რატომ ეძახიან თამუნა ნიკოლაძეს „დაბუდუს“ და რამ დაასერიოზულა და შეცვალა ის
ის წარმატებული ადამიანია, აკეთებს თავის საყვარელ საქმეს, თამაშობს თეატრში, სერიალ „შუა ქალაქში“ და, რაც მთავარია, ის ბევრ ადამიანს უყვარს. სერიალში – ქეთევან ღლონტი, ცხოვრებაში – თამუნა ნიკოლაძე, საკმაოდ დადებითი ადამიანია, დიდი, თბილი გულით, ოდნავ სევდიანი ღიმილით და ცოტა გულჩათხრობილი.
თამუნა ნიკოლაძე: მე ვარ უბედნიერესი გოგონა და მსახიობი, რადგან, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და რის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია. ვარ იმ ადგილას, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვმუშაობ ძალიან წარმატებულ „ღამის შოუში“, ვაკეთებთ გემოვნებიან და დახვეწილ სერიალს და მაქვს ძალიან საინტერესო სამუშაო. ასევე, ვარ ძალიან წარმატებული თეატრის – „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი. ასე რომ, ღვთის წყალობით, ძალიან კარგ ადგილას აღმოვჩნდი.
– იმისთვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ნიჭი, მაგრამ, ალბათ, ასევე მნიშვნელოვანია, გიმართლებს თუ არა.
– მსახიობობა მე არ ამირჩევია, მსახიობობა არის ჩემი თანდაყოლილი პროფესია, რადგან 3 წლის არც კი ვიყავი, როდესაც პირველად მომიწია მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლში თამაში. შესაბამისად, ჩემს ზრდასთან ერთად, იზრდებოდა სცენაზე ყოფნისა და მსახიობობის მოთხოვნილებაც. ეს ჩემთვის როგორც ჰაერი და საკვები, ისეთი აუცილებელი გახდა. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია ღვთისგან ბოძებული ნიჭი, გამოცდილება, ასევე ბედი, იღბალი და გამართლება – ეს ყველაფერი ჯაჭვივით არის გადაბმული და, ერთხელაც, სადმე იჩენს თავს.
– მეოცნებე ხარ?
– მას შემდეგ, რაც გავიზარდე, აღარ დავფრინავ. ჯერ ისევ პატარა გოგო ვარ, ცოტათი კი გავიზარდე, მაგრამ, კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ანუ, რაც წამოვიზარდე, ოცნებას შევეშვი, უფრო რეალისტი გავხდი და, იმით, რაც დღეს ჩემ გარშემო ხდება, კმაყოფილი ვარ. როდესაც ქუჩაში გავდივარ, ბედნიერი ვარ, რომ ადამიანები სითბოთი, სიყვარულით მხვდებიან, მათი მხრიდან დიდ სითბოს ვგრძნობ და, ვიცი, რომ ისინი არ იტყუებიან. ეს ადამიანები მე მაძლევენ ენერგიას, სტიმულს, ვიცი, ხვალ იმიტომ უნდა გავიღვიძო, რომ მათ ვჭირდები და ეს ჯაჭვური რეაქციასავით არის, ჩემზეც გადმოდის და დადებითად მმუხტავს. საერთოდ, ძალიან ცოტა მყოფნის – რაც უფრო მეტად ვხედავ ადამიანების სიყვარულს, მით უფრო მიორმაგდება პასუხისმგებლობა.
– თვითკრიტიკული ხარ?
– ძალიან თვითკრიტიკული ვარ და, რაც უფრო მეტ ხალხს ვუყვარვარ, ეს გრძნობა უფრო მეტად მიმძაფრდება. როგორც თეატრში, ასევე სერიალში, არის რაღაც, რაც თავად არ მომწონს. ერთი ასეთი პრინციპი მაქვს: რეჟისორს როლზე არასდროს ვთანხმდები ჰაერზე, რადგან, თუ საქმეს ვკიდებ ხელს, იმ წუთიდან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ და პრემიერამდე ვზრდი როლს. მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. მსახიობი ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არ უნდა იყოს.
– როგორც შენი საუბრიდან მივხვდი, ბავშვობაშიც საკმაოდ აქტიური იყავი.
