რას საყვედურობს აჩი ფურცელაძეს დედამისი და დაქორწინდება თუ არა აჩი მასზე 7 წლით უფროს ელენა ვასილევსკაიაზე
უკვე მეოთხე წელია, რაც აჩი ფურცელაძე მოსკოვში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელთან ერთადაც იგი ცხოვრობს და არ გამორიცხავს, მასთან ურთიერთობების დაკანონებას. თუ ვინაა ეს ქალბატონი, რა პოზიტიური სიახლეებია აჩის შემოქმედებით ცხოვრებაში, რა სტკივა და რა უხარია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რა სიახლეებია აჩი შენს მოსკოვურ ცხოვრებაში?
– ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ დაიწვა ის კლუბი, რომელშიც მე ვმუშაობდი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში. ანუ, მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასართობი კლუბი – „ოპერა“ დაიწვა ბოლომდე. ძალიან დამწყდა გული. მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა, რადგან იმ საღამოს, ეგრეთ წოდებული, „ტუსოვკა“ არ ტარდებოდა. მხოლოდ დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა. იმდენმა დამირეკა, ვინც იცოდა, რომ იქ ვმუშაობდი. ნატა თოფურია, ქეთას დედა პირველი იყო. გაგიჟებულმა დარეკა, ხომ კარგად ხარო?
– რა იყო კლუბის დაწვის მიზეზი?
– ეს ისეთი ბიზნესია, რომ მოსულა ასეთი რამეები... თუმცა, დასკვნებს შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ. ძალიან ბევრი კლუბი იხსნება და „ოპერა“ აქამდე ვერ ჩაძირეს. მოწინავე რიგებში იდგა და ძალიან პოპულარული იყო ყოველთვის. ფაქტია, რომ აღარ არსებობს. მისი დასასრული 3 საათში დადგა.
– შენ თვითონ როგორ ხარ და რას საქმიანობ?
– იანვრის შემდეგ ჯერ არაფერს ვსაქმიანობ. ამან მომცა საშუალება ერთი თვის წინ ვყოფილიყავი თბილისში. ახლა ველოდები – კლუბ „რევოლუციაში“ ხსნიან კარაოკეს, რაც ძალიან მალე, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში დასრულდება. მე ჩავიბარებ კლუბის ამ ფლანგს და შევუდგები მუშაობას. დღესდღეობით მუშაობს ეს კლუბი, საკმაოდ აქტიურადაც და მალე კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს სტუმრებს ამ კარაოკეს სახით.
ამჟამად სახლში ვარ. სახლში მიყვარს ხოლმე ჩაჯდომა და ახლა ამის საშუალება, ცოტა ხნით მომეცა. სხვათა შორის დედაჩემი სულ ამას მსაყვედურობს: თბილისში, რომ ჩამოდიხარ, შინ ვერ გაჩერებ და მოსკოვში სახლიდან არ გადიხარო. როდესაც გასვლა არ მიწევს, სახლშიც ბევრს ვმუშაობ. ძალიან ბევრი ზარი შემოდის, ხან ერთი მირეკავს, ხან მეორე, მაგრამ იშვიათად გავდივარ.
– გამაცანი შენი მოსკოველ მეგობართა წრე.
– ქეთას თითქმის ვერ ვხედავ. წელიწადში ორჯერ თუ ვნახე, კარგი მიღწევაა. სულ აქეთ-იქით დაფრინავს. სწორედ დღეს დილას ნატამ მითხრა ტელეფონით, ორი კვირაა არ მინახავს და დღეს ველოდები, უნდა ჩამოვიდეს და გამოდი, ორივეს გნახავთო. ზოგჯერ მეც ვეკარგები ხოლმე ნატას და სულ მსაყვედურობს. დათო ხუჯაძეს, ძალიან იშვიათად, დაბადების დღეებზე, ან დღესასწაულებზე თუ შევხვდები. ამ ეტაპზე თემურ თათარაშვილთან ვკონტაქტობ. მუშაობს და შეიძლება, ყოველ საღამოს ვერ ვნახო, უფრო მეტად ტელეფონით ვსაუბრობთ ხოლმე. ხშირად ვერ ვიკრიბებით. თბილისში რომაა ხოლმე: „გამო ჩემთან სახლში“, – ეს მომენტი იკარგება. მოსკოვში ცხოვრების სხვა რიტმია. ცოტა სხვა მასშტაბია, დიდი განსხვავებაა. სულ მაგას ვამბობ, ვიღაცასთან სტუმრად რომ წახვიდე, მთელი დღე უნდა დაუთმო მას. ნუ დაგვავიწყდება, მოსკოვის მასშტაბურობა – რამხელაა, რამდენი თბილისი ჩაეტევა ერთ მოსკოვში.
– პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ და დავიწყოთ იმით თუ, ვის მიულოცე 8 მარტი?
– უპირველესად დედაჩემს დავურეკე. მერე – ელენას...
– ელენა ვინაა?
– ელენა ის ქალბატონია, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ და ვართ, როგორც ცოლ-ქმარი. ჯერ-ჯერობით არც ხელი მოგვიწერია და არც ჯვარი დაგვიწერია, მაგრამ არის იმის წინაპირობა, რომ ეს ამბავი მოხდეს.
– რამდენი ხანია, რაც ერთად ცხოვრობთ?
– 4 წელია, რაც მოსკოვში ვარ, ამ ხნის განმავლობაში ელენე არის ჩემს ცხოვრებაში. სერიოზული დროა. ელენე გვარად ვასილევსკაიაა.
– ერთი პროფესია და ერთი ინტერესები გაქვთ?
– არა. მე და ელენას პროფესიები სრულიად განსხვავებული გვაქს. ის საბანკო სფეროში მუშაობს. ძალიან ბევრ დარგში გვაქვს საერთო ინტერესები. ელენა 37 წლისაა, მე ოცდაათის.
– აპირებთ, თქვენი ურთიერთობის დაკანონებას?
– შეიძლება, არც არაფერი მოხდეს. ჩვენს ცხოვრებას აქ სამოქალაქო ქორწინებას ეძახიან. ელენე არის ის ქალი, რომელსაც ვუყვარვარ. უნდა, რომ ჩემთან ერთად იცხოვროს და ორივენი ამისკენ მივდივართ. გვაქვს ამის სურვილი და ეს არის მთავარი.
– სამომავლოდ სად ხედავ შენს თავს, მოსკოვში დარჩები, თუ თბილისს დაუბრუნდები?
– ბოლო ჩამოსვლის შემდეგ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ყველა ის სფერო, რომელიც მანდ საინტერესო იყო ჩემთვის და რომელშიც, ერთ დროს პირველიც ვიყავი, ახლა ის აღარ არის. დრომ მოიტანა თორემ, მე ჩემი პროფესია და ცხოვრების სტილი არ შემიცვლია. ისეთივე ძლიერი ვარ, ისეთივე მაგარი და ძალიან ბევრს ვჯობივარ მანდ, ვინც ახლა არიან და რაღაცეებს აკეთებენ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ისინი არ უნდა იყვნენ, აკეთონ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ თავის წამოწყებულ საქმეში. გამოდის, რომ მე მანდ აღარავის ვჭირდები... ცოტა ღალატიც იყო, ცოტა წყენაც, ცოტა ტკენაც, იმედების გაცრუებაც, ვიღაცეებს დავავიწყდი, ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ... ადამიანს, რომლებიც დღეს ისე სერიოზულად არიან, მათთვის თავის შეხსენება აღარც ღირს. დიდი მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომელთაც გახსოვართ. ალბათ, ჯობია, აქ მივხედო იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა ვიყო მანდ, ჩემს ქალაქში, ჩემს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ ვამახვილებ ყურადღებას, ოჯახსა და დედაზე. დედაჩემი ჩემთან იქნება. როგორც კი საჰაერო გზები გაიხსნება, მე ხატულას წავიყვან და თვითონ გადაწყვიტოს აქ იცხოვრებს ჩემთან ერთად, თუ აქეთ-იქით ივლის. მან მითხრა: აქეთ-იქით სიარული მირჩევნიაო. მე დღეს აქ მირჩევნია ყოფნა. აქ მე ვმუშაობ, მანდ ვერ ვიმუშავებ. რომც ვიმუშაო, იმდენად სასაცილო იქნება ის ხელფასი, ოჯახს ვერ შევინახავ. ასე რომ, ჯობია, აქ ვიმუშაო და მანდ ვაგზავნო. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცოდე, რომ არავინ არაფერში არ გადანაშაულებს, არ გეკიდება, არ ელოდება იმას, როდის დაგიცდება ფეხი, რომ რაღაც თქვას შენზე... დღეს თბილისში ბევრია ასეთი. მსგავსი ადამიანების გინებით და ლანძღვით არ ვიღლები, სადაც არ უნდა ვიყო, მანდ თუ აქ. ყველას უნდა ახსოვდეს საიდან მოდის და რა გაუკეთებია. ვისაც პატარა ამაგი აქვს ჩემზე ყველა მახსოვს და იმ ამაგს არ დავუკარგავ არასდროს.
ასეა, ზოგჯერ გაბრაზებული ვარ, ზოგჯერ ამბიცია მაწუხებს, ზოგჯერ წყენა...
– წყენაზე ვისაუბროთ, ძალიან გულნატკენი ჩანხარ.
– ჩემი მანდ არ ყოფნით, საქართველოს დედა ენა არ დაეკარგება, არც არაფერი მოემატება, მე რომ აქ რაღაცას მივაღწევ. აქ რომ რაღაცას მივაღწიო და მანდ ჩამოვიდე, ისე მოიქცევიან თითქოს, საერთოდ არ იცოდნენ, ადრე ვინ ვიყავი და ახლა გავხდი პოპულარული და საყვარელი შვილი ქვეყნისა. თუ სხვა ქვეყანაში არ მიაღწიე რაღაცას, ისე მანდ არ გაფასებენ. მინდა, ყველა კარგად იყოს და ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს.
– პირად შემოქმედებაში რა ხდება, სასიმღერო კარიერაზე ხომ არ ფიქრობ?
– ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, რომელთაც ვუყვარვარ და კარგად ვარ მათთან. მათი მეშვეობით შეიძლება, ჩემი სიმღერები გავყიდო. არის ერთი-ორი შემოთავაზება. მომღერალმა ლოლიტამ გამოთქვა ინტერესი ჩემი სიმღერებისადმი. ჩავწერე, გავუგზავნე და ახლა ველოდები, რა პასუხი იქნება, ვნახოთ.
მინდა, ყველაფერი ისე კარგად მქონდეს, იმდენს მივაღწიო, მანდ რომ ჩამოვალ და „შეტენვას“ დამიწყებენ ზოგიერთები, ძალიან მაგრად დავცინო. თუ არაფერი გამომივა, ლაპარაკი მაინც შეგვრჩება მეც და თქვენც.