რაზე ეუბნება თაკო ეჯიბაძე მამაკაცს უარს და როგორ დააინტერესებს ის თავის ჩრეულს
22 წლის თაკო ეჯიბაძე მაიკო ჯანყარაშვილის სამოდელო სააგენტო „ელიტ ლაინის“ მოდელია. მას დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის თარჯიმან-რეფერენტის სპეციალობა.
თაკო ეჯიბაძე: დაახლოებით ორი წელია რაც მოდელი ვარ. ადრე კალათბურთზე და ცეკვაზე დავდიოდი, ჯერჯერობით სხვა არაფრით ვარ დაკავებული. ძალიან მინდოდა მოდელობა და ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რომ არ მანიჭებდეს, არც გავხდებოდი მოდელი.
– როგორ რეაგირებ კომპლიმენტებზე?
– როგორც ყველა ქალს, მეც მსიამოვნებს კომპლიმენტების მოსმენა, თუმცა, მძაფრი რეაქცია არ მაქვს. ჩემი მისამართით უხეში და გამაღიზიანებელი კომპლიმენტები არასდროს გამიგია.
– საკუთარი თავს როგორ დაახასიათებ?
– ვარ საკმაოდ კომუნიკაბელური, მხიარული, ჩემი ყოველთვის გამაქვს, რქებით შემიძლია, მივაწვე. თან, ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს მისრულებენ, თუმცა ეგოისტი არ ვარ. სამაგიეროდ, ძალიან ბრაზიანი ვარ და ამ დროს ყოველთვის ვყვირი, უარყოფითი ენერგიისგან ვიცლები და მერე ვჩერდები. სხვას არასდროს ვაწუხებ ჩემი ყვირილით.
– ადამიანებს იოლად ენდობი?
– არა, მხოლოდ დაქალებს ვენდობი, ბიჭებს საერთოდ არ ვენდობი. თუ ბიჭს ასი პროცენტით არ იცნობ, მას არ უნდა ენდო, შესაბამისად, მათთან ურთიერთობაში საკმაოდ ფრთხილი ვარ.
– თბილი ადამიანი თუ ხარ?
– დიახ, ძალიან თბილი ვარ და გამოხატვაც შემიძლია, თუმცა, გააჩნია, ვის მიმართ. საყვარელი ადამიანის მიმართ სითბოს ყველანაირად გამოვხატავ – კოცნითაც და ჩახუტებითაც.
– ნამდვილად გეყოლება თაყვანისმცემლები.
– ყველანაირი კატეგორიის თაყვანისმცემელი მყავს: დაბლები, მაღლები, ყველა ასაკის. თუმცა, ხშირად ვერ „მიპყრობენ“, უფრო სწორად, ამას საერთოდ ვერ ახერხებენ.შეყვარებულიც არ მყავს, თორემ, ხომ ვიქნებოდი „დაპყრობილი“! მოკლედ, ჩემი დაპყრობა ძალიან ძნელია, თანაც არავის ვენდობი. ალბათ, სხვანაირი თვალით უნდა შევხედო, რომ მერე მომეწონოს. პრინციპში, ბიჭმა უნდა იცოდეს, როგორ მოხიბლოს გოგო, რომელიც ძალიან მოსწონს.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– თავიდან გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ, მიმაჩნია, რომ მამაკაცს კარგი სულიერი სამყარო უნდა ჰქონდეს. მამაკაცებთან მიმართებაში ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, მაღალიც მომეწონოს და დაბალიც. რაც შეეხება ხასიათს, მხიარული უნდა იყოს, დადებითი თვისებებით, ყურადღებიანი, თბილი და რაც მთავარია, ის ჩემთვის საინტერესო ადამიანი უნდა იყოს. არ მიყვარს, როდესაც მამაკაცი მეხვეწება. თუ მომეწონება ხვეწნა არ დასჭირდება, მაგრამ, თუ არ მომწონს, მაშინ, თავი უნდა დამანებოს. როდესაც მამაკაცი მეხვეწება, მერე მის მიმართ ინტერესი მეკარგება.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს გოგონას გულის დასაპყრობად?
– რა თქმა უნდა! თუმცა, გააჩნია, მის მიმართ გოგონას როგორი დამოკიდებულება აქვს. თუ მიხვდება, რომ გოგონას ბიჭი მოსწონს, მაშინ, უნდა იბრძოლოს. ქალმა მაინც უნდა დაიფასოს თავი. მეც მქონია ისეთი მომენტი, ბიჭი მომწონებია, მაგრამ მისთვის უარი მითქვამს, ეს თავის დაფასებაა. ქალს ყოველთვის ემჩნევა, მოსწონს თუ არა მას მამაკაცი. მეც შემიძლია, მამაკაცის მზერით გავიგო, ის რას ფიქრობს ჩემზე, მაგრამ, ბევრი ისე იტყუება, რომ, შეიძლება, ანგელოზად მოგაჩვენოს თავი და მერე ურჩხული აღმოჩნდეს.
– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ის საყვარელი მამაკაცისთვის ყოველთვის საინტერესო იყოს?
– ქალი იდუმალი, მოუწვდომელი, ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა იყოს, რომ საყვარელი მამაკაცი დააინტერესოს. მიუწვდომელი აუცილებლად უნდა იყოს, აბა, ყველასთვის მისაწვდომი ხომ არ იქნება! პირადად მე ყველასთან ბოლომდე ვერ ვიხსნები. თუ მამაკაცი გაიხსნება ჩემთან, მეც ასევე მოვიქცევი.
– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?
– თუ ძალიან მეყვარება, ბევრ რამეს დავთმობ, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მეტყვის. როცა ის მამაკაცი მთხოვს, რომელიც მიყვარს, მერე უკვე წავალ დათმობაზე. მაგრამ, თუ მიბრძანებს, არ დავუთმობ. კაცს თუ უნდა, რომ სურვილი აუსრულო, კი არ უნდა გიბრძანოს, თბილად უნდა გთხოვოს. უნდა მიხვდეს, როგორ მოგიდგეს, შენი სუსტი წერტილი უნდა იცოდეს. მეც მაქვს ერთი სუსტი წერტილი, მაგრამ, არ ვიტყვი. კაცებსაც აქვთ სუსტი წერტილები, თანაც ძალიან ბევრი და ესეც უნდა გამოიყენო.
– მართლა იოლია შეყვარებული მამაკაცების მართვა?
– შეყვარებული მამაკაცების მართვა მართლაც იოლია, თუმცა, ასეთ დროს ქალის მართვაც ადვილია. ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ მამაკაცს ძალიან უყვარხარ, შეგიძლია, მართო – მე ეს კარგად გამომდის.
– მამაკაცის მხრიდან კონტროლი მოგეწონება?
– თუ მამაკაცს ესიამოვნება, გამაკონტროლოს, არ მაქვს პრობლემა, თან, ეს ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება. ისე, ქალმა უფრო უნდა გააკონტროლოს კაცი, ვიდრე კაცმა – ქალი, მუჭში უნდა გყავდეს. მამაკაცი მკაცრიც უნდა იყოს, მომთხოვნიც, მაგრამ ცოტათი ჩემს ჭკუაზეც უნდა იაროს.