საუბრობდა ქართულად; 80-ან წლებში კი, როცა ჩამოსვლაც შესაძლებელი გახდა – ჯანმრთელობამ უღალატა და მის დაუოკებელ სწრაფვას სამშობლოსკენ – სიკვდილი გადაეღობა.
– რას საქმიანობენ მისი შვილები?
– მიუხედავად იმისა, რომ მისმა შვილებმა ქართული არ იციან, მამის დიდი სიყვარული საქართველოსადმი მათაც სისხლში აქვთ გამჯდარი. უფროსი, 1937 წელს დაბადებული ზურაბი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ცხოვრობს ესპანეთში, ბალეარის კუნძულებზე (პალმა დი მალიორკა), ხელმძღვანელობს კერძო არქიტექტურულ ბიუროებს ესპანეთსა და სან-ფრანცისკოში. იგი სწავლობდა ესპანეთის მომავალ მეფესთან – ხუან-კარლოსთან ერთად და დღესაც მეგობრობს. მასთან. როცა ზურაბის ვაჟი პირველად ეზიარა, ამ სიხარულს ხუან კარლოსის ნაჩუქარი მანქანაც დაემატა. უფროსი ძმა მუდამ მხარში ედგა უმცროსებს და ზრუნავდა მათზე. მათგან ყველაზე კარგად ქართული საზოგადოება შალვას – ჩარლზ ჩხოტუას იცნობს, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს. იგი საქართველოში პირველად 1991 წლის 16 დეკემბერს ჩამოვიდა, შეხვდა პირველ პრეზიდენტს და ამით მამამისის ოცნებაც აასრულა. სამწუხაროდ, შალვას დიდხანს არ მოუწია მამის სამშობლოში ყოფნა – 22 დეკემბერს, რუსთაველზე დაწყებული ომის გამო, მან ინგლისს მიაშურა და უზენაესი საბჭოს საგარეო საქმეთა თავმჯდომარესთან, მედეა თუშმალიშვილთან ერთად, ლონდონში პრესკონფერენცია გამართა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დიდ ბრიტანეთში მაშინ პირველად ითქვა სიმართლე რუსეთის როლზე და მის სისხლიან ანგარიშსწორებაზე ეგრეთ წოდებულ „თბილისის ომში“. ჩარლზმა ლტოლვილი პრეზიდენტი გროზნოში მოინახულა და, მისი დაღუპვის შემდეგ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, საქართველოში მეტად აღარ ჩამოსულა. 2004 წელს ჩარლზი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა ფესტივალზე „ჩვენებურები“. ჩხოტუები მეგობრობდნენ პარიზში მცხოვრები ცნობილი ემიგრანტის – ლევან ზურაბიშვილის ოჯახთან, თბილისში კი, სალომე ზურაბიშვილისა და დედამისის – ზეინაბ კედიას წყალობით, ჩარლზი მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღის წვეულებაზე აღმოჩნდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. იქ მყოფთ მან თავისი ორი დიდი სურვილი-სათხოვარიც გაუმხილა: ეკეთებინა საქართველოს სასარგებლო საქმეები ესპანეთში და მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. მოკლე ხანში ერთი სურვილი აუხდა – 2005 წელს ჩარლზ ჩხოტუა საქართველოს მოქალაქე გახდა...
დღეს მკითხველს ჩხოტუას უმშვენიერესი და მარადიული სიყვარულის, როგორც პიტერ ნეისმიტი წერს – „გულით დაწერილი“ ისტორია, ქართულადაც შეუძლია, წაიკითხოს. თუ ლიტერატურულმა გმირმა და ავტორის პროტოტიპმა, შალვამ, საყვარელ ქალსა და მარადიულ სიყვარულს – ტაიას – თავისი რომანის ხელნაწერი უძღვნა, ნიკოლოზ ჩხოტუამ თავის მარადიულ სიყვარულს – სამშობლოს – გული მიუძღვნა...