რა ექსპერიმენტებზე მიდიან ბიჭოლა და მისი პირველი მოდელი – სლეში და რატომ მუშაობდა ბიჭოლას პირველი სახე აეროპორტში მტვირთავად
ექსცენტრიკული და ყველასგან განსხვავებული ბიჭოლა თეთრაძე, „ჯორჯიან ფეშენ ვიქზეც“ ქართული რეალობისთვის შოკისმომგვრელი კოლექციით წარდგა. სხეულზე ეგრეთ წოდებული „ელასტიკივით“ მომდგარი შარვლები, ავტომობილის სავარძლის უხეში ქსოვილები და კამეას ფერები, უცნაურ და საინტერესო სინთეზს ქმნიდა. ბიჭოლას კოლექციის სახე, ეგრეთ წოდებული „ფირსტ ფეისი“ – ლაშა სამადალაშვილი, იგივე „სლეში“ მოდის სფეროში სწორედ დიზაინერის დახმარებით მოხვდა და უცნაური კოლექცია უცნაურად და პროფესიონალურად წარმოადგინა.
ბიჭოლა თეთრაძე: დღეს დამთავრდა „ჯორჯიან ფეშენ ვიქი“, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემი ექსკლუზივი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ „თბილისელებს“ რჩებათ და ის, რომ მამაკაცის კოლექციაზე ვმუშაობდი, ამაზე სწორედ თქვენს ჟურნალში დაიწერა პირველად. კოლექციის „ინსპირეიშენ“ ანუ შთაგონება ლონდონში მოვიდა. მისი საბოლოოდ დახვეწა და საბოლოო სახის მიცემა ბებიას ნაქონი კამეის დამსახურებაა. მან საოცრად იმოქმედა ჩემს ფანტაზიაზე, რომლის შედეგადაც დაიბადა იდეა „გამეკეთებინა“ ინტელიგენტი, ცოტა ჰიპური და ექსცენტრიკული მამაკაცი. ეს კოლექცია მე და მაიკო სამხარაძემ ხელით გავაკეთეთ. სამოსის შექმნაში გამოყენებულია ავტომობილის სავარძლის შესაკერი ქსოვილი, ხავერდი და ასევე ტრიკოტაჟი. გამოყენებულია კამეა და ძალიან ნაზი ბაფთები, რომლებიც ამ უხეშ კონსტრუქციებს და ქსოვილებს დააბალანსებს და გააწონასწორებს. ფერებით კამეასთან არის დაკავშირებული – ნაზი და პასტელური. ტანზე მომდგარი შარვლები წმინდა ბრიტანული სტილია და ბოლომდე ამ სტილს „ვაწვები“. ფეხსაცმელიც ბრიტანულ სტილშია შექმნილი. ცოტა მოპანკო და ბოჰემური ამბავი ისეა გაკეთებული, რომ მამაკაცი თან ინტელიგენტი და საოცრად „სვეცკიც“ იყოს.
– შენი კოლექციის სახე რამდენად ინტელიგენტი და „სვეცკია“?
– იცი რა, მიუხედავად მისი „სიბომჟისა“, შე „ბომჟო“ (მიმართავს სლეშს), ინტელიგენტი, ანუ განათლებული და გონიერი ნამდვილად არის. (იცინიან) სლეში „ვიპოვე“ ქუჩაში. უფრო სწორად რესპუბლიკის მოედანზე იყო რბოლა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. იქ ვნახე პირველად. სიცხეში სკეიდბორდით დადიოდა ბიჭი, რომელსაც ის მონაცემები ჰქონდა, რაც მოდის სფეროში ძალიან მოსწონთ – ცოტა სიუხეშე და სიველურე გარეგნობაში, შემდეგ ლაშას ვურჩიე, რომ მოდის სფეროში ძალები მოესინჯა. თუმცა, ეს იდეა არ აუტაცებია.
– ანუ, ჩაჩაჩული შარვალი, სკეიდბორდი, ვიღაც ჰიპი, უცებ მოდელი უნდა გამხდარიყო?
– ასე გამოდის. (იცინიან) არა, რა სისულელეა, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ერთი შეხედვით, ცოტა უცნაური, „ბომჟური“ ჩანდა. ლონდონიდან რომ ჩამოვედი, კოლექცია უკვე თავში მქონდა. სლეშს ვკითხე, იყო თუ არა მზად შეეცვალა იმიჯი და მას შემდეგ, რაც მისგან დადებითი პასუხი მივიღე, მოვაწყვე ჩემი კოლექციის პრეზენტაცია.
– რა იმიჯი ჰქონდა?
