გაჩუმდე, თუ...
ნათქვამია: „სიტყვა – ვერცხლია, დუმილი – ოქრო“, ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ დუმილი გაცილებით მომგებიანია, მით უფრო მაშინ, როცა საკუთარი სიმართლის მტკიცებას ისევ თქვენთვის მოაქვს ზიანი. ზოგჯერ მართლა არ იცით, რა ჯობია გაჩუმდეთ თუ მოურიდებლად გამოთქვათ თქვენი აზრი, ანუ, თქვათ ის, რასაც მართლა ფიქრობთ – შეულამაზებლად და გულწრფელად. საკმაოდ ხშირად ადამიანები სიტუაციიდან გამომდინარე ცრუობენ, მაშინაც კი, როცა ხვდებიან, რომ კარგად არ იქცევიან. ასეთ დროს ან რცხვენიათ ჩადენილი საქციელის, ან, უნდათ, რომ სიმართლით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინონ. იმისთვის, რომ სიმართლესა და სიცრუეს შორის მდგარი, უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და ეს თქვენს ურთიერთობებზე საყვარელ ადამიანებთან არ აისახოს, უნდა გახსოვდეთ:
* მკვეთრად გამიჯნეთ „თქვენი“ და „სხვისი“ საქმე: ნუ ჩაყოფთ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმებათ და ნუ ეცდებით, მოაგვაროთ პრობლემა, რომელსაც უთქვენოდაც მოაგვარებენ.
* შეგიძლიათ, სიმართლე თქვათ და, უნდა თქვათ კიდეც, ოღონდ, მსუბუქად, იუმორითა და ღიმილით, რათა მან სიმწვავე დაკარგოს.
* ყველაზე მთავარი: პატივი ეცით სხვის გრძნობებს და შეეცადეთ, ჩასწვდეთ მათი საქციელის მოტივებს. მაშინ თქვენი სიმართლე აუცილებლად შეიცვლის მიმართულებას და პოზიტიური გახდება.