კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პირველი ქართველი ფოტომოდელი მსოფლიოში ცნობილი და ვის გამო თქვა მან კარიერაზე უარი


ლადო და ბაკურ ბურდულების დედა და გუჯა ბურდულის მეუღლე – ასე იცნობენ და მოიხსენიებენ დღეს ინეზა აბესაძეს, რომელიც პირველი ქართველი ფოტომოდელია. მისმა ფოტომ 1959 წელს პოლონეთის ფოტოფესტივალზე „გრანპრი“ მოიპოვა და მას შემდეგ ინეზა აბესაძის ფოტოებმა მსოფლიო მოიარა. იყო უამრავი შემოთავაზება, რომლებიც მას დიდების მწვერვალისკენ გაუხსნიდა გზას, მაგრამ მან ყველაფერზე უარი თქვა და საკუთარი კარიერა სიყვარულს, მოგვიანებით კი მთავარ ციხესიმაგრეს – ოჯახს შესწირა. რაც მთავარია, ქალბატონი ინეზა ამით უზომოდ ბედნიერია.


– 1940 წელს დავიბადე. ჩემი დაბადება და გერმანიასთან ომის დაწყება თითქმის ერთი იყო. მამაჩემი ტყიბულის შახტის მთავარი ინჟინერი ყოფილა, ომში მოხალისედ წასულა და აღარ დაბრუნებულა. ყირიმში დაიღუპა. ერთ-ერთ 9 მაისს მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, ყირიმში წავსულიყავით და მამას საფლავი გვენახა. როცა მივედით, საფლავთან ძალიან შთამბეჭდავი სურათი დაგვხვდა: იმ ადგილას, სადაც სასაფლაო იყო, კავკასიის ბატალიონი მდგარა ომის დროს. საფლავები ყვავილებით იყო გადაჭედილი, მამაჩემის საფლავთან კი ერთი მოხუცებული რუსი ქალი იდგა და ტიროდა. ამ ქალისგან შევიტყვეთ, რომ თურმე, თავის თანასოფლელთან ერთად ის ყოველ საღამოს მიდიოდა კავკასიის ბატალიონში და იქ ცეკვებს მართავდა. ერთ-ერთი ასეთი საღამოს შემდეგ, როცა ქალები სახლში ბრუნდებოდნენ, დაუნახავთ, როგორ გადაუფრინეს ბატალიონს თავზე გერმანელების თვითმფრინავებმა, როგორ ჩამოყარეს ბომბები და მთელი ბატალიონი როგორ ჩაეშვა მიწაში. მერე იმ ადგილას ბავშვებს პიონერთა რიგებში იღებდნენ და სასაფლაოს ძალიან უვლიდნენ. სულ ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, რომ მამაჩემის საფლავს ვიღაცამ ასე მოუარა და შეინახა-მეთქი.

მე ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე გავიზარდე. ჩემს ქვემოთა სართულზე ეგნატე ფიფია ცხოვრობდა, გვერდზე – შალვა ნუცუბიძე, აქეთ – ბალანჩივაძე... მთელი ჩვენი ეზოდან ჯარში ნამყოფიც არავინ იყო, მარტო მამაჩემი წასულა ომში მოხალისედ.

– ბავშვობას როგორ გაიხსენებდით?

– მე და ჩემი და, იზოლდა, ერთ კლასში ვსწავლობდით. დედა ტყუპებივით სულ ერთნაირად გვაცმევდა და მასწავლებლები ვერ გვასხვავებდნენ. ამიტომ საგნები გაყოფილი გვქონდა: ნახევარს მე ვსწავლობდი, ნახევარს – ჩემი და. 24-ე სკოლაში ვსწავლობდით და ისე დავამთავრე, რომ ვერავინ ხვდებოდა ამას. სხვათა შორის, მედალზე დავამთავრე.

შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე გამოცდები. მაშინ ისეთი შეხედულება იყო, რომ თეატრალურში თუ სწავლობდი, წასული იყო შენი საქმე. მე, როგორც მედალოსანს, ერთი საგანი ჩამაბარებინეს – სპეციალობა. ჩვენ პირველი კინოსამსახიობო ჯგუფი ვიყავით, რომელსაც ასიკო გამსახურდია ხელმძღვანელობდა. ეს შესანიშნავი ადამიანი იყო, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. შემდეგ ის მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ და ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელად აკაკი ხორავა დაინიშნა – კაცი-ლეგენდა. მახსოვს, ბატონი აკაკი სცენაზე აგვიშვებდა ხოლმე მთელ ჯგუფს და გვეტყოდა – თითოეული თქვენგანის უკან თქვენს ოჯახებს ვხედავო. მე კი სულ მიკვირდა, ნეტავ, როგორ ხედავს-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რასაც გულისხმობდა. იშვიათი ჯგუფი გვქონდა, ინსტიტუტში გამორჩეული. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გოჩა აბაშიძე, ზურა ქაფიანიძე, იმედა კახიანი, ლეო ლეონიძე, მანანა მაჩაბელი, მზია მაღლაკელიძე და ზაირა ნადარეიშვილი.

– თქვენი მეუღლე გუჯა ბურდული ინსტიტუტში გაიცანით?

– პირველად ინსტიტუტში ვნახე. ახლაც ზუსტად მახსოვს, რა ეცვა მაშინ. ერთ-ერთი შესვენების დროს მე და გოჩა აბაშიძე ჰოლში, დიდ სარკესთან ვიდექით და ვსაუბრობდით. უცებ სარკეში ჩავიხედე და ვხედავ, ფანჯრის რაფაზე ზის ახალგაზრდა ბიჭი. იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე გოჩას ვუთხარი, ნახე, რა კარგი ბიჭია, ალბათ, ისიც თეატრალურში აპირებს ჩაბარებას-მეთქი. გოჩამ შეხედა და მითხრა, გაჩერდი, არ დაგვინახოს, მაგაზე რომ ვლაპარაკობთ, ნახე, როგორ იბღვირებაო.

ჩვენი შეხვედრებიც უცნაურად ხდებოდა: დილის ლექციები სამ საათზე მიმთავრდებოდა და ინსტიტუტიდან რომ გამოვდიოდი, გუჯა ვითომ შემთხვევით მხვდებოდა რუსთაველზე და სახლისკენ ერთად მივდიოდით, თანაც, ერთი გზა გვქონდა გასავლელი. პაემანი მას არასოდეს დაუნიშნავს ჩემთვის. სტუდენტები სულ მეკითხებოდნენ, რა ქნა, აგიხსნა სიყვარულიო? მაგრამ, მგონი, დღემდე არ უთქვამს გუჯის, რომ ვუყვარვარ. მთიული კაცია და ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ის ყოველთვის საქმით მიმტკიცებდა სიყვარულს.

– როგორი მეუღლე იყო, გეხმარებოდათ?

– იდეალური მამა და მეუღლე იყო. საღამოობით სახლში მორბოდა, რომ ბავშვების დაბანაში დამხმარებოდა. მაკა ლადოს დაბადებიდან ერთი წლის თავზე მეყოლა. მე და დედას მათი გაზრდა უკვე გვიჭირდა და რუსი ძიძა ავიყვანეთ. ერთხელ გუჯა მოვიდა და ხედავს, მე და ჩემი და ვსაქმიანობთ. ეს ქალი კი გვხელმძღვანელობს – აბა, ახლა ასე გააკეთეთო. გუჯამ მითხრა, ამ ქალმა რომ არ გიკარნახოთ, თქვენით ვერ მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთო? ათი წლის შემდეგ შემეძინა ბაკური და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრება ოჯახს მივუძღვენი. ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა და, რა თქმა უნდა, ოჯახი „ჯახის“ გარეშე არ არსებობს. ამიტომ ჩვენთან აზრთა სხვადასხვაობაც არის, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ და ოჯახის მთლიანობა დავიცვათ.

– თქვენ პირველი ქართველი ფოტომოდელი ხართ. როგორ მოხდა ეს და რატომ არ განაგრძეთ ამ სფეროში მოღვაწეობა?

– იყო ასეთი ფოტოგრაფი – ლევან ნამგალაშვილი, რომელიც კინოსტუდიაში მუშაობდა. მაშინ სტუდენტი ვიყავი და რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს „ზღვის ბილიკი“. ლევანმა ამ ფილმისთვის ახალგაზრდა მსახიობებს, ბიჭებსა და გოგოებს, ფოტოები გადაგვიღო და პოლონეთის ფოტოფესტივალზე გაგზავნა. ჩემმა ფოტომ ამ ფესტივალზე „გრან-პრი“, ანუ პირველი ადგილი მოიპოვა. ეს იყო 1958 წელს. შემდეგ გურამ თიკანაძემაც გადამიღო ფოტოები და მისმა ფოტომაც გაიმარჯვა სხვადასხვა ფესტივალზე. ამ ფოტოებმა მსოფლიო მოიარა და სადაც გაგზავნეს, ყველგან პირველ ადგილს იღებდა. შემდეგ უამრავი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარს ვამბობდი. გუჯას აგარაკი ჰქონდა წყნეთში და მახსოვს, უამრავი ხალხი მოდიოდა ფოტო და კინოსტუდიებიდან და ფოტო და კინოგადაღებებზე მიწვევდნენ. მე კი იმაზე ვნერვიულობდი, გუჯიმ არ გაიგოს, თორემ გაგიჟდება-მეთქი. გუჯის საშინლად არ უნდოდა ამ სფეროში ჩემი მოღვაწეობა. მას სურდა, რომ ეს მზეჭაბუკები გამეზარდა საქართველოსთვის. იმდენად მიყვარდა გუჯა, რომ, ოღონდ მისთვის მესიამოვნებინა, მზად ვიყავი, ყველაფერზე უარი მეთქვა.

– მორჩილი მეუღლე იყავით?

– არც მქონდა სურვილი, მე თვითონაც არ მინდოდა გადაღებები. მე მინდოდა, სულ ამ კაცის გვერდით ვყოფილიყავი. არც კინო მაინტერესებდა და არც ფოტომოდელობა, ამის არავითარი სურვილი არ მქონდა. მახსოვს, ერთხელ დამირეკეს და „ჯარისკაცის მამაში“ გოგო რომ ცეკვავს, ის როლი შემომთავაზეს. მაშინვე უარი ვუთხარი. მადლობა უფალს, რომ ასეთი გრძნობა გამაჩნდა, თორემ, ალბათ, დავიტანჯებოდი. ძნელია, როცა გინდა და გიკრძალავენ.

– წელს, მარტში ქორწინებიდან 50 წელი შეგისრულდათ. როგორ შეხვდით ამ თარიღს?

– ადრე ოჯახურ დღესასწაულებს დიდი სუფრებით აღვნიშნავდით. მახსოვს, ბაკურის ნათლობაზე ორასკაციანი სუფრა გვქონდა. სულ მიკვირს, როგორ ვახერხებდით ამას. ახლა ვიწრო წრეში, მხოლოდ ოჯახის წევრები ვიკრიბებით ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი ქორწინების. 50 წლისთავთან დაკავშირებით მაკამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფოტოფილმი, სადაც გუჯა თამაშობს და ჩემი ფოტოებია გამოყენებული. ფილმს „უებრო სიყვარული“ ჰქვია და მან კანის ფესტივალზე ათჯერ ჩვენების უფლება მოიპოვა. ახლა ჰოლივუდის დაკვეთით სანტა-კლაუსების ფესტივალისთვის იღებს ფილმს მაკა და იქაც მე და გუჯა ვმონაწილეობთ. მე ოფისმენეჯერს ვთამაშობ, გუჯა კი – თოვლის ბაბუას. ამ ფილმში გუჯასა და ომარ მხეიძის ცეკვის საოცარი სცენაა. მე ვფიქრობ, რომ თუ ამ ნამუშევარმა გამარჯვება მოიპოვა, სწორედ ამ სცენის დამსახურება იქნება.

– დღესდღეობით რას საქმიანობთ? საინტერესოა, რა პროფესიას მიუძღვნა თავი პირველმა ქართველმა ფოტომოდელმა?

– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პიონერთა სასახლეში მეტყველების პედაგოგად ვმუშაობ. ეს საკმაოდ რთული პროფესიაა, რომელსაც მე ჩემი პედაგოგისგან, ბაბულია ნიკოლაიშვილისგან დავეუფლე. ის ჩვენს ჯგუფს ასწავლიდა მეტყველებას და უძლიერესი სპეციალისტი და შესანიშნავი ადამიანი იყო. არასოდეს დამავიწყდება, ტელევიზია ახალი გახსნილი იყო და მთელი ჯგუფი ფუნიკულიორზე წაგვიყვანა გადასაღებად. ჩვენ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონს“ ვკითხულობდით. როდესაც ჩაწერა დამთავრდა, მთელი ჯგუფი ფუნიკულიორის რესტორანში დაგვპატიჟა. განა რა ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ჩვენთვის რომ ეს დღე დაემახსოვრებინა, დღესასწაული მოგვიწყო. სულ ასეთ ფოიერვერკებს გვიწყობდა და ძალიან გვპატრონობდა. ჩემი ნამოწაფარია უამრავი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და მსახიობი. სულ რომ არაფერი გამეკეთებინა, მარტო ნინელი ჭანკვეტაძის გაზრდისთვის ღირდა ცხოვრება. ნინელი ძალიან წარმატებული მოწაფე იყო, სულ ხუთებზე სწავლობდა და მსახიობობაზე არც კი ფიქრობდა. ჩემი ნამოწაფარია გიორგი თარგამაძეც, რომელსაც ასევე არ უნდოდა ტელევიზიაში მუშაობა და ჟურნალისტობა. ის დაინტერესებული იყო საინჟინრო საქმიანობით და გზების გაყვანით. ახლაც ვასწავლი ბავშვებს და ბედნიერი ვარ, რომ ადამიანებს ცოტათი მაინც ვუხალისებ ცხოვრებას და ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს.

– რა არის თქვენთვის მთავარი საყრდენი ძალა?

– რა თქმა უნდა, რწმენა. ეს ჩვენი ოჯახის მთავარი საყრდენია. გუჯა უკვე მრავალი წელია, პატრიარქის სტიქაროსანია. 1991 წლიდან, იმ პერიოდში, როცა რელიგია სკოლებში ჯერ კიდევ არ ისწავლებოდა, ჩემი ინიციატივით უამრავი ბავშვი მივიყვანე სიონის ტაძარში. ამ ბავშვებიდან ბევრი სიონში ნამყოფიც კი არ იყო. ჩვენ პატრიარქისა და მამა გიორგი გამრეკელის ლოცვა-კურთხევით დავდიოდით სკოლებში და დაწყებითი კლასის დამრიგებლებს ვთხოვდით, რომ აერჩიათ ნებისმიერი დღე და მიეყვანათ ბავშვები სიონში, სადაც სპეციალურად მათთვის ჩატარდებოდა წირვა-ლოცვა. ამ საქმეში ხელს გვიწყობდა ზაზა მარუაშვილიც. მახსოვს, ერთხელ 31-ე სკოლის მოწაფეები წავიყვანეთ სიონში და მოვნათლეთ. 29 ბავშვიდან 19 მოუნათლავი იყო. ამ ტრადიციას დღემდე ვაგრძელებთ. ახლა ძალიან განათლებული თაობები მოდის. სკოლაში რელიგია რომ ისწავლება, ამან ბავშვების სულიერ განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი. ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმეს ვემსახურები.


скачать dle 11.3