უცნაური მდგმურები
ამ რამდენიმე წლის წინ ერთი მხიარული ამბავი გადაგვხდა თავს მე და ბებიაჩემს. თავისი ასაკის მიუხედავად, ბებიას არც ჯანი აკლდა და არც მოვლა-პატრონობას საჭიროებდა. ათას გაჭირვება და სიდუხჭირე გამოვლილ-გამობრძმედილი ბებია მაშინ ოთხმოცი წლის იყო. რამდენჯერ გაწყრომია დედა, სახურავზე ნუ ადიხარო. ის კი ჩვეული ტონით ეტყოდა ხოლმე, აბა, ვინ გამიკეთებს, მე თვითონ თუ არ მივხედავ ჩემს საქმესო. ვორონცოვზე, იტალიურ ეზოში მეორე სართულზე ორი ოთახი ჰქონდა. ერთში ცხოვრობდა, მეორეს სათავსოდ იყენებდა. პენსიის სიმცირის გამო ერთის გაქირავება გადაწყვიტა. ჩვენც მივეხმარეთ, ძველი ნივთები და ათასი „ხარახურა“ სარდაფში ჩავიტანეთ. კარგად დავასუფთავეთ, გავტიხრეთ, ცალკე შესასვლელი გავუკეთეთ, რომ იზოლირებული ყოფილიყო მეორე ოთახიდან. მალე გამოჩნდა კლიენტი, მაგრამ ყველას როდი უშვებდა, უფრო სტუდენტებს ეძებდა: სასწავლი ბევრი ექნებათ და ხმაურით არ შემაწუხებენო, ამბობდა ხოლმე. ბოლოს ორი გოგონა აიყვანა, პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტები იყვნენ. მკაცრად გააფრთხილა, არანაირი ბიჭების მოყვანა და „ტანცი-მანცი“ არ დავინახო. ნათესავის ან მეგობრის სტუმრობა მხოლოდ დღისით შეიძლებაო. ისინიც დათანხმდნენ. ერთ საღამოს მეორე ოთახიდან ინტიმური ხმები მოესმა. გაჯავრებული გავარდა. როდესაც გოგონებმა კარი გაუღეს, ბებომ მიახალა – რა ამბავია, რა ხმები გამოდის აქედანო. გოგონებმა მხრები აიჩეჩეს. რა ხმები, თინა ბებო, ვმეცადინეობდითო. გარედან მოათვალიერა ოთახი, როცა შიგნით ბიჭი ვერ აღმოაჩინა, მოუბოდიშა და წავიდა. მას მერე აყურადებდა, უთვალთვალებდა, გოგონები ჩვეულებრივ დადიოდნენ სასწავლებელში და არანაირი ბიჭი დღისითაც არ სტუმრებიათ. ცოტა ხნის შემდეგ, ღამე ჩაის სვამდა. ისევ მოესმა ვნების მომგვრელი ხმები და საწოლის ჭრიალიც. გაცოფებული გავარდა მდგმურებთან, როცა კარი გაუღეს, არც უკითხავს, ისე შეიჭრა ოთახში. გაკვირვებული ხელებს იქნევდა, შიგნით გოგონების მეტი არავინ იყო. საწოლის ქვეშაც შეიხედა, იფიქრა, ხომ არ მალავენო, მაგრამ ისევ მოუბოდიშა. საფიქრალში ჩავარდა, ხომ არ მელანდება ამ სიბერეშიო. მეორე დღეს თავის დაქალთან გავიდა, ყოფილ ექიმ-ფსიქიატრთან. მანაც რაღაცეები გამოჰკითხა და დაასკვნა: შენ ისეთი არაფერი გჭირს. მერე ჩვენთან მოვიდა, ეს ამბავი მოგვიყვა და დააყოლა, მართალია, თვალს მაკლია, მაგრამ ყურში ჯერ კარგად მესმისო. თან წამიყვანა მისახმარებლად. იმ ოთახს უკნიდან პატარა აივანი ჰქონდა, ჩვენი აივნიდან ორი მეტრის დაშორებით. როცა ხმები გამეორდებოდა წინასწარ გამზადებული ფიცრები უნდა გაგვედო აივნებს შორის, მე დავიჭერდი, თვითონ აივანზე გადავიდოდა და კარის შუშიდან შეიხედავდა შიგნით. ასეთი გეგმა შეიმუშავა და მომენტს დაველოდეთ. სამი დღე დავყავი უშედეგოდ. მაგათ ჰგონიათ, მოხუცი ვარ და იოლად გამაბითურებენ, – ამბობდა და ყურს არ აშორებდა გამყოფ კედელს, ალბათ, იმისთვისაც, რომ მე ბოდვად არ მიმეჩნია მისი ეჭვი. მეოთხე ღამეს ტელევიზორთან მჯდომარე მომვარდა, კედელთან მიმიყვანა. აი, თუ მელანდებოდა, ნახე რა დღეში არიან ეს ამოსაწყვეტებიო. ნათლად მომესმა ხმები, თავი დავუქნიე, იმის ნიშნად, მართალი ხარ-მეთქი. აბა, ვიჩქაროთო, ხელი მკრა გახარებულმა, ფიცრებს ხელი დაავლო, აივანზე გაიტანა და უხმაუროდ გადო მათ შორის. ხელით მანიშნა, აქ დაიჭირეო და ნელ-ნელა, ფრთხილად გადავიდა მეორე მხარეს. კედელს აკრული გადაიხარა. შეიხედა თუ არა, „უიო“, იყვირა, იქვე დაგდებულ ცოცხს წამოავლო ხელი და შიგნით შევარდა. კივილი გაისმა, – თქვე უსირცხვილოებო, ჩათლახებო. სახლში შევბრუნდი. სირბილით გავიარე დერეფანი და გარეთ გამოვვარდი. ნახევრად შიშველი გოგოები კიბეზე ჩარბოდნენ, შიგნიდან შემდეგი შინაარსის ყვირილი ისმოდა: „ადექი, რომ გელაპარაკები, ეს უსირცხვილო გომბიოები სულ თავზე დამასხდნენ, აქედან მოშორდი!“ და მისთანანი. შიგნით შესულს შემდეგი სურათი გადამეშალა – ბებია ლოგინთან დგას და გასაბერ კაცს ცოცხს ურტყამს პირდაპირ „იქ“. თან, უყვირის. რას შვრები, ეს ხომ თოჯინაა-მეთქი, ვუთხარი როლში შეჭრილს. ვის ეხუმრები, პირდაპირ ზედ აჯდნენ ის ძროხები, შემომიტია განრისხებულმა და ხელით შეეხო ერთ ადგილზე გაქვავებულ „კაცს“. მიხვდა, რომ მართალი ვიყავი, სიცილი აუვარდა. ასეთი რამ ცხოვრებაში არც მინახავს, არც გამიგიაო, – ამბობდა თავისთვის. უთენია დაბრუნდნენ მდგმურები თავისი ნივთების წასაღებად. ბებია არ გავაღვიძე, კიდევ ყვირილი რომ არ დაეწყო. მოგვიანებით შევიხედე, ოთახი დალაგებული იყო და ყველაფერთან ერთად „გასაბერი კაციც“ თან წაეღოთ ახალგაზრდა სტუდენტებს.