– დიახ, ძალიან აქტიური და ასე თუ ისე, დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. საბედნიეროდ, ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა: როდესაც რომელიმე სპექტაკლში ბავშვი დასჭირდებოდათ, მე მეძახდნენ, სკოლის დამთავრებამდე 4-5 სპექტაკლში მქონდა მონაწილეობა მიღებული. ვსწავლობდი 23-ე სკოლაში და, ასევე, თეატრალურ სტუდია „ბერიკებში“; ფესტივალებზე დავდიოდი უცხოეთში. სტუდენტობაც ძალიან ბედნიერი მქონდა. დიდი მადლობა ჩემს პედაგოგს, გიორგი შალუტაშვილს. მან ყოველთვის ზუსტად იცოდა, მე რა უნდა მეთამაშა. მახსოვს, სტუდენტობის დროს ფესტივალზე „დებიუტი“, ავიღე, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის შეგრძნება, რაც მაშინ განვიცადე, არასდროს დამავიწყდება. სტუდენტ-რეჟისორებთანაც ვიმუშავე და მოხეტიალე მსახიობიც ვიყავი, მსახიობი აუცილებლად მოხეტიალე უნდა იყოს, ერთ თეატრში არ უნდა გაჩერდეს, რადგან სხვადასხვა თეატრში სხვადასხვა სული ტრიალებს. ერთ წელიწადს ხუთ თეატრში ვთამაშობდი და კვირის ყველა დღეს სპექტაკლი მქონდა.
– როგორ უძლებდი ასეთ რეჟიმს?
– ვუძლებდი, რადგან დიდი ენერგიითა და შემართებით ვიყავი. მენატრება კიდეც ის პერიოდი, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ვარ დაკავებული, უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ზაფხული მიყვარს, რადგან, უნდა დავისვენო, ძალები აღვიდგინო და სექტემბრიდან ისევ დავუბრუნდე სამუშაოს, მაგრამ, როცა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება დასვენება, ძალიან ვიღლები უსაქმურობით, უაზრო ფიქრები და აზრები მომდის, ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება მუშაობა. კარგად მაშინ ვხდები, როდესაც მაქსიმალურად დაკავებული და დატვირთული ვარ.
– საინტერესოა, როგორია ცუდ ხასიათზე მყოფი თამუნა ნიკოლაძე. არის რამე, რაც მას უცებ გამოუკეთებს განწყობას?
– ადრე სხვანაირად ვბრაზდებოდი – შეიძლება, ხმამაღლა მეთქვა ადამიანისთვის, ეს რატომ გააკეთე-მეთქი. ახლა გაბრაზებაშიც დავსერიოზულდი, საკუთარ თავში ვიკეტები და ვერ ვიცინი, უთქმელი გავხდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს არ ვეკონტაქტები. სულ ვამბობ, მსახიობობა შემიძლია სცენაზე, ეკრანზე, მაგრამ, როგორც კი სამუშაო მთავრდება, მერე სულ სხვანაირი ვხდები. ძალიან განსხვავდება შემოქმედი თამუნა ნიკოლაძე, რეალურ, ცხოვრებისეული თამუნა ნიკოლაძისგან. მე ორივეს ვიტან შეძლებისდაგვარად, თანაც, ეს ბოლო სამი თვეა, ძალიან დავსერიოზულდი, მეგობრები მეუბნებიან, ძალიან სერიოზული ხარ, ჩვენ ასეთი „დაბუდუ“ არ გვიყვარსო. სტუდენტობიდან მაქვს სახელი „დაბუდუ“ და დღემდე ყველა ასე მეძახის. მეგობრებთან ჩემი გამოჩენა ყოველთვის ასოცირდებოდა სიცილთან, გართობასთან, არაჩვეულებრივ საღამოსთან.
შეიძლება გული მეტკინოს, ცრემლიც მომადგეს, რადგან, ძალიან გულჩვილი ვარ, მაგრამ, შესაძლოა, უცებ უბრალო რამე მოხდეს და რადიკალურად შევიცვალო, პატარა სიხარულიც კი მახარებს. დიდი დრო არ არის საჭირო იმისთვის, რომ თავი შემაყვარო ან ასევე შემაძულო; შემიძლია, უცებ მოვიხიბლო ან განვიხიბლო. თუმცა, ადამიანს, რომელსაც შევიყვარებ, გულთან ახლოს მივიყვან, მისი უცებ დავიწყება არ შემიძლია.
– ალბათ, ამ ყველაფრის მიზეზი არსებობს.
– დიახ, არის მიზეზები, რომლებზეც დღეს ძალიან ბევრს ვფიქრობ. აქამდე ისე მოვედი, რომ პრობლემები, გულისტკენა არ მქონია, ახლა კი დადგა იმის დრო, რომ რაღაცაზე გული მტკენოდა, მეტკინა კიდეც და, ამან დამასერიოზულა. მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს უფრთხილდება – ნივთებს, ოთახს, კარადას; მიყვარს მოწესრიგებული ცხოვრება, არეულობას ვერ ვიტან – დისკომფორტს მიქმნის არეულობა. შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებაც დალაგებული მიყვარს და ყოველთვის თავად ვალაგებ. ყველაფერში სიმშვიდე მიყვარს, მოფრთხილება და ყველაფრის ბევრი მოფერება. ამ დროს სულ მაქვს ფორიაქი, მაგრამ, ვცდილობ, გავაანალიზო და არასდროს არ ვუდგები ამ არეულობას მხოლოდ ჩემი კუთხიდან, პრობლემას ყოველთვის ორი მხარე აქვს. თუმცა, ხშირად განვიცდი სინანულს და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად საკუთარ თავს ვადანაშაულებ.
– ბევრი ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ბევრი კი – სხვის შეცდომებზე. შენ რომელი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები?
– სხვის შეცდომებზე ვერასდროს ვსწავლობ და, ძალიან ხშირად, ჩემი დაშვებული შეცდომების მაგალითზე სხვისთვის მირჩევია რაღაც, დაუჯერებიათ და უთქვამთ, შენ რომ გვირჩიე, ისე მოვიქეცი და როგორ გაამართლაო. ძალიან ხშირად საკუთარ პრობლემებში უფრო ვიხლართები, სხვას უკეთ ვურჩევ, ვიდრე საკუთარ თავს.
– იმისთვის, რომ ბოლომდე წარმატებული იყო, ხომ გჭირდება მოწესრიგებული, დალაგებული პირადი ცხოვრება?
– მე თუ არ მიყვარს, არ ვარ შეყვარებული, არ მაქვს ღელვა, არ ვიცი, ვის გამო ჩავდივარ „საგმირო საქმეებს“, ძალიან მიჭირს რამის გაკეთება. მაგალითად, ჩემი ბევრი როლი და წარმატება ყოველთვის ერთ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნოდა და ეს ძალიან კარგი, ფოიერვერკული იყო. ჩემთვის ბედნიერების ფორმულა ასეთია: ჯანმრთელობა, სახლში, ოჯახში, პირად ცხოვრებაში – ყველაფერი მოწესრიგებული, დალაგებული და შემოქმედებითი წარმატება. ადრე ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი – პატარა ვიყავი და ბევრი რამ გამოუცდელობით მომდიოდა. ბევრი წელი და ენერგია ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას დავუთმე, მაგრამ, წარმატებულმა გოგონამ, თანაბარი დრო უნდა დაუთმოს კარიერასა და ოჯახს, ესე იგი თანაბრად უნდა დავიხარჯო კარიერაში და პირად ცხოვრებაშიც.
– ალბათ, შექმნი ოჯახს და ბევრ რამეს გაითვალისწინებ.
– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ჯერჯერობით არაფერს ვაპირებ, უცებ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მით უმეტეს – ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა. უბრალოდ, მომავალში გავითვალისწინებ იმას, რომ ყველაფერს სათანადო დროს დავუთმობ, დავიხარჯები და მაქსიმალურად მეყვარება ყველაფერი.
– და, ბოლოს, შენს წარმოსახვაში ბედნიერებას ფორმა აქვს?
– ძალიან ბევრი ფერადი ყვავილი – ასე ვხედავ ბედნიერებას.