– თმის ვარცხნილობა შევუცვალე, ჩაცმის სტილი, გადაღებებსა და ჩაწერებზე ისე „ბომჟურად“ აღარ ეცვა (იცინიან), დაიხვეწა და დღეს მგონია, რომ მზად არის, ამ პროფესიას უფრო სერიოზულად მოეკიდოს, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. ძალიან ნიჭიერია, არაჩვეულებრივად პოზირებს ობიექტივის წინ. ძალიან რთულია, თბილისში ახალი ცხოვრება იოლად მიიღო. ვერ ვიტყვი, რომ მასაც გაუადვილდა, ჯიუტობს, რაღაცეების გაკეთება არ უნდა, სულ წუწუნებს, მაგრამ ბევრი დადებითიც აქვს. მთავარია, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და ლაშასაც სჯერა. ძალიან განათლებულია, მომწონს მისი შეხედულებები. რაც მთავარია, არის თბილისელი თინეიჯერი, რომელიც ეძებს თავისუფლებას.
– ლაშა, მომიყევი მოდელობამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
ლაშა სამადალაშვილი: ძალიან ბევრი რამ. „ბომჟი“ არ ვყოფილვარ (იცინიან). ამ თემაზე სულ ვხუმრობ ხოლმე. არ მაცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ხშირად ვბანაობ. თუ პაპანაქება სიცხეში, გრძელი თმით, წელს ზევით შიშველი სკეიდბორდით ქუჩებში სეირნობ, ეს არ ნიშნავს, რომ „ბომჟი“ ან ჰიპი ხარ. თბილისური რეალობაა ისეთი, რომ, თუ გინდა კაი ტიპი იყო, ერთ დონეზე გადაპარსული თმით უნდა იარო, ჩაცმულიც ერთი და იგივე სტილში უნდა იყო. ასეთ ადამიანებს ბრბოს და მასას ვუწოდებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასას გამოვეყავი და არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი სამეგობროც. ბიჭოლამ სწორად აღნიშნა, თავისუფლებას ვეძებთ, გვიყვარს თავისუფლება და არ გვაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს ან იტყვის ჩვენზე, თუნდაც ვიღაც გამვლელი.
– ოდესმე გიფიქრია, რომ შენი გარეგნობით სამუშაოს იპოვიდი?
– მეგობრები ამას ხშირად მეუბნებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ხუმრობად ვიღებდი. როდესაც ბიჭოლა მოვიდა და მოდელობა შემომთავაზა, მასზეც ასე ვიფიქრე, თუმცა, ორი-სამი დღის მერე რომ დამირეკა და „იმიჯ-ცენტრში“ მიმიყვანა, მივხვდი, ეს ყველაფერი სერიოზულ სახეს იღებდა. მაგრამ, ეს სფერო საქართველოში ისე არ არის განვითარებული, რომ მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. ამჟამად ვსწავლობ კინო-ტელე-საოპერატოროზე, მაგრამ, კინოც არ არის ჩვენთან განვითარებული.
– ნანახი მაქვს შენი ფოტოები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად პოზირებ. ბევრი სიმპათიური ბიჭია, მაგრამ ისინი კამერასთან სულ იკარგებიან. ეს შენი თანდაყოლილი ნიჭია?
– სახლში სარკის წინ არასდროს ვმდგარვარ და მიმიკის დაყენებაში არ მივარჯიშია. ამიტომ, მაინც ვფიქრობ, ეს ბუნებრივად გამოდის...
ბიჭოლა: ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯიჯის. ახალგაზრდა მოდელისთვის, როგორიც ლაშაა, ძალიან დიდი გამოცდილებაა ასეთ პროექტებში მონაწილეობა.
– რატომ „სლეში“?
ლაშა: სლეში „განს ენდ როუზის“ გიტარისტის სახელია, რომელსაც ჩემი მეგობრების უმრავლესობა მამსგავსებს. თან, ისიც ჩემსავით ძალიან ბევრს ეწევა.
– ფოტოების გადაღების დროს შევამჩნიე, რომ ბევრ რაღაცაში გეწინააღმდეგება, ანუ ტიპურ ქართულ ხასიათს მაინც ავლენს.
ბიჭოლა: გეთანხმები. არ ვიცი, რატომ ხდება ეს, თავს იგიჟიანებს თუ მართლა გიჟია, მაგრამ ცოტა „ნინარმალნია“. ვერ ვხვდები, ბოლომდე მოსწონს თუ არა ის, რასაც აკეთებს. ყველაფერს აკეთებს, ოღონდ ძალიან ბევრი ბუზღუნის შემდეგ და თან, გამოსდის. რა ხდება, ვერ ვხვდები.
– ლაშა მგონი, ბოლომდე არ გაქვს გადაწყვეტილი, გინდა თუ არა ეს საქმე.
– იცი, რა მომენტია?! ერთი ისიც არის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, მინდა თუ არა ამ საქმის კეთება, არ მიმიღია. მეორე ის, რომ ვერ ვხვდები, როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში – აი, თუნდაც აქ, თქვენთან ინტერვიუზე რა მინდა და როგორ მოვედი. მესამე კი ისაა, ფეხი შევდგი თუ არა, ძალიან სერიოზულად დამაინტერესა. უბრალოდ, საკუთარ თავში არ ვარ დარწმუნებული. არ ვიცი, კარგად გამომდის თუ არა ის, რასაც ვაკეთებ. მრავალფეროვნება მიყვარს და აქ ამიტომ ვარ. მრავალფეროვნების გამო წავედი და აეროპორტში მტვირთავად დავიწყე მუშაობა. თვე-ნახევარი ვიმუშავე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ვმუშაობდი ტელევიზიებში სტაჟიორად. როკ-ბენდში ვიყავი. მუსიკასაც ვწერ. რამდენიმე თვე „სკეიდით“ ვიყავი გატაცებული, რამდენიმე თვე – „დაუნჰილით“, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ახლა „შემჯდარი“ ვარ ვიდეოებისთვის მუსიკის დაწერაზე. საუნდტრეკებზე ვმუშაობ. სახლში ჩემთვის წყნარად ვზივარ და რაღაცეებს ვაკეთებ. კიდევ, ვაპირებ ჩემს სარდაფში თონის გაკეთებას, ცოტა შემოსავალი რომ მქონდეს. ასევე სადმე, უცნაურ ადგილას მუშაობის დაწყებაც მინდა, მაგალითად, როგორიც აეროპორტი იყო და პარალელურად მოდელობასაც მივხედავ.
– ბიჭოლ, რატომ ისევ ასეთი ექსცენტრიკულობა და კიდევ ერთი ჭორებისა და სკანდალის საფუძველი ხალხისთვის. მამაკაცების კოლექცია ქუჩაში ნაპოვნი მოდელის სახით?
– ლონდონში სწავლის პერიოდში „მენსვეარის“ კურსებს გავდიოდი და შესაბამისად, მინდოდა, ამ ცოდნას პრაქტიკული სახე მიეღო. რაც შეეხება ლაშას, მას ძალიან საინტერესო გარეგნობა აქვს. თანაც ახალი სახეა და მიყვარს ექსპერიმენტები. არიან დიზაინერები, რომელთაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე „ფირსტ ფეისი“ ჰყავთ, მაგრამ სხვადასხვა სეზონზე მგონია, რომ ჩემს პირველ სახეებს „გავაფრეშებ“ და ახალ აღმოჩენებს გავაკეთებ. ჩემი მიზანია, კარგი ტიპაჟი არ დაიკარგოს.
– მოდელ ბიჭებს ქუჩაში თუ იპოვი, რადგან სამოდელო სააგენტომდე ძალიან ცოტა თუ მივა.
– დღეს ქართულ რეალობაში მოდასა და ზოგადად შოუ-ბიზნესში ფული არ არის. როდესაც მოდელს მინიმალური ჰონორარიც კი არ აქვს, რომელ სააგენტოებზეა საუბარი.
– ლაშა, შენ თავად როგორ მოგწონს ის, რასაც ბიჭოლა აკეთებს?
– ძალიან საინტერესო და უცნაურია, ორიგინალური. ჯერ მარტო ავტომობილის სავარძლის ქსოვილს რომ გამოიყენებ, რაღაზეა საუბარი?! მაგრამ, არ მგონია, რომ ქართულ რეალობაში ის, რასაც ბიჭოლა აკეთებს, ვინმემ ჩაიცვას, არც ყოველდღიურად და არც განსაკუთრებულ დღეებში. შეიძლება, წლების შემდეგ ასე იყოს, მაგრამ დღეს, არ მგონია.
ბიჭოლა: ზოგადად, ეს კოლექცია არ არის ლაშას ტიპის ბიჭებზე გათვლილი, სხვა მიმდინარეობაა. იცი, რა მიკვირს? ბევრმა თქვა, ეს კოლექცია პრეტ-ა-პორტეს ფარგლებს სცდებაო. მაგრამ, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად პრეტ-ა-პორტეა. ვინც ამაში ოტ-კუტიურის ელემენტებს ხედავს, ეს მისი პრობლემაა. ბევრი ისეთი დეტალია, თუნდაც ფეხსაცმელი, პიჯაკი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ჩვეულებრივად ჩაიცვამ.
ლაშა: ნელ-ნელა ამ ყველაფერში ვერკვევი. პირველად სააგენტოში, რომ მივედი, დეფილეს თუ რაღაც ეგეთს, ვსწავლობდით. მითხრეს გაიარეო, გავწითლდი, საშინლად ვინერვიულე, ვერ მივხვდი, როგორ უნდა გამევლო (იცინიან). პირველი დღე ძალიან უცნაური იყო. სირცხვილად მიმანჩდა, ბიჭი რომ ასე დადიოდეს, მაგრამ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოიხსნა. სულ განვიცდი, რაღაც „კლიშეების“ არსებობას საქართველოში და მიყვარს პროვოკაციებზე წასვლა, სტერეოტიპების დანგრევა. ამიტომ დავრჩი ამ სფეროში. დღეს კი უკვე მივხვდი, რომ ეს ძალიან დიდი ხელოვნებაა.