რას ვერ სდებს სიკო ჭუმბურიძე ლაგამს და ვის უწყობდა ის ეჭვიანობის სცენებს
„რუსთავი 2-ის“ იუმორისტული გუნდის წევრი, სიკო ჭუმბურიძე, რომელიც პოპულარული კუკუშას პერსონაჟით გახდა, საკუთარ იღბალს არ უჩივის და როგორც ამბობს, ვარსკვლავები თვალს ხშირად უპაჭუნებენ. მის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხდა, ასე იპოვა საქმე, რომელიც ძალიან უყვარს, მეგობრები, რომლებშიც ყველაზე მეტად გაუმართლა და სიყვარული, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.
სიკო ჭუმბურიძე: საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი. 20 ივნისს ვარ დაბადებული, მე არ მახსოვს, მაგრამ დედაჩემისგან გამიგონია, იმ ღამეს ცა ვარსკვლავებით ყოფილა თურმე მოჭედილი. ეს ვარსკვლავები იმ დღიდან აქამდე ხშირად მიპაჭუნებენ თვალს. თუმცა, შენც თუ არაფერი გააკეთე, მარტო ვარსკვლავების თვალის ჩაკვრის იმედზე ვერ იქნები (იცინის). იღბალმა ბევრჯერ გადამარჩინა. პატარა ვიყავი, სარდაფის ჩასასვლელიდან ჩავვარდი და თავით ამოშვერილ არმატურებზე დავეცი. გადავრჩი და ამის გამო კასკადიორი შემარქვეს. ერთხანს „ბასტი ბუბუში“ ვმონაწილეობდი. სპორტის სასახლეში კონცერტზე გამოვდიოდი. დიდ ჯაჭვში ვიყავით ჩაბმული ძალიან ბევრი ბავშვი. უკვე კულისებიდან გამოვდიოდით, როცა შარვლის რეზინა გამიწყდა და შარვალი ჩამძვრა. მასწავლებელს რომ არ ემარჯვა და რეზინა არ გადაეკვანძა, კულისებიდან შარვალჩახდილი გავიდოდი და ალბათ, მას მერე აღარასდროს ავიდოდი სცენაზე. ასე რომ, მაგრად გადავრჩი, რომ იქვე არ დასამარდა ჩემი კარიერა (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები ხდება, რომ ეს აუცილებლად იღბლის დამსახურებაა. ძალიან ბევრი თვალსაზრისით გამიმართლა – ოჯახი, მეგობრები, საქმე. ყველაფერში არა, მაგრამ მთავარ კომპონენტებში მიმართლებს. ასე რომ, უიღბლო ნამდვილად არ ვარ. ძალიან კარგ, ქართულ ოჯახში დავიბადე. მამა 12 წლის წინ გარდამეცვალა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, კარგი სამეგობრო ჰყავდა. მის გამო კარგი და ლაღი ბავშვობა მქონდა. პატარა, ბუნჩულა ბიჭი ვიყავი, ლოყები მხრებზე მედო. სადმე, სუფრასთან რომ ვიყავით, მჭადს მომცემდნენ და ხმას აღარ ვიღებდი, ჩემთვის ვიჯექი და ვჭამდი. ეს იყო ჩემი გაჩერების საუკეთესო საშუალება (იცინის). გამიმართლა იმითაც, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ხომ შეიძლება აფრიკაში გავჩენილიყავი და ბუზებს შევეჭამე. როცა იცი, რომ ასეთი ადგილებიც არსებობს, პრეტენზიებიც აღარ გაქვს. აფრიკაშიც კი არ იქნებოდა ქუთაისი, ჩემი დედულეთი, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე. სულ ვამბობ, რომ ქუთაისი ჩემთვის დედაქალაქია, თბილისი კი – მამაქალაქი. ცოტა მგონი, დროში ავირიე. ურიგო არ იქნებოდა ძველ დროში გავჩენილიყავი, თუმცა ვისაც ის ძველი და კარგი დრო ახსოვს, მათ ახლა უფრო უჭირთ ცხოვრება. მატერიალურად ჩემი ოჯახიც ძლიერ ოჯახად ითვლებოდა. ჩვენი ცხოვრებაც მაშინ აირია, როცა ყველაფერი აირია ამ ქვეყანაში. იყო პერიოდი, როცა ძალიან გვიჭირდა, მჭადიც კი აღარ იყო, შუა ეზოში ვხარშავდით ლობიოს. იმ გაჭირვებამ სტიმული მომცა, გამოვიბრძმედე, უფრო შრომისუნარიანი გავხდი. დავრწმუნდი იმაში, რომ თუ ხელი არ გაანძრიე, თავისით არაფერი მოდის და აღარ გინდა დაბრუნება იქ, სადაც ძალიან ცუდია.
– შრომისმოყვარე ვარო, ამბობ. ის, რომ დღეს პოპულარული იუმორისტული შოუს სახე ხარ, მხოლოდ შენი მონაცემების და შრომის დამსახურებაა?
– არა, იღბალიც იყო, მაგრამ მეც ბევრი ვიშრომე. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მეგობართან ერთად არაპოლიტიკური ორგანიზაცია გავაკეთე. რაღაც ღონისძიებებს ვაწყობდით და მასწავლებელი ხელფასს გვიხდიდა. მართალია, ათ ლარად ვმუშაობდით, მაგრამ ის ფული ბუფეტისთვის საკმარისი იყო. მუქთად ფული არასდროს მიშოვია. მერე დადგა პერიოდი, როცა დისტრიბუციაში ვმუშაობდი – ჯერ ღვინოს ვყიდდი, მერე პელმენებს დავათრევდი აქეთ-იქით. ათასი რთული საქმე მაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ოჯახში ორიოდე კაპიკი შემეტანა. მერე იყო „კავეენი“, სულ ვფიქრობ, რომ პროფესიული არჩევანი არცთუ სწორად გავაკეთე, მაგრამ ესეც ძალიან დამეხმარა. იმ დროს ბევრი რამ ერთმანეთს დაემთხვა. პროფესიაში არ აღმოვჩნდი იღბლიანი – ეკონომიკურზე ჩააბარეო, მითხრეს, პერსპექტიულიაო, წინ წახვალო, ბევრ ფულს იშოვიო. მეც ავდექი და ჩავაბარე, მაგრამ მაინც ჯამბაზი ვარ. საბანკო საქმე დავამთავრე, მაგრამ ერთი დღე არ მიმუშავია ბანკში, მაინცდამაინც არ მიზიდავდა ეს სისტემა. ამ გზას რომ გავყოლოდი, შეიძლებოდა ჩემგან დიდი ბანკირიც დამდგარიყო (იცინის). მე არ ვფიქრობ, რომ სტუდენტობის წლები ტყუილად დავკარგე, მაშინ დაიწყო „კავეენი“, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩამითრია. მე ავყევი სტუდენტურ ცხოვრებას. ერთი წელი კიდევ ვისწავლე, მერე ძალიან ავიშვი თავი (იცინის). „კავეენში“ რომ არ მოვხვედრილიყავი, დღეს ალბათ, არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ. იმ პერიოდში დავდიოდით კიევში, სოჭში, მაგრამ შემოსავალი არ მქონდა. ჩემს პატარა ოჯახს, რომელიც დედისა და დისგან შედგება, დახმარება სჭირდებოდა. ეს ორი ქალი ჩემი ცხოვრების თილისმაა და იმდენად ძვირფასები არიან ჩემთვის, მათ გამო არანაირ საქმეზე არ ვიტყოდი უარს. მართალია, ისინი დღემდე მანებივრებენ, როგორც პატარას, მაგრამ მე, ჯანმრთელი, ჯანსაღი კაცი, რატომ უნდა ვმჯდარიყავი სახლში? როგორც კი გადავწყვიტე, აუცილებლად რაღაც საქმისთვის უნდა მომეკიდა ხელი, იმ პერიოდში დამირეკეს „რუსთავი 2-დან“ და მისვლა მთხოვეს. მივხვდი, რომ თუ იქამდე მივიდოდი, აუცილებლად გამოვიდოდა საქმე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიურპრიზი. ჩემთვის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა კუკუშას პერსონაჟი, რომელიც ერთი ხუმრობით შეიქმნა და მერე ხალხმა აიტაცა. მე მადლიერი ვარ ამის გამო, უმადური კი არ ვარ... კი ვჯამბაზობ, მაგრამ ამ თემას ცოტა სხვაგვარად ვუყურებ. ვფიქრობ, კარგ საქმეში ვარ. მე და ჩემი მეგობრები ძალიან ბევრ ადამიანს ვანიჭებთ ღიმილს, რითიც ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. როცა ვინმეს ცხოვრებას უხალისებ, ეს ძალიან კარგი მგონია. ვერ ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეში ვიქნები. მინდა, ისეთი რამე ვაკეთო, რაც ხალხს გამოადგება. მერე შეიძლება, უფრო დიდი საქმეები ვაკეთო, მაგალითად, ბიზნესში წავიდე. ინტუიცია მკარნახობს, რომ ამ სფეროში უნდა გამიმართლოს. „ტყუპებს“ აქვთ, კრეატიული ნიჭი და ინტუიცია, რაც ბიზნესს ძალიან სჭირდება.
– აზარტულ თამაშებში თუ გიმართლებს? ოდესმე რამე მოგიგია?
– ზოგადად აზარტული ვარ, მაგრამ ტოტალიზატორსა და კაზინოში არ დავდივარ, რადგან მერე ჩემს აზარტს ლაგამს ვეღარ ამოვდებ. ვიცი, რომ შეიძლება ისე შევყვე თამაშს, რომ ეს ძალიან ცუდად დამთავრდეს ჩემთვის. მიყვარს ფეხბურთის, კალათბურთის თამაში პატარ-პატარა მაზიანებზე. როცა პატარა ვიყავი, ეზოს ბიჭები უფროსებს ფეხბურთს ვეთამაშებოდით ხოლმე და როგორც ბებრებს სულ ვუგებდით. ისინიც გვაბარებდნენ წაგებულ ლუდს და რესტორანს. ამის შემდეგ, რაც გავიზარდე არაფერი მომიგია. რამდენჯერმე ვითამაშე ლატარია, მაგრამ ისე რომ მხოლოდ ორი ბილეთი მოვიგე და ასე ფხეკა-ფხეკა იმდენ ხანს გაგრძელდა, უსასრულობაში გადავედი (იცინის).
– პირად ცხოვრებაში იღბლიანი ხარ?
– იყო პერიოდი, როცა ძალიან ვიტანჯებოდი. ერთი გოგო მიყვარდა ძალიან, გადარეული დავდიოდი. ის გოგო მეუბნებოდა, მიყვარხარო, მაგრამ ძალიან აფერისტი იყო, ხან ვის ხვდებოდა, ხან – ვის. მე დავდევდი, ვუთვალთვალებდი, ვეჭვიანობდი და ამის გამო სცენებსაც ვუწყობდი. მის გამო ბევრ ხიფათს გადავეყარე. იყო ჩხუბები, საქმის გარჩევები. მერე მივხვდი, რომ იმ გოგოსთვის ამდენი დავიდარაბა არ ღირდა და თავი დავანებე. ამის მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიყვარული იყო. ქარაფშუტა არ ვარ, მაგრამ მიყვარს ქალი, როგორც არსება... მე ძალიან უცნაური ხასიათი მაქვს ქალებთან, განსხვავებული, ისეთ რაღაცეებს ვითხოვ, რაც ქალებს არ მოსწონთ.
– ასეთს რას ითხოვ?
– გადამეტებულ ყურადღებას, ძალიან აზიატი არ ვარ, ქალებთან საქართველოსავით ევროპისა და აზიის საზღვარზე ვარ გაჭედილი. არის თემები, სადაც ევროპელი ვარ, არის თემები – სადაც სრული აზიატი. მაგალითად, თუ ქალი ქალწულობას სიყვარულის გამო დაკარგავს, ეს როსკიპობად არ მიმაჩნია, მაგრამ თუ ისე, გრძნობის გარეშე, არ მომწონს... მაქვს ჩემი „წიკები“ (იცინის).
– როგორც ვიცი, ამ ბოლო დროს დიდი სიყვარული გეწვია.
– ნამდვილად შეყვარებული ვარ, მაგრამ ამ სიყვარულს ჯერ ვუმალავ ფართო საზოგადოებას. ცუდი პერიოდი მქონდა, ცუდ „პალასაზე“ ვიყავი, როდესაც ეს სიყვარული მეწვია. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემს უცნაურობებს ავსებს და ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის. ერთმანეთი „ადნოკლასნიკებით“ გავიცანით, ცუდი ზრახვებით არა, მაგრამ მგონი, დასაზვერად შემოვიდა. მერე დესანტი გადავსხით ერთმანეთთან და ასე ავაწყვეთ ურთიერთობა. უშუალობით, გულახდილობით და გარეგნობით მომხიბლა, საერთოდ არ მეთამაშება და ეს მომწონს, მთელი დღე იმდენს ვთამაშობ, საღამოს და პირად ცხოვრებაში თამაში აღარ მინდა. ეს სიყვარული ამდენი წლების მოლოდინად ღირდა...
– დაოჯახებას როდის აპირებთ?
– ჯერ არ ვიცი... ვაპირებთ, მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ზუსტად არ ვიცი, როდის დადგება ეს დღე. ახლა კონცერტების დროს რომ მეფიქრა დაოჯახებაზე, არა მარტო სამსახურის, სამშობლოს ღალატი გამოვიდოდა. ახლა მარხვაა, რაღაც გეგმები მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ... ვიცი, რომ ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. თუ რამეს ჩაიფიქრებ, რომელიც ძალიან გინდა, რომ გამოგივიდეს და ამას მთელი სულით და გულით შეეცდები, ის აუცილებლად ახდება. ოღონდ კარგი რამ უნდა ჩაიფიქრო, რომ ღმერთი და იღბალი დაგეხმაროს. თუ ოცნებისკენ სწორი გზით ივლი, ლამაზი ოცნებებიც სრულდება...