რას უყურებს შალვა რამიშვილის ცოლი მშვიდად და დარჩა თუ არა ის ქმრის ერთგული
შალვა რამიშვილი იმ მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთათვისაც ოჯახური მატერიალური კეთილდღეობა, სახლი, ძვირფასი ნივთები, მანქანა – პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. ციხეში ოთხწლიანი „დასვენების“ შემდეგაც, ის სახლში მხოლოდ დასაძინებლად შედის. სახლიდან კი, დილით ადრე გამოდის. რას განიცდიდა ყველაზე მეტად ოჯახისგან შორს მყოფი შალვა რამიშვილი, ვინ უერთგულა ბოლომდე და ვინ დადიოდა კვირაში ცხრაჯერ მასთან ციხეში, ამაზე თავად შალვა გიამბობთ.
– შენ და თეამ ერთმანეთი შენი მეგობრის ოჯახში გაიცანით, იმ ადამიანის, რომელზეც, თუ არ ვცდები, დღეს ნაწყენი ხარ. ამან ხომ არ წაშალა შენს მეხსიერებაში ის ბედნიერი წუთები?
– არა, რა თქმა უნდა. ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება. თეა ჩემი მეგობრის გოგა ხაჩიძის ცოლის და იყო. ადრეც ვიცნობდი, მაგრამ მაშინ არაფერზე მიფიქრია. 2 იანვარს, ბედობის დღეს დავპატიჟე, კარნავალი ეწყობოდა და, საჭიროდ ჩავთვალე, მეთქვა, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა. მე, მაკა, გოგა და თეა ვიყავით. მერე განვმარტოვდით და მაშინ ვუთხარი. ძალიან მომხიბვლელი გოგონა იყო და ახლაც მომხიბვლელია. საერთოდ, ალბათ ჯობია, ასეთ საკითხს პირდაპირ და საქმიანად მიუდგე.
– მოდი, მეც პირდაპირ გკითხავ. მიგაჩნია თუ არა, რომ ისეთი ცოლი შეგხვდა, რომელიც შენზე მეტია? ჩემი აზრით, თეას ადგილას, ბევრ ქალს არ ეყოფოდა ნებისყოფა, ოთხი წელი მამაკაცის გარეშე გაეტარებინა, ფორმაშიც ყოფილიყო, ოჯახისთვისაც მიეხედა და პატიმარი ქმრისთვისაც.
– ნამდვილად გამიმართლა! გარდა იმისა, რომ უდავოდ აქვს გარეგნული ხიბლი, ინტელექტუალური არსებაა. ცოტა თავს ვიქებ, მაგრამ, ალბათ, მანაც დაინახა ჩემში რაღაც უცნაური და განსხვავებული. ვიზუალურად ვერ დავიკვეხნი, სიმპათიური ბიჭი ვარ-მეთქი, შესაბამისად, ალბათ, შანსიც არ მქონდა მაშინ, თუმცა, გააჩნია ქალს და მამაკაცს. ვიზუალიზაცია შინაგან სამყაროში სხვანაირად ხდება და არა ფიზიონომიით. ზუსტად ვიცოდი, ეს რა გრძნობა იყო, ანუ, არ იყო გატაცება ან ვნება. ის გამონათქვამი, რომ ქორწინება ცაში წყდება, ჩემი და თეას შემთხვევაში ამართლებს, იმიტომ რომ მე მყავს ზუსტად ისეთი ცოლი, რომელზეც ნებისმიერმა მამაკაცმა შეიძლება იოცნებოს, მით უმეტეს – ჩემნაირმა. არანორმალური დღის გრაფიკი მაქვს: სახლში არ ვარ, ნათესავებს, ახლობლებს ვერავის ვხედავ. ოთხი წელი ხომ საერთოდ ვერავინ მხედავდა. რაც მან გააკეთა გმირობის ტოლფასია, ამას ყველა ჩემი მეგობარი ამბობს. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი, რაშიც თავიდან ბოლომდე გამიმართლა, ასი პროცენტით – ჩემი ცოლია, რომელიც ჩემთვის ნიადაგია. მე რომ ასეთი ცოლი არ მყავდეს, ჩემს საქმეში ნახევარსაც ვერ მივაღწევდი.
– ესე იგი, ბევრი არ გიფიქრია, არ აგიწონ-დაგიწონია, გამომადგება თუ არა ეს ადამიანი ცხოვრების მეგზურადო.
– შეტევა იყო რამდენიმეთვიანი, შტურმით ავიღე ციხესიმაგრე. ყველა ქალი ყოყმანობს, თუ არ შეუტიე. ჯერ ერთი, თეას ოჯახს კარგად ვიცნობდი იგივე გოგასგან. ვიცოდი, როგორ ოჯახშიც იზრდებოდა. არის ამაში რაღაც ჯადოქრობის მაგვარი. თეა ასევე სიახლეებისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდა, პროგრესულად აზროვნებდა. ხალხმა თუ არ იცის, რატომ და რით ვარ ღირებული, ამ ინტერვიუთი ვერ გავაგებინებთ, ხომ ასეა? ოჯახში მამაკაცის კუთხით ღირებულება კი ძალიან მცირე მაქვს. ნამდვილად არ ვარ ოჯახის ბურჯი და ვერც ვიქნები. ქმრის უღელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, გენაცვალე.
– რატომ?
– ხანდახან სინდისის ქენჯნა მაქვს – როგორ ცუდად ვექცევი ჩემს ცოლს. ვერ ვუთმობ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა და ქალისთვის ეს მძიმეა. ამიტომ, თუ რამეზე ვკამათობთ სახლში, მხოლოდ ამაზე. ჯერ, ეს საშინელება რაც დავმართე – ოთხი წელი რომ ვიჯექი, როგორია?! მაგრამ, „რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო“, – ნათქვამია. ჩემი ცხოვრების წესით, ახლაც მედიაში ვარ, რაღაცეებს ვაკეთებ, რაღაცეებს ვაფუჭებ. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმ დაკარგული წლების სინანულის გრძნობა სულ მაქვს.
– როგორც ვიცი, თქვენ ბინა გქონდათ, რომელიც თავის დროზე გარკვეული მიზეზების გამო გაყიდეთ. მას მერე ქირით ცხოვრობთ. იმ დროში, სანამ ციხეში იყავი, უფრო გაუჭირდა შენს ოჯახს. თუ ფიქრობდი იქ, გისოსებს მიღმა, როგორ ცხოვრობს ჩემი ოჯახი, რა სჭირდება ცოლს, დედას, ბავშვებსო?
– არ ღირს ახლა ამაზე საუბარი, ნამდვილად არ მინდა, რა, ჩემს მატერიალურ პრობლემებზე წუწუნი. ყველაფერი კარგად არის. თეა ყოველ კვირას მოდიოდა ამხელა გზაზე, ხანდახან კვირაში ორჯერაც, დატვირთული პროდუქტით, წიგნებითა თუ ჟურნალ-გაზეთებით. ახლა რომ წარმოვიდგენ, იქ ჩასვლა რამხელა წვალების ტოლფასია, გაოგნებული ვარ. ამ დროში მან შეძლო, გაეფართოვებინა თავისი ბიზნესი და სამი შვილი ისე გაეზარდა, რომ მათთვის არაფერი მოეკლო. იქ, ციხეში ცოტა სხვანაირად არის საქმე, არ უნდა იფიქრო. ფიქრს თუ აჰყევი მოკვდები, ფსიქოლოგიურად დაინგრევი. თეამ მომცა ის ძალა და შეგრძნება, რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგშია. ეს შეგრძნება მასულდგმულებდა, თორემ, ამაზე რომ მეფიქრა, მაინც ვერაფერს ვიზამდი. ვიცოდი, რომ ის ყველაფერს შეძლებს. ცოტა ეგოისტურიც არის, რომ ყველაფერს ქალს გადააბარებ და მიანდობ, მაგრამ... რამდენიმე თვე ნამდვილად მიჭირდა, მერე გადავლახე.
– თეას, როგორც ქალს, ალბათ, ხშირად ნატრობდი. არ ეჭვობდი, რომ მაინც ქალია, მე შიგნით ვარ, ის გარეთ და...?
– რა თქმა უნდა, ვნატრობდი, ეს ბუნებრივია. ჩემთვის თეა თავიდან ბოლომდე სრულყოფილი ადამიანია. ის ჩემი მეორე ნახევარიც არის, მეგობარიც და ყველაფერიც, ასეთი გამართლება იშვიათია. როგორც კი ეჭვიანობის ჭია შეძვრება, ის ოჯახი დანგრეულია. თეას თავიდან ბოლომდე ვენდობი. რომ გამოვედი, მალევე ჩავები ამ ორომტრიალში და, მთავარი პრობლემა ჩვენ შორის, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ჩემი უყურადღებობა. ცხადია, უჭირდა, ძნელია, ახალგაზრდა ქალის უქმროდ ცხოვრება. ყოფით პრობლემებს ყველაფერს ის აგვარებდა. გამოსვლის შემდეგ უფრო მივხვდი, რას გაუძლო. სხვათა შორის, ვალში ვარ მასთან და ეს მაფიქრებს.
– მამაკაცები ყოველთვის ვალში ხართ ჩვენთან. ქმრისადმი ერთგულება ქალს ხშირად დაუფასებელი რჩება და გგონიათ, რომ პირიქით, თქვენ უნდა დაგიკრათ ტაში იმისთვის, რაშიც არ ხართ დარწმუნებული, რომ არასოდეს გააკეთებთ.
– იცი, ძალიან წრფელ გრძნობას, რომელიც ჩვენ შორის არსებობს, ემატება პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩემმა ცოლმა რაღაც დაამტკიცა ისეთი, რასაც მე ჯერჯერობით ვერ ვამტკიცებ და ალბათ, ვერც დავამტკიცებ. კიდევ ვიმეორებ: თეა ჩემი მხოლოდ მეორე ნახევარი არ არის. ხელში მაქვს მართვის სადავეები, რის გამოც საშვილიშვილოდ ვარ მასზე მიჯაჭვული. სერიოზულად ვალში ვარ. მიერთგულა და, ბუნებრივია, ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ ასეთი ნატურაა. ისინი დამეთანხმებიან ამაში, ვინც მას იცნობს. არ დაიბნა, ვაჟკაცივით მოიქცა, თავისი საქმე გაიჩინა.
– შენ გარშემო ყოველთვის ტრიალებდნენ ისეთი ქალები, ვისზეც ჭორებიც მუდამ გორდებოდა. ამ მხრივ როგორ აპირებ ცხოვრებას, მშვენიერ სქესთან ურთიერთობაზე უარს იტყვი, რომ ისევ აღარ იჭორაონ?
– ეს იმ ბიზნესის ნაწილია, რომელშიც ვარ, ეს არის საქმისთვის აუცილებელი და არ სცილდება უწყინარი ფლირტის საზღვრებს. თეა ასეთ რაღაცეებს ძალიან საღად და ყოველგვარი აღელვების გარეშე უყურებს. კოცნა და ეგეთი რამეები გამორიცხულია. მოიცა, რამდენი წლის ვარ?! 38-ის. სადაც კოცნა, იქაც დანარჩენი, ხომ? თეასთვის არ მიღალატია და არც ვუღალატებ, გამორიცხულია. ჩვენ ამ მხრივ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. წეღან ვთქვი, რომ, როგორც კი ეჭვიანობა იბუდებს, გრძნობა იქვე მთავრდება.
– ერთხელ თეამ და დედაშენმა მითხრეს, შალვას საერთოდ არ აინტერესებს მატერიალური კეთილდღეობა, მისთვის სულერთია ქირით ცხოვრობს თუ საკუთარი ჭერი გააჩნია, გარემონტებულია სახლი თუ არაო. მართლა ასეა?
– დიახ, მართალია. საერთოდ არ ვარ ოჯახის კაცი. სახლში მხოლოდ დასაძინებლად შევდივარ და არაფერზე ვფიქრობ. შეიძლება, ესეც ჩემი ერთ-ერთი ნაკლია. თერთმეტი წლის ცოლ-ქმარი ვართ და თეა ყველაფერს შეგუებულია. სახლში საერთოდ არ ვარ. რა ვქნა? აი, ხომ ხედავ, ახლაც ვზივარ და ვმუშაობ. თეაც მუშაობს, ამიტომ დედაჩემი უვლის ოჯახს.
– მოწესრიგებული მამაკაცი ხარ?
– საერთოდ არ ვარ მოწესრიგებული. ეს რომ მაღიზიანებდეს, ხომ ვიქნებოდი მოწესრიგებული? არავის ვაწუხებ. სახლში ერთხელ ვიკვებები და ამას ვახშამი ჰქვია. მთავარია, ჩემი პერანგები, შარვლები, შიდა თეთრეული გარეცხილი და გაუთოებული იყოს. სხვა არაფერი მაინტერესებს.
– კარგია ყველაფერი მზამზარეული.
– ეს არის ჩემი სამუშაო, ჩემი ცხოვრების ნაწილი, შოუ-ბიზნესი, რომელსაც მე ვაკეთებ მულტ-სერიალის სახით. თუმცა კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, თუმცა ეს არ არის რაღაც ვალდებულებები, რომლებიც რაღაცაში მზღუდავს. არ მრჩება დრო ბაზარში სასიარულოდ და ასე შემდეგ.
– არიან ქალები, ვინც ოჯახის გამო საყვარელ საქმეს თმობენ. შენ თუ დათმობდი თეას გამო რამეს?
– ღმერთმა ხელი მოუმართოთ ასეთ ქალებს, ვინც ოჯახის გამო რაღაცას თმობენ. არ ვიცი, შეიძლება, არიან ასეთი გმირი მამაკაცებიც – იმის გამო, რომ ბავშვებს მოუარონ, ცოლს მეტი დრო დაუთმონ, ტელევიზორთან მოკალათდნენ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ასეთი.
– ესე იგი, დროს ვერც ბავშვებს უთმობ.
– ღამე მივდივარ სახლში და მაგ დროს სამივეს სძინავს. დილით, სანამ სკოლაში წავლენ, მაშინ თუ დაველაპარაკებით ერთმანეთს, ამბებს გამოვკითხავთ.