რატომ ვერ გახდა ქეთი ასათიანი სექსუალური მდივანი და „შუა ქალაქის“ რომელ მსახიობთან ურთიერთობა ამშვიდებს მას
სერიალ „შუა ქალაქში“ ბოლო დროს კიდევ ერთი უწყინარი პერსონაჟი გამოჩნდა – ირაკლი ჩხეიძის მდივანი მაიკო, იგივე ქეთი ასათიანი. ქეთი მიხეილ თუმანიშვილის თეატრის მსახიობია, უყვარს საქმე, რასაც აკეთებს და საკუთარ პროფესიას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ბავშვობაში ბალერინა იყო, სწავლობდა საბალეტო სკოლაში, მოგვიანებით კი ბალერინობა მსახიობობით ჩაანაცვლა. ჰყავს მეუღლე ნიკუშა ნადირაძე, რომელიც პროფესიით არქიტექტორია და 10 თვის ქალიშვილი – თუთი. მის ოჯახში კიდევ არის ერთი მსახიობი – ქეთის მული, მარიამი, რომელიც „შუა ქალაქში“ დათოს შეყვარებულს, რუსკას, იგივე „დოპროკინის“ როლს ასახიერებდა.
– ქეთი, რეპეტიცია სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რა სპექტაკლზე მუშაობთ?
– თუმანიშვილის თეატრში ახლახან გვქონდა პრემიერა ლალი კეკელიძის „იქ, სადაც ჩემი სახლია.“ ამჟამად კი ქეთი დოლიძესთან ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე, რომელშიც თითქმის მთელი დასია დაკავებული.
– მართალია, თეატრი ძალიან პოპულარულია, მაგრამ ეკრანი მაინც სხვაა. ალბათ, „შუა ქალაქში“ გამოჩენამ ბევრი თაყვანისმცემელი შეგძინა.
– ახლა, ქუჩაში გასვლისას, ვინმეს ეთქვას – მაია მოდისო – ასეც არ არის, მაგრამ, მაინც სასიამოვნოა, როცა ასეთ სერიალში ხარ დაკავებული. იქ არაჩვეულებრივი გარემო და ძალიან კარგი კოლექტივი დამხვდა. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, ასეთი რამ ქართულ ტელესივრცეში ძალიან იშვიათია. ყველა თავის საქმეს აკეთებს, არავინ ხელს არ გიშლის, ზედმეტად არავინ არაფერს გეკითხება. „ხუთიანზე“ აქვთ ყველაფერი აწყობილი, აქვთ გეგმა და იმის მიხედვით მოქმედებენ. აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად არის შეკრებილი. მათთან მუშაობა იმდენად მსიამოვნებს, აბსოლუტურად არ მაქვს ფინანსური დაინტერესება. ამ შემთხვევაში ის ინტერესი მაქვს, რომ რაღაცას ვსწავლობ, რაღაც პროცესს გავდივარ და ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს.
– „შუა ქალაქში“ როგორ მოხვდი?
– ზაფხულში სულ სხვა სერიალის ქასთინგზე ვიყავი მათთან მისული. მოგვიანებით კი, დამირეკეს და მითხრეს „შუა ქალაქში“ ერთ-ერთ როლზე ხართ დამტკიცებულიო. მივედი და „კოხის“ (რეჟისორს) გავესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ჯერ სცენარისტებმაც არ იცოდნენ ჩემი პერსონაჟის შესახებ, როგორ განვითარდებოდა და საით წავიდოდა. პირველ ეტაპზე მაიკო სექსუალური გარეგნობის უნდა ყოფილიყო. საშინლად მინდოდა „შუა ქალაქში“ მონაწილეობის მიღება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ, უცებ სექსუალური გოგო რომ გავმხდარიყავი, თავიდანვე მოვკვდებოდი. ეს იმიჯი რატომღაც საკუთარ თავში ვერ დავინახე, თან, ჩემი აზრით, არც სერიალისთვის იქნებოდა მომგებიანი. ბევრი ფიქრის შემდეგ „კოხისთან“ შევედი და შევთავაზე, თუ შეიძლება, რომ ცოტა შევცვალოთ ჩემი გმირის იმიჯი-მეთქი. ჩემს წარმოსახვაში მაიკო მორიდებული, ცოტა უგემოვნოდ ჩაცმული, მაგრამ ძალიან ნაკითხი, სათვალიანი გოგო უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, „კოხიმ“ ძალიან კარგად მიიღო ჩემი აზრი, გამამხნევა და მითხრა, რომ მაიკოსთვის სათვალე მომეხსნა და მორიდებულ გოგოდ დამეტოვებინა, რომელსაც სამსახურის დაკარგვა არ უნდოდა. რამდენიმე ჩაწერის შემდეგ სცენარისტებმა ჩემს გმირში პერსპექტივა დაინახეს. საით წავა ეს პერსონაჟი, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.
– მაიკო ცოტა უცნაური და დაბნეული გოგონაა. როგორი ხარ შენ რეალურ ცხოვრებაში? ჰგავხარ რამით საკუთარ გმირს?
– ჩემი აზრით, ყველა ადამიანშია პატარ-პატარა დოზით დარეჯანიც, ლუარსაბიც, ოფელიაც, ჯულიეტაც, მაიაც, ირაკლიც და ასე შემდეგ. შეიძლება, ჩემშიც იყოს მაიკოს რაღაც შტრიხები.
– ცხოვრებაში ხშირად ხვდები კურიოზულ სიტუაციაში?
– ალბათ, ზომიერად. საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ გადაღების დროს ოთარმა ჩამაგდო ერთხელ კურიოზულ სიტუაციაში. სიტყვის დაბოლოებებზე ხომ ვმუშაობთ ორივე, მაგალითად, „გამარჯო-ბა“ და მსგავსი რაღაცეები. დაიწყო ჩაწერა. ოთარი მეუბნება, დავი... ვუპასუხე – წყოთ, და... წამებში რა არ ვიფიქრე, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო დავი-წყოთ და... ბოლოს მიპასუხა – დათვლა. კარგი იმპროვიზაცია გამიკეთა. რომ გამოვედით, კულისებში მივადექი – გეთქვა, გაგეფრთხილებინე-მეთქი. ბუნებრივი იყო, ქეთი, არ ინერვიულოო – მიპასუხა.
– „შუა ქალაქის“ მსახიობებიდან რომელიმე თუ იყო შენი ჯგუფელი?
– ჯგუფელი არა, მაგრამ, ერთ პერიოდში ვსწავლობდით.
– რომელთან მეგობრობ?
– თავიდანვე გვიჟდებოდი მარიამ ჯოლოგუაზე, ძალიან მიყვარს, ჩემიანია. რომ ვუყურებ, ვმშვიდდები. რაც შეეხება ღლონტებს, ვიცნობდი, მაგრამ მარიამისნაირი ურთიერთობა ადრე მათთან არ მქონია. ღლონტები ძალიან საყვარლები არიან და მინდა ორივე ჩავბურჯგნო ხოლმე. ოთარით აღფრთოვანებული ვარ. ის არაჩვეულებრივი პარტნიორი და ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ჯაბასთან ძალიან ახლოს ვიყავი ინსტიტუტის პერიოდში და ვმეგობრობდით. დათოს და მაიასაც ვიცნობდი, ბაჩოსაც.
– მოკლედ, მათ გარემოცვაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ.
– პროფესიონალები არიან და მათთან მართლა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– არ გეცინებოდა, როცა თამარ ღლონტთან წერდი სცენას, რომელიც საოცრად გეფერებოდა? ან – მკითხავ ლოქოზე... ასეთი სასაცილო სცენები ძალიან ბევრი იყო.
– ჩემი და თამარის სცენაში ინპროვიზაციაც იყო – ტექსტი ცოტა „გამეჭედა“, დავიბენი და თამარმა გამომიყვანა სიტუაციიდან, ვაიმე, შენ გენაცვალე, შენ შემოგევლე, რა ლამაზი გოგო ხარო. მართალია, რთულია თავის შეკავება, მაგრამ მე თვითონ არ მიყვარს, როცა მსახიობს ეცინება და ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიკავებ.
– არიან მსახიობები, რომლებიც საკუთარი ფილმის პრემიერებს ვერ ესწრებიან. შენთვის როგორია საკუთარი თავის ეკრანზე ყურება?
– ძლივს ვუყურებ ხოლმე. რა თქმა უნდა, ახალი სერიის ნახვის სურვილი მაქვს, მაგრამ ამის გაკეთება ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად მიწევს. იმ მომენტში კი, საკუთარ თავს მათი თვალებით ვუყურებ და ვიტანჯები. მერე ცალკეც ვუყურებ და აბსოლუტურად რაციონალურად ვაფასებ საკუთარ თავს. კარგად ვხვდები, დავუშვი თუ არა სადმე შეცდომა, რამე ზედმეტი ხომ არ მომივიდა, ან პირიქით და, ასე შემდეგ.
– ადრე თუ იყავი „შუა ქალაქის“ მაყურებელი?
– დიახ, სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. თან ყველა მსახიობს ვიცნობდი. ჩემი მულიც მსახიობია, რომელიც „შუა ქალაქში“ მონაწილეობდა. „დოპროკინი“ რომ დაარქვეს, მარიამ ნადირაძე, დათოს ერთ-ერთ შეყვარებულს თამაშობდა.
– შენს ოჯახზე გვიამბე.
– მყავს მეუღლე, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, 10 თვის ქალიშვილი – თუთი, მამამთილი და მსახიობი მული. ყველანი ერთად ვცხოვრობთ.
– მეუღლე ვინ არის პროფესიით?
– ნიკუშა პროფესიით არქიტექტორია. ის ძალიან მეხმარება და ყოველთვის გვერდში მიდგას. როცა მითხრეს, მაია სექსუალური გოგო უნდა იყოსო, გამოვედი გარეთ და ნიკუშას დავურეკე, ვთხოვე მოსულიყო. განვმარტოვდით და ერთად ვიჭყლიტეთ ტვინი მაიას იმიჯზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ნიკუშა ძალიან მეხმარება. ხშირად როლს ერთად ვძერწავთ, არა მარტო მაიკოს შემთხვევაში, არამედ, თეატრშიც ჩავითრიე (იცინის).
– შენიშვნებსაც გაძლევს?
– რა თქმა უნდა. ყველაფერს ისე მეუბნება, რომ გული არ მატკინოს. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დედის აზრიც. ნიკუშა მიფრთხილდება, დედას თუ რამე არ მოეწონა, პირდაპირ მეუბნება. ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე, რას მეტყვის დედაჩემი. ერთხელ, მახსოვს, ერთ სპექტაკლში მეც ვთამაშობდი. წარმოდგენას დედაჩემიც ესწრებოდა. საერთოდ, დარბაზში მაყურებელს არ ვუყურებ, მაგრამ, ისე მოხდა, თვალი გამექცა და დავინახე, დედა გაღიმებული სახით მიკრავდა ტაშს. გამიხარდა, ვიფიქრე, მოვეწონე-მეთქი. სპექტაკლის შემდეგ, რომ გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი, დედაჩემმა სიცილ-სიცილში მითხრა, საშინელი იყავიო.
– როგორ განვითარდება შენი გმირი „შუა ქალაქში“, ჯერ არ იცი, მაგრამ, ალბათ, სერიალში დარჩენის სურვილი უთუოდ გექნება.
– რა თქმა უნდა, იმის სურვილი მაქვს, რომ მაია არსებობდეს, თუმცა, ვახოსთან ურთიერთობა რომ „მოკვდება“, ეგ ვიცი.