დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-12(482)
– მოვა, – მიუგო ჰამომ და სწრაფი ნაბიჯებით მომავალ პეტიკოს მოჰკრა თვალი, რომელიც „ჯიპში“ ჩაჯდა, ქალ-ვაჟს მიესალმა და თქვა:
– წავედით, მაგრამ, ჯერ შეამოწმე, ვინმე ხომ არ დაგვაჯდა კუდზე.
ჰამომ ჩვეული მანევრები შეასრულა და, როცა დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა, ძველი არბატისკენ გაემართა.
– ახლა კი მოყევი, რაშია საქმე, – უთხრა ჰამომ პეტიკოს, როდესაც ისინი სავარძლებში მოკალათდნენ, ლუდა კი სამზარეულოში გავიდა, საუზმის მოსამზადებლად.
– ჰოლანდიიდან ჩამოვედი და, შენ წარმოიდგინე, ისე გადავლახე სამი ქვეყნის საზღვარი, ეჭვიც არავის შეუტანია ჩემში. თუმცა, რომ გაიგონ, რომ ცოცხალი გადავრჩი, მიწიდან ამომთხრიან, – თქვა პეტიკომ, გააბოლა და, ჯერ ვისკი მოწრუპა, მერე კი განაგრძო, – გუშინწინ კუნძულ მასზე ვიყავი და უკან რომ ვბრუნდებოდი, ორივე მანქანა აფეთქდა, რომლებშიც მე, რამაზი და ჩვენიანები ისხდნენ.
– მასზე რა გინდოდა, ან, ვინ და რატომ ააფეთქა მანქანები და შენ როგორ გადარჩი ცოცხალი? – მიაყარა კითხვები ჰამომ, რომელმაც ცოლისძმის ლაპარაკიდან ხეირიანად ვერაფერი გაიგო.
– ორი ღამის უძილო ვარ, ჰამო და გადავიღალე. ამიტომ, დალაგებული ლაპარაკი მიჭირს. თანაც, ისეთი სტრესი მივიღე, რომ მიკვირს, სრულ ჭკუაზე როგორ ვარ.
ჰამომ პეტიკოს ვისკი დაუსხა და დაამშვიდა:
– დალიე, დამშვიდდი და დალაგებულად მიამბე ყველაფერი.
– სამი დღის წინ რამაზმა დამირეკა, – დაიწყო პეტიკომ, – მითხრა, რომ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა გადასაწყვეტი და ჩასვლა მთხოვა. იმავე დღეს ჩავედი. რამაზი ამსტერდამის აეროპორტში დამხვდა და, სანამ მასზე ჩავიდოდით, მანქანაში მითხრა, რომ ალბერტო გომეშის წარმომადგენელი დაჰკავშირებია და უთქვამს, რომ გომეშს პეტიკოსთან შეხვედრა უნდაო და ჰოლანდიაში იმიტომ ჩამიყვანეს.
– ეგ ვინაა?
– წარმოშობით კოლუმბიელია, მაგრამ ევროპაში, პორტუგალიაში ცხოვრობს და სამხრეთ ნაწილში ნარკოტიკების ტრანზიტს, შემდგომ კი გასაღებას აკონტროლებს. ჩემი ძველი ნაცნობია. ხუთი წლის წინ ფრანკ ვერმალენმა გამაცნო ამსტერდამში. ალბერტო გომეში მაშინ რიგითი ბარიგა იყო და ვარდისფერი ბულვარის მიდამოებში ჰეროინით ვაჭრობდა.
– რომელმა ვერმალენმა, ბანკის მმართველმა? – გაუკვირდა ჰამოს.
– ჰო, მაგან, – ჩაეცინა პეტიკოს.
– კი მაგრამ, ფრანკი ხომ ფინანსისტია, პატიოსანი კაცი და კრიმინალებსაც იცნობს?
– მოიცა, მანამდეც მოვალთ, – თავი დააქნია პეტიკომ, – მოკლედ, სანამ მასზე ჩავიდოდით, რამაზმა მიამბო, რომ გომეშის ნდობით აღჭურვილ პირს მისთვის გაერთიანება შემოუთავაზებია და მასზე იმიტომ მივდიოდით, რომ იქ გომეში გველოდებოდა. მივედით. გომეშს შევხვდით და მან მთხოვა, რომ საშუალება მიგვეცა მისთვის, ნარკოტიკები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეყიდა. სამაგიეროდ, 50 პროცენტს გვთავაზობდა. მოკლედ, გამეცინა და უარი ვუთხარი, თან, გამიკვირდა, რომ გომეშმა ასეთი რამ შემომთავაზა, რადგან იცოდა, უარს ვეტყოდი. მოკლედ, კუნძულიდან ერთად წამოვედით, ერთ მანქანაში ვისხედით მე, რამაზი და გომეში, მეორეში კი – გომეშის ხალხი – მისი მარჯვენა ხელი და პირადი მცველი. ნავსადგურის ხიდზე რომ გადავდიოდით, ორივე მანქანა ერთბაშად აფეთქდა და დავინახე, როგორ მოსწყდა გომეშს თავი და ჩემთან ერთად გამოფრინდა ღია ფანჯრიდან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზღვაში ჩავვარდი და, წარმოიდგინე, ნაკაწრიც არ მქონია. ბნელოდა. ნაპირზე ამოვედი და, მას მერე, რაც მეთევზეების ქოხიდან ტანსაცმელი მოვიპარე და გადავიცვი, ამსტერდამისკენ გავწიე. ფული და საბუთები გზაში გავაშრე და, რომ ჩამოვედი, გათენდა კიდეც.
– ესე იგი, ტერაქტი არც რამაზის მოწყობილია და არც გომეშის, – თავი გააქნია ჰამომ.
– მიხვდი, ხომ, რომ ჰოლანდიაში მოსაკლავად ჩამიტყუეს?
– მივხვდი, მაგრამ ვინ? ფრანცმა და გრეტამ ხომ არა?
– არა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ფრანცი და გრეტა მკვდრები არიან – ამსტერდამში მათ „ბაითში“ მივედი და დახოცილები დამხვდნენ.
– დახოცილები?
– ჰო. საწყლებს ორ-ორი ტყვია ჰქონდათ თავში და გულში მოხვედრილი. ჯერ კიდევ თბილები იყვნენ და, აშკარაა, რომ პროფესიონალი მოქმედებდა.
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – ვის უნდა ჩაედინა ეს ყველაფერი? რამაზი და გომეში, ან, გრეტა და ფრანცი – კიდევ ჰო, რადგან, ჩვენი მოშორებით, შეიძლება, ჩვენი მაყუთები დაეთრიათ, მაგრამ, ყველანი მკვდრები არიან. თუმცა, რჩება კიდევ ერთი პოტენციური მკვლელი...
– აა, – თავი დააქნია პეტიკომ, – მიხვდი?
ჰამომ უცნაურად შეხედა ცოლის ძმას და უთხრა:
– რა მიხვედრა უნდა, ერთადერთი, მე ვრჩები და ნუთუ ფიქრობ, რომ...
ჰამოს სიტყვებზე პეტიკოს იმედგაცრუება დაეუფლა. ვისკით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადო, ხელი ჩაიქნია და უთხრა:
– რას სულელობ, ჰამო?! შენ რა შუაში ხარ?
– აბა, ვინ?
– ვერმალენი, ფრანკ ვერმალენი.
– ვერმალენი? – გაიმეორა ჰამომ, – ბანკის მმართველი ვერმალენი?
– ვერ წარმოგიდგენია ხომ? მაგრამ, ასეა. მხოლოდ ვერმალენს შეეძლო ამ ყველაფრის მოწყობა და ყველას დახოცვით მთელი ჩვენი სიმდიდრის ერთადერთი მფლობელი ხდებოდა. აბა, დაფიქრდი!
ჰამო ჩაფიქრდა, მერე თავი გააქნია, ჩაეცინა და პეტიკოს უთხრა:
– მართალი ხარ. სლეპოის საგანძური და კალინინგრადში ნაპოვნი ფაშისტების ოქრო ხომ არალეგალურადაა შენახული ბანკის სანახებში. ფრანკ ვერმალენი კი იქ ყველაფრის ბატონ-პატრონია და ჩვენი დახოცვით რამდენიმე მილიარდი ქონების მფლობელი ხდებოდა. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, – ჰამომ ხელებში ჩარგო თავი, – საცოდავი რამაზი და სხვები!.. როგორ დახოცა ამ ნაბოზარმა?!
– ამას უკვე ვეღარ გამოასწორებ, – ხელი ჩაიქნია პეტიკომ, – მაგრამ, კიდევ ერთი რამაა.
– რა?
– რა და, ვერმალენს ერთი სამიზნე დარჩა გასანადგურებელი და ეს შენ ხარ.
ჰამო გველნაკბენივით წამოხტა და წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, სოფი და ბავშვი, შენები!.. ის ნაბოზარი ხომ თბილისში გაგზავნის ქილერს ჩემს მოსაკლავად და ჩვენებს არაფერი შეემთხვეთ.
– მაგის დარდი ნუ გაქვს, – ხელი ჩაიქნია პეტიკომ, – გურამს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენები გადამალე-მეთქი.
– მადლობა ღმერთს! ახლა რას აპირებ?
– ვერმალენის განადგურებას.
– კი, – თავი დააქნია ჰამომ, მაგრამ, ეს არ იქნება ადვილი საქმე. როგორც ეტყობა, იმ ნაბოზარს კარგად ორგანიზებული ფარული დაჯგუფება ჰყავს და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– მით უმეტეს, რომ რამაზი და ჩვენი რამდენიმე მსროლელი ცოცხლები აღარ არიან. ჰოლანდიაში მოქმედება კი მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, – დაეთანხმა სიძეს პეტიკო, – მაგრამ, ეს საქმე რაც შეიძლება მალე უნდა მოვაგვაროთ, თანაც, ბევრი ხალხის ჩარევა არ შეიძლება. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა რასკლადი შექმნა ვერმალენმა და, გამორიცხული არაა, რომ საფრთხე ყოველ ფეხის ნაბიჯზე გველოდება ჰოლანდიაში და, არა მარტო იქ.
– როგორც ვატყობ, ძველი დროის გახსენება მოგვიწევს, – თქვა ჰამომ, – ვერმალენი უნდა დავითრიოთ და ყველაფერი მისგან შევიტყოთ.
– ჰო, მაგრამ, ამას მარტო მე და შენ ვერ შევძლებთ, ერთი-ორი კაცი მაინც დაგვჭირდება.
– მერე, სად ვიშოვოთ ეს ხალხი?
– წარმოდგენა არ მაქვს, – თავი გააქნია პეტიკომ.
– არც მე.
– ჰამო, ძვირფასო, – ლაპარაკში ჩაერთო ლუდა, რომელიც მანამდე უხმოდ უსმენდა დიალოგს, – ერთი მე ვიქნები, მეორე კი იური ლუკოვი – არა მგონია უარი გვითხრას ამ საქმეზე.
– ეგ ვინღაა? – იკითხა პეტიკომ.
– ჩორნი ანზორას მკვლელი, ქილერი. სიკვდილს გადავარჩინეთ და გადამალული გვყავს, – უთხრა ლუდამ პეტიკოს.
– კი მაგრამ, ჰოლანდიაში როგორ გავიყვანოთ? მით უმეტეს, რომ ქურდები ცალკე ეძებენ და „ძაღლები“ – ცალკე, – თქვა ჰამომ.
– დაგავიწყდა, რომ მამაჩემი მინისტრად დანიშნეს? თუმცა, ამ საქმეში მამაჩემის დახმარება სულ არ მჭირდება, მე ჩემი არხები მაქვს. საბუთებიც იქნება, ვიზაც და, რაც საჭიროა, ყველაფერი, – მხრები აიჩეჩა ლუდამ.
– მამაშენი მინისტრად დანიშნეს? – ჰკითხა პეტიკომ ლუდას.
– ჰო.
– მერე, შენ, მინისტრის ქალიშვილს, ჩვენთან ერთად ამსტერდამში წამოსვლა და მსხვილი ბანკის მმართველის მკვლელობაში მონაწილეობის მიღება გინდა? – თვალები კინაღამ გადმოსცვივდა პეტიკოს, – არა, ასე არ ივარგებს.
– დარდი ნუ გაქვს, პეტიკო, ისეთ მაკიაჟს გავიკეთებ და ისეთი საბუთებით, ისეთი მარშრუტით ჩაგიყვანთ ჰოლანდიაში, რომ ყურადღებასაც კი არავინ მოგვაქცევს.
– არა, ლუდაჩკა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ეს ჩვენი საქმეა და შენი ჩარევა ზედმეტია.
– არ მენდობი?
– მაგაში არაა საქმე. უბრალოდ, ძალიან სახიფათოა და შენი გარევა არ შეიძლება.
– არ შეიძლება? – წამოენთო ლუდა, – მაშ, რაღას მრევდით? მათესა და ქურდების საქმე ბავშვური თამაშია?
– არა, მაგრამ, ეგეც გეყოფა.
– კარგი, – თავი დააქნია ლუდამ, – ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩახვალთ ჰოლანდიაში სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთი მკვდარია, მეორეს საბუთები არ აქვს და ცოცხალი სამიზნეა, მესამეს კი ქურდებიც ეძებენ და „ძაღლებიც“. ალბათ, სამი სახელმწიფოს საზღვარს ისე გადალახავთ და ყურადღებას არავინ მოგაქცევთ.
– ლუდა სწორია, – გაეცინა ჰამოს, – ჯობია, დავიხმაროთ.
– რას ამბობ, ჰამო, რომ დავიწვათ და გამჟღავნდეს, რომ მინისტრის ქალიშვილიც ჩვენთან იყო, ხომ წარმოგიდგენია, რა ამბავი ატყდება! – ამიტომ, არ უნდა დავიწვათ.
– ჰო, მაგრამ, ლუდას წაყვანა მაინც საშიშია. ბოლოს და ბოლოს, ვინმემ რომ იცნოს?
– ვერავინ ვერ მიცნობს, პეტიკო, ნუ გეშინია! ისეთ გრიმსა და მაკიაჟს მოვირგებ და მოგარგებთ, რომ მშობელი დედები ვერ გვიცნობენ. თანაც, უჩემოდ ჰოლანდიაში უხიფათოდ ვერ ჩააღწევთ და, თუ არ წამიყვანთ, არ დაგეხმარებით.
– ნუ დაგვეხმარები, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ.
ლუდამ პეტიკოს მხრებზე მოხვია ხელი და რბილად უთხრა:
– რა ჯიუტი კაცი ხარ, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ვერმალენის მოხელთება არცთუ ისე იოლია? ქალის გარეშე გაგიჭირდებათ, მე კი ამ როლს საუკეთესოდ შევასრულებ. მოდი, დათანხმდი და ახლავე დავიწყებ ჩალიჩს. საღამოს კი ყველაფერი მზად იქნება და ამსტერდამში გამგზავრებას შევძლებთ.
– ლუდაჩკა მართალია, პეტიკო. დათანხმდი, – უთხრა ჰამომ ცოლისძმას.
– კარგი, კარგი, წამოდი, მაგრამ შეუთანხმებლად ნაბიჯიც არ გადადგა, – უთხრა პეტიკომ გოგონას.
– რაზეა ბაზარი, – თავი დაუქნია ლუდამ, პეტიკოს ლოყაზე აკოცა, კარისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა, თქვა: – საუზმე სამზარეულოშია. მე და ლუკოვი საღამოს დავბრუნდებით.
***
ლუდა, ნაშუაღამევს დაბრუნდა ლუკოვთან ერთად. მაგიდაზე საბუთები დააწყო და თქვა:
– ყველაფერი რიგზეა – პასპორტები, ვიზები აქაა, ჩარტერული თვითმფრინავი კი მაშინ გადაგვაფრენს ამსტერდამში, როდესაც ვუბრძანებთ.
– ყოჩაღ, ლუდაჩკა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ხვალ დილით შეიძლება, გავფრინდეთ?
– ხომ ვთქვი – როცა გინდა.
– კარგი, მაშინ ხვალ 6 საათზე გავფრინდეთ, – თქვა პეტიკომ, შემდეგ იური ლუკოვს ჩამოართვა ხელი და უთხრა:
– საქმის კურსში ხართ, რა საქმეზე მოგიწევთ წამოსვლა?
– დიახ, – თავი დააქნია ლუკოვმა.
– შეძლებთ?
– პირველად კი არ მივდივარ, – გაეცინა ქილერს, – პროფესიონალი ვარ. ეს ჩემი საქმეა და დარდი ნუ გაქვთ.
– მაგას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, უცხოეთში მოგიწევთ მუშაობა და იქ ცოტა განსხვავებული რეალობაა.
– დარდი ნუ გაქვს, ჩემო კარგო, – ჩაეცინა ქილერს, – არც უცხოეთში მიწევს პირველად გასვლა. საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში და ამერიკაში მიმუშავია. მართალია, ჰოლანდიაში პირველად მივემგზავრები, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ არც იქ შევირცხვენ თავს.
– კარგი, კარგი, – გაუღიმა პეტიკომ ლუკოვს და, ხელი გაუწოდა, – ბოდიშს გიხდით, თუკი რამე გაწყენინეთ.
– არაფერი მწყენია, – თავი გააქნია ქილერმა და პეტიკოს მაგრად ჩამოართვა ხელი...
მეორე დღეს, მოსკოვის დროით დილის 7 საათზე, ჩარტერული თვითმფრინავი ვნუკოვოს მცირე ასაფრენი ბილიკიდან აიწია ჰაერში და ამსტერდამში, ადგილობრივი დროით დღის 3 საათზე დაჯდა.
გარეგნობაშეცვლილმა ოთხეულმა პრობლემების გარეშე გაიარა საბაჟო პროცედურები და ქალაქში რომ გავიდნენ, დღის 4 საათი სრულდებოდა.
– ჯერ ვისადილოთ, მერე კი შევიარაღდეთ და საქმეს მივხედოთ, – უთხრა პეტიკომ დანარჩენებს და ოთხეული ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში მოკალათდა, სადაც მათ კარგად ისადილეს, ორი საათი დაჰყვეს და არხის პირას მდებარე გარაჟისკენ გაემართნენ, რომელიც მოკლული რამაზის საკუთრება იყო.
ჰამომ გარაჟის გასაღები მოძებნა, კარი გააღო და დანარჩენებს შეუძღვა. შემდეგ სინათლე აანთო და ერთ-ერთი ყუთიდან ოთხი მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო, მაგიდაზე დაალაგა და თქვა:
– მე მგონი, ამის მეტი იარაღი არ დაგვჭირდება. თუ არა და, აქ იმდენი რკინაა, მთელ პოლკს ეყოფა.
ოთხივემ მოსინჯა პისტოლეტები. შემდეგ სკამებზე ჩამოსხდნენ და პეტიკომ თქვა:
– როგორც შევთანხმდით, ისე ვიმოქმედოთ. მე და ჰამო შორიდან დაგაზღვევთ, თქვენ კი შემუშავებული გეგმით იმოქმედეთ. წავედით!
გარაჟი რომ დატოვეს, საღამოს 8 საათი სრულდებოდა. ჯგუფი, ორ-ორად გაიყო, უბრალო მანქანები იქირავეს და ერთმანეთის მიყოლებით, ორმოცდაათმეტრიანი დისტანციის დაცვით, ამსტერდამის ქუჩებში გავიდნენ.
წინ ლუდა და ლუკოვი მიდიოდნენ. საჭეს მედვედევა უჯდა და ლუკოვი მის გვერდით იყო მოკალათებული. მათ ისე ჰქონდათ შეცვლილი გარეგნობა, რომ ვერავინ, ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი, ვერ ამოიცნობდა. ორი ხიდი გადაკვეთეს, ხეივანს გასცდნენ და ქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი ბანკის წინ შეჩერდნენ. იგივე გზა გაიარეს ჰამომ და პეტიკომაც და 70 მეტრის მოშორებით შეაჩერეს ავტომობილი.
ლუდა და ლუკოვი მანქანიდან გადავიდნენ, ბანკში შევიდნენ და შუა დარბაზში შეჩერდნენ, დაბნეული ადამიანების როლი გაითამაშეს და აქეთ-იქით დაიწყეს ყურება.
– რით შემიძლია, გემსახუროთ, ლედი? – ჰკითხა ლუდას ბანკის ერთ-ერთმა მოხელემ და წყვილს გაუღიმა.
– მისტერ, – უთხრა ბანკის მოხელეს დამტვრეული ინგლისურით ლუდამ, – ჩვენ გერმანელები ვართ და ერთობ დელიკატური საქმე გვაქვს.
– გისმენთ, ფრაუ, ბრძანეთ, – გერმანულ ენაზე მიმართა ლუდას ბანკის მოხელემ. ლუდამ კი მას მომხიბვლელად გაუღიმა და ბავარიული აქცენტით უთხრა:
– ჰერ, მე და ჩემს მეუღლეს ერთი ფინანსური ოპერაციის ჩატარება გვსურს. თუმცა, ეს საკმაოდ კონფიდენციალური მომენტია და მეეჭვება, რომ თქვენ კომპეტენტური იყოთ. იქნებ, მირჩიოთ, ვის მივმართო?
– თქვენ მართალი ბრძანდებით, ფრაუ, – გაიღიმა მოხელემ, – შეგიძლიათ, ფინანსურ დირექტორს დაელაპარაკოთ.
– პირდაპირ ბანკის მმართველს რომ მივმართოთ, არ შეიძლება?
– რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ბანკის მოხელემ, – ბატონი ვერმალენი თავისთანაა და, მე მგონი, მარტოა. ახლავე მის მდივანს დავურეკავ და გავარკვევ, მიგიღებთ თუ არა.
– დიდად დამავალებთ, – მომხიბვლელად გაუცინა ლუდამ მოხელეს და მის მიერ შემოთავაზებულ სავარძელში ჩაჯდა, ლუკოვი კი მის გვერდით მოკალათდა.
ლუკოვმა მხოლოდ ინგლისური იცოდა, ამიტომ, ჩუმად იყო და ისეთ მიმიკებს იღებდა, თითქოს ყველაფერი ესმოდა გერმანულად.
ბანკის მოხელე წყვილთან დაბრუნდა, თავაზიანად დაუკრა თავი და უთხრა:
– მობრძანდით, ჰერ ვერმალენი გელოდებათ!
ახალგაზრდა კაცმა ლუდა და ლუკოვი მეორე სართულზე აიყვანა, ხის დერეფანი გაატარა, ძველებური ინკრუსტირებული კარი გაუღო და უთხრა:
– აქ შებრძანდით, მმართველის მდივანი საქმის კურსშია და ის მოგხედავთ!
წყვილი მდიდრულად მოწყობილ ჰოლში შევიდა. მათ კლასიკურად ჩაცმული ახალგაზრდა მდივანი გოგონა შეეგება და სავარძლებში დაჯდომა შესთავაზა, თვითონ კი მმართველის კაბინეტში გაუჩინარდა. ორიოდე წუთის მერე უკან დაბრუნდა, გაუღიმა და უთხრა:
– შებრძანდით, ბატონი ვერმალენი გელოდებათ...
ფრანკ ვერმალენი ღიმილით შეეგება ლუდას და იური ლუკოვს. გოგონას ხელზე ეამბორა, ლუკოვს ხელი ჩამოართვა, ორივე სავარძელში ჩასხა და უთხრა:
– გისმენთ, ბრძანეთ, რა გნებავთ!
ლუდამ მომხიბვლელად გაუღიმა ბანკის მმართველს:
– ჩვენ გერმანელები ვართ, ჰერ. ჩემი მეუღლე ყრუ-მუნჯია. მოგეხსენებათ, რა დიდი გადასახადებია ჩვენს ქვეყანაში და თითოეულ ცენტს ათასი საბუთი ესაჭიროება. ჩვენ კი არც ისე მდიდრები ვართ, რომ ფული ჰაერს გავატანოთ. ამიტომ, თქვენი დახმარება გვჭირდება.
ვერმალენი ყურადღებით უსმენდა გოგონას და, როდესაც მან პაუზა გააკეთა, უთხრა:
– თუ რამე უკანონობაზეა საუბარი, იცოდეთ, რომ ასეთ გარიგებაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
– არანაირი უკანონო გარიგება, ჰერ, უბრალოდ, თქვენი დახმარება გვინდა და სულ ესაა.
– ბრძანეთ, ფრაუ, ბოდიში, რომ შეგაწყვეტინეთ.
ლუდამ მოწევის ნებართვა ითხოვა, გააბოლა და განაგრძო:
– ჩემი მეუღლე გრაფების შთამომავალია. ამას წინათ გარდაცვლილი ბაბუისგან სასახლე დარჩა ამსტერდამის ცენტრში. ჩვენ აქ ცხოვრებას არ ვაპირებთ და მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ. მყიდველიც ვიპოვეთ, მაგრამ, ერთი პრობლემაა: ჩვენი კანონებით, თუკი ამ გარიგებას გერმანული ბანკი უშუამდგომლებს, მაშინ 10 პროცენტი საკომისიო გვექნება გადასახდელი და, პლუს 7 პროცენტი – საშემოსავლო, რაც, საერთო ჯამში, 1 მილიონ 700 ათას ევროს გადაგვაყრევინებს.
– ბოდიში, ფრაუ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ, თუ სწორად გავიგე, თქვენი მეუღლის სამემკვიდრეო სასახლე 10 მილიონი ევრო ღირს?
– სასახლე გაცილებით მეტი ღირს, უბრალოდ, ჩვენ ვყიდით მას ამ ფასში, რადგან ფული გვჭირდება.
– გასაგებია. განაგრძეთ, ფრაუ!
– ჰერ ვერმალენ, თქვენი დახმარება იმაში გვინდა, რომ ამ გარიგებაში თქვენმა ბანკმა გაგვიწიოს შუამდგომლობა და ანაბარიც თქვენთან გავხსნათ. როგორც ვიცით, გარიგების საკომისიო თქვენთან სამპროცენტ-ნახევარია და, სად 350 ათასი ევროს გადახდა და, სად – 1 მილიონ 700 ათასის.
– ბევრად ნაკლები, ფრაუ, – ღიმილით შეუსწორა ვერმალენმა ლუდას, – ჩვენთან საკომისიო გადასახადი ორ-ნახევარი პროცენტია და, შეიძლება, ესეც არ გადაიხადოთ, თუკი მოვრიგდებით, – უთხრა ლუდას ვერმალენმა, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და, დიდი ხანია, თავად სურდა მსგავსი სასახლის შეძენა.
– დიახ, ბრძანეთ!
ვერმალენმა სიგარების ყუთი გახსნა, ჯერ ლუკოვს შესთავაზა, შემდეგ თვითონაც გააბოლა და თქვა:
– თუ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეთანხმება არ გაქვთ თქვენს კლიენტთან და პირობის დარღვევა უხერხულობას არ შეგიქმნით, მზად ვარ, მე გადაგიხადოთ, 10 მილიონი ევრო ყოველგვარი პროცენტული დაქვითვის გარეშე და, თუკი ანგარიშს ჩვენს ბანკში გახსნით, ყოველთვიურ ნახევარ პროცენტს მიიღებთ, რაც ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს.
ვერმალენის სიტყვებზე ლუდას გულის სიღრმეში გაეცინა, რადგან არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ვერმალენის სიტყვა ფინანსურ ეფექტზე იყო გათვლილი. ამიტომ, აღტაცებული გამომეტყველება მიიღო და ბანკის მმართველს უთხრა:
– რა უხერხულობა, რის განსაკუთრებული ვალდებულებები, ჰერ! ჩვენ ხომ ჯერ იურიდიული დოკუმენტიც არ შეგვიდგენია, არც წინასწარი თანხა აგვიღია. რა თქმა უნდა, თანახმა ვართ და, თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, შეგვიძლია ახლავე წავიდეთ სასახლეში და დაათვალიერეთ. სამემკვიდრეო საბუთებიც იქ გვაქვს, სეიფში და გაეცანით.
– წავიდეთ, დავათვალიეროთ, – გაიღიმა ვერმალენმა.
– მაშინ, ნუ გადავდებთ. მანქანა ბანკთან გვყავს გაჩერებული და წავიდეთ.
– ჩემი მანქანით გავემგზავროთ. ახლავე მძღოლს გამოვუძახებ და წავიდეთ, – თქვა ვერმალენმა და მძღოლს დაურეკა, მანქანის მომზადება უბრძანა და ლუდას უთხრა, – ყველაფერი რიგზეა. ჩემი „ლიმუზინი“ გველოდება, წავედით!
ვერმალენმა ლუდა და ლუკოვი წინ გაატარა და მათთან ერთად დერეფანში გავიდა, მაგრამ, ცენტრალური გასასვლელით არ უსარგებლია და ქვევით, სათადარიგოთი ჩავიდნენ, სადაც მდიდრული „ლიმუზინი“ იყო გაჩერებული. იქვე იდგა „ჯიპიც“, რომელშიც ვერმალენის დაცვის ოთხი წევრი და მძღოლი ისხდნენ. ბანკის მმართველმა ერთ-ერთი მცველი იხმო და უთხრა:
– უკან გამოგვყევით, – შემდეგ ლუდას და ლუკოვს, „ლიმუზინში“ ჩაჯდომა შესთავაზა: – დაბრძანდით და გავემგზავროთ!
ლუდა და ლუკოვი უკანა სავარძლებზე მოთავსდნენ, მათ ვერმალენი მიუჯდა გვერდით და, სანამ „ლიმუზინი“ ადგილიდან დაიძვრებოდა, ლუდას ჰკითხა:
– საით უნდა წავიდეთ, ფრაუ?
იმდენად მოულოდნელი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ ლუდა მიხვდა, თუ დროზე არ მოძებნიდნენ გამოსავალს, ყველაფერი დაიღუპებოდა. თანაც, ეს ყველაფერი წამებში უნდა მოეფიქრებინა. პირველ ყოვლისა, ჰამოსა და პეტიკოსთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ „ლიმუზინში“ ისხდნენ, რადგან მუქი მინების მიღმა მსხდომ ლუდასა და ლუკოვს ისინი ვერ დაინახავდნენ. პრობლემას ქმნიდა ვერმალენის შეიარაღებული დაცვაც, რომელიც მათ უკან მიჰყვებოდა და ბანკის მმართველს უბრძოლველად არ დათმობდნენ.
– საით, ფრაუ? – გაუმეორა ვერმალენმა ლუდას და ჩაფიქრებულ გოგონას გამჭოლი მზერა ესროლა, – რამე პრობლემა გაქვთ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
– არა, არაფერი. ცოტა სული შემეხუთა. ტიტების ხეივნისკენ უნდა წავიდეთ, – თქვა ლუდამ, რომელსაც უკვე მოფიქრებული ჰქონდა, თუ როგორ უნდა მიეცა ჰამოსთვის და პეტიკოსთვის სიგნალი.
„ლიმუზინი“ ადგილიდან დაიძრა, ჩიხიდან გამოვიდა და ცენტრალურ ქუჩაზე განაგრძო სვლა. პეტიკოს და ჰამოს მანქანას რომ გასცდა, ლუდამ გახშირებული სუნთქვა დაიწყო, წამოწითლდა და ვერმალენს უთხრა:
– ღვთის გულისთვის, მანქანა გააჩერეთ, ძალიან ცუდად ვარ, გული მერევა.
ვერმალენმა მანქანა გააჩერებინა და ლუდას გადაჰყვა, რომელიც იქვე ხეს მიეყუდა და თავი ჩაღუნა, თან მანქანისკენ გააპარა თვალი, რომელშიც პეტიკო და ჰამო ისხდნენ. ლუდასთან მივიდა ლუკოვიც, რომელიც ყრუ-მუნჯის როლს თამაშობდა და გოგონას ჟესტებით და ზმუილით მიმართავდა. იქვე გაჩნდნენ ვერმალენის მცველებიც, რომლებიც მას შემოეხვივნენ. ლუდამ კი, რომელიც დარწმუნდა, რომ თავის მეგობრებს ნიშანი მისცა, ამოიხვნეშა, თავი ასწია და ვერმალენს უთხრა:
– მაპატიეთ, ჰერ, მაგრამ, ფეხმძიმედ ვარ და დახურულ სივრცეში ცუდად ვხდები. თუ შეიძლება, ცივი წყალი მოატანინეთ, დავლევ და გამივლის.
ვერმალენმა ლუდას თხოვნა შეასრულა და ცივი წყალი მოატანინა. ათიოდე წუთის მერე კი, „ლიმუზინი“ და დაცვის „ჯიპი“ ერთ რიგში მისრიალებდნენ და უკან ჰამო და პეტიკო მიჰყვებოდნენ.
– როგორ ხართ, ფრაუ? – ჰკითხა ლუდას ვერმალენმა და გაუღიმა, მაგრამ უცებ სახე აელეწა, რადგან ლუდამ მას პისტოლეტი გულზე მიაჭირა და უთხრა:
– ახლავე გადაურეკე შენს დაცვას და სასწრაფოდ ქალაქის სამხრეთ რაიონში გაგზავნეთ რაიმე მიზეზით, თორემ აქვე მოგკლავთ!
ლუკოვმაც იგივე გაიმეორა, „ლიმუზინის“ მძღოლს კეფაზე მიაჭირა პისტოლეტი და უთხრა:
– არ აღელდე და რამე არ მიჰქარო, თორემ ტვინს გაგასხმევინებ. შენ არაფერს გერჩით და, თუ დროზე გინდა აქედან წასვლა, არ ინერვიულო!
– აკი ყრუ-მუნჯიაო? – ვერმალენმა ლუკოვზე მიუთითა ლუდას.
– განიკურნა, – მიუგო ლუდამ და პისტოლეტი უფრო მაგრად მიაჭირა, – მიდი, დაცვა მოგვაშორე, მაგრამ არაფერი მიჰქარო, თორემ, აქვე გაგათავებ!
ბანკის მმართველმა დაცვას გადაურეკა და უთხრა:
– სამხრეთ რაიონში გაემგზავრეთ და რესტორან „ფეშენში“ კუპე დაჯავშნეთ, თან, უსაფრთხოება გულდასმით შეამოწმეთ! ზუსტად ერთ საათში მოვალ, მნიშვნელოვან პერსონებთან მაქვს შეხვედრა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე დამახვედრეთ!
ლუდამ ფანჯრიდან დაინახა, როგორ შეიცვალა მიმართულება დაცვის „ჯიპმა“ და მარცხნივ გადაუხვია. ჰამო და პეტიკო კი კვლავ კუდზე ასხდნენ მათ და სამოციოდე მეტრის დაშორებით მისდევდნენ.
ვერმალენმა დაცვასთან საუბარი რომ დაასრულა, ლუდას ჰკითხა:
– ახლა რა ვქნა?
– არ იცქმუტო! – უთხრა ლუდამ და მძღოლს უბრძანა, – ჩრდილოეთისკენ წადი!
მძღოლმა ბრძანება შეასრულა. ვერმალენმა კი გოგონას ჰკითხა:
– ვინ ხართ და რას მერჩით?
– შენზე ამბობენ, ბევრი ფული აქვსო, – ჩაეცინა ლუდას, – ცოტას ხომ არ გვიწილადებ?
– გამტაცებლები ხართ და გამოსასყიდი გინდათ?
– დაახლოებით, – თქვა ლუდამ და, რომ დაინახა, უდაბურ ადგილზე იმყოფებოდნენ, მძღოლს გაჩერება უბრძანა.
ლუკოვმა „ლიმუზინის“ მძღოლი გათიშა, გაკოჭა და მანქანის უკანა სავარძლების ქვეშ ჩატენა. ვერმალენი კი ჰამოსა და პეტიკოს მანქანაში გადასვეს და გარაჟებისკენ აიღეს გეზი.
ბანკის მმართველი სავარძლის ქვეშ იყო ჩატენილი და პეტიკოს და ჰამოს ვერ ხედავდა, თან, აღარ ეშინოდა, რადგან დაიჯერა, რომ გამოსასყიდის გამო იყო გატაცებული და დარწმუნებული იყო, მალე გაათავისუფლებდნენ. მაგრამ, როდესაც მანქანა გარაჟში გაჩერდა, ვერმალენი კი პეტიკოსა და ჰამოს ფეხებთან დააგდეს, ბანკის მმართველი ყველაფერს მიხვდა და პეტიკოს მიაყვირა:
– შენ ხომ მანქანაში უნდა აფეთქებულიყავი?
– გეწყინა, არა, შე დამპალო? – ჩაეცინა პეტიკოს.
– არა, რას ამბობ! პირიქით, მადლობა ღმერთს, რომ გადარჩი! – თქვა ვერმალენმა და ფეხზე ადგომა დააპირა, მაგრამ პეტიკომ წიხლი ამოსცხო ყბაში და ბეტონზე დაანარცხა. შემდეგ ყელზე დააჭირა ტერფი და კბილებში გამოსცრა:
– მარტო მოქმედებდი თუ ვინმემ დაგავალა ჩვენი ამოწყვეტა?
– მარტო ვმოქმედებდი, – უპასუხა ვერმალენმა. მაგრამ პეტიკომ მას კბილებში წიხლი ჩასცხო, ჩაულეწა და ისევ ჰკითხა:
– სტყუი თუ სიმართლეს ამბობ?
– სიმართლეს ვამბობ, – ჩიფჩიფებდა კბილებჩამტვრეული ვერმალენი და პირიდან სისხლი სდიოდა.
პეტიკო დარწმუნდა, რომ ვერმალენი სიმართლეს ამბობდა, მაგრამ, პროფილაქტიკის მიზნით, კიდევ ერთხელ ჩაარტყა წიხლი კბილებში, დარჩენილი კბილებიც ჩაულეწა, თან დააყოლა:
– ვის ატყუებ, შე ნაბოზარო, სიმართლე თქვი!
– სიმართლეს ვამბობ, პეტიკო, სიმართლეს! – ჩიფჩიფებდა და ტიროდა ვერმალენი, თან გველივით იკლაკნებოდა სისხლით შეღებილ ბეტონის ფილებზე.
– მაფიოზობანას თამაში მომინდომე, არა, შე ბოზო? – კბილებში გამოსცრა პეტიკომ, – რამდენი კაცი გყავს შემსრულებლად? ჩქარა თქვი, თორემ, წამებით ამოგხდი სულს!
– ძველი სპეცები მყავს დაქირავებული, ყველა ნაომარი და მაგარი ბიჭია. ყველაფერზე წამსვლელები არიან ფულის გამო. თან, ენაზე კბილის დაჭერა იციან.
– რამდენი არიან?
– ოცდაათნი.
პეტიკოს ჩაეცინა:
– სულ რაღაც ოცდაათი კაცით უნდოდა ნაბოზარს ამდენი კაცის მოსპობა, მაგრამ რას ერჩი, კინაღამ მართლა მოახერხა.
– მაგარი ბიჭები არიან, პეტიკო, შენ ოღონდ ფული გადაუხადე და ყველაფერს შეგისრულებენ. რომ უთხრა, არც ბავშვს დაზოგავენ და ლომებით სავსე გალიაშიც შევლენ. მე კი მაპატიე, ფულმა გონება დამიბნელა. არ მომკლა და, ჩემზე ერთგული ადამიანი არ გეყოლება... – იმეორებდა ვერმალენი და ენით პეტიკოს ფეხსაცმელებს ლოკავდა, მაგრამ ჩამტვრეული კბილებიდან კვლავ სისხლი მოსდიოდა და ფეხსაცმელებზე ეწვეთებოდა.
პეტიკომ წიხლით მოიშორა ვერმალენი და ჰკითხა:
– მათთან შენ კონტაქტობ თუ სხვა?
– მე არა, – თავი გააქნია ვერმალენმა, რომელიც ბეტონზე იჯდა და შეშინებული თვალებით იყურებოდა, – მათი უშუალო უფროსი მეტ ბემოლია და მისი მეშვეობით ვეკონტაქტები.
– ბემოლი ვინაა?
– ჩემი დაცვის უფროსი, აი, ის, რესტორანში ადგილის დაჯავშნა რომ ვუბრძანე, – თქვა ვერმალენმა, საათს დახედა და პეტიკოს შეხედა, – დათქმული დრო გადის. რესტორანში რომ არ მივალ, განგაშს ატეხს და ძებნას დამიწყებს, გამიშვი, პეტიკო, და ყველაფერი მშვიდობიანად მოვაგვაროთ.
პეტიკოს ცინიკურად ჩაეცინა და ვერმალენს ჯერ ცხვირში სთხლიშა წიხლი და ბეტონზე გააკოტრიალა, შემდეგ ყბაშიც უთავაზა, ბოლოს კი უთხრა:
– შენი ნაგლი დედაც! გაგიშვა, არა? თუ არ გინდა, რომ წამებით მოგკლა, ბემოლს დაურეკე და სასწრაფოდ აქ დაიბარე, უთხარი, რომ გეგმები შეიცვალა! ჩქარა, გესმის? მაგრამ, თუ განგაშის ატეხვას შეეცდები, აქვე მოგიღებ ბოლოს.
შეშინებულმა ვერმალენმა ტელეფონზე დარეკა და დაცვის უფროსს უთხრა:
– რა ჰქენი, მეტ, შეასრულე, რაც დაგავალე?
– დიახ, შეფ, მე და ბიჭები რესტორანში ვართ და გელოდებით.
– გეგმები შეიცვალა, მეტ და აქ მჭირდებით. შეკვეთა კი არ გააუქმოთ, ფული დაამატეთ და მანდ მოგვიანებით დავბრუნდებით. ახლა კი, მწვანე არხისკენ წამოდით. იქვე გარაჟებია და გელოდებით.
– ხომ მშვიდობაა, შეფ? რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?
– რას ბოდავ, მეტ, პრობლემა რომ მქონდეს, ასე მშვიდად დაგელაპარაკებოდი? ერთ ადგილზე ვარ წასასვლელი და უნდა მოხვიდეთ. ჩქარა, გელოდებით! – თქვა ვერმალენმა, ტელეფონი დაკეცა და პეტიკოს უთხრა, – მალე აქ იქნებიან. ხომ მაპატიებ, პეტიკო, და ხომ არ მომკლავ?
– ხმა ჩაიწყვიტე! – კბილებში გამოსცრა პეტიკომ, ვერმალენს კიდევ ერთი წიხლი სთხლიშა გვერდებში და ორი ნეკნი ჩაუმტვრია. შემდეგ თავისიანებს მიმართა, – ყურადღებით იყავით. როგორც ამ ნაბოზრის სიტყვებიდან ჩანს, სერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე და იაღლიში არ მოგვივიდეს.
ბანკის მმართველი გაკოჭეს, პირში ჩოგბურთის ბურთი ჩასტენეს და კუთხეში მიაგდეს. ჰამო, პეტიკო და ლუდა მოხერხებულ ადგილებზე ჩასაფრდნენ, ლუკოვი კი ვერმალენის მცველებს შეეგება, გარაჟში შემოუშვა, კარი მიხურა და ორი მცველი თითო გასროლით ადგილზე დახოცა, დანარჩენებს, პეტიკომ და ჰამომ მოუღეს ბოლო, ბემოლი კი ლუდამ დაჭრა ხელში, იარაღი გააგდებინა და, სანამ ის რამეს მოიმოქმედებდა, ლუკოვმა ხელები შეუკრა, ბეტონზე გაათრია და გარაჟის შუაგულში დააგდო, შემდეგ ვერმალენიც გვერდით მიუგდო და განზე გადგა.
– ესაა შენი ზონდერების მეთაური? – ჰკითხა პეტიკომ პირამოვსებულ ვერმალენს.
ბანკის მმართველმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. პეტიკომ მას ჩოგბურთის ბურთი ამოუგდო პირიდან და კითხვა გაუმეორა:
– ესაა მეტ ბემოლი?
– ეგაა, – თქვა ვერმალენმა.
პეტიკო ახლა ბემოლს მიუბრუნდა:
– ჩემი მეგობრები შენ დახოცე?
– წადი, შენი დედაც!.. – შეაგინა ბემოლმა, მაგრამ პეტიკომ მას ჯერ ხორხში მიარტყა ფეხსაცმლის წვერი და ბეტონზე დაანარცხა, შემდეგ ცხვირ-პირში ჩააზილა ფეხი და ტვინი შეურყია, ბოლოს კი კბილები ჩაულეწა და გათიშა. თუმცა, თავადვე დაასხა ერთი ვედრო ცივი წყალი. შემდეგ თმაში ჩაავლო ხელი, წამოაჩოქა და კითხვა გაუმეორა: – ჩემი მეგობრები შენ დახოცე?
– წადი, შენი დედაც!.. – არ ტყდებოდა ბემოლი.
პეტიკომ იგივე გაიმეორა, მერე ბემოლს ფოლადის ჯოხი ჩაარტყა ხელებში, ორივე მტევანი გადაუმსხვრია და უთხრა:
– ისევ ძველ ტალღაზე ხარ მომართული და შენი მორჯულება გავაგრძელო თუ გონს მოხვედი და გეყოფა?
– მეყოფა, – ამოიჩიფჩიფა ბემოლმა.
– გონს მოხვედი?
– დიახ.
– მოჭკვიანებულხარ, რადგან ზრდილობიანად მელაპარაკები. მიპასუხე, ჩემი მეგობრები შენ დახოცე?
– დიახ, მე და ჩემმა ხელქვეითებმა დავხოცეთ, მაგრამ, მე ჯარისკაცი ვარ და ბრძანებებს ვასრულებ.
– რამდენი კაცი გყავს?
– ოცდახუთი.
– იციან, ვის ემსახურებიან?
– რას გულისხმობთ?
– ამ ნაბოზარს, – თქვა პეტიკომ და ვერმალენზე მიუთითა ბემოლს, – იციან, რომ ამის ბრძანებებს ასრულებენ, ან, თუნდაც ის, რომ შენ მის დაცვაში მუშაობ?
– არა, – თავი გააქნია ბემოლმა, – მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ და, რასაც ვუბრძანებ, იმას აკეთებენ.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა პეტიკომ და თავისიანებს მიუბრუნდა, – კარგია, რომ ასეა. თუ ამათ არაფერი იციან, ვერც ჩაგვიშვებენ და მათ გასაჩუმებლად ომის დაწყება არ მოგვიწევს. ამ ნაბოზრებს კი აქვე დავხოცავთ, გავაქრობთ და სხვა საქმესაც მივხედავთ.
– პეტიკო, ძვირფასო, – ატირდა ვერმალენი და ბეტონზე გაკოტრიალდა, – შენ ხომ შემპირდი, რომ არ მომკლავდი! მაპატიე, მაპატიე!..
– როდის შეგპირდი? – ცივად აიჩეჩა მხრები პეტიკომ, – მაგრამ, ასე იყოს, მე არ მოგკლავ. ამ საქმეს ჩვენი მეგობარი გააკეთებს.
– არ მომკლა! – კიოდა ვერმალენი. პეტიკომ კი ლუკოვს ანიშნა, მოკალიო და მანაც ჯერ თავში მოარტყა ტყვია ბანკის მმართველს, შემდეგ გულში და პეტიკოს ჰკითხა:
– ამას რაღა ვუყოთ? – თან ბემოლზე მიუთითა.
– მიაყოლე!
ლუკოვმა ბემოლსაც ორი ტყვია ესროლა – თავში და გულში, მერე პეტიკოს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ტრუპებს რა ვუყოთ? ექვსია და, როგორმე უნდა მოვიშოროთ.
– ჩავაცემენტოთ და – არხებში! – მოკლედ მოუჭრა პეტიკომ, შემდეგ ექვსივე ცხედარი ზეთის კასრებში ჩააცემენტეს და მწვანე არხში ჩაყარეს, რომელიც გარაჟებთან მდებარეობდა.
***
პეტიკო და კამპანია კიდევ ორი დღე დარჩნენ ჰოლანდიაში. ჯერ ბანკის დირექტორთა საბჭოში მოაგვარეს საქმე და ერთგულ ადამიანს დაავალეს მეთვალყურეობა, შემდეგ კი რამაზის შემცვლელიც აირჩიეს, კუნძულ მასზე გაამწესეს და უკან დაბრუნდნენ. პეტიკო თბილისში გამოემგზავრა და ძებნილი ლუკოვიც თან წაიყვანა. ჰამო და ლუდა კი კვლავ მოსკოვში დაბრუნდნენ. თუმცა, უკვე არა ჩარტერული რეისით, არამედ სარეისო თვითმფრინავით. ამსტერდამი-მოსკოვის რეისი ზუსტად ორი საათის მერე აფრინდა ცაში, მას შემდეგ, რაც პეტიკომ და ლუკოვმა დატოვეს იქაურობა.
ქალ-ვაჟი ნაშუაღამევს დაბრუნდა მოსკოვში და ძველ არბატზე გაემგზავრნენ, რომ საფუძვლიანად დაესვენათ, რადგან ჰოლანდიური ვოიაჟით გადაქანცულები იყვნენ. მათ სექსიც კი არ გახსენებიათ და, როგორც კი დაწვნენ, მკვდრებივით ჩაეძინათ.
შუადღე სრულდებოდა, როდესაც ქალ-ვაჟი ზარის ხმამ გააღვიძა. პირველი ჰამო ადგა, სათვალთვალოში გაიხედა და უცხო კაცი დაინახა, რომელიც ზარს რეკავდა. რომ დაინახა, სათვალთვალოში ვიღაც იყურებოდა, რეკვა შეწყვიტა და ჰამოს უთხრა:
– თუ შეიძლება, გააღეთ!
– ვინ გნებავთ? – ჰკითხა ჰამომ და ხელში ჩაბღუჯულ პისტოლეტს დახედა.
– თქვენ ჰამო ხართ?
– რა გნებავთ? – კითხვაზე არ უპასუხა ჰამომ.
– მე გენერალმა გამომგზავნა და რაღაც გამომატანა. აი, ინებეთ, თან, თქვენთან მოკითხვა დამაბარა და წარმატებები გისურვათ.
ჰამომ ახალგაზრდას „ეფესბეს“ წიგნაკი გამოართვა, რომელიც საგანგებოდ იყო დალუქული, რომ არავის გაეხსნა ჰამოს გარდა. მთაწმინდელმა ის ჯიბეში ჩაიდო და ახალგაზრდა სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა:
– შემოდი, ძმაო, სტუმარი იქნები!
– არა, გმადლობთ, – იუარა ახალგაზრდამ, რომელსაც ოთახში შესვლა ეუხერხულა და წასვლა დააპირა, მაგრამ ლუდამ გამოსძახა:
– შემოდი, ფედკა, სტუმარი იქნები! მოდი, საჭმელზე დაგვეწვიე! სწორედ ახლა ვაპირებთ სადილობას!
– არა, უნდა წავიდე, – თავი გააქნია ფედკამ, რომელიც გენერლის აპარატში კურიერად მსახურობდა, – დროზე რომ არ დავბრუნდე, გენერალი ტყავს გამაძრობს.
– ნუ დარდობ, მამას მე ვეტყვი, რომ ძალით დაგტოვეთ, შენ კი შემოდი, – უთხრა კურიერს ლუდამ და ფედკა ძალით შეიყვანა სასტუმრო ოთახში, სავარძელში ჩასვა და გაუღიმა, – არ მოიწყინო, ჩვენ ახლავე გამოვალთ და მოგხედავთ